მიტოვებული სოფელი და იმერლების აფხაზი რძალი - გზაპრესი

მიტოვებული სოფელი და იმერლების აფხაზი რძალი

ყოველთვის, როდესაც ხარაგაულში, სოფელ ღვერკში ჩავდივარ, 15 წლის წინანდელი ერთი ამბავი მახსენდება და ღიმილს მგვრის - მაშინ ჩემი მეუღლის ბაბუა და ბებია ცოცხლები იყვნენ. შვილიშვილის დაოჯახებით გახარებულები დიდი ამბით გველოდნენ თურმე. რამდენიმე მეგობართან ერთად ავედით სოფელში და ეზოს ზღურბლს გადავაბიჯეთ თუ არა, დავინახე გოგუცა ბებია სწრაფი ნაბიჯით მოემართებოდა ჩვენკენ, თან ხელებს შლიდა ჩასახუტებლად და თან, მეზობლებს ეძახდა: "ლუიზა, ნანული, ციალა... გიო ჩამევიდა, ცოლით, გიო, მოდით, მოდით", - იმწამსვე "იმერული ესკიზები" გამახსენდა... იმერული სტუმართმოყვარეობის ამბავი ჩემგან არ გესწავლებათ და, რა თქმა უნდა, საღამოს სუფრაც გაიშალა. როგორც კი დამიმარტოხელებდა მოხუცი, ამაყად მიყვებოდა როგორი მშრომელი, წესიერი და ბებია-ბაბუის მოსიყვარულე შვილიშვილი ჰყავდა, როგორ აწვალებდნენ ზაფხულში დასასვენებლად ჩასული სხვა შვილიშვილები და როგორი დაუზარელი და კარგი იყო გიო. არა, სხვებიც კარგები მყვანან, ბებია, მაგრამ... - დაამატებდა შიგადაშიგ და იღიმოდა იმით კმაყოფილი, რომ კიდევ ერთი შვილიშვილის დაოჯახებას მოესწრო... ამდენი წელი გავიდა და დღესაც კადრივით მახსოვს ეს მომენტი - სწრაფი ნაბიჯით მომავალი მოხუცი სიყვარულით ანთებული გამომეტყველებით. ახლა იქ აღარავინ გვხვდება. ჩვენი სახლიც ისევე, როგორც ბევრი სხვა, გამოკეტილია და მხოლოდ ზოგჯერ თუ ახმაურდება, ძირითადად, ზაფხულობით. არადა, ულამაზესია ეს სოფელი თავისი მდიდარი ბუნებით, ამაღლებულ ფერდობებზე შეფენილი ოდა სახლებითა და უთბილესი ხალხით.

GzaPressღვერკი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 400 მეტრში მდებარეობს. სოფელში მდინარე ყარნება ჩამოედინება, რომელიც სარგვეშის საკრებულოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს. გავრცელებული თქმულების მიხედვით, ოსმალთა შემოსევებისას ერთ-ერთი ბრძოლა მდინარის ნაპირებთან გამართულა. დაღუპულთა გვამებს ყორნები დასევია. მდინარე ადიდებულა და მორევი ყორნებით ავსებულა. ამ ამბის შემდეგ მდინარისთვის ყორნება უწოდებიათ. მდინარის სახელმა თანდათან ცვლილება განიცადა და ყარნება დაერქვა. მდინარეს გზადაგზა სამკურნალო თვისებებით მდიდარი პატარა წყაროები უერთდება. სოფლის შესასვლელში უგემრიელესი წყარო მოჩუხჩუხებს, ზედა და ქვედა უბნებშიც ბევრი ცივი და ანკარა წყაროა.

35 წლის ზოია წაქაძე მეზობლად, 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და მარტო ზრდის ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში რთული პირობებია და უჭირს, მაინც ეძნელება იქაურობის მიტოვება, გამოსავალს კი ვერ ხედავს...

- ზესტაფონელი ვარ, პროფესიით ფარმაცევტი, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვე, მერე გავთხოვდი კიდეც. ჩემს მულს დავუნახავვარ სადღაც და მოვწონებივარ. მისი წყალობით აღმოვჩნდი ამ სოფელში. მაშინ მე 24 წლის ვიყავი, მალხაზი - 31-ის. თხელიძეების უბანში ვცხოვრობდით, თხელიძე იყო გვარად ჩემი ქმარი. ცხრა კაცი ვეტეოდით ერთ პატარა სახლში: დედამთილი, მამამთილი და მულიშვილები, ჩემი მული გარდაიცვალა და მის სამ შვილსაც ბებია-ბაბუა ზრდიდა. სანამ მომიყვანდნენ, იქამდე იაფად უყიდიათ ეს სახლი, მე და მალხაზიმ ცოტა ხელი შევავლეთ და გადმოვედით საცხოვრებლად. 2 ბავშვი გვეყოლა - საბა 10 წლისაა, ნია - 8-ის. მალხაზი რომ გარდაიცვალა, 27 წლის ვიყავი მაშინ. უეცრად, ძილში მოკვდა ისე, რომ "ვაის" თქმაც ვერ მოასწრო. მხოლოდ ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან და მორჩა. დავრჩი სრულიად მარტო. ის ერთი წელი ძალიან რთული იყო ჩემთვის, ვერაფრით ვეგუებოდი მის გარდაცვალებას. შიშები მქონდა, მარტო ვერ ვრჩებოდი. თითქოს ფეხის ხმა მესმოდა და მეგონა, უკან დამყვებოდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი მეუღლე და მამა, მშრომელი, ერთგული, უსიტყვო. თუ რამე აწუხებდა, შენ არ მოგახვევდა თავზე. ღმერთს სულ იმას ვეხვეწები, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები იყვნენ, სხვა არაფერი მინდა!

- გეხმარება ვინმე? თავს როგორ ირჩენ?

- სოციალური დახმარება გვაქვს და კიდევ, ბავშვებს აქვთ ობლობის პენსია, 100-100 ლარს იღებენ თვეში. ჩემი ძმა და ახლობლები, თუკი ვინმეს რამე შეუძლია, მეხმარებიან, მაგრამ ხომ იცით, დღეს ყველას თავისი გასჭირვებია... აქ სად ვიმუშავებ, რას გავაკეთებ? ძალიან მიჭირს უმეზობლოდ. რამდენჯერ მიფიქრია, ავდგები და წავალ-მეთქი, მაგრამ... ახლაც ძლივს გადამაწყვეტინა ჩემმა ძმამ, შემოდგომიდან ვაპირებ ზესტაფონში საცხოვრებლად გადასვლას, თვითონაც ზესტაფონში ცხოვრობს და ჩემთან უფრო ახლოს იქნებიო, მეუბნება. აქ განსაკუთრებით ჭირს ზამთრის პერიოდი, თუ ზვავი ჩამოწვა, მით უფრო. გზამდე ფეხით ან ტაქსით უნდა ჩახვიდე. მაღაზია აქ არ გვაქვს, მოწყვეტილები ვართ ყველაფერს. ხარაგაულში სიძვირეა და პროდუქტის მარაგისთვის ზესტაფონში ჩავდივარ. უბანში აღარავინ დარჩა. არიან მხოლოდ ნანული ბიცოლა, ზაური, ბესო და დათო. რომ გაგიჭირდეს, ვისთან გინდა მიხვიდე? ზაფხულობით თუ ამოვლენ, თორემ ზამთარში რომელი ნათესავი და მეგობარი ამოგაკითხავს?

- ბავშვებო, სკოლაში სად დადიხართ და როგორ სწავლობთ?

- კარგად ვსწავლობთ, - მეუბნებიან მორცხვად, - ლაშეში დავდივართ სკოლაში. ადრე ფეხით დავდიოდით და ახლა უკვე მანქანაა გამოყოფილი, დილით მივყავართ და გაკვეთილების შემდეგ ისევ სახლებში გვაბრუნებს.

ზოია: - კიდევ კარგი, თორემ როგორ შევძლებდი ამხელა გზაზე ამათ ტარებას? 2 წლის მანძილზე კი დავყვებოდი თვითონ, 3 კმ-ია იქამდე, ველოდებოდი გაკვეთილების დამთავრებას და ისევ უკან მომყავდა.

- საბა, რამდენი ხართ კლასში?

- ძალიან ცოტა ვართ. ჩვენც ზესტაფონში რომ წავალთ, მასწავლებლები ამბობენ, სკოლა დაიხურებაო. ჩემს კლასში სამნი ვართ, ნიასთან 4 ბავშვი იყო, ერთი წავიდა და ჩვენც თუ გადავალთ, ორნიღა დარჩებიან. მიყვარს ჩემი სოფელი და არ მინდა სხვაგან ცხოვრება...

ზოია: - მიუხედავად იმისა, რომ აქ მათი ტოლი არავინ არის და ვერ თამაშობენ, მაინც ენანებათ აქაურობის მიტოვება. ახლა, როცა გზა გაკეთდა, იქნებ დაუბრუნდეს სოფელს ვინმე. ამბობენ, გაზსაც გაიყვანენო და ნეტავ, მართლა ასე იყოს...

