სომეხი გოგონების დაუოკებელი სურვილი, ქართული ენა ქართველებივით იცოდნენ
font-large font-small
სომეხი გოგონების დაუოკებელი სურვილი, ქართული ენა ქართველებივით იცოდნენ
ხოჯორნელი ოთხეული
როგორ ცხოვრობენ საქართველოში არაქართველი ახალგაზრდები? რას აკეთებს სახელმწიფო და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პირები ეთნიკური ჯგუფების სამოქალაქო პოზიციების გაუმჯობესებისათვის? ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ქართველებს არავისგან გვესწავლება სხვა ეროვნების ადამიანების აღიარება და დაფასება, თუმცა, დროის ცვლასთან ერთად, საჭირო ხდება, კიდევ უფრო მეტად პროგრესირებაზე ვიფიქროთ. პროგრესირების უპირობო საფუძველი კი განათლებაა და არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული მხარეების სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერება მრავალმხრივ საჭიროა.

სტატიის დაწერის მოტივი მარნეულის სოფელ ხოჯორნის სკოლის მე-11 კლასელი ლუსინე არზუმანიანის ნათქვამი აღმოჩნდა: "ძალიან მიხარია, რომ ვიცი ქართული. არავინ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო. საქართველო ჩემი გული და ცხოვრებაა. მინდა, ქართული ენა ძალიან კარგად ვიცოდე..."
ხოჯორნის სკოლის მე-11 კლასში ოთხი მოსწავლეა და ოთხივე გოგონა. სამი უფრო თამამია, მეოთხე ზედმიწევნით მორცხვია და უცხოებთან კონტაქტს თავს შეძლებისდაგვარად არიდებს. ერთი წლის წინ ხოჯორნში სახელმწიფო ენის მასწავლებლად ლალი მარგიანი დაინიშნა. ლალი მასწავლებლის წარმატებულობის საფუძველი შრომისა და პროფესიის სიყვარულია, რომელიც მოსწავლეებს ყველაზე მეტად უბიძგებს პროგრესისკენ.
GzaPressროცა პირველად ხოჯორნელ გოგონებს გავესაუბრე, მათ თვალებში დიდი ინტერესი ამოვიკითხე. ჟურნალისტთან ურთიერთობის პირველი მცდელობა მათთვის გამოცდა იყო თითქოს. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ გოგონებს უნდოდათ საუბარი არა იმდენად თავის წარმოსაჩენად, არამედ ლალი მასწავლებლის პროფესიონალიზმის დასადასტურებლად! გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ წელსაც ბევრი კარტოფილი დათესეს, იციან ტოლმის გაკეთება და ძალიან უყვართ საქართველო, მშობლები, მასწავლებლები, შრომა...
ამ გოგონებს აქვთ თავიანთი მისწრაფებები. სათითაოდ ვთხოვე, მოეწერათ ის, რაც უნდოდათ. სასიამოვნოდ გამაოცა მათმა პასუხებმა. ეს ის თაობაა, რომელიც ბილინგვურ ან ტრილინგვურ საზოგადოებას შექმნის საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელში!
გამიგია, რომ ლუსინე იგივე სახელია სომხეთში, რაც ჩვენებური მთვარისა. ლუსინე მზის სხივივით გოგონაა. გგონია, რომ ის სინათლის მსგავსად, ყველგან შეაღწევს, მათ შორის, ადამიანების გულშიც. ეს ის ლუსინეა, ძალიან რომ უყვარს საქართველო და ქართული ენაც.
"მე ვარ 16 წლის ლუსინე არზუმანიანი. ვცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში და ვსწავლობ აქ, ხოჯორნის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში. მე ვარ სომეხი. მყავს ოჯახი. ერთად ვცხოვრობთ ბაბუა, მამა, დედა, ძმა და ანგელოზივით ლამაზი და. მათ ცალ-ცალკე ადგილი აქვთ ჩემს გულში და ცხოვრებაში. ბაბუა - მარტინ არზუმანიანი 81 წლისა, პროფესიით დურგალი. ის არის ჩემი ცხოვრება. მამაჩემი სარგისი 44 წლისაა, პროფესით ისიც დურგალია. მამა ჩემთვის ჰაერია. მუშაობს მუდამ, ხან საზღვარგარეთ, ხანაც საქართველოში, სადაც ანაზღაურებას მისცემენ, სხვანაირად ოჯახს ვერ არჩენს! დედაჩემი თერმინე ასლიკიანი 39 წლისაა, ჩვეულებრივი დიასახლისია, მაგრამ ჩემთვის ის წყალია. ჩემი ძმა მალე გახდება 19 წლის და მუშაობს მამაჩემთან ერთად. ის ჩემი გულია. აი, ჩემი მზე და ანგელოზი არის ლილითი - ჩემი პატარა და...", - ამბობს ლუსინე.
