სოხუმელი მხატვრის ემოციებით სავსე ცხოვრება ნიუ-იორკში
font-large font-small
სოხუმელი მხატვრის ემოციებით სავსე ცხოვრება ნიუ-იორკში
"მამა გემზე რომ მსახურობდა, ეს ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა..."

სოხუმელი მხატვარი, თემურ სულუხია 10 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას ცოტა ხნის წინ ამერიკაში ჰქონდა გამოფენა და უცხოელებს საქართველო საუკეთესო კუთხით გააცნო...

- ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები აფხაზეთში გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობაა... სოხუმში სულ "კომუნისტურ ქუჩებზე" მომიხდა ყოფნა: დავიბადე კარლ მაქსის ქუჩაზე და შემდეგ ოქტომბრის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემი სახლის მოპირდაპირედ სინაგოგა იყო. ცოტა ხნის წინ იქაური ფოტოები დადეს სოციალურ ქსელში და ეს სინაგოგა ახლაც დგას... ბავშვობაში სულ გვაშინებდნენ, იმ ქუჩაზე არ გაიაროთო. კომუნისტების მოგონილი იყო, თითქოს ებრაელები ცუდ რამეს აკეთებდნენ, ბავშვებს იპარავდნენ და ა.შ. რასაკვირველია, ხალხი მათ არ უჯერებდა და სრული იდილია გახლდათ ადამიანებს შორის... ერთ ქუჩაზე შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით: ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები, ებრაელები... სახელი თემური რუსმა მეზობელმა ქალბატონმა დამარქვა და დღემდე არ ვიცი, რატომ აირჩა მაინცდამაინც თემური.
- როგორ ოჯახში იზრდებოდით, რა პროფესიის იყვნენ მშობლები?
- დედა კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა. უაღრესად წმინდა ადამიანი იყო და კომუნისტები ასეთ ხალხს იყენებდნენ. რაც ხდებოდა კომუნისტების დროს, ყველაფერი გამოაშკარავდა, მაგრამ დედა იმდენად სუფთა იყო, ვერც კი წარმოედგინა, მართლა თუ არსებობდა ქრთამის აღება და მსგავსი რაღაცები... მამა სამეგრელოდან იყო. ის აფხაზეთში ჩამოვიდა და დედაზე იქორწინა. ბევრი სამსახური გამოიცვალა. ერთი პერიოდი, ძალოვან სტრუქტურაშიც მუშაობდა, მაგრამ ისიც უპატიოსნესი კაცი იყო და იქ დიდხანს ვერ გაძლო. თურმე, რაღაცაში დიდი თანხა გადაუხადეს და ეს თანხა მთლიანად სახელმწიფოს ჩააბარა, თვითონ კი სამუშაო მიატოვა... შემდეგ, დედაჩემის წყალობით, სასურველი სამსახური იშოვა: დედას მეგობრის მეუღლე იყო ანატოლი კაჭარავა - ნატო ვაჩნაძის ყოფილი მეუღლე. ნატოს შემდეგ, ანატოლიმ სოხუმელ, ნახევრად ებრაელ ქალბატონზე იქორწინა. დედამ ამ ქალს სთხოვა და ანატოლიმ მამა გემზე მოაწყო სამუშაოდ. მახსოვს, პირველ კლასში რომ შევედი, მაშინ დაიწყო მუშაობა და ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, იქ იყო... სხვათა შორის, სოხუმი ყოველთვის "მორუსო" ქალაქი გახლდათ. იქ ბევრი რუსი ცხოვრობდა და აუარებელი დამსვენებელი ჩამოდიოდა რუსეთიდან. ამიტომაც, დედას სურდა, რუსულ სკოლაში მივეყვანე. მამამ ეს რომ გაიგო, ჩუმად წაიღო ჩემი საბუთები და ქართულ სკოლაში შეიტანა.
- აფხაზეთის სილამაზეზე რას გვეტყვით?
GzaPress- ეს რაღაც საოცრება იყო! დედისგან გადმოცემით ვიცი, რომ ეს სილამაზე აკაკი მგელაძის დიდი დამსახურება გახლდათ: თუ იქ ლამაზი სკვერები, ქანდაკებები და სხვა ღირსშესანიშნაობები იყო, ყველაფერი მის სახელს უკავშირდებოდა... აფხაზეთის ბუნების სილამაზეს კი სიტყვებით ვერ აღწერ. ახლა ვხვდები, ნამდვილ სამოთხეში მიცხოვრია. აფხაზეთში შეძლებული ხალხი ჩამოდიოდა და სახლდებოდა... მაგალითად, გულრიფშის რაიონში იყო ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმი. ეს შენობა რუსმა მეწარმემ, ანატოლი სმეცკოიმ ააშენა, რადგან ქალიშვილი ჰყავდა ტუბერკულოზით დაავადებული. მან სხვადასხვა ქვეყნიდან უნიკალური ჯიშის ხეები ჩამოიტანა - ფინიკი, პალმა, ნაძვი.... ასე შენდებოდა აფხაზეთი, ოაზისი...
- ამ ულამაზეს გარემოში ხატვა რა ასაკში დაიწყეთ?
- ხატვა ძალიან პატარამ, ბაღის პერიოდიდან დავიწყე. ჩემს ქუჩაზე ბიჭების უმრავლესობას სამხატვრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. ისინი ჩემზე სამი-ოთხი წლით უფროსები იყვნენ და მხატვრობაზე სულ უცხოურ ჟურნალებს მათვალიერებინებდნენ. სხვათა შორის, ბავშვობის დროინდელი ლენინგრადის აკვარელის ყუთი ნიუ-იორკშიც გამომყვა და შინ ვინახავ. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ძმას წაართვა და მე მაჩუქა... აფხაზეთში სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. დირექტორი იყო ნიკოლოზ ონოფრეს ძე თაბუკაშვილი - წარმოშობით ხარაგაულელი, თბილისში ცხოვრობდა და შემდეგ აფხაზეთს ემსახურებოდა. მან დააარსა სამხატვრო სკოლა და სასწავლებელიც. შემდეგ სასწავლებელი სხვის ხელში გადავიდა, მაგრამ ბოლომდე სამხატვრო სკოლის დირექტორად დარჩა. მან შემაყვარა ფერწერა. პეიზაჟისტი იყო. ჩემს მშობლებს ეხუმრებოდა, ეს ბავშვი მომეცითო. უნიჭიერესი შვილი ჰყავდა. პენსიაზე რომ გავიდა და ხარაგაულში მიდიოდა, მკითხა, ჩემთან ხომ ჩამოხვალო? დავპირდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. პეიზაჟისტი ხომ იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ტყეში გარდაცვლილა.
- სამხატვრო აკადემიაში სწავლობდით, არა?
- დიახ, 1985 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და 1991 წელს დავამთავრე. იმ პერიოდში თბილისშიც დაიწყო არეულობა და აფხაზეთშიც - ქართველებისა და აფხაზების შეტაკებები. აკადემიაში სწავლა რომ დავასრულე, სოხუმში წავედი, სადაც სკოლის დირექტორი გავხდი. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის ნიკოლოზ თაბუკაშვილის დაარსებული სკოლის დირექტორობა. თუმცა, ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა ეს სიხარული, რადგან ომი დაიწყო...
- რა ვითარებაში დატოვეთ აფხაზეთი?
- ჩემმა მეგობარმა ოჯახი რომ გაიყვანა, ჯერ კიდევ სოხუმში ვიყავი, დედას ვერ ვტოვებდი. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო წასვლის. მეზობლები ჩემზე ამბობდნენ, მოკლავენო და შეიძლება ითქვას, ძალით გამომიყვანეს... მე, მეუღლე და ორი შვილი სვანეთიდან, ჭუბერის გავლით გადმოვედით. ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ. წარმოიდგინეთ, შვიდი დღე ფეხით მოვდიოდით. უფლის წყალობით, შვილები გადაგვირჩნენ. მეშვიდე დღეს ძალიან აცივდა, პატარები იყინებოდნენ და ამიტომ, "ბეტეერში" ჩასვეს. ეს ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაგვიყვანეს სამშვიდობოს... ზუგდიდიდან კატარღით ბათუმში ჩავაღწიეთ, სადაც ორი დღე ახლობელთან დავრჩით, შემდეგ კი ქობულეთის "გამოშიგნულ" სასტუმროში, ერთ ოთახში ვცხოვრობდით ერთი თვე... დედა ახლობლებმა გამოიყვანეს. ბათუმში იმ დროს ჩამოვიდა, როცა უკვე თბილისში მოვდიოდით. მახსოვს, ახალი წელი თენდებოდა, მაგრამ ისევ ქობულეთში დავბრუნდით და დედაც წამოვიყვანეთ. მას მერე თბილისში ვცხოვრობდით. თბილისში სოხუმის სამხატვრო სკოლა აღვადგინე და როგორც დევნილ, ასევე თბილისელ ბავშვებს ვასწავლიდით...
- ამერიკაში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?
- ე.წ. მწვანე ბარათი მოვიგე. თუმცა ამ გამარჯვებას ბევრი წინა პირობა ჰქონდა... ჩემი ფიქრებით, ბავშვობიდან ამერიკაში ვიყავი. მამაჩემი გემზე რომ მსახურობდა, ეს ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა... ამერიკა იმდენად "ახლობელი" იყო ჩემთვის, რომ დევნილობის პერიოდში, 1995 წელს საერთო საცხოვრებელში კედელზე ნიუ-იორკი დავხატე. სასწაული იყო, უნებურად ის ორი შენობა დავხატე, რომელიც შემდეგ ააფეთქეს... იმ დროს მხოლოდ ოცნება შეგვეძლო კარგზე. 7 წელი უშუქობაში ვიცხოვრეთ. მე შეშის ღუმელი მედგა, ოთახი მუდამ კვამლით იყო სავსე. დიდი გაჭირვება გადავიტანეთ: შიმშილობა, სიცივე. რომ არ გავყინულიყავით, ხეებს ვჭრიდით. მიუხედავად ამისა, დიდი სიყვარული და ერთიანობა იყო ხალხში და ამან გაგვაძლიერა...
- როგორც ვიცი, თქვენი ბევრი ნახატი აფხაზეთში დარჩა...
- დიახ, თითქმის ყველა ნახატი იქ დავტოვე... ერთი ჟურნალისტი ქალია, რომელმაც დედაჩემისგან ხელწერილით წაიღო ნახატები, მე მოვუვლიო და დღემდე ინახავს თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. ერთი ჩემი მეგობარი დედით აფხაზია. როცა სოხუმში ჩასვლა მოახერხა, ჩემი ნახატების ბედითაც დაინტერესდა, მაგრამ მათ კვალს ვერ მიაგნო...
- ამერიკაში როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება?
- თავიდან გზის გაკვალვა ძალიან რთული იყო. ახლა ბევრი ქართველი ჩამოდის, რომლებსაც ვხვდები და დაბინავებასა თუ სამსახურის პოვნაში ვეხმარები, მე კი ყველაფერი ნულიდან დავიწყე: თავიდან საწყობში ვმუშაობდი, შემდეგ ქუჩაში გავედი, ვხატავდი და ნახატებს ვყიდდი... თავისებური ხიბლი ჰქონდა ქუჩას, ბევრი რამ იყო საინტერესო... შვილები თბილისში ცხოვრობენ. ბიჭმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, გოგო იმყოფებოდა მხოლოდ ექვსი თვით: ორი შვილი ჰყავს და მეტხანს დარჩენა ვერ შეძლო.
- ამბობენ, რომ ნიუ-იორკში ყველა ეროვნების ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს...
- ბედნიერება საქართველოში ცხოვრებაა, მშვიდობა რომ იყოს და დალაგებული სიტუაცია... არაფერი ჯობია ახლობელ ადამიანებთან ერთად ყოფნას! ნიუ-იორკი, რასაკვირველია, კარგია და საინტერესო! უკვე ათი წელია, აქ ვარ...
- ახლახან ნიუ-იორკში გამოფენა გქონდათ...
- დიახ, გამოფენას "აჩრდილების კვალდაკვალ" ერქვა... ეს გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. გამოფენის იდეის ავტორი გახლდათ მარიამ ოთხმეზური-ჩარლსტონი.
სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი ჩემს გადაღებულ ფოტოებს. მოეწონათ და გადაწყვიტეს, გამოფენა მოეწყოთ. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო ამერიკაში. რა ვქნა, ხელოვნება მასულდგმულებს... შარშან საქართველოში ვიმყოფებოდი. ფოტოები გადავიღე თბილისში, ხობში, მარტვილში, ფოთში, ბათუმში... ეს ფოტოები გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდა და დამთვალიერებელი კმაყოფილი დარჩა... თბილისშიც ვაპირებ გამოფენის გამართვას.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა"
ყველა გამარჯვება ჩემთვის ემოციური და განსაკუთრებულია
ორჯერ დაკარგული ძლიერი საყრდენი და ქალი, რომელმაც მწუხარებას აჯობა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი