"დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს" - გზაპრესი

"დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს"

ამბობს, რომ შვილებს პროფესიულ არჩევანში ხელს არ შეუშლის, თუმცა, მსახიობობისა თუ რეჟისორობისთვის შეებრალება, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ გარანტირებულად რთული გზა ელით... სოსო ნემსაძეს თეატრის სფეროში საკმაოდ მდიდარი შემოქმედებითი გამოცდილება აქვს. ამჟამად, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ...

- კომედიის ფესტივალის დამფუძნებელი ხართ. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა? წელს ეს ფესტივალი როდის დაიწყება?

- ფესტივალის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გორში, 2008 წელს დიდი ამბები გადავიტანეთ. მინდოდა, ამ მოვლენას ხელოვნება დაჰპირისპირებოდა, როცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი. ჩვენ იარაღით ბრძოლა არ შეგვიძლია, მხოლოდ იდეებით, მხატვრული აზროვნებით ვიბრძვით. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ გორში კომედიის ფესტივალი დაგვეარსებინა, რომლის სლოგანი იქნებოდა: "დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს". ქუჩაში შეხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც ძალიან მოწყენილები, დადარდიანებულები იყვნენ, რადგან ზოგს შვილი, ახლობელი დაეღუპა, ზოგს - სახლ-კარი გაუპარტახეს... კომედიის ფესტივალის დაარსების იდეას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კულტურის სამინისტრომ. უკვე მეხუთე წელია, რაც გორში ეს ფესტივალი იმართება და არიან ადამიანები, რომლებიც მას წლიდან წლამდე ელოდებიან. თეატრის კრიტიკოსებთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. მაყურებლებმა იციან, რომ 5 ივნისიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება - საქართველოს სხვადასხვა საუკეთესო წარმოდგენები (კომედიის ჟანრის) თავს იყრის გორში. მაყურებლებს საშუალება ეძლევათ, გაერთონ, გამხიარულდნენ, ადგილზე ნახონ ის წარმოდგენები, რაც საქართველოს მასშტაბით დაიდგა.

- უკვე მეცხრე თვეა, რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებით. როგორ მიდის თეატრის ცხოვრება?

- ასე ვთქვათ, "თაფლობის თვე" დამთავრდა, ახლა უკვე რეალურად, მოქმედებები იწყება. მაქსიმალურად შევეცადე, თითოეულ თანამშრომლამდე ძალიან გახსნილი ურთიერთობით მივსულიყავი. მათ ჩემი დადებითი განწყობა დავანახვე, რომ მათი თანამოაზრე ვარ, რომელიც თეატრისთვის გამოსადეგ ნებისმიერ აზრს, იდეას გაითვალისწინებს. მინდა, ამ თეატრს აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდეს და არა - ისეთი, როგორიც წინათ არსებობდა (ინტრიგებითა და ცუდი ამბების ხლართვით დატვირთული). იდეების ზეიმის, აღმოჩენების გზას დავადგები. მსურს, ამაში რაც შეიძლება ბევრი ხელოვანი ჩავრთო და თეატრი პოზიტიური იყოს. ამჟამად, ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ. ვნახოთ, თეატრალური ცხოვრება როგორ განვითარდება. მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო, ენერგია არ დავზოგო. მსურს, რუსთავის თეატრი ერთ დიდ თეატრალურ ოჯახად ვაქციო.

- რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის კონკურსი რამდენჯერმე ჩაიშალა. საინტერესოა, ამ ამბების შემდეგ, როდესაც თანამშრომლებმა სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში გიხილეს, როგორი რეაქცია ჰქონდათ? როგორ მიგიღეს?