მას "სტანდარტული" დღის რეჟიმი აქვს: გამოღვიძება, სკოლისთვის მომზადება, გაკვეთილებზე დასწრება, მერე შინ დაბრუნება, სადილი, დავალებების მომზადება, ინტერნეტით საინტერესო ამბების მოძიება, სომხურად და ქართულად ლექსებისა და მოთხრობების წერა. ოჯახის საქმეებშიც იმდენად მონაწილეობს, რამდენადაც შეუძლია. დედას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ამიტომ თერმინეს ხშირად უდგას გვერდით ყოჩაღი შვილი. ლუსინეს მშობლებივით უყვარს სონა ახვერდიანი, რიმა და ლევონ გარიბიანები, სხვა მასწავლებლებიც, რასაკვირველია! რადგან გაისად სკოლას დაამთავრებს, უკვე განიცდის მასწავლებლებთან დაცილებას. ყველაზე ცუდად ახსენდება ძმის უსამართლო ბრალდება. ლუსინე ამბობს, რომ პოლიციელმა მის ძმას ცილი დასწამა, ამიტომაც 4 წელზე მეტია, ოცნებობს ისეთ პოლიციელობაზე, რომელიც არასდროს დაადანაშაულებს მშრომელ და მართალ ადამიანებს! აუცილებლად მოემსახურება პატიოსნად სამშობლო საქართველოს! პოლიციელობა უნდა მხოლოდ "სუფთა გულის და ნამუსისთვის". ვიდრე მის ძმას დაადანაშაულებდნენ, ქართული ენის მასწავლებლობაზე ფიქრობდა...
ლუსინე ამბობს, რომ მისი სომხობა არაფერს ცვლის და ძალიან უყვარს საქართველო, ქართული ენა. ისე, თუ გინდათ ბავშვური ექსპრესიის ნახვა, მაშინ წაიკითხეთ ლუსინეს მონათხრობი ლალი მასწავლებელზე:
"წავედი სკოლაში, როგორც მეთერთმეტეკლასელი. იმ დღეს სკოლაში მოვიდა თეთრი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ქალი. ის იყო არაჩვეულებრივი გარეგნობის. გვითხრეს, ეს არის თქვენი ქართული ენის ახალი მასწავლებელიო. ძალიან გავმხიარულდი, რადგან მომეწონა. მართლაც, ლალი მასწავლებელი არის ლამაზი, კეთილი, საყვარელი, დედასავით თბილი. როცა ლაპარაკობ მასთან, გული ჩქარა მუშაობს, მისგან ბევრი ემოცია მოდის. ლალი მასწავლებლის სახლი შორსაა, ჩვენთვის სვანეთიდან ჩამოვიდა... მადლობა მას ყველაფრისთვის: პროექტებისთვის, სიგელებისათვის, ლამაზი დღეებისთვის. ვპირდები, ქართველივით მეცოდინება ქართული ენა..."
ლუსინეს ოჯახს არ უჭირს, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ ოცნების სფეროა საქართველოში მოგზაურობა. უნდა, რომ ნახოს მთა და ზღვა, კიდევ - პარიზი! ლუსინეს სათქმელი აქვს არაქართველი ბავშვებისთვის:
"ყოველ ბავშვს, რომლებიც არაქართველები არიან, მინდა ვუთხრა: საყვარელო ბავშვებო, მეც სხვა ვარ ამ მიწისთვის, მაგრამ საქართველო და ქართული ენა ჩემთვის არის მთელი სამყარო. თქვენც ისწავლეთ ქართული, თუ აქ, საქართველოში ცხოვრობთ! ისწავლეთ და შეიყვარეთ ისე, როგორც ქართველებს უყვართ!"
ნელი მათოსიანი ჩანახჩელია. ჩანახჩში დედა და ბაბუა ჰყავს. თავად ხოჯორნში ცხოვრობს ბებიასთან და იქვე სწავლობს. მამა და ძმა რუსეთში მუშაობენ. ნელი დილას თანატოლების მსგავსად, სკოლაში მიდის და გაკვეთილების მერე ზოგჯერ ინტერნეტით ერთობა, ხანაც გაკვეთილებს ამზადებს. ხოჯორნში ცოტა საქმე აქვს, აი, მშობლიურ სოფელში კი დედას ეხმარება ხოლმე სამეურნეო საკითხების მოგვარებაში და გვარიანადაც იღლება. ნელის მკაფიოდ ახსოვს, როცა ხოჯორნის სკოლაში გადავიდა სასწავლებლად, როგორ ინტერესით უყურებდნენ დანარჩენი მოსწავლეები "ახალს". ახლა ისიც "ძველია" და ხოჯორნელებიც აღარ აკვირდებიან გამორჩეულად...
GzaPressნელის უნდა, რომ მარნეულის სოფლებში კარგი გზები იყოს და მის მსგავსად, ბევრმა ბავშვმა ნახოს თბილისი და მცხეთა, სამება და სვეტიცხოველი. ლუსინეს მსგავსად, ისიც ამბობს, რომ ვინც საქართველოში ცხოვრობს, ყველამ უნდა ისწავლოს ქართული ენა და ქართულ ტრადიციებსაც პატივი უნდა მიაგონ!
ეთერა ავეტისიანი ოთხეულის ყველაზე "ტოროლა" გოგონაა. დილის შვიდზე უკვე ფეხზეა, შაბათ-კვირას საოჯახო საქმეებში მიეხმარება დედას ჩანახჩში, სასწავლო დღეებში ხოჯორნში პირველი მიდის ჩქარი ნაბიჯებით და აწითლებული სახით სკოლაში. ეთერასთვის სკოლაში მისვლა რიტუალივითაა. დრო თითქმის არ რჩება: ან მეცადინეობს, ან მუშაობს. საჭმლის კეთება უყვარს ძალიან! ზოგჯერ ლალი მასწავლებელთან ერთადაც ამზადებს არა მარტო გაკვეთილებს, არამედ სადილსაც. მომავალი დიასახლისია და უნდა იცოდეს სამზარეულოს საიდუმლოებები!
"ჩემთვის სკოლაში ცუდი დღე არ ყოფილა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2016 წლის 15 სექტემბერი. მაშინ პირველად მივედი ხოჯორნის სკოლაში. ჩემს სოფელში სკოლა მხოლოდ ცხრაწლიანია. მას მერე, რაც ლალი მასწავლებელი ჩამოვიდა, ხოჯორნი თითქოს სიზმარშია და ჩიტივით დაფრინავს. მან მარტო ჩვენს სკოლასა და მეთერთმეტე კლასში კი არა, მთელ სოფელში შეცვალა ბევრი რამ. სკოლაში ყველა კარგი მასწავლებელი გვყავს!.. პატარაობიდან მიყვარს ბუღალტერია და ამ საქმის შესწავლაზე ვფიქრობ. ზოგ ბავშვს ხელოვნება უყვარს, მაგრამ ჩვენთან ვერ სწავლობენ ხატვას, ცეკვას და ვოკალს, რადგან შორსაა ჩვენგან... ჩემი ჩანახჩი პატარა და ლამაზი სოფელია. არ მინდა, რომ დაიცალოს და უკაცრიელი გახდეს! პატარაობისას ვიყავი სომხეთში, მაგრამ არ მახსოვს, როგორია ჩემი ისტორიული სამშობლო. შემდეგში ისევ წავალ და დავათვალიერებ, ბევრი რამეა სანახავი დედამიწაზე! ყველა გოგო ოცნებობს პარიზის ნახვაზე და მეც ძალიან მინდა ეიფელის კოშკის ნახვა... ქართული ენა კი აუცილებლად უნდა იცოდე, საქართველოში თუ ცხოვრობ! აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა".
მარტინა ვერმიშიანი ოთხეულის ყველაზე მორიდებული წევრია. ცდილობს, ჩრდილში იდგეს, არავინ შეაწუხოს. მასაც უნდა ქართული ენის კარგად შესწავლა და ორი ქვეყნის, იტალიისა და ესპანეთის ნახვა. იტალიაში ვენეცია აინტერესებს თავისი სან მარკოს მოედნითა და გონდოლებით, ესპანეთში კი სანახავი ბევრია, ძალიან ბევრი, თუმცა, მაინც მადრიდს ანიჭებს უპირატესობას.
XXI საუკუნე ოცნებების ასრულების საუკუნეა. ოთხ სომეხ გოგონასაც აუსრულდება ოცნებები. მთავარია, მიზნები აქვთ და არც შრომა ეზარებათ, თან ამ ბავშვების გვერდით ახლა ლალი მასწავლებელია, რომლისთვისაც დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მამაკაცებმა საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს"
"ანტუანი და პატარა უფლისწული" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრის ინტერვიუ
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
მშენებელი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ყოფილი მორაგბე სანდრო საკანდელიძე ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსური დირექტორია.
ახალი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი