როცა ხელში "გაზაფხული გიჭირავს" - გზაპრესი

როცა ხელში "გაზაფხული გიჭირავს"

რამდენიმე დღის წინ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი სოციალურ ქსელში მადლობას უხდიდა ქართველ ხელოვანს, რომელმაც მას რამდენიმე ნივთი დაუმზადა. ქსელში განთავსებული ფოტოები იმდენად შთამბეჭდავი იყო, დიზაინერით დავინტერესდი და მის გვერდზე შევედი. გავოცდი: ჩანთები, ფეხსაცმელები, ქურთუკები, თმის აქსესუარები, ბროშები - ყველა ეს ნივთი ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფერადი ყვავილებით არის გაფორმებული. დიზაინერს ერთ-ერთი მომხმარებელი "უკომენტარებს" კიდეც, - ხელში გაზაფხულები გიჭირავსო. ახალგაზრდა ხელოვანი ცისი დაუშვილი გახლავთ, ყვავილები კი მისი ჰობია.

GzaPress- რამდენიმე წლის წინ, მეუღლესთან ერთად სტამბოლში სამუშაოდ წავედი. იქ საერთოდ არავის ვიცნობდი და სამსახურის მერე საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ავიღე ნატურალური ტყავი და სხვადასხვანაირი სამაჯური გავაკეთე. მერე მათი ფოტოები ინტერნეტით მეგობრებს გავუგზავნე. ყველას მოეწონა. იმ პერიოდში ფეხსაცმლის ფაბრიკაში ვმუშაობდი. ვუყურე კერვის პროცესს და მოვიხიბლე. გადავწყვიტე, თავადაც მეცადა და პირველი ფეხსაცმელი მეუღლეს შევუკერე, შემდეგ ჩემთვისაც შევიკერე. მაინცდამაინც კარგად არ გამომდიოდა და გადავწყვიტე, გამოსავალი მომენახა, ფეხსაცმლის ნაკლი რაიმე დეტალებით დამეფარა. ავდექი და ყვავილებით გავაფორმე. მეუბნებოდნენ, ამას შენ გარდა არავინ ჩაიცვამსო, მაგრამ ტაქსინზე სასეირნოდ რომ გავედი (უფრო მდიდარი და გამოსული უბანია), ყველა ჩემს ფეხსაცმელს უყურებდა. რამდენიმე გოგონამ ფოტოც გადამიღო. ამან მეტი სტიმული მომცა და მერე ჩანთების შეკერვაც დავიწყე.

- რადგან ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდი, ტყავზე ალბათ, ხელი მიგიწვდებოდა.

- არა, იმ ფაბრიკაში უფრო დერმატინს ხმარობდნენ, მაგრამ ნატურალური ტყავი იყიდება და საქართველოსთან შედარებით, სამჯერ იაფი ღირს. თუმცა, ის ფაბრიკა მაინც ძალიან გამომადგა. ჩემმა უფროსმა შემიწყო ხელი და იქაურობა სახელოსნოსავით მქონდა. რასაც მინდოდა, მათ დანადგარებზე, იმას ვკერავდი. უფროსმა აბსოლუტურად ყველაფერი მასწავლა.

- როგორც ვიცი, საქართველოში დაბრუნებისთანავე, საფრანგეთში გაემგზავრე, სადაც პერსონალური გამოფენა მოაწყვე. ეს როგორ მოახერხე?

