ბიზნესმენის საოცარი თავგადასავალი - გზაპრესი

ბიზნესმენის საოცარი თავგადასავალი

ბატონი ლევანი ახალგაზრდა, წარმატებული ბიზნესმენია. ვერაფრით დავითანხმე საკუთარი ვინაობა თქვენთვის გაემხილა, მაგრამ იმდენად ემოციურად მიამბო ყველაფერი, შეგრძნება გამიჩნდა, რომ მეც თვითმხილველი ვარ იმისა, რა გზაც გაიარა წარმატებამდე:

"ჩვენ ახალ ქართველებს გვეძახიან - "ნოვო გრუზინებს", მეც მათ შორის ვარ. ადამიანი, რომელიც გლეხის ოჯახიდანაა, ვერ მიიღო განათლება, მაგრამ სიპ ქვაზე დასახლდა, ააშენა სახლი, გაზარდა შვილები და დარგო ხე.

მამა არ მახსოვს. დედა სიცოცხლის ბოლომდე მისტიროდა ქმარს; მამის ხატება იყო ჩემი ძალაც და ღონეც. დედა სუსტი, ყვავილივით გოგო იყო. მისთვის რთული გახლდათ მარტო გამკლავებოდა სოფლურ ყოფას, ამიტომ როდესაც აფხაზეთში ომი დამთავრდა და სოფელში ჩვენი ცხოვრება ერთ გრძელ, ბნელ ღამედ გადაიქცა, მე და ჩემს და-ძმას, ღარიბული ვახშმის დროს, სანთლის შუქზე გაგვიმხილა გეგმა - თბილისში გადავდივართ საცხოვრებლად, სოხუმიდან დევნილი ჩემი ნათესავები დაგვეხმარებიან - სამსახურიც გვექნება და სახლიცო.

სახლი ერთი მოზრდილი ოთახი აღმოჩნდა, საერთო აივნით და უამრავი მეზობლით. დედა კმაყოფილი იყო. სოფლიდან რისი წამოღებაც მოვახერხეთ, წამოვიღეთ. ლეიბები, საბნები, ბალიშები, ჭურჭელი... მაგრამ ოთახში საწოლები არ დაგვხვდა, მხოლოდ ოთახის შიდა კედელში ჩაშენებული "სტენკა" გვქონდა, რომლის დანახვამაც დედა ძალიან გაახარა. პირველ დღეს პირდაპირ იატაკზე გვეძინა, მერე ნელ-ნელა დედამ აუცილებელი, ნახმარი ავეჯი მოიტანა. სოფლიდან წამოღებული ხალიჩები კი კედლებზეც გავაკარით და იატაკზეც დავაგეთ. ამიტომ, როდესაც თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სკოლაში წავედი, კომფორტული ვერა, მაგრამ ბუდე ნამდვილად გვქონდა.

