რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
მიდიან ყველაზე ნიჭიერები, ლამაზები და ტოვებენ იმ ადგილებს, სადაც ფეხი აიდგეს, გაიზარდნენ; მიდიან და ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან! რა არის ეს? - უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაქცევა არსებული რეალობიდან, ზოგჯერ უფრო მკაცრ და დაუნდობელ რეალობაში? - ამის თაობაზე ჩვენი ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.
"ეს ქვეყანა თქვენია და აქ უნდა იცხოვროთ"
გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:
- ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხალხი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, ამ ტენდენციას როგორმე უნდა შეებრძოლოს. ემიგრანტებს ხმამაღლა უნდა ვუთხრათ: "ეს ქვეყანა თქვენია და აქ უნდა იცხოვროთ, საქმე აქ უნდა აკეთოთ". მესმის, რომ ცოტა დიდაქტიკურად ვლაპარაკობ, ისიც კარგად მესმის, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ზოგიერთი ახალგაზრდა თავის ადგილს აქ ვერ პოულობს. ადრე ქართველი გლეხი ძლიერი იყო და მთელ ქვეყანას აძლიერებდა, ახლა კი, რაღაცას იყიდის, მერე გაყიდის და უფრო მეტს შოულობს, რასაც თავის მიწაზე ფიზიკური შრომით იშოვიდა. ძალიან ვნანობ და ვტირი, რომ ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი სამშობლო ასეთ მდგომარეობაშია. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელმაც ქართველი კაცი თავის კერას მოსწყვიტა და ოჯახები ორად გაყო - ან დედა მიდის საშოვარზე, ან - მამა. როგორ შეიძლება ბავშვი დედის ან მამის გარეშე გაიზარდოს? არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ რაც უნდა გამიჭირდეს, მე სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებდი.
"ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ"
ზალიკო სულაკაური, მხატვარი:
- ბევრს ჰგონია, რომ უცხოეთში ვარდებს დაუფენენ, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება ახალგაზრდა ფიქრობს, წავალ და იქ უკეთესად ვიქნებიო, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი უცხო გარემოში სულ დაიკარგოს. რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თავს უცხოდ გრძნობ. შეიძლება საბოლოოდ შეეგუო, მაგრამ ეს დიდი შრომისა და ჯაფის ფასად მოხდება. გასაგებია, რომ საქართველოდან უამრავი ადამიანი გაჭირვებამ წაიყვანა, მაგრამ იგივე შრომა და ენერგია შენს ქვეყანას რომ მოახმარო, აქაც იცხოვრებ. ის ენერგია, რასაც ემიგრანტები უცხოეთში ხარჯავენ, აქ რომ დახარჯონ, ჩვენი ქვეყანა ბევრად უკეთესი და წელში გამართული იქნებოდა. რა გითხრათ, მე უკვე ნამდვილად ვიცი, რომ არსად წავალ, 1990-იან წლებში კი მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერ მოვახერხე და სადაც ვარ, იქ დავეტიე. რამდენჯერაც წავსულვარ, იმდენჯერ ძალიან მომნატრებია აქაურობა. რაც უნდა მოხდეს, მაინც აქ ყოფნა მირჩევნია და სად უნდა წავიდე?!
"ყველამ საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ"
ბუბა მირცხულავა, მსახიობი:
- ადამიანი მუდმივად ესწრაფვის რაღაცას, სურს უფრო მეტს მიაღწიოს და უკეთესად იყოს. საქართველოდან წასვლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომავალი თაობა აქ პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთშიც მძიმე შრომა და ძალისხმევაა საჭირო, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ ირგვლივ ისეთი გარემოა, რომ ადამიანი თავისუფალი არ არის. თითქოს ყველას ეშინია თავისი აზრი ხმამაღლა გამოთქვას, ხალხი დათრგუნვილია და უხილავი ჩარჩოებით არის შებოჭილი. თუ ამ ყველაფერს შევცვლით, ჩვენ ირგვლივ არსებული გარემოც შეიცვლება და მასთან ერთად, ადამიანებიც შეიცვლებიან. ყველამ ჩვენს სულში უნდა ჩავიხედოთ და პირველ რიგში, საკუთარ თავში შეცვალოთ რაღაც უკეთესობისკენ, ამის შემდეგ ოჯახში სიტუაცია უნდა შევცვალოთ და მერე უბანში, ახლობლებსა და მეგობრებთან დამოკიდებულება - საბოლოოდ კი, მშვიდ და ნორმალურ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება. უნდა ვცდილობდეთ, ისეთი გარემო შევქმნათ, რომ აქედან წასვლა არავის მოუნდეს.