- როგორც იცით, რუსთავის თეატრს 30 ნოემბერს 50 წელი შეუსრულდა. ამ დღეს სპექტაკლი "კვარტეტი" ნაჩქარევად წარმოვადგინეთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რომ კონკრეტულად ამ დღეს უბრალოდ არ ჩაევლო. პირველ რიგში, მსახიობებს შევხვდი - ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ თეატრის დაარსებაში მონაწილეობდნენ. მათი მოსაზრებები მოვისმინე: ნაწილს დავეთანხმე, ნაწილს - ბუნებრივია, ვერ დავეთანხმებოდი, მაგრამ მთავარია, რომ მათი აზრი გავითვალისწინო. ვფიქრობ, ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგა. მიმაჩნია, რომ სხვადასხვა თაობას შორის აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობები უნდა დამყარდეს და სიტუაცია დათბეს. სამხატვრო ხელმძღვანელობა ძალიან რთულია. მაგალითად, ორ მსახიობს შორის ურთიერთობის დალაგებას უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე საკუთარ შვილებს. თეატრი ის სივრცეა, სადაც ყველას თავისი ამბიციის დაკმაყოფილება უნდა. ამიტომ ჩვენ ეს ურთიერთობები, ასე თუ ისე, უნდა ვარეგულიროთ, რომ სიტუაცია არ გამძაფრდეს. ისე კი, უმჯობესია, შემოქმედებას უფრო მეტი დრო დავუთმოთ და არა - პირად ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეატრში შემოქმედებითი ცხოვრებაც იკლებს.

GzaPress- თუ შეგიძლიათ, თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება მიმოვიხილოთ...

- ჩემს მოსვლამდე, თეატრში კონკრეტული რეპერტუარი იყო. დავგეგმეთ, რომ წარმოდგენები კვირაში სამჯერ მაინც გამართულიყო. აღვადგინეთ მანამდე არსებული სპექტაკლები და ახლებზე მუშაობაც დავიწყეთ. დაახლოებით 7 პრემიერა შევთავაზეთ მაყურებლს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მსუყე ნამუშევარია. კარგი იქნება, თუ მუშაობას ამ ტემპით გავაგრძელებთ. უბრალოდ, ცოტა სირთულეები გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვა თეატრები შესყიდვების გამარტივებული საშუალებებით სარგებლობენ, ანუ სპექტაკლის დეკორაციების, კოსტუმების მომზადება გამარტივებულად ხდება, ჩვენ კი ტენდერებზე გასვლა გვიწევს, რაც გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის. თეატრის ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა შესყიდვების სააგენტოსთან წერილი გაგზავნა. იქიდან პასუხი მოგვივიდა, - იმ გზას მიჰყევით, რაც მოცემულობით გაქვთ და შემდეგ კიდევ განვიხილავთო. სხვა თეატრები უკეთეს სიტუაციაში არიან: კულტურის სამინისტროს ექვემდებარებიან. ვცდილობთ, სირთულეებს გავუმკლავდეთ. ჩვენ მიმართ ქალაქის მერიის პოზიცია ძალიან მომწონს - მერმა თეატრი თავისი კურატორობის ქვეშ დაიტოვა. მერია ცდილობს, ჩვენ მიერ შეთავაზებულ თითოეულ პროექტს მხარი დაუჭიროს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხმატკბილებული ურთიერთობებით ალბათ, უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე მოსალოდნელი და შესაძლებელია... ლევან სვანაძემ, გიორგი ქანთარიამ, გურამ ბრეგაძემ და ყველა რეჟისორმა, ვინც თეატრში მუშაობდა, მაყურებლებს სპექტაკლები შესთავაზეს. მთელი დასი დაკავებული იყო. მე უკვე მესამე სპექტაკლზე ვმუშაობ: პირველი "კვარტეტი" იყო, შემდეგი - "შეშლილის წერილები", ახლა "დონ ჟუანზე" მუშაობას ვიწყებთ. ვფიქრობ, ეს რუსთაველ მაყურებელს დააინტერესებს. ზოგადად, ადამიანური სიშიშვლეები დღევანდელ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს; ირგვლივ "დონ ჟუანიც" ბევრი გვყავს და მისი მეხოტბეებიც. ალბათ, თამამი პროექტი იქნება.

- სპექტაკლში ვინ მონაწილეობენ?

- სპექტაკლში მონაწილეობს ახალგაზრდა მსახიობი - ნიკა ჩხაიძე, რომელიც თეატრში სპეციალურად მოვიწვიეთ. საკმაოდ პოზიტიური ახალგაზრდა გახლავთ; ასევე, რუსთავის თეატრის გამოცდილი მსახიობი - სოსო ელიზბარაშვილი... "დონ ჟუანში" დასის თითქმის 30% დაკავებულია - საკმაოდ ხალხმრავალი პიესა გვაქვს. მხატვარი ბიძინა სიდიანი გახლავთ, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი - გია მარღანია, დამდგმელი რეჟისორი კი მე გახლავართ.