75 წლის ნანული (რაია) გიგავა ოჩამჩირელია, სოფელ არადუდან. 54 წელია იმერლების რძალია და იქაურებისთვის თავიც შეუყვარებია თავისი სიყოჩაღითა და ხალასი ხასიათით. აფხაზ ქალბატონს ორი შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს. მისი 2 ძმა ომის შემდეგ ახალციხესა და თბილისში გადმოსახლებულა, უფროსი კი იქ დარჩენილა - ჩემი სახლ-კარი მინდა და აქ ვიცხოვრებო. მე და ზოიამ საუბრის დამთავრების შემდეგ სწორედ ნანული ბიცოლას მივაკითხეთ. გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დანახვა.

- 21 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ზაური ნიქაბერიძე ქუთაისში, ავტოქარხანაში მუშაობდა და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. იქ მუშაობდა რამდენიმე ჩემი თანასოფლელი ქართველი ბიჭი. ჩვენ აფხაზები ვიყავით, თუმცა მაშინ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მოკლედ, ზაური რამდენიმე მეგობართან ერთად, არადუში ჩამოვიდა. სოფლის ახალგაზრდობა კლუბში კონცერტს ატარებდა და მეც ვმონაწილეობდი. ბიჭებს უხუმრიათ, კონცერტის ჩატარებაში ჩვენც მოგეხმარებით, ოღონდ რომელი გოგოც მოგვეწონება, გაგვატანთო. ისინი სხვადასხვა საკრავზე უკრავდნენ, ზაური დოლზე უკრავდა. იმ კონცერტის დროს მოვწონებივარ. ეჰ, ახლა აღარ ვვარგივარ, შვილო, თორემ გაჩვენებ ჩემს სურათებს და ნახავ, როგორი გოგო ვიყავი... ქუთაისში არ გავთხოვდები-მეთქი, - უარზე დავდექი. მეგონა, ქუთაისში ცხოვრობდა და თურმე, სოფელში არ ცხოვრობს? არადა, მეუბნებოდა, ქალაქელი ვარ და "დვარეცი" მიდგასო (იცინის)... მეც შემიყვარდა, დასაწუნი ბიჭი ნამდვილად არ იყო - მაღალი, თმახუჭუჭა, კარგი შესახედი. 9 თვის მანძილზე ჩამოდიოდა სოფელში ჩემს სანახავად. ერთ დღეს წერილი გადმომიგდო ეზოში, ერთი წუთით შემხვდიო, მაგრამ გარეთ ვერ გამოვდიოდი. დედა და სამი ძმა მყავდა, სამხედრო პირები იყვნენ. ახალი დაქორწინებული იყო ჩემი ძმა. ქორწილის მეორე თუ მესამე დღეს ოჩამჩირეში რაღაცების საყიდლად გამგზავნეს. მეგონა, ზაური უკვე წასული იყო. ჩემმა რძალმა გამომაწყო ახალ ტანსაცმელში და თან სიცილით მითხრა, ოღონდ ჩემი ტანსაცმლით არ გათხოვდეო. ყველაფერი რომ ვიყიდე და ავტობუსების სადგურში მივედი, ზაური დავინახე მეგობრებთან ერთად. გამიკვირდა: არ წასულხარ-მეთქი? არსადაც არ მივდივარ, სანამ შენ არ წაგიყვანო. ქუჩიდან ვერ წამოგყვები-მეთქი, მაგრამ იმდენი ქნა, მაინც დამითანხმა. ეს ჩემი ბარგი ნაცნობს გავატანე სახლში და გამოვყევი. ოჩამჩირიდან ზესტაფონში 80 მანეთად წამოგვიყვანა ტაქსის მძღოლმა, აფხაზი იყო. ქუთაისის ნაცვლად შორაპანში, ზაურის დასთან ამოვყავით თავი. გაიშალა სუფრა, მეორე დღეს კი ჩემი ხალხი ჩამოვიდა, 11 კაცი. ძმამ მკითხა, ნებით წამოჰყევიო? იმ დღესაც გაიშალა პურმარილი და გაიმართა ცეკვა-სიმღერა. სიძე ჩემიანებსაც მოეწონათ, ანკი რა სჭირდა დასაწუნი, მაგრამ რა ექალებოდა და ეცოლებოდა? სახლი არ ჰქონდა და კარი.

- არ დაგახვედრათ ხომ "დვარეცი"?

GzaPress- ვაი, ჩემი ცხოვრება რომ იცოდე შენ, ჭკუიდან გადახვალ. აქ რომ მომიყვანეს, ერთი "თვალი" (ოთახი. - ავტ.) ქვევით იყო, ერთი "თვალი" მაღლა და წყვილი საწოლი იდგა. არნახული დედამთილ-მამამთილი კი დამხვდა, კარგი ხალხი, ტკბილი და თბილი. პირველად რომ ვუნახავვარ დედამთილს, არ მოვწონებივარ და ეს რომ გავიგე, ბევრი ვიტირე. მერე ჩემი დედამთილი სულ ჩემს თავს იფიცებდა. კარგი იყო ძველი დრო, ახალგაზრდობა გროვდებოდა, იყო ჟრიამული, კარგი მეზობლობა გვქონდა. ლუკმაპურს ვუყოფდით ერთმანეთს და დღესაც ასეა, აქ დარჩენილები ერთმანეთზე ვზრუნავთ. ჩვენი სოფლის კოლორიტი იყო გრიშა ხარატიშვილი, კარგი კაცი.... გამვლელ-გამომვლელს ოჯახში ეპატიჟებოდა და თითო ჭიქა ღვინოს დაალევინებდა ხოლმე. ახლა კი გაკრეფილები არიან ქალაქში, ყველა მუშაობს და ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. წელს ერთი პირველკლასელი არ ჰყავთ, ადრე კი, ჩემი შვილის, ნინოს კლასში 26 ბავშვი იყო, ახლა მთელ სკოლაშიც არ იქნება ამდენი...

გუჯა ხარატიშვილი: - დაახლოებით 11 წლის ვიქნებოდი და კარგად მახსოვს ის დღე, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად - დედ-მამა, ჩემი და და ძმა. 2 ოთახი ისე გავაკეთეთ, რომ ცხოვრება შეგვძლებოდა. გადმოვიტანეთ ბარგი და ამასობაში, მოსაღამოვდა კიდეც. ვვახშმობდით. მამასთვის ეს დღე იყო ბედნიერების, რადგან პირველ ღამეს ათევდა საკუთარი მარჯვენით აშენებულ სახლში. მამაჩემს ღვინოც არ ჰქონდა დასხმული, რომ ვიღაცამ დაიძახა: "ჯუმბერი, ჯუმბერი". გაეპასუხა, რომელი ხარო და გარეთ გავიდა. რომ შემოვიდა, ჭურჭლით ღვინო შემოიტანა. ვინ იყოო? - ჰკითხა დედამ. შაშო ბიძია იყო, ღვინო მომაწოდა და მითხრა, ახალ სახლში პირველად ჩემი ღვინით დაილოცეო. შაშოს ვეძახდით, ისე ბესარიონი ერქვა, ხარატიშვილი იყო გვარად. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამხელა კაცი ვარ და ამდენი წლის შემდეგაც ამ ამბის გახსენებაზე ცრემლები მადგება. ერთ წელიწადში გარდაიცვალა შაშო ბიძიაც და მისი ცოლიც... ახლა მათნაირი ხალხი აღარ არის - ძველებს შეეძლოთ სხვისი სიხარულის გაზიარება...

56 წლის დათო ხარატიშვილზე იქაურებმა მითხრეს, პოეტობსო. დამაინტერესა, ვინ იყო და რაზე წერდა. მეზობლები ბევრ სახალისო ლექსს ახსენებდნენ, თქვიო, მაგრამ უარობდა, უწმაწურია და არ შეიძლებაო.

- პროფესიით მშენებელი ვარ, პოეზიაზე უზომოდ შეყვარებული. თქვენი წონა ლექსები მაქვს დაწერილი, ტომრებით შენახული სახლში. 800-სტროფიანი ლექსი მარტო სამშობლოზე დავწერე, თითქმის ზეპირად ვიცი და წაგიკითხავთ, თუ გინდათ. 5.000 კაცი მუშაობდა ჩემს სამსახურში და ყველას ლექსი გამოვუთქვი. ისე, 19 წლისამ დავიწყე წერა, ჯარში ყოფნისას. დილა-საღამოს სულ ჩაის გვასმევდნენ და ცოტა არ იყოს, უზრდელური ლექსი გამოვუთქვი უფროსებს. ჰოდა, 10 დღით ჩამსვეს ჰაუპტვახტში, მაგრამ მაინც არ მივანებე თავი წერას. რა ვქნა, მიყვარს პოეზია და ამიტომაც, ჩემს ბიჭებს ლუკა და ალექსანდრე დავარქვი, ლუკა რაზიკაშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის პატივსაცემად. ნეტავ, ის ძველი დრო დაბრუნდებოდეს! იცით, ზოგჯერ როგორ მომენატრება ხოლმე? უწინ ერთმანეთთან ხშირი მისვლა-მოსვლა გვქონდა, ახლა კი ნათესავები წლობით ვერ ვნახულობთ ერთმანეთს და ასე გადის ჩვენი ცხოვრება - თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ახლობლების, შვილებისა და შვილიშვილების მოლოდინში...

ნინო ჯავახიშვილი