"ახალგაზრდებს მეტი სურთ, ამიტომაც უჭირავთ თვალი სხვა სამყაროსკენ"
ირმა სოხაძე, მომღერალი:
- სად უნდა იცხოვროს, ეს - ადამიანის არჩევანია. ჩემი აზრით, ახალგაზრდები უფრო მაქსიმალისტები არიან, მეტი სურთ და ამიტომ უჭირავთ თვალი დასავლეთისკენ. ღმერთმა ქნას, ყველა კარგად მოეწყოს იქ, სადაც ცხოვრებას გადაწყვეტს. უცხოეთში ჩემი თაობიდანაც ბევრი წავიდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე ჩემზე რეალიზებული და ბედნიერი იყოს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მაინც ვფიქრობ: სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება ჩემი მონაცემები და ნიჭი უფრო სრულყოფილად გამომეყენებინა-მეთქი, მაგრამ რადგან აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ძალიან მომწონს ის ქალაქი, ის ქვეყანა, სადაც ღმერთმა გამაჩინა. ამის გამო ბედის და უფლის მადლობელი ვარ. მატერიალურად შეიძლება, სხვა ქვეყანაში უფრო კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ უცხო ნიადაგზე ყოფნას, ისევ ჩემს მიწაზე ცხოვრება მირჩევნია.
"არ გეჩვენებათ, რომ ეს იმ ხალხის ბრალია, ვინც ქვეყანას მართავს?"
გია როინიშვილი, მსახიობი:
- არ გეჩვენებათ, რომ ეს იმ ხალხის ბრალია, ვინც ჩვენს ქვეყანას მართავს და არა იმ ახალგაზრდების, რომლებიც აქედან გარბიან?! ძალიან ბევრი მათგანი გამწარებულია და ამბობს, - აღარ მინდა აქ ცხოვრება, უნდა წავიდეო. ამას ზოგი ისეთი ტონით ამბობს, გული დაგეწვება და ეს მათი ბრალი არ არის. თუ მომავალ თაობას არ მიეცემა იმის საშუალება, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოს, არაფერი გვეშველება. ახალგაზრდას ყოველთვის აქვს ამბიცია, რაღაც შეცვალოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს. რატომ მიდიან ნიჭიერი და პერსპექტიული ადამიანები საქართველოდან - იქნებ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ფეოდალებმა და მაფიოზურმა კლანებმა გამოხრეს? ეს იმიტომ ხდება, რომ სამუშაო არ არის, ასპარეზი არ არის, ბავშვი ხედავს, როგორ ცხოვრობს მისი დედა, მამა, ბებია-ბაბუა და აღარ უნდა ამ ჭაობში ყოფნა, ყველანაირად ცდილობს აქედან წავიდეს. ვერავის დავეთანხმები, რომ ამ თაობას თავისი სამშობლო არ უყვარს, პირიქით, ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა, მაგრამ როცა გასაქანი არა აქვთ, რა გააკეთონ?! თითქმის ყველა ქართველს, ვინც უცხო ქვეყანაში სამუშაოდ არის წასული, ძალიან უჭირს იქ ყოფნა, მაგრამ იძულებულია დარჩეს.
"რაც არის, არის, ეს ჩემი სამშობლოა!"
ლალი მოროშკინა, პიარმენეჯერი:
- ჩემგან მორალის კითხვა არ გამოვა, რადგან ჩემი დებიც ევროპაში ცხოვრობენ: ერთი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან წავიდა, ხოლო მეორემ - მსოფლიო ბანკის ხაზით განაგრძო მუშაობა. მათთვის ხშირად მიკითხავს - ასე ხომ საქართველოშიც იქნებოდით-მეთქი? შეიძლება გულის კუნჭულში ჩემი დებიც ფიქრობენ, რომ აქ უფრო კარგად იცხოვრებდნენ, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. სხვათა შორის, მეც ბევრი შემოთავაზება მქონდა: კარგ პირობებს მთავაზობდნენ ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი. რატომ? - აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან ორგანულია და რაც არის, არის! ეს - ჩემი სამშობლოა. ამიტომაც ვცდილობ, აქ შევცვალო რაღაც და ეს ჩემთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. რომ დავფიქრდები, სერიოზულად არასდროს მქონია საქართველოდან წასვლის სურვილი. მით უმეტეს, ვიცი, რომ ევროპაშიც არ არის გზა ია-ვარდით მოფენილი... ჩვენი საუბრის ბოლოს ისეთ რამეს ვიტყვი, რითაც შეიძლება ბევრი გავანაწყენო: რისთვისაც უცხოეთში გარბიან, თუნდაც მუშის საქმე, საქართველოშიც არის. გაიკითხეთ, როგორია კარგი ხელოსნის ან კარგი მზარეულის ანაზღაურება. მე ვიცი, რომ საუკეთესო შეფ-მზარეულის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მშრომელი, დაუზარელი ადამიანი თავის გატანას ყველგან მოახერხებს, მით უმეტეს, თავის ქვეყანაში, სადაც მისი მეგობრები, ახლობლები და ყველაზე საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ.