საქართველოს ერთი აგური - გზაპრესი

საქართველოს ერთი აგური

მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ. წლების წინ, ის ომში უშიშრად წავიდა, იწვნია ტყვეობა, შიში, მაგრამ არასდროს უღალატია სამშობლოსა და საკუთარი პრინციპებისთვის...

ბავშვობა

- უკრაინის დასავლეთით დავიბადე, ბანდერების მხარეში. მამა ხიდებს აშენებდა, მე უკრაინელი ძიძა მზრდიდა. 5 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდით და მაშინ ქართულად, რუსულად, უკრაინულად ვლაპარაკობდი. დედა ცდილობდა, ქართული წერა-კითხვა შემესწავლა, მე კი მხოლოდ ის ამბები მაინტერესებდა, მამა თავისი წიგნის კარადიდან რომ მიკითხავდა. ანბანი ჩემმა პირველმა მასწავლებელმა, ულამაზესმა, ძალიან ემოციურმა ქალბატონმა შემაყვარა და წერა-კითხვა დავიწყე. ჩემი პირველი ჩანაწერი პატარა გოგოსთვის უცნაური სახელწოდებით დაიწერა - "რატომ გაჩნდა ადამიანი?"

მეამბოხე GzaPress- ჩვენს თაობას როკი, სოული, ბლუზი, ჯაზი, ამერიკა აღაფრთოვანებდა. ვუსმენდით "რადიო თავისუფლებას" და "რადიო მონტეკარლოს". "თავისუფლების" სიხშირეს ახშობდნენ, მაგრამ რაღაცის გაგება კიდევ შეიძლებოდა, აი, "მონტეკარლოზე" კი ინგლისურად, ფრანგულად და არაბულად საუბრობდნენ დიქტორები და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მესმოდა, მაინც ვუსმენდი, რადგან ეთერიდან სიცილი, შეუბოჭავი ემოცია, თავისუფალი ადამიანების ხმა იღვრებოდა. დიახ, ჩვენს ეთერშიც იცინოდნენ, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, თავისუფლების სუნთქვა.

მამაჩემის წიგნის კარადამ და იმ მუსიკამ, რადიოს სიხშირის ძიებამ და ოცნებამ თავისუფლებაზე მაქცია მეამბოხედ. ასეთივე წიგნის კარადებმა აქციეს მეამბოხეებად ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ საქართველოს თავისუფლება მოუტანეს. ეპოქა ყოველთვის იმარჯვებს, ეპოქას კი განათლებული ადამიანები ქმნიან. სიტუაცია ახლაც მეორდება.

რა არის ტრადიცია? - ფოლკლორისტობაზე ვოცნებობდი, მითებისა და ლეგენდების სამყაროზე, მაგრამ მოვიდა გორბაჩოვი და მივხვდი, რომ რეალურ ცხოვრებაში ვიყავი საჭირო. მაშინ გავხდი ჟურნალისტი. იმ პერიოდში ჩვენი თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. ამდენი წელი გავიდა და ისევ მესმის: "დავიცვათ ჩვენი თვითმყოფადობა, რათა არ წაგვართვან ქართველობა". მე აღარ ვიცი, ან არ მინდა გავიგო, რას გულისხმობენ ამ ფრაზის მიღმა ის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ სიახლეს, ცოდნას გაგულისებულები ახვედრებენ მუშტს. ჩვენ ხომ მაშინ სწორედ იზოლაციის დასამსხვრევად ვიბრძოდით, რომელიც ბუნებრივად გულისხმობს სიახლეს...

ჟურნალისტი - ჟურნალისტიკაში იმ ტალღაზე მივედი, რომელიც ზვიადმა მოიტანა. ჩემი შვილი, ოთო პატარა იყო, ქმარს გაშორებული ვიყავი და ბევრს ვმუშაობდი - ვთარგმნიდი, ვწერდი. პირველი დემოუკიდებელი მედიის - "შანსის" ჟურნალისტი გავხდი. საბჭოთა ცენზურა არ შემხებია, რადგან ბარიკადებიდან მივედი ჟურნალისტიკაში. იმ პერიოდის ბეჭდურ მედიაში მუშაობა ფუფუნება იყო, რადგან საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ მიმართ. პატივისცემით გვექცეოდნენ, ჩვენთვის ყველა კარი ღია იყო, არც ჩვენ ვუსაფრდებოდით ადამიანებს. სიტუაცია საქართველოში პოლიტიკური ბრძოლების გააქტიურებამ შეცვალა - ჩვენს ცხოვრებაში დასავლური, ტიპური დამოკიდებულება გადმოვიდა, მნიშვნელოვანი განსხვავებით - იქ კანონი არეგულირებს მსგავს ქმედებებს, აქ კი არა. ჟურნალისტიკას გაუნათლებლების ტალღაც შემოუერთდა, რასაც ხელს უწყობდა მოთხოვნა - ვწეროთ მემწვანილის ენაზე. ჟურნალისტიკიდან ბევრი ისეთი ჟანრი გაქრა, რომელსაც საზოგადოების განათლებაზე, სულიერებაზე უნდა ეზრუნა. პოლიტიკამ გადაგვყლაპა.