არცთუ ურიგო ცხოვრება მქონდა - მყავდა დედა, უფროსი და-ძმა, ასევე ახალი, ძალიან მეგობრული კლასელები; მქონდა სახლი, დიდი სკოლა, სადაც ზამთარში ციოდა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი - სახლში დროზე ადრე გვიშვებდნენ, ჩვენ კი ზოოპარკში მივდიოდით და ცხოველებს ვათვალიერებდით, ზოგჯერ ზოგიერთი კლასელის დედას სკოლაში ტორტი მოჰქონდა შვლის დაბადების დღის აღსანიშნავად, რაც ძალიან გვიხაროდა. მეხუთე კლასამდე მშვიდად ვიცხოვრე, მერე დედამ თქვა, რომ ავად არის. მაშინ ფრიადოსანი მოწაფე ვიყავი. მისი ავად ყოფნა თავიდან დიდად არ გვაღელვებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო დასევდიანდა, მუშაობასაც აგრძელებდა და არც ჩვენ გვაგრძნობინებდა გაჭირვებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სამსახურში სიარული ვეღარ შეძლო და ჩემი უფროსი და-ძმა ჩაენაცვლა. მაშინ მარიამი სკოლას ამთავრებდა, რეზო კი მეცხრე კლასში იყო. იოლად შეძლეს ეს, რადგან დედა ხაჭაპურს ყიდდა ბაზრობებზე. მაშინ პირველად ვნახე ბაზარი. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თავიდან მომეჩვენა, რომ ეს ერთი დიდი ქაოსი იყო, ჭიანჭველას ბუდე, სადაც ჭიანჭველების ნაცვლად, ადამიანები ირეოდნენ, მაგრამ მერე და მერე, როცა ჩემმა დამ ვერ შეძლო ფენოვანი ხაჭაპურით სავსე უზარმაზარი დაფის დამოუკიდებლად ტარება და დასახმარებლად თან გამიყოლა, მივხვდი, აქ ქაოსს მყიდველები ქმნიდნენ, გამყიდველები კი აბსოლუტურ წესრიგს ინარჩუნებდნენ. ბაზარი პატარ-პატარა სივრცეებად იყო დაყოფილი. ერთ მხარეს ტკბილეული, მეორე მხარეს მაცივრებში გამოკეტილი მარგარინი თუ კარაქი, იქით მხარეს ყუთებში ჩალაგებული კონსერვები, მარჯვნივ წინდების, საცვლების რიგი, იმის იქით ტანსაცმელი... უამრავი რამ, რაც ადამიანებს სჭირდებათ ან არც არაფერში სჭირდებათ, მაგრამ იმიტომ ყიდულობენ, რომ თვალი ხარბია და კარგად მიწოდებულს აუცილებლად აიტაცებს. ჰოდა, პირველი იდეაც მომივიდა. სახლში ბაზრობაზე ნაყიდი პერგამენტი მივიტანე, დავჭერი და მეორე დღეს ყველა ფენოვანი ხაჭაპური ამ ქაღალდებში ჩავალაგე სათითაოდ. ორმოცი ხაჭაპური 10 წუთში გავყიდეთ და ახალი პარტიის ასაღებად გავეშურეთ. შემდეგ დღეებში სხვა რამეზე დავიწყე ფიქრი, ჩემი იდეა დის შრომის გაიოლებას უკავშირდებოდა. ჰოდა, შეველიე ჩემი ბავშვობის ველოსიპედს, ბორბლები შემოვუტრიალე, და ზედ ძალიან სასაცილო, მაგრამ კომფორტული ურიკა მოვარგე. ახლა აღარ იყო საჭირო ასჯერ ერთი და იმავე გზის გავლა საცხობიდან ბაზრობამდე და უკან. ხაჭაპურს ქაღალდებში ვახვევდით, დედას გარეცხილ, გახამებულ ე.წ. ჩაის ტილოებს ვაფენდით და სამი იმდენი ხაჭაპური გამოგვქონდა საცხობიდან, ვიდრე სხვებს შეეძლოთ წამოღება. გამოგვქონდა და ვყიდდით...

შემდეგ მყიდველების მოსმენა დავიწყე. ეს ერთმა ფრაზამ გამოიწვია "მიყვარს, მაგრამ აღარ შემიძლია ამისი ჭამა". ჰოდა, საცხობის მეპატრონეს, რომელიც დიდი სიყვარულით გვექცეოდა, ვურჩიე, კარგი იქნებოდა, თუ ხაჭაპურთან ერთად, სხვა პროდუქტსაც შესთავაზებდა ხალხს. დამიჯერა. ეს ახალი პროდუქტი ლობიანი, მჭადი ყველით და ფხალეული აღმოჩნდა. მე კი ჩემს საკუთარ ბიზნესს ლიმონათი და ბორჯომი დავუმატე. საკმაოდ იოლი აღმოჩნდა ამის გაკეთება - ავიღებდი საჭმელს, მივაგორებდი ურიკას მოპირდაპირე მხარეს, იქ ჩავილაგებდი ბოთლებს და ბაზრობაზე შემქონდა. უკვე ჩემი კლიენტები მყავდა. თავიდან ყველა ჩემს დას ელაპარაკებოდა, მერე და მერე მე გავხდი მთავარი. არ ვიცი, რატომ, ალბათ პატარა ვიყავი და სიბრალულსაც ვიწვევდი.