- საფრანგეთში ერთი ქართველი ქალბატონი ცხოვრობს, რომელსაც ყვავილები ძალიან უყვარს. მან შემთხვევით, ინტერნეტში ნახა ჩემი ნამუშევრები, დამიკავშირდა და ფეხსაცმლის შეკერვა მთხოვა. თავიდან ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, შეკვეთა მიმეღო თუ არა, ბოლოს მაინც დავთანხმდი, ფეხსაცმელი შევუკერე და გავუგზავნე. მოეწონა და შემომთავაზა, მასთან ჩავსულიყავი გამოფენის მოსაწყობად - ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი მოტივაცია იყო, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში, ასევე ინტერნეტის მეშვეობით, კიდევ რამდენიმე ადამიანმა მომცა შეკვეთა. მივხვდი, რასაც ვაკეთებდი, იმის რეალიზაციაც შემეძლო. თანაც, სტამბოლში თითქოს დროებით წავედი, მაგრამ რეალურად 6 წელი ვიცხოვრე იქ ისე, რომ საქართველოს მიწაზე ფეხიც არ დამიდგამს. უკვე პატრიოტული გრძნობები მაწუხებდა, სამშობლოში დაბრუნება მინდოდა. ამ ქალბატონისგან ეს შემოთავაზება რომ მივიღე, სამსახურის მერე, ღამის 3-4 საათამდე ვიჯექი და ვმუშაობდი. დაახლოებით 30 წყვილი ფეხსაცმელი შევკერე, ასევე: ჩანთები, სამაჯურები, გულსაბნევები და თმის სამაგრები დავამზადე. თმის სამაგრი იქ ისე მოეწონათ, რომ თავიდან მომხსნეს. ეს იყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც თითქმის ყველაფერი გაიყიდა. მხოლოდ რამდენიმე ფეხსაცმელი დამრჩა. ამ შემოსავლით ისევ სტამბოლში წავედი, დაზგა, ტყავები და სხვა საჭირო ხელსაწყოები შევიძინე და ბინაში პატარა სახელოსნო მოვაწყვე.

- როგორც ვიცი, შენ მიერ შექმნილი ნივთების მომხმარებლები, ძირითადად, ემიგრაციაში მყოფი ქართველები არიან. ადგილობრივები არაფერს გიკვეთენ?

- მართალია, ჩემს ნივთებს უფრო მეტად, ქართველი ემიგრანტები ყიდულობენ. ამის მიზეზი ალბათ, ის არის, რომ ისინი მეტად აფასებენ ხელით ნამუშევარ ნივთებს. გარდა ამისა, სამშობლო ენატრებათ და ქართული ნივთი მოსწონთ. თან, ფინანსურადაც უფრო გამართულად ცხოვრობენ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, რომ მსგავსი ნივთები შეიძინონ და განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. საქართველოში ძირითადად, თმის სამაგრები იყიდება. ქართველ სელებრითებს ინტერნეტით მივწერე, გავუგზავნე ფოტოებიც, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. საერთოდ, ასე ხდება, თუ ჯერ საზღვარგარეთ არ გაღიარეს, საქართველოში პატივს არ გცემენ. შესაბამისად, აქ დასამკვიდრებლად თავს აღარ ვიწუხებ.

- გარდა შენ მიერ ჩამოთვლილი ნივთებისა, ვნახე, რომ ჯინსის ქურთუკები, ლაბადები გაქვს შეკერილი.

- დიახ, მაგრამ ტანსაცმელს არ ვკერავ, მხოლოდ ვაფორმებ. შევიძენ ჯინსის ქურთუკს და ყვავილებით ვალამაზებ. ერთმა ქალბატონმა ლაბადაც მომიტანა, - იქნებ გამიფორმოო. მგონია, ვისაც ყვავილი უყვარს, პოზიტიური ადამიანია.

GzaPress- რატომ ამზადებ მხოლოდ ყვავილებს?

- ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს, გარდა ამისა, ყვავილი ისეთი რამ არის, ქალს რომ არასოდეს მოჰბეზრდება, მოდიდან არ გადავა.

- როგორც ვიცი, სამხატვრო აკადემია დაამთავრე. ამ საქმის კეთებაში ალბათ, იქ მიღებულმა განათლებამაც შეგიწყო ხელი...

- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე და ჩემს შემოქმედებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მაინც ბევრ რამეში დამეხმარა. ასევე, დამეხმარა სტამბოლში ცხოვრებაც, რადგან იქ უფრო დამოუკიდებელი და მებრძოლი გავხდი.