ერთი აგური - აზრი, რომ თავისუფლება თავისით ჩაგვივარდა ხელში, მცდარია. ის იმ ადამიანებმა მოიტანეს, ვინც ამ იდეის ავანგარდში იდგნენ, მე და ბევრმა ჩემნაირმა კი თითო აგურის როლი შევასრულეთ ამ ბასტიონში.

უარი ემიგრაციას - ზვიადის პრეზიდენტობის მოკლე, მშვიდ პერიოდს ჩემი და ოთოს გერმანიაში მოგზაურობა დაემთხვა. ეს გაცვლითი პროგრამა იყო - ჯერ გერმანელი ბავშვები მივიღეთ სტუმრად, მოვატარეთ საქართველო, და შემდეგ ჩვენც გავფრინდით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ პატარა სოფელში გამიჩნდა კითხვა, ის ომი გერმანიამ მოიგო თუ საბჭოთა კავშირმა? ამ სოფლის სკოლაში მასწავლებლად დარჩენა შემომთავაზეს. ბევრი ვიფიქრე... და გადავწყვიტე, რომ ჩემი აგურის გამოცლით ბასტიონს დავანგრევდი. მეცინება ახლა.

უკან საოცარი მატარებლით დავბრუნდით - ვარდისფერი, გაპრანჭული მოხუცი ქალბატონები, მაკიაჟით, სამკაულებით. ასეთი მოხუცები საბჭოთა კავშირში არ არსებობდნენ.

ბერლინში საბჭოთა მატარებელზე გადავჯექით. საბჭოთა სუნი მეცა. აქ გერმანელებიც ისე ყარდნენ, როგორც რუსები. ეს რუსული ძუნძგლი აქაც თვალში საცემი იყო. შოკი იყო ერთი ერის ხალხის ასეთი განსხვავებული ორი სახე.

ჩამოვედი მე, აგური, თბილისში და სახლის წინ დამხვდა ნაგვის დიდი მთა!

თბილისის ომი GzaPress- მაშინ რომ "ფეისბუკი" ყოფილიყო, ალბათ ისევე დაწერდნენ კომენტარებში სასაცილო "სმაილიკებს", როგორც ახლა, რადგან ეს სიცილი თვითგადარჩენის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ყველა რესურსი გაფლანგე. ის ომი იმდენად აბსურდული იყო, რომ არა მტკივნეული მსხვერპლი, "სმაილიკებს" იმსახურებდა. ირგვლივ უამრავ სისულელეს ლაპარაკობდნენ თბილისის ომის ეპატაჟური "შემოქმედებიც": "დემოკრატია ლობიოობა გგონიათ?"

უდაბური ზუგდიდი - დამთავრდა თბილისის ომი, სამეგრელოში გარდაცვლილი ბიჭები ჩაასვენეს და ეს დიდებული კუთხე ერთ დიდ კივილად გადაიქცა. სამოქალაქო ომი გაგრძელდა...

რაღაც პერიოდის შემდეგ, "შანსმა" მე და დიანა გაბროშვილი ზუგდიდში მიგვავლინა რეპორტაჟის გასაკეთებლად. შევათანხმეთ, რომ ზუგდიდის გუბერნატორი მიგვიღებდა და სამუშაო პირობებს შეგვიქმნიდა, მაგრამ ადგილზე შევიტყვეთ, რომ ის გაიქცა და ღია ცის ქვეშ, მისტიკურად ცუდ გარემოში დავრჩით. ქალაქი უდაბურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ადამიანები თითქოს გამქრალიყვნენ. ფოსტა უნდა გვეპოვა... როგორც იქნა, ცარიელ ქუჩაზე ქალი გამოჩნდა. თავდახრილი, სწრაფად მიდიოდა. დავუძახეთ, მაგრამ გაგვექცა. მეორე გამვლელმა კი, მოხუცმა კაცმა, სამი ნაბიჯით ჩამომრჩით და ფოსტამდე მიგიყვანთო... მოკლედ, ჩვენს რედაქტორთან, ბონდო ქურდაძესთან დავრეკეთ, ავუხსენით სიტუაცია, ფოსტიდან გამოვედით და ჩვენს ფეხებთან მანქანამ დაამუხრუჭა.

ტყვეობა - მანქანიდან კბილებამდე შეიარაღებული ტიპები გადმოვიდნენ, გადაგვიგრიხეს ხელები, ჩაგვყარეს მანქანაში და გაფიცულებში მიგვიყვანეს, ანუ ზვიადისტებთან, ოღონდ, სასაცილო ის არის, რომ მეც ზვიადისტი ვარ. იქ ბევრი ხალხი დაგვხვდა: უცნობი გოგო, რომელმაც გვაფურთხა; ქალი, რომელმაც დაგვწყევლა... მოკლედ, არაკეთილგანწყობილი ადამიანების ჯგუფი. გავარკვიეთ, რომ ბადრი ზარანდიას ტყვეები ვიყავით. იმ არეულობაში რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ისინიც დაბნეულები იყვნენ ჩვენი სტუმრობით და ცოტა ხანში, ისევ მანქანაში ჩაგვსვეს და სადღაც ქუჩაში დაგვტოვეს. უცხო ქალაქი, სტრესი, ბინდდება, გვშია... როგორღაც, მილიციის განყოფილებამდე მივედით. მილიციის უფროსმა გვითხრა, იარაღაყრილები ვართ, მაგრამ ღამეს გაგათევინებთო... ღამით ამ კაცის მანქანაში ჩავსხედით და შემოვლითი გზით მისი სახლისკენ დავიძარით. შიში ოხერია... ტყეში ვართ... რაღაც ხიდს მივადექით, გული გამალებით ძგერს... და ზარანდიას მანქანაც გამოჩნდა. გააჩერეს კაცებმა მანქანები, გადავიდნენ და ლაპარაკობენ რაღაცაზე მეგრულად. არაფერი გვესმის, მაგრამ მიმიკებით ვხედავთ, რომ კარგი არაფერი ხდება. მილიციელმა უნუგეშო ცნობა მოგვიტანა, - არ შეგეშინდეთ, მაგრამ ამათ უნდა გაჰყვეთ, არაფერს დაგიშავებენო. ნათლად მახსოვს რა გავიფიქრე, - მოდი ხიდიდან გადავხტები, გავცურავ-მეთქი. "დიდებული" გეგმა იყო, კიდევ კარგი, ვერ გადავხტი. მერე დღისით ვნახეთ ის ადგილი - ხიდქვეშ პატარა რუსავით მდინარე ჩამოდიოდა. ლამაზი კი იყო იქაურობა...

ჩვენ ისევ ზარანდიას განკარგულებაში გადავედით. ამჯერად, მოხუცი ქალის ოჯახში მიგვიყვანეს. ძალიან სასაცილოა ეს ცხოვრება. წარმოიდგინეთ სურათი: კარგად გამართული ოდა, ოთახში ტელევიზორია ჩართული და "დათა თუთაშხიას" აჩვენებენ, ჩვენ კი ორი ყაზილარი დაკითხვას გვიწყობს, თან სახეში ფარანს გვანათებენ...

"დაკითხვა" უკმაყოფილოებმა დაამთავრეს და ჩხრეკა დაიწყეს. ფიზიკურად არ შეგვხებიან, ჩვენი ჩანთები ამოაყირავეს. არ იყო იოლი ცქერა, თუ როგორ იქექებოდნენ ჩვენს საცვლებში იარაღიანი კაცები...

როცა იმედი გადავიწურეთ და გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მანქანის ხმა გავიგონე. ერთი, ორი, სამი... ამ მანქანებით ზუგდიდის ელიტა ამოვიდა ჩვენს საშველად. გადაგვარჩინეს.

ინტერვიუ ლოთი ქობალიასთან - მეორე დილით მასპინძელი ოჯახი გამოგვიცვალეს. უკარგეს ხალხში მოვხვდით - თბილ, ტკბილ, განათლებულ ადამიანებთან... ოღონდ ზარანდია დღეში სამჯერ გვამოწმებდა და აწუხებდა ამ ოჯახს. მოვიდოდნენ, დაგვხედავდნენ, იქეიფებდნენ, წავიდოდნენ და ასე, დაუსრულებლად.