GzaPressჩემი ძმა უკვე სულ სხვა რამით იყო დაკავებული. მას ჩხირკედელაობა ეხერხებოდა და ავტოსახელოსნოში დაიწყო შეგირდად მუშაობა. ასე ჯობდა კიდეც, რადგან ერთ საქმეზე სამის ნაცვლად, მხოლოდ ორი ვცდებოდით. ასე გავატარეთ წელი. სკოლაში რამდენჯერმე მოვახერხეთ მისვლა, მაგრამ ჩემს დას ატესტატი მაინც გამოატანეს, ჩემმა დამრიგებელმა კი თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ამენაზღაურებინა დაკარგული დრო, თუმცა ჩემი კარგად ესმოდა და მე კარგ ბიჭად მთვლიდა.

ის ზაფხული გასაოცრად ბარაქიანი აღმოჩნდა. ჩემმა ძმამ თავის სახელოსნოში ორი კარგი ურიკა შეგვიკრა, ლამაზად შეგვიღება, ზედ ორსართულიანი დახლები დაგვიყენა. ასე რომ, დამოუკიდებლად, ორი მიმართულებით შეგვეძლო პროდუქტის შეტანა ბაზარზე. საშინლად ცხელოდა, მაგრამ ეს არ იყო პრობლემა, პირიქით, გასაყიდ ნაწარმს ნაყინიც დავამატეთ და მთლიანად დავიპყარით ბაზარი. სანამ მე ერთ მთელ წრეს დავარტყამდი და ახალი პროდუქტის ასაღებად მივიდოდი, იმათაც შივდებოდათ, ვინც წინა ჯერზე უარი მითხრა. შივდებოდათ, სწყურდებოდათ ან ისე, უბრალოდ ყიდულობდნენ რამეს. კიდევ რაღაც იყო საჭირო... ოღონდ მსუბუქი, იმიტომ რომ ჩემი და უფრო დიდ ტვირთს ვეღარ გაათრევდა. ასეთ მსუბუქ ტვირთად სიგარეტი ავირჩიე. გასაოცარი პროდუქტი აღმოჩნდა - ირგვლივ ყველა ეწეოდა - ქალი, კაცი, გლეხი, მუშა, მყიდველი, გამყიდველი. ეწეოდნენ და ოფლებს იმშრალებდნენ; ეწეოდნენ და პირი გამომიშრა, რამე დამალევინეო, - მეძახოდნენ. ეწეოდნენ და ამ მთავრობას, იმ მთავრობას, შემდეგ მთავრობას, ყველასა და ყველაფერს აგინებდნენ, წუწუნებდნენ, ჩხუბობდნენ, თან შრომობდნენ, გიჟურად, თავის დანდობისა და შებრალების გარეშე - იტყუებოდნენ და იპარავდნენ კიდეც.

ჩემს დას ვუთხარი, რომ რაღაც ახალი უნდა მოგვეფიქრებინა, რადგან ორი წელი იწურებოდა, რაც ბაზარში გამოვედით, ჩემს დას კი ათი კილო ჰქონდა დაკლებული. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მცხობელს დავემშვიდობეთ და სახლში წავედით დასაძინებლად. სამი დღე მეძინა. ვიღვიძებდი, დედას გავხედავდი და ისევ ვიძინებდი. სამი დღის თავზე უკვე ვიცოდი, რაც უნდა გვეკეთებინა მომავალში.