- როგორც შენი საუბრიდან მივხვდი, საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავ...

- შემოდგომაზე აქ ფესტივალი ტარდება, რომელშიც ვმონაწილეობ, მერე პერსონალური გამოფენის გამართვას ვგეგმავ, ამის შემდეგ კი, თუ ვიზას მომცემენ, ამერიკაში მინდა გამოფენის მოწყობა. იმედია, გამომივა.

- როდესაც ამა თუ იმ ნივთს ქმნი, გარკვეული მოდის ტენდენციებს ითვალისწინებ?

- არა. შესაძლოა, ჩემმა დამ მირჩიოს, ეს ფერი ტრენდულიაო და გავითვალისწინო, მაგრამ ძირითადად, მაინც იმას ვაკეთებ, რაც თავად მომწონს. სულაც არ ვფიქრობ იმაზე, გაიყიდება თუ არა. ყოფილა შემთხვევა ვიღაცას ისეთი რამის გაკეთება უთხოვია, რაც არ მომწონს - ასეთ შეკვეთებზე უარს ვამბობ.

- შენს ყვავილებში წითელი და ყვითელი ფერი დომინირებს. რატომ?

- ერთმანეთს უხდება. ფერებს კარგად ვგრძნობ. ვიცი, ბალანსი როგორ დავიცვა. ერთმა უცხოელმა მოქანდაკემ ჩემი ნივთის ფოტოს ქვეშ დააკომენტარა, ამ გოგოს ფერების სასწაული შეგრძნება აქვსო. გემოვნების საკითხია.

- ნივთების შესაქმნელად ძვირფას ქვებსაც იყენებ?

- იშვიათად, "სვაროვსკის" და ბუნებრივი ქვებით ქურთუკებს, ჩანთებს ვაფორმებ.

- დღეში საშუალოდ, რამდენ ნივთს ამზადებ?

GzaPress- ორი ჩანთის დამზადებას 2-3 დღე სჭირდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყვავილები წინასწარ მაქვს დამზადებული. თმის სამაგრს დღეში 2-3 ცალს ვაკეთებ. რაც შეეხება ყვავილების დაჭრას, ეს ყველაზე რთული საქმეა. ხანდახან მამა მეხმარება და ამ შემთხვევაში, მიმართლებს, რადგან კაცია, ამ საქმეს კი ძალა სჭირდება და ის უფრო სწრაფად ჭრის. ჩემთვის რთულია ამის გაკეთება. ნახე, ხელები რას მიგავს, სულ დაჩხვლეტილი მაქვს (იცინის).

- ამჟამად ხატვას რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

- აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის დავხატე, ამისთვის დრო აღარ მრჩება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს საქმეა ჩემთვის ხატვა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ესკიზს არასოდეს ვამზადებ. ნივთის დიზაინი გონებაში მაქვს და პირდაპირ ტყავზე გადამაქვს. ამჟამად იტალიიდან მაქვს შეკვეთა. "ინსტაგრამზე" ბლოგერი გოგონაა, გაბრიელა, რომელმაც ქურთუკის დამზადება მთხოვა. მინდა, მაგარი ქურთუკი გავაკეთო, რადგან ეს გოგო იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თან მოდელია და წარმოიდგინე, ის რომ ჩემს ნამუშევარს ჩაიცვამს, ჩემთვის როგორი სტიმული იქნება... სურვილი მაქვს, სადმე ხის კოტეჯი ჩავდგა, სადაც სულ ვინტაჟური კაბებითა და ლამაზი ნივთებით იქნება გაფორმებული. ამ კოტეჯს გარედან ყვავილებით მოვრთავ. მინდა, სახლივით კომფორტული გარემო იყოს. ტურისტი რომ შემოვა, დაათვალიეროს, ყავა მიირთვას და ნივთებიც შეიძინოს. თუმცა, ამ იდეას როდის განვახორციელებ, ჯერ არ ვიცი.

ნათია ჟივიძე