ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი - გზაპრესი

ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი

არჩილ ჭეიშვილი, ჰარვარდის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს. მისი მიზანია სუპერხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც იმუშავებს ადამიანის ტვინის მსგავსად. არჩილი 24 წლისაა, პროფესიით ეკონომისტი და აღიარებულია ბლუმბერგის, ფოქს ნიუსისა და იაჰუს მიერ. მას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს და უკვე 2 წელია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამერიკაში საკუთარ ბიზნესს უძღვება.

- ბავშვობაში ჩემ გარშემო ბევრ პრობლემას ვხედავდი ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების სფეროებში. დიდი სურვილი მქონდა, ეს პრობლემები აღმომეფხვრა და რეალურად გამეკეთებინა რამე. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამისთვის საუკეთესო საშუალება ბიზნესი იქნებოდა. 11-12 წლის ვიყავი, როდესაც მშობლების დახმარებით დავრეგისტრირდი და საფონდო ბირჟაზე აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობა დავიწყე. 2007 წელი წარმატებული აღმოჩნდა, დიდი მოგება იყო მარკეტზე. მერე ავიღე სესხი, რათა მეტი თანხა ჩამედო და მეგონა, 2008 წელი უფრო საინტერესო და მომგებიანი იქნებოდა ფინანსურად, მაგრამ ჩემს ზედმეტ თავდაჯერებულობას შედეგად ის მოჰყვა, რომ ჩემი პორტფოლიო დაახლოებით 80-90%-ით შემცირდა. მივხვდი, არასდროს არ უნდა იყო ზედმეტად თავდაჯერებული და ყოველთვის უნდა ჰკითხო საკუთარ თავს, რა არ იცი და კიდევ, ყოველთვის უნდა იყო გონებაგახსნილი სხვისი მოსაზრებების მიმართ. ამან გამოცდილება შემძინა. მერე ვიფიქრე, რომ წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელი იყო კარგი განათლება და დავიწყე ფიქრი ამერიკაში სწავლის გაგრძელებაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩავაბარე და სასწავლებელმა საერთო ჯამში, 260.000 დოლარით დამაფინანსა.

- როგორი იყო ჰარვარდში გატარებული 4 წელი?

- იქ სწავლა ძალიან სახალისო იყო, ბევრი კარგი მოგონება დამიგროვდა. თითოეული დღე, გარდა ფინალური გამოცდების პერიოდებისა, არაჩვეულებრივი და საინტერესო გახლდათ. მომეცა საშუალება, შემექმნა ღირებული ურთიერთობები და მესწავლა, რა არის ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევე, მესწავლა საუკეთესო პროფესორებთან და დამეკმაყოფილებინა ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

GzaPress- სუსტი და ძლიერი მხარეები ვისწავლეო, აღნიშნე. როგორ ფიქრობ, რა აუცილებელი თვისებებია საჭირო, ბიზნესიდეები წარმატებით რომ განახორციელო?

- პირველ რიგში, მთავარია ინტელექტუალური შესაძლებლობები - უნდა შეგეძლოს დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. არსებობს ადამიანთა სამი კატეგორია: რომლებიც ხედავენ შესაძლებლობებს სხვებზე ადრე; რომლებიც ხედავენ, თუ დაანახვებ და რომლებიც შესაძლებლობებს მაშინაც ვერ ხედავენ, როდესაც მიუთითებ. ყოველთვის პირველ კატეგორიაში უნდა იყო, რათა დაინახო ის, რაც ჯერ არავის შეუმჩნევია და რომელიღაც კონკრეტულ სექტორში ადგილი დაიმკვიდრო. მნიშვნელოვანია, შეგეძლოს საკუთარი თავის ფსიქოლოგიური კონტროლიც. სტარტაპის დასაწყისში განსაკუთრებით ბევრი სირთულეა და მერყევი არ უნდა იყო.

- ვიდრე უცხოეთში შენს კომპანიებზე ვისაუბრებდეთ, მოდი განვმარტოთ, რა არის ხელოვნური ინტელექტი?

- ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური კომპიუტერული მანქანის/პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. მოკლედ, ეს არის დახვეწილი სტატისტიკური მოდელი. მთავარი განმასხვავებელი ფუნქცია არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის სტატისტიკურ მოდელს შეუძლია დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე ისწავლოს, უკეთესი გახდეს, ადაპტირება განიცადოს და განზოგადების მეტი საშუალება ჰქონდეს. მოკლედ, წინასწარმეტყველების უნარს იძენს. რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია, ხელოვნური ინტელექტის ჭკუამ გადაასწროს კიდეც ადამიანებისას. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ხელოვნური ინტელექტი არის პროგრამა, რომელიც ავტომატიზებას უკეთებს რაღაც-რაღაცებს, ამ შემთხვევაში კი რობოტს. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე კომპანია ფლობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის 99%-ს, კერძოდ: "გუგლი", "ფეისბუკი", "მაიკროსოფტი", "ამაზონი" და ა.შ. კაცობრიობა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ავტორიზირებაზე. მაგალითად, ცოტა ხანში შემოვა ავტომატურად მოძრავი მანქანები, რობოტებს უკვე შეუძლიათ ავტომატურად ბევრი რამის კეთება. ის კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ ხელოვნურ ინტელექტს, შექმნიან იმასაც, რითაც მათი ავტომატიზება მოხდება, ანუ რობოტები გააკონტროლებენ წვდომას და რუსურსებს, მათ გარეშე ვერც წყალს დალევ, ვერც სხვა ქვეყანაში გადახვალ და ა.შ.

- არჩილ, ნუ გვაშინებ... გვითხარი, რეალურად რა გველოდება? რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ეს ყველაფერი თუ პირიქით, ადამიანებს სარგებელს მოგვიტანს?

- (იცინის) საშიში არაფერია... ზოგადად, უფრო ინტელექტუალურ არსებებს გადაშენების პირამდე მიჰყავთ უფრო ნაკლებად ინტელექტუალური არსებები. მაგალითად, ადამიანმა გადაშენების პირას მიიყვანა ცხოველი. ასე მოხდება ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც - შეიქმნება და კაცობრიობას მოევლინება ადამიანზე უფრო ჭკვიანი არსება. რაც შეეხება იმის შიშს, რომ რობოტები გაანადგურებენ კაცობრიობას, შეცვლიან სამყაროს და ა.შ. რასაც მივცემთ და "ვასწავლით" ხელოვნურ ინტელექტს, იმას მივიღებთ უკანვე - თუ ვასწავლეთ, როგორ დახოცოს ადამიანები და როგორ გაანადგუროს სამყარო, მაშინ მართლა გააკეთებს ამას, მაგრამ სიკეთეს თუ ჩავუნერგავთ, მაშინ ამის შანსებს შევამცირებთ.

უნდა გავიაზროთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. მას შეუძლია განუსაზღვრელი სარგებლის მოტანა. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იღუპება დაავადებების ან ავტოავარიების გამო, რამდენი ადამიანი იღუპება მშენებლობების დროს? ხელოვნური ინტელექტი მანქანას ავტომატურად გამართავს და ბევრად უკეთესადაც, ექნება შესაძლებლობა, დაავადების დიაგნოზი ზუსტად დასვას, განკურნების გეგმაც თვითონვე მოგვაწოდოს და ქირურგიით დამთავრებული, ყველაფერი გააკეთოს. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი მიზნები აქვს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ბევრი პრობლემის გადაჭრა და ადამიანების ცხოვრების შეცვლა.

- რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც ბოსტონსა და ნიუ-იორკში დააფუძნე.

- დიახ, ეს კომპანიებია - Palatain Analytics da GenesisAI. ორივე კომპანიის დამფუძნებელი დირექტორი მე ვარ, ერთი ბოსტონშია, მეორე ბოსტონსა და ნიუ-იორკში. 2 ოფისი გვაქვს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის კომპანია - გვაქვს საიტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას თანამშრომლების შესახებ თავად თანამშრომელთა შეფასებების საშუალებით. ამის შემდეგ ჩვენი სტატისტიკური მოდემები ანალიზს უკეთებენ ამ შეფასებას - როგორები არიან თანამშრომლები ახლა და როგორ განვითარდებიან მომავალში, რაც ეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობები უკეთესად განსაზღვრონ. თანდათანობით ვიზრდებით, გვყავს დაახლოებით 40 მსხვილი კლიენტი ამერიკასა და ევროპაში. გუნდში დაახლოებით 25 ადამიანი ვართ, უმეტესად ჩემი კურსელები ჰარვარდიდან, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. მე ძირითადად იქ ვარ, საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ. რაც შეეხება მეორე კომპანიას, ეს არის ხელოვნური ინტელექტების ქსელი. ჩვენი საიტი აკავშირებს ორ მხარეს - კომპანიებს, რომელთაც სჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის სერვისები და კომპანიებს, რომელთაც უნდათ თავიანთი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მონეტიზება მოახდინონ, ანუ მყიდველს და გამყიდველს აკავშირებს ერთმანეთთან. იდეა ის არის, რომ მსოფლიოში რა ხელოვნური ინტელექტიც არსებობს, დავაკავშიროთ ინფორმაციის გასაცვლელად, იყიდონ და გაყიდონ სერვისები, რათა პოტენციურად შევქმნათ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას წაადგება.

- სამომავლო გეგმები, როგორც ვიცი, საქართველოსაც უკავშირდება...

- ჩვენი ქვეყანა ძალიან ჩამორჩენილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში, თითქმის არ არსებობს საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ღირებული ტექნოლოგია, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ დაგვაზარალებს. წარმოიდგინე, რომ შეიქმნას უკვდავების ელექსირი, რომელზე წვდომაც არ გაქვს. ვისაც აქვს, ის უკვდავი იქნება, შენ კი - არა. ამიტომაც, ჩემი მიზანია, საქართველო დავაახლოო ამ ყველაზე ღირებულ ტექნოლოგიას და ჩვენი ქვეყანა ამით წინ წავწიოთ. ასევე, მინდა შევქმნა ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეეძლება ადაპტირება სხვადასხვა შემთხვევის დროს და მოახდენს რევოლუციას ყველაზე მთავარ სექტორებში, ეს იქნება განათლების, ჯანდაცვის და ა.შ.

- როგორ ფიქრობ, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის?

- მე არ მაშინებს ის, თუ ვინ როგორ მიიღებს ამ ამბავს. მჯერა ქართველი ხალხის ნიჭიერების; მჯერა, რომ სწორად გაიაზრებს, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და რა სარგებელს მოუტანს ის კაცობრიობას. ხელოვნური ინტელექტი შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს, გაათავისუფლებს კაცობრიობას არასასურველი საქმეებისგან...

- საუბრის დასასრულს მომიყევი შენს ოჯახზეც, მეგობრებზე, ჰობიზე...

- მიყვარს სპორტი - ვთამაშობ ჩოგბურთს, გოლფს, მიყვარს ზღვა და ცურვა. მომწონს ხალხთან ურთიერთობა, ექსტრემალური რაღაცები და მსიამოვნებს სიკეთის კეთება... მყავს მშობლები და 2 უფროსი ძმა. ჯერჯერობით დაოჯახებული არ ვარ.

- ალბათ, ძალიან ჭკვიან ქალს ეძებ ცხოვრების თანამგზავრად.

- (იცინის) ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთს ვუგებდეთ და ვაძლიერებდეთ ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც. ადამიანი მეორე ადამიანთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეს, არამედ უნდა ძლიერდებოდეს. მხოლოდ ჭკვიან ადამიანს შეუძლია გაგაძლიეროს! მეც სწორედ ასეთი გოგონები მომწონს.

ნინო ჯავახიშვილი