- რუსთავის კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდა?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, წინასწარი პროგნოზი გვქონდა და თეატრის რეალურმა შემოსავალმა ამ პროგნოზს გადააჭარბა. ამიტომ მგონია, რომ გამოცოცხლებულია, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის, რადგან რუსთავი დიდი ქალაქია და თეატრალური ცხოვრება უფრო აქტიური უნდა იყოს. თეატრი სინთეზური ხელოვნებაა. ამიტომ ყველა "რგოლის" უმაღლეს დონეზე მუშაობაა საჭირო.

- წინათ გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყავით, ახლა - რუსთავის. საცხოვრებელ ადგილსაც იცვლით ხოლმე?

- არა. როცა გორში ვმუშაობდი, გორში ყოველდღე თბილისიდან დავდიოდი. ასე გამიზნულად ვიქცეოდი: შესაძლოა, ადამიანი რეგიონის პრობლემებმა ჩაგითრიოს და იქაური გაგხადოს, ამის გამო კი სიტუაციას უცხო თვალით ვეღარ შეხედავ. მერჩივნა, თბილისში მეცხოვრა და ყოველდღე გორში ჩავსულიყავი, იქაური სიტუაციისთვის კრიტიკულად შემეხედა. რუსთავთან დაკავშირებითაც ანალოგიურად ვიქცევი, თუმცა ახლა დიდი შეღავათი მაქვს, რადგან რუსთავი დედაქალაქთან ისე ახლოსაა, რომ ფაქტობრივად, სახლში ვარ.

- შეგიძლიათ, რუსთაველი მაყურებლების გემოვნება შეაფასოთ?

- როგორც ვხედავ, რუსთავში მაგალითად, ინტელექტუალური დრამა ვერ "იმუშავებს", რადგან ადამიანები უფრო ყოფით დრამებზე არიან მოტივირებულები. კომედია ყველა ტიპის მაყურებლისთვის სასურველია. რუსთავს მძაფრსიუჟეტიანი დრამები უყვარს. ბოლო პერიოდში, "თეთრი ბაირაღები" დავდგით. ვიცით, რომ ნოდარ დუმბაძის ამ ნაწარმოებში მოქმედება ციხეში ხდება. ამას უამრავი მაყურებელი ჰყავს, სხვა ნაწარმოებებს - შერჩევით, ცოტა... მაყურებელს ანგარიში უნდა გავუწიოთ.

- ცოტა რამ გორის თეატრში მიღებული შემოქმედებითი გამოცდილების შესახებაც გვიამბეთ...

- იქ მუშაობა ნაყოფიერი იყო. ბევრი სპექტაკლი "გავაკეთეთ", ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. უმრავლესობამ გაამართლა. ამაზე საზოგადოებრივი აქტიურობა მეტყველებდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ესთეტიკას, რასაც მე ვთავაზობდი, გორელი მაყურებელი მოერგო და ეს დაგვიფასდა კიდეც: თეატრალურ ფესტივალზე ერთი სპექტაკლიდან სამმა მსახიობმა პრიზი მიიღო. მერე, რამდენიმე პრიზი თავადაც ავიღე... გორში გატარებული შემოქმედებითი წლები და ურთიერთობები არასოდეს დამავიწყდება, რადგან იქ თეატრის ბევრი გულშემატკივარი ცხოვრობს. ამ ქალაქში საკმაოდ ღრმა თეატრალური ტრადიცია არსებობს: გორში პირველი სპექტაკლი 1845 წელს დაიდგა... უფრო მცირე, მაგრამ მსუყე თეატრალური ისტორია აქვს რუსთავის თეატრს. მარჯანიშვილის თეატრის უძლიერესმა თაობამ აქ აიდგა ფეხი.

- ოჯახისთვის დრო გრჩებათ?

- ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უკვე გაფუჭებული მაქვს, რადგან მეუღლით დაწყებული, უმცროსი შვილით დამთავრებული, ყველანი "იგნორს" მიკეთებენ, როცა სახლში მივდივარ. ყველაფერს ყურადღება სჭირდება და როცა დროს ვეღარ ანაწილებ, ყურადღება შენ მიმართაც იკლებს... ჩემი ოჯახის წევრებს ჟურნალ "გზიდან" ვეტყვი: ეს მძიმე პერიოდი მაპატიეთ და მერე გამოვსწორდები (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი