"რთულია მარტოხელა დედობა" - გზაპრესი

"რთულია მარტოხელა დედობა"

"მატერიალური მდგომარეობის გამო, ხშირად ადამიანებს საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა გვიწევს და ხშირად ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც არ გვაინტერესებს", - ამბობს მოდელი სოფიო ახალაძე, რომელიც ყოფილი ექთანი გახლავთ.

- 2017 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურსი "მის მკერდი", სადაც პირველ ადგილზე გავედი. ამის შემდეგ ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა სამოდელო სააგენტო "კატრინიში" მიმიწვია... შემდეგ გავემგზავრე ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში სილამაზის კონკურსზე "მის პლანეტა 2017", სადაც "ტოპ-მოდელის" სტატუსი მომენიჭა.

- როცა სარკეში იყურები, გაქვს თუ არა შეგრძნება, რომ ასაკის შესაფერისად გამოიყურები?

- ვთვლი, რომ ასაკთან შედარებით, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. რიცხვებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ადამიანი შინაგანად რა ასაკში გრძნობს თავს.

- ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებით კმაყოფილი ხარ? ბევრჯერ გიგემია წარუმატებლობა?

- ვთვლი, რომ ადამიანებს წარუმატებლობა და დამარცხება ანგრევს. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, გარემო ფაქტორები მაქსიმალურად უნდა გიწყობდეს ხელს, რისი საშუალებაც ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის. მიღწეულით კმაყოფილი არასდროს ვარ. ვთვლი, მართლაც წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი, რომ არა ის ნაბიჯები, რაც წლების წინ გადავდგი. თუმცა, დაგვიანებული არაფერია, მთავარი მონდომებაა.

- ხშირად აკეთებ იძულებით ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც არ გინდა?

GzaPress- ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარ თავს არ ვეკუთვნით და ამ დროს ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა ან უბრალოდ, იძულებულები ვართ, გავაკეთოთ. თუმცა, ეს ადამიანზეცაა დამოკიდებული. როცა გადარდებს ის, თუ რას იტყვის ხალხი, მაშინ ცხოვრების მანძილზე ხშირად გიწევს იძულებით რაღაცების კეთება. თუ სხვისი აზრი და დამოკიდებულება ნაკლებად გადარდებს, მაშინ ყველაფერი გაცილებით იოლია. ვფიქრობ, ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია.

- როცა ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ისევ და ისევ ვიღაცის ან რაღაცის გამო ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს და ეს ძალიან ცუდია. მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ადამიანები საკუთარ თავსაც ვეწინააღმდეგებით.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ჩემთვის ბედნიერება საყვარელი საქმის კეთება და იმ ადამიანების გვერდით ყოფნაა, რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარს.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- ალბათ, ჩემს ცხოვრებას თავიდანვე პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებდი. ჩემთვის ორ მთავარ და გადამწყვეტ რამეს აქვს მნიშვნელობა: ეს არის ჩემი შვილი და ოჯახი.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- შეუძლებელია ყველაფრის კონტროლი, თორემ ადამიანები შეცდომებს არასოდეს დავუშვებდით.

- ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული?

- ნებსით თუ უნებლიეთ, ცხოვრების მანძილზე სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ და არც მე ვარ ამ მხრივ გამონაკლისი. მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა, რომელსაც შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ.

- წარმოიდგინე, კაფეში ახლობლებთან ერთად წახვედი... მოულოდნელად, ისინი იწყებენ შენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას, როგორ მოიქცევი?

- რა თქმა უნდა, მსგავს რამეს დროულად და ადეკვატურად გავაპროტესტებ. აუცილებლად დავიცავ მეგობარს.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- ალბათ, კი... როცა საყვარელ ადამიანს უჭირს და რაღაც გზით მისი გადარჩენა შეგიძლია, აუცილებლად გარისკავ. იმ დროს ხომ არ ფიქრობ იმაზე, საკუთარი ქმედებით არღვევ თუ არა კანონს.

- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქედან გამომდინარე, ბევრი განმასხვავებელი თვისების ჩამოთვლა შეიძლება.

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია.