რაკი საფრთხემ ჩაიარა, რა თქმა უნდა, ლოთისთან ინტერვიუზე დავიწყეთ ლაპარაკი. დაგვპირდნენ, რომ შეგვახვედრებდნენ, - "ეს ლოთისაც უნდა, სათქმელი აქვსო".

აღარ გვეგონა, თუ რამე გაგვაოცებდა, მაგრამ დიანა გაბროშვილი მყავს მოწმედ, რომ ლოთის ეზოში გოგა ხაინდრავა დაგვხვდა. შინაურულად იქცეოდა. აი, რეალური ცხოვრება. ორივე ძმა იქ იყო - ივლიანეც და გოგაც...

ქობალია არცთუ ურიგო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ გავთამამდი და დიდი შეცდომა დავუშვი - საიდუმლოდ გავანდე, რომ ზარანდიას ტყვეობაში საფულედან ფული ამომაცალეს. იდეას ხომ სუფთა ხელებიანები უნდა ემსახურონ?!

ვინ ხარ?

- ზარანდია ისევ მასპინძელთან მოგვივარდა. ყვიროდა, დასაბმელი იყო. შეურაცხყოფა მომაყენა ამ გოგომ, წავალ, ხალხს მოვიყვან და მათ წინაშე გაიმეოროს, რომ ქურდი ვარო... სასწრაფოდ გადაგვმალეს მასპინძლებმა ქუჩის მეორე მხარეს, სარდაფში. ვინ ხარ სინამდვილეში, ამას მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში იგებ. მალე ისევ მოვარდნენ მანქანებით, ატყდა ავტომატების "ტრახტრახი". კარგად გვესმოდა გინება, მუქარა: "აგაფეთქებთ!"

არავის გავუცივართ, კარი თავად გავაღე, მე და დიანა სამალავიდან გამოვედით. აი, ბატონო, ეს არის ერთი აგურის საქციელი, იქ კი ორი ასეთი აგური ვიყავით... ფიზიკურად ყოველთვის სუსტი გახლდით, გამხდარი, პატარა. ჯინსის "სპეცოვკა", ბიჭივით გაკრეჭილი თმა, კედები... მოკლედ, მწლიკვი. დიანაც ჩემი სიმაღლის, გამხდარი, შორტებიანი გოგო. გამოვედით და აგვესვეტა წინ ეს ოყრაყი, შეიარაღებული ბანდიტი.

თვალი რომ გადავავლე ხალხს, მივხვდი, ყველა შეწუხებული იყო, არც ზარანდიას ხალხს უნდოდა ჩვენი სისხლის დალევა. ეს ადამიანები იდეას ემსახურებოდნენ, ისინიც აგურები იყვნენ. ეს კი, ზარანდია, ქუჩის ბაცაცა გახლდათ, ძალაუფლებას ხომ ასეთები იგდებენ ხელში...

გავითვალისწინე ჩემი მასპინძლის რჩევა და იარაღის ქვეშ, ხმამაღლა, სარკასტულად ვთქვი: - შემეშალა, სხვაგან გადავარდნილა ჩემი ფული-მეთქი. ზარანდიამ ის მიიღო, რაც უნდოდა - სიტყვა ითქვა, ქურდულად. ვნანობ? - არა, სისულელე იქნებოდა იქ დავმალულიყავი და ვინმესთვის ზიანის მიყენების უფლება მიმეცა.

მივლინება ომში - როდესაც "შანსმა" გადაწყვეტილება მიიღო, ფრონტის ხაზზე გამოეშვა გაზეთი, გამომცემლობამ ხელშეკრულებები გაგვიფორმა - ჩვენ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხს თავად ვაგებდით. ასე, ხელში კალმებით, სხვებთან ერთად წავედით ომში ჩვენი ტრიადა - მე, შენ (ამ წერილის ავტორი, დეა ცუცქირიძე. - რედ.) და დიანა გაბროშვილი. ტრიადას განსაკუთრებული ძალა აქვს. ჩვენ რეალური ომი უნდა გაგვეშუქებინა, ვალი მოგვეხადა სამშობლოს წინაშე, რომელმაც ოფიციალურად მივლინებაში გაგვიშვა. ამ მივლინებას კურირებდნენ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ვახტანგ გოგუაძე, გენერალი გენო ადამია, ბატონი ჟიული შარტავა. უცნაურია, რომ წლების გასვლასთან ერთად, სოხუმიდან ყველაზე მკაფიო მოგონებად სისხლი კი არა, შენი დაწერილი სტრიქონი მახსენდება - "ფასადგამოცლილი სახლის მეორე სართულზე გადარჩენილი ევრონიუსის დონეზე ცნობილი შავი პიანინო"... შენი დანახული ჩემი მოგონებაც გახდა. კიდევ მეორე ეპიზოდი - კაფე "მოლოდიოჟნაია". იქ შენც იყავი, მაგრამ მაინც მოვყვები:

სოხუმის ცენტრში მოვყევით დაბომბვაში. ვიცოდით, რომ სანაპირო ზოლი შედარებით უსაფრთხოა და ზღვისკენ ავიღეთ გეზი. ვახტებოდით ბორდიურებთან გაჭრილ წყლის სადინარებს და ზღვისკენ ჩავრბოდით. უცებ, ამ სიტუაციისთვის სრულიად მოულოდნელი სუნი გვეცა. კარგი, გემრიელი, მოხალული ყავის არომატი. მერე მახსოვს წარწერა "მოლოდიოჟნაია" და პატარა კაფე, მრგვალი მაგიდებით, სკოლის სკამებით. ისეთი სუნი და განწყობა გამოდიოდა, საით გავრბოდით, აღარ იყო მნიშვნელოვანი, კაფეში შევედით. ორი, ფეხი ფეხზე გადადებული სამხედრო ყავას მშვიდად მიირთმევდა. ვითომ აქაც არაფერი. დახლთან სიმპათიური ქალი იდგა, მაღალი, თხელი ბერძენი. გაგვიღიმა და დაბრძანდითო, შემოგვთავაზა. დავსხედით. მოგვიტანეს "ფისტაშკები" და ცხელი, ქვიშაზე მოდუღებული ყავა, საფერფლე. მაგიდაზე მინდვრის ყვავილები ეწყო. ხმას არ ვიღებთ. ამ დროს შენ მეკითხები, - მარიკა, როგორ ფიქრობ, ისევ აქ ვართ თუ "გრადი" მოგვხვდა და უკვე იქით მხარეს გადავედით? გავიცინეთ, მაგრამ სრულიად რეალური კითხვა იყო, რომელზე პასუხიც იმ წუთებში მართლა არ გვქონდა.

ახლა ვიცი, არა, ისევ აქ ვართ!

ომის ჟურნალისტად მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ მოსაგები გვაქვს ის ომი, დიდ სტრესთან ერთად, დიდი ბედნიერებაცაა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ იკვრებიან ადამიანები ერთ მუშტად, ერთი იდეის ირგვლივ. ჩვენი იქ ყოფნის პატარა მონაკვეთში იქნებ ვერ შევცვალეთ სამყარო, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ფუნქცია შევასრულეთ.

ახლა? - რა დარჩა ამ ყველაფრიდან, ეს უკვე ეგზისტენციალური კითხვაა. ჩვენ თითქოს არაფერი გვაქვს, არც მსოფლიო მოგვივლია, არც ქონება დაგვიგროვებია, მაგრამ რაღაც ნამდვილად გვაქვს. თუნდაც ის, რაც ახლა ვუამბე მკითხველს. მაგრამ ადამიანი მატერიალური არსებაა და მას საოცრად სჭირდება ხელშესახები მტკიცებულებებიც. ჰოდა, იმ ომის ჟურნალისტებმა, რომელზე საუბარიც ახლა პოპულარული არ არის, ვიფიქრეთ, რა გვინდოდა სახსოვრად და მივხვდით, რომ გაგვახარებდა ომის ვეტერანი ჟურნალისტის სტატუსი. დავწერეთ განცხადება "შანსის" ყველა ნაფრონტალი ჟურნალისტის სახელით და ვეტერანების დეპარტამენტში მივიტანეთ. გაირკვა, რომ სტატუსი "ომის ვეტერანი ჟურნალისტი" არ არსებობს ამ ომებგადავლილ ქვეყანაში. უფრო სწორედ, ყოფილა და გაუუქმებიათ. გვეწყინა, გვეტკინა, მაგრამ ამით არ დამთავრებულა ცხოვრება. ჩვენ ხომ ჩვენი ბასტიონის აგურები ვართ, თავისუფალი სახელმწიფოს თითო აგური, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას, ოღონდ სხვა სიმაღლეზე. შენი მთავარი წიგნი უკვე დაიწერა, ჩემი მთავარი წიგნი კი, სულ მალე იხილავს დღის სინათლეს...