შემდეგ დილას გარიჟრაჟზე მივედით ბაზარში. თან ჩვენი ნაშრომი და ნაკოწიწები ფული გვქონდა - ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. ეს ფული ჩემმა დამ ზედატანის ქვეშ, წელზე ჩამოკიდებულ პატარა საფულეში ჩაიდო და მღელვარებით დაველოდეთ ავტობუსების ჩამოდგომას. ამ ავტობუსებს სავაჭროდ საზღვარგარეთ გასული ე.წ. ოპტავიკები ჩამოჰყავდათ. უმეტესობას თან მხოლოდ ერთი, უზარმაზარი ჩანთა ჩამოჰქონდა გასაყიდად. ზოგიერთს კი უამრავი ტვირთი, მაგრამ მათ, ყველას ერთი რამ აერთიანებდა - შემოტანილი ტვირთი ერჩივნათ იქვე მოეშორებინათ თავიდან, იმისთვის, რომ უკან, ახალი ტვირთის ჩამოსატანად მეორე დღესვე გაქცეულიყვნენ. ცოტა ხანს დაბნეულები ვიდექით. თითქოს პირველები მივედით, მაგრამ ავტობუსები ჩამოდგნენ თუ არა, უამრავმა გადამყიდველმა მოიყარა თავი. ატყდა ხმაური, ყვირილი, დაიწყეს მანქანების მოყენება, საბარგულების გავსება... ვერაფერი გავიგეთ და სახლში წავედით. მადლობა ღმერთს, ვერავინ გაგვქურდა. შემდეგი ცდა რამდენიმე დღეში გავიმეორეთ, რადგან ასეთი რამ ყოველდღე არ ხდებოდა. სიტუაცია უკვე ნაცნობი იყო, ამიტომ, როგორც კი პირველი ავტობუსი ჩამოდგა, ხანში შესულ ქალს მივადექით და ვკითხეთ, რა საქონელი ჰქონდა. ამ ქალის საქონელი რბილი სათამაშოები და ბავშვის საწოვარები აღმოჩნდა. ერთ დიდ, უზარმაზარ, კუბოკრულ ჩანთაში საგულდაგულოდ შეფუთული. ჩემს დას მუჯლუგუნი ვკარი, მოელაპარაკე-მეთქი... მოკლედ, მოვილაპარაკეთ. ბავშვი ვიყავი და სათამაშოების ფასით ყოველთვის ვინტერესდებოდი, ამიტომ მივხვდი, რომ ამ ქალის შემოთავაზებული ფასი იმისი ნახევარი იყო, რაც საცალო ბაზრობაზე. ერთი პრობლემა გახლდათ მხოლოდ, ეს რბილი სათამაშოები გასაბერი იყო, ანუ შიგ სინდიპონი უნდა ჩაგველაგებინა, ამოგვეკერა და ისე გაგვეყიდა. ამ ქალმა სინდიპონი სად იყიდებოდა, ისიც გვასწავლა, ფული გადავუხადეთ და ტვირთი სახლში წამოვიღეთ. "სოსკები" იოლად ჩავაბარეთ აფთიაქებს. აი, სათამაშოების დატენას კი მთელი კვირა მოვანდომეთ დედასთან ერთად. სათითაოდ პარკებშიც ჩავალაგეთ და ამ ჯერზე ქალაქის ცენტრალურ ბაზარზე გავიტანეთ. არ ვიცი, გამიმართლა, საჭირო ადგილზე მოვხვდი, პატარა ვიყავი და ვეცოდებოდი ხალხს, იაფად ვყიდდი თუ რა მოხდა, მაგრამ იმ დღესვე გავყიდეთ ყველა სათამაშო. მოგებამ თითქმის ხარჯის ნახევარი შეადგინა. შემდეგი ორი წელიწადი ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებულები. გავიჩინეთ მუდმივი მომწოდებლები, მუდმივი შემკვეთები. ზოგჯერ ნისიად ვყიდულობდით და ვყიდდით, ზოგჯერ გვატყუებდნენ, ზოგჯერ გვასაჩუქრებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი წლის თავზე, როცა დედის ჯანმრთელობაც შედარებით გამოსწორდა, უკვე შეგვეძლო თავად წავსულიყავით სხვა ქვეყანაში, საქონელი შემოგვეტანა და ერთი დახლიც გვექირავებინა მშობლიურ ლილოს ბაზრობაზე.

აი, მთავარი გიამბეთ. ჩემი დღევანდელი საქმიანობა, რა თქმა უნდა, სხვა მასშტაბებსა და სფეროს გულისხმობს, მაგრამ ნებისმიერი საქმის გასაღები მონდომებაა, რომელსაც პატარა ბიჭობაშიც ვიჩენდი და ახლაც ვიჩენ.

დედა ხშირად მიმეორებს, რომ ჩვენ სამმა, ჩვენი მხარდაჭერით მას სიცოცხლე თავიდან ვაჩუქეთ. არც ისე ცუდია ცხოვრება, ოღონდ უნდა გინდოდეს, რომ იცოცხლო".

დეა ცუცქირიძე