- როდესაც ოცნება გაქვს და ამ ოცნების ასასრულებლად არაფერს აკეთებ, რასაკვირველია, მოლოდინიც არ უნდა გქონდეს, რომ ოდესღაც ის რაღაც აგიხდება. არარეალური ოცნებები ბავშვობაშიც კი არ მქონია. ყოველთვის ვიბრძვის იმის მოსაპოვებლად, რაც მინდა. გულხელდაკრეფილი არ ვზივარ და არ ველოდები, როდის ამისრულდება რაღაც.

- რომ გთხოვონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, საცხოვრებლად რომელ ქვეყანას აირჩევ?

- საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, აქ ვიცხოვრო, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუმცა სამოგზაუროდ ბევრ ქვეყანაში წავიდოდი.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი თუ ბედნიერი სულელი?

- ვფიქრობ, უბედური გენიოსი არ არსებობს, რადგან ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და რეალობის აღქმა შეუძლია, არ შეიძლება უბედური იყოს.

- რომელს აირჩევ, ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- ახლის მოპოვებას. ძველს არასოდეს არაფერს ვშლი, ის სამუდამოდ რჩება ჩემს მეხსიერებაში და არ აქვს მნიშვნელობა, კარგია თუ ცუდი. თუმცა, ფაქტის წინაშე თუ დავდგები, ცხადია, ახალი და კარგი რაღაცების მოპოვებას ავირჩევდი. ძველი ხომ მაინც, ისედაც ჩემთანაა.

- გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული?

GzaPress- რასაკვირველია, არ მახსოვს... წყენას გულში დიდხანს არ ვიტოვებ.

- გქონია ისეთი შემთხვევა, როცა ვინმესთან ერთად დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?

- არა, მსგავსი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა, რადგან ძალიან მხიარული და კონტაქტური ვარ. შეუძლებელია ჩემი ჩუმად ყოფნა (იცინის)...

- ახლა წინ მილიონ დოლარი რომ დაგიწყონ, სანაცვლოდ შენს საქმეს მიატოვებ?

- ამჟამინდელ საქმიანობას მივატოვებდი და დავუბრუნდებოდი ძველ სამსახურს. ამის შემდეგ შემოსავლის წყაროს გაფართოებაზე ვიზრუნებდი და, რა თქმა უნდა, დავეხმარებოდი გარშემო მყოფ ადამიანებს.

- რამ გაიძულა მიგეტოვებინა შენი საყვარელი საქმე?

- მატერიალურმა მდგომარეობამ. ექთანად ვმუშაობდი ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან დაბალი ანაზღაურება მქონდა, წამოვედი. თუმცა, ჩემი პროფესია ისევ მიყვარს და ვფიქრობ, რაღაც დროს აუცილებლად მომეცემა საშუალება, დავუბრუნდე სასურველ საქმეს.

- ახლა სად მუშაობ?

- ახლა სლოტკლუბში ვმუშაობ, იმის გამო, რომ იქ მეტი ანაზღაურება მაქვს.

- როგორ ფიქრობ, თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- ყველა ადამიანს აქვს დისკომფორტი, როცა შეცდომას უშვებს, თუმცა ესეც აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრება ვისწავლოთ. უშეცდომო არავინაა და ადამიანი სწორედ ასეთ დროს სწავლობს რაღაცებს. მგონია, რომ სხვისი შეცდომების გათვალისწინებით ბევრს ვერაფერს ისწავლი.

- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და გრძნობების გამოხატვა არ მიჭირს. აქედან გამომდინარე, ადამიანების მიმართ სიყვარულისა და სითბოს გაზიარება მნიშვნელოვანია ჩემთვის. ყოველთვის ვუსმენ საკუთარ გულისცემას; ხშირად გულის კარნახით ვიღებ გადაწყვეტილებას...

- მეუღლეს წლების წინ დაშორდი. რთულია მარტოხელა დედობა?

- ბავშვისთვის, როგორც დედის, ასევე მამის მხარში დგომა აუცილებელი და საჭიროა. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, ბავშვს ნაკლებად შეჰქმნოდა რაიმე დისკომფორტი. თუმცაღა, მას მამასთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, ჩემი მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ ბავშვის სრულფასოვან აღზრდაში... დიახ, რთულია მარტოხელა დედობა. შვილის აღზრდა ხომ ყველასთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა...

სოფო ჭონიშვილი