"ბიჭს თევზი შეეცოდა, ეს მეთევზე ბიჭი კი არავის" - გზაპრესი

"ბიჭს თევზი შეეცოდა, ეს მეთევზე ბიჭი კი არავის"

არც ისე დიდი ხნის წინ, კიდევ ერთხელ მოვინახულე რაჭა. ეს მხარე წლის ყველა დროში აღმაფრთოვანებელია თავისი სილამაზით. ადრეული ზაფხულის ამინდს ბევრი ადამიანი გამოეტყუებინა რაჭისკენ. ხოტევის, ბარაკონის, ნიკორწმინდის თუ მინდაციხის მისადგომები მიკროავტობუსებით ავსებულიყო... ადგილობრივების სიმრავლე მხოლოდ მაღაზიების წინ და სასაფლაოზე შევნიშნე. მაღაზიებთან უსაქმურობას მიეყვანა რამდენიმე მამაკაცი, სასაფლაოსთან უფრო მრავლად ჩანდნენ - ეტყობოდა, კიდევ ერთი ადამიანის წუთისოფელთან გამოთხოვებას შეეყარა დიდ-პატარა, ქალი და კაცი...

დრომორჩენილმა შაორის წყალსაცავის ნაპირზე გადავწყვიტე შეჩერება. მობორიალე ექსკურსანტების სიმრავლეში ძლივს გამოარჩევდით სათევზაოდ ამოსულებს. ორ საათზე მეტხანს ვიყავი შაორის პირას და თევზი არავის დაუჭერია. დაბინძურებული სანაპირო გულისამრევად გამოიყურება უამრავი ბოთლის, ტომრების, შინაური პირუტყვის ჩონჩხის და სინთეტიკური თოკების "წყალობით".

სანახევროდ ამღვრევის მიუხედავად, ვიღაცამ გაბედა და წყალსაცავში შეცურა. მერე ფეხის ხმას სხვაც აჰყვა და ათიოდე ამამლაყინწებული ბიჭი შედგაფუნდა წყალში. გოგონები ნაპირზე წიოკობდნენ. გვირილებიან მოლზე წამოწოლა დავაპირე, მაგრამ მინის ნამსხვრევების დანახვამ სურვილი დამიკარგა. კაშხლის მიმართულებით გავწიე. მობეტონებული გზის დასაცავად ხელოვნური ლოდყრილები გამოუყენებიათ. ეს უზარმაზარი ქვები ალბათ, კომუნისტების დროს დაყარეს წყალსაცავის სანაპიროს გასამაგრებლად. ორი ანკესი გადაეგდო ერთ ყმაწვილს წყალში და მესამეს ამზადებდა. ჭიაყელა, რომელიც გამწარებით იკლაკნებოდა, მაინც წამოაგო ნემსკავაზე ბიჭმა. რამდენიმე წამის მერე უკვე სამი ანკესის ტივტივა ნება-ნება ირწეოდა ტბორის ზედაპირზე.

მოუხერხებელი ასკინკილათი ჩავიარე ლოდები და ბიჭის გვერდით დავდექი. მივესალმე. უსიამოვნო სახით შემომხედა, მომესალმა და უაზროდ ჩააშტერდა წყალს. ტყიბულიდან ამოსულ მეთევზეს, სავარაუდოდ, არ უნდოდა ვინმესთან მასლაათი, მაგრამ პასუხს მაინც ზრდილობიანად მაწოდებდა კითხვებზე. სკოლა წელს დაუსრულებია. მათემატიკის გამოცდაზე ჩავიჭერიო, - ამოიოხრა. 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, დავამატე ჩემი მხრიდან. - ეგ არაფერი ნუგეშია ჩემთვის, - გამოცრა ქათქათა კბილებში. ნუგეში არაა, მაგრამ რაღაც არის შესაცვლელი და თან სწრაფად, ყოველ წელს იჭრებიან ბავშვები-მეთქი. - ეგეც ვიციო. - რა იყო ჩაჭრის მიზეზი, ან რატომ იჭრება ამდენი ბავშვი? - ვიკითხე ვითომ უმისამართოდ. პასუხი დაუზარებლად მივიღე:

GzaPress"შვიდი გამოცდა ჩავაბარე. არ შემქნია პრობლემა. მათემატიკაში ჩავიჭერი. მეც ვარ დამნაშავე, რომ ვერ ჩავაბარე. მასწავლებელიც, მშობლებიც, დირექტორიც. მამა მუშაობს, ამიტომ დედას ჰქონდა დავალებული ჩემზე ყურადღება. დედის სკოლაში გამოჩენას ვერ ვიტანდი. მარტო მას რატომ უნდა ევლო სამასწავლებლოში. სახლში ვთქვი, თუ დამრიგებლის მოთხოვნის გარეშე მოვიდოდა კიდევ სკოლაში, მაშინ სწავლას სულ შევწყვეტდი. მასწავლებლების უმეტესობა გაკვეთილზე მოვალეობის მოხდის მიზნით მოდიოდა. ზოგი თოხნით იყო დაღლილი, ზოგიც - ძროხის წველით... მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სანატორიუმში მოდიოდნენ მასწავლებლები. სანატორიუმში, სადაც თვის ბოლოს ხელფასს უხდიდნენ. სერტიფიცირებულები ვართო, - სულ ამას გვაყვედრიდნენ გაკვეთილზე. მე ეგ არ მაინტერესებს! კარგი გაკვეთილების ვიდეოები მაქვს ნანახი "იუთუბიზე" და ფილმებში. როგორ მინდოდა, ეგეთი მასწავლებლები და გაკვეთილები! ესენი კიდევ, სერტიფიკატიო! მშობლებმა მითხრეს, მოგამზადებთ საგნებში, თუ გინდაო, მაგრამ სად გვაქვს ჩვენ ცალკე სახდელი ფული? ძლივს გვყოფნის თვიდან თვემდე მამაჩემის ხელფასი და ბანკის ვალი რომ აგვეღო, ეროვნული გამოცდებიც ჩამებარებინა, 4 წელი ან რა უნდა მეჭამა თბილისში, ან რა უნდა ჩამეცვა? ან ბინის ქირა რით უნდა გადაგვეხადა? მათემატიკის მასწავლებელი ცალკე მოვლენა გვყავდა. მაღაზია აქვს ქალაქში და გაკვეთილზე ან შემოსავალ-გასავალს ითვლიდა, ან კიდევ, ტელეფონზე ლაპარაკობდა მუდამ. თუ არავინ დაურეკავდა და ან საანგარიშო არაფერი ჰქონდა, მერე შვილებზე გვიყვებოდა, ან შვილიშვილებზე. თავი გვქონდა მობეზრებული მისი შთამომავლობის ისტორიების მოსმენით. ერთხელ შევაწყვეტინე შვილზე ლაპარაკი, - ვიცით ეგ უკვე-მეთქი და უჰ, პრინცმა ხმა აიმაღლაო. თურმე, პრინცს მეძახდა სამასწავლებლოში, რადგან სუფთად სიარული მიყვარს და კიდევ, თმაც დავარცხნილი მაქვს! ზოგჯერ სულაც, უმიზეზოდ წამოჭარხლდებოდა და ცარცს ხელზე ისვამდა ნერვიულად. ზოგჯერ იმას ამბობდა, პროტრომბინი მაქვს მაღალი და ხელებში შეგრძნება არ მაქვსო. აიღებდა ორივე ხელს და მუშტად შეკრულს უტყამდა მასწავლებლის მაგიდას. მაგიდა ზანზარებდა და ის ამბობდა, აი, არ მაქვს შეგრძნებაო! პატარები რომ ვიყავით, ძალიან გვეშინოდა, - ეს მუშტები რომ მოგვხვედროდა, ალბათ ძვალი არ დაგვრჩებოდა მთელი. ჯერ თმაზე გადაისვამდა ხელს ქალი-მრისხანება და მერე სველ ჩვარს დაგრეხდა, ცარცს ჩაისრესდა ხელში... დირექტორიც ერიდება ამ ქალს. მის მაღაზიაში გამყიდველი ქალები ხშირად იცვლებიან. ამბობენ, ვერავინ უძლებსო...

ბოლო წლებში ტესტების გაქუცულ კრებულს მოგვცემდა და ამოხსენით, ივარჯიშეთო. ზოგს იმითაც აბედნიერებდა, რომ სახლშიც ატანდა. რა უნდა ამოგვეხსნა ან როგორ ამოვიცნობდით სწორსა და არასწორს, როცა არაფერი გვქონდა ნასწავლი? თვალი კი მახვილი აქვს, სმენაც გაფაციცებული. არ გამოეპარებოდა არც ერთი მოსწავლის ახალი შარვალი, კაბა, ფეხსაცმელი. ერთხელ ახალი "ნასკებიც" შემამჩნია. ბიძაშვილმა მაჩუქა, დაბალყელიანი და თეთრი. აი, ამ შავ ტყიბულში ეგ თეთრი წინდებიღა გაკლიათო!

სიამოვნების განცდა, მგონი, მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა დავალებებს ან შემაჯამებელ სამუშაოს წითელი პასტით გაასწორებდა და მისი სიამოვნება მით უფრო იზრდებოდა, რაც მეტი შეცდომა აღმოჩნდებოდა. მეგონა, რომ ეს ქალი თავად იყო წითელი პასტა, ულევი, ღვარძლიანი წითელი მელნით...

ატესტატი ვერ ავიღე. მათემატიკის ჩაბარების იმედი არც მქონდა. შვიდი საგანი რომ ჩავაბარეთ და მათემატიკაში უმეტესობა ჩავიჭერით, ეს მასწავლებლის ბრალია! მაგრამ ვინ დაადანაშაულებს ახლა "წითელ პასტას"? თავს იმართლებს მშობლებთან, იმან თუ ჩააბარა, ე.ი. მისწავლებია და შენს შვილს მეცადინეობა ეზარებოდა, ესაა მისი სიზარმაცის შედეგიო. გამოცდაჩაბარებული ყველა მოსწავლე კი "ნამზადები" იყო, ზოგს დედა უგზავნიდა საზღვარგარეთიდან ფულს, ზოგსაც ბებია ან მამა. ნეტავ მინისტრი ერთხელ თუ მაინც იკითხავს ერთადერთ საგანში ჩაჭრილი მოსწავლეების ბედს? თუ დასჯის ასეთ ვაი-მასწავლებლებს?! გასულ წელს უფრო მეტი ჩაჭრილა, მაგრამ პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, მე კი დავკარგე ის სამი წელი... სადმე მემუშავა დღიურ მუშად ან სულაც, საზღვარგარეთ მევლო თხილის მოსაგროვებლად და ჩაის საკრეფად! არავის უნდა ამ ქვეყანაში ახალგაზრდა, არავის!..

ვიცი, ახლა არავინ გადაგვისვამს თავზე ხელს, მაგრამ რომ დაფიქრდეს მინისტრი და ერთი საგნის გამო დასჯილებს რაღაც მოგვიფიქროს, არ იქნებოდა ურიგო! "წითელი პასტები" კი უნდა გაყარონ სკოლებიდან. ხელფასის გარდა არაფერი რომ არ აინტერესებს ადამიანს, სკოლაში რატომ უნდა იყოს? როგორი მადლი იქნება ახლა იმის თქმა ვინმესგან, რომ მათემატიკის ჩაუბარებლობა არ ნიშნავს ჩვენს უვარგისობას... სოფლის მეურნეობის შესწავლა მინდოდა, მაგრამ ახლა იმედების სასაფლაოსთან ვდგავარ. ივნისის ბოლოს ჩემი მეზობელი ბიჭები მიდიან ჩაის საკრეფად თურქეთში და მეც გავყვები! ხუთი კილო ფოთოლი რომ მოიკრიფოს, 48-ჯერ უნდა მოიქნიო სეკატორიო. მოვიქნევ, რატომაც არა! ტყიბულის ჩაის ფართობები გავერანებულია, ამიტომ თურქეთში ვიმუშავებ. ამის არც მერიდება, არც მრცხვენია. სმით არ ვსვამ და არც ვეწევი. ჩემი ძმა ორ წელიწადში ამთავრებს სკოლას. მაგისთვის უნდა დავაგროვო ფული. მათემატიკაში უნდა მოვამზადებინო ვინმეს. კარგი ბიჭია. ჩაჭრილს ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, მოგიკვდი, ძმაოო. ის გამოხედვა არ დამავიწყდება. ჩემზე მეტად წუხდა და ღელავდა. მას უნდა ვასწავლო. მინდა, მათემატიკის მასწავლებელი გამოვიდეს და ის "წითელი პასტა" შეცვალოს ჩვენს სკოლაში! წელიწადში სამჯერ დადიან ბიჭები ჩაის საკრეფად, გვიან შემოდგომაზე წაბლსაც მოვაგროვებ. არც ჩავიცვამ, არც დავიხურავ, ჩემს ძმას ვასწავლი! მასწავლებლობა ახლა არავის უნდა, მაგრამ ახალი მასწავლებლები თუ არ მივიდნენ სკოლაში, "წითელი პასტები" ცხოვრებას დაგვინგრევენ..."

უცებ ერთი ტივტივა რამდენჯერმე მძლავრად შეირხა. ბიჭმა ანკესი საჩქაროდ ამოიღო. ციდა თევზის ლაყუჩი მოსდებოდა ნემსკავას. მოხერხებულად შეხსნა თევზი ბიჭმა და ტბორის სიღრმისკენ ისროლა, - ამის დაჭერა ახლა საცოდაობააო. ბიჭს თევზი შეეცოდა, ეს მეთევზე ბიჭი კი არავის.

- შენ იმხელა ადამიანი ხარ, ვერც ერთი ატესტატი რომ ვერ დაიტევს, - ვუთხარი ბიჭს. გაიღიმა. ქათქათა კბილები ხორბლისფერ სახეზე ელვასავით გაკრთა. მადლობაო, მითხრა და ისევ წყალს დააშტერდა.

საღამო ხანს ექსკურსანტები ნელ-ნელა მიკროავტობუსებისკენ მიდიოდნენ, ყველას სახლისკენ ეჩქარებოდა. ერთ ზორბა ბიჭს ტომარა პლასტმასის ბოთლებით აევსო და ბურტყუნებდა, ამდენ ნაგავს ტოვებენ, ერთს თუ მაინც გაახსენდება, რომ თავისი ნაგავი მაინც წაათრიონ იქ, საიდანაც მოეთრნენო... თვალი გავაყოლე და სავსე ტომარა მანქანის საბარგულში შეტენა. ნარჩენებს ალბათ, პირველსავე ურნაში ჩაყრიდა, მაგრამ ეს ბიჭი მოიყვანს გაზაფხულს? მგონი, მოიყვანს! ეს და ის ბიჭიც, წყალსაცავის პირას რომ დავტოვე სამი ანკესით, აუცილებლად ააშენებენ ქვეყანას, რომლის მომავალს "წითელი პასტები" აფერხებენ!

როლანდ ხოჯანაშვილი