ბავშვებად დარჩენილი მსახიობები - გზაპრესი

ბავშვებად დარჩენილი მსახიობები

თეატრის 70 წელზე მეტი ხნის ისტორია, რომელიც 300-ზე მეტ სპექტაკლთან ერთად, ბევრ სხვა ნიუანსს მოიცავს, დოკუმენტალისტმა ლაშა გაგოშიძემ ერთსაათიან ფილმში ჩაატია. ფილმის შექმნამდე რეჟისორმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ავტორმა თავი მოუყარა საარქივო მასალებს, საინტერესო მოგონებებს, პროფესიულ შეფასებებს იმ კულტურული დაწესებულების შესახებ, რომელიც ქუთაისელი ბავშვებისათვის ათეულობით წელია, ყველაზე საინტერესო და საყვარელი თეატრის სტატუსს ინარჩუნებს.

"თეჯირს მიღმა" ის ფილმია, რომელიც დოკუმენტალისტმა, პირველ რიგში, იმის გამო შექმნა, რომ მადლიერება გამოეხატა თოჯინების თეატრის მიმართ. "მე ამ კედლებში აღზრდილი ვარ და ყოველგვარი კომერციული ინტერესების გარეშე გამოვხატე მადლიერება და სიყვარული თაობების მიმართ, ვინც ემსახურებოდა და ემსახურება ამ საინტერესო ჟანრს", - ამბობს ლაშა გაგოშიძე.

ხელოვნების ისტორიაში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ თოჯინების თეატრის საფუძველი საკულტო ფენომენია და ისეთივე ძველი გახლავთ, როგორც პირველი რელიგიური წარმოდგენები. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ფაქტია, ბავშვებისთვის შეუცვლელ დაწესებულებად რჩება, სადაც მოზარდი თაობების გემოვნება და ზნეობა ყალიბდება.

რაც უნდა უხეშად იყოს ნათქვამი, ხელოვნებაშიც მუშაობს პრინციპი: "მოთხოვნას შეესაბამება მიწოდება". ქუთაისის თოჯინების თეატრი არ ერიდება ექსპერიმენტებს, ნოვაციებს და გამოცდილი თეატრების წარმატებების გაზიარებას, ამიტომ არის ეს თეატრი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.

თუ ერთხელ მაინც მოხვდი ამ თეატრში, წარმოდგენის დაწყებამდე რომელიმე თანამშრომელი ადვილად "აბამს" მაყურებელს "სახელოვნებო მოთელვაში", რომლის უნებლიე მონაწილე ხდება დიდი თუ პატარა. მინახავს, როგორ უბრწყინავს თვალები ბავშვს, მშობელს, მასწავლებელს სპექტაკლის დაწყებამდე და მერე, როცა უკვე განწყობა არსებობს, წარმოდგენა თავისთავად გაქცევს არა მაყურებლად, არამედ ხელოვნების ემოციურ მოკავშირედ...

თოჯინების თეატრის მსახიობები ემოციურად საუბრობენ იმ ადგილზე, სადაც მისვლა ყველაზე მეტად უხარიათ:

ანა ასათიანი: "ჩვენ არ ვბერდებით, ბავშვებად ვრჩებით!"

GzaPressნუნუ ქუთათელაძე: "საინტერესო და მეტად სპეციფიკურია თოჯინური ხელოვნება, თოჯინას მხოლოდ საუკეთესო მცოდნის ეშინია და ემორჩილება მას. წლების მანძილზე ვაკვირდებოდი გამოცდილ მსახიობებს და თოჯინის ტარების ტექნიკას ვეუფლებოდი. 40 წელი გავიდა ამ ბრძოლაში, ძიებაში, შრომაში. ეს ენერგიაა, სიცოცხლეა, წლები მხოლოდ ციფრებია. იყო წლები აღზევების, კარდიოგრამის მსგავსიც, მაგრამ სადაც მწვერვალია, იქ ხევიცაა და დაშვებაც მოსალოდნელია. გული არასოდეს ამიცრუებია, მიყვარდა ჩემი პროფესია, რომლისგანაც სულიერ სიმდიდრეს ვგრძნობდი. ამქვეყნად უბედნიერეს თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს: ვთამაშობ, ვართობ ბავშვებს, ვდგამ, ვწერ მონტაჟებს, ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებაში..."

ლალი ფაჩულია: "38 წლის წინ მოკრძალებულად შევაღე ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის კარი... და დამხვდა სიკეთითა და სიყვარულით სავსე დასი! ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც არ იშურებდნენ ძალას, გადმოეცათ თავიანთი გამოცდილება. მას შემდეგ თეატრი ჩემს მეორე ოჯახად გადაიქცა. აქ ვისწავლე მეგობრობა და თანადგომა. მრავალ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ, იდგმებოდა შესანიშნავი სპექტაკლები, იყო გასტროლები და ვიყავით ერთ მუშტად შეკრული დასი. გვიყვარდა და დღემდე გვიყვარს ერთმანეთი..."

მარინე მსხვილიძე: "38 წელი ვემსახურე თეატრს, არასდროს ვყოფილვარ პრეტენზიული მსახიობი. არ ვიცი, რა არის შური, ღვარძლი. მიყვარს და ვცდილობ არ ვაწყენინო. მოვდივარ ჩემი თეატრისა და პატარა მაყურებლის სიყვარულით და რაც მნიშვნელოვანია, კოლეგებისადმი პატივისცემით..."

მარინა ჯინჭველაშვილი: "1972 წლის 1-ლ თებერვალს თეატრმა დიდი სიყვარულით მიმიღო. მქონია ლამაზი, სიხარულიანი და ასევე, მძიმე დღეებიც. თეატრმა გულში ჩამიკრა და გვერდით ამომიყენა. იყო ერთსულოვნება, თანადგომა. ვინ ვარ მე თეატრის გარეშე? ეს არის ჩემი სულიერი სამყარო, რომელთანაც უკვე 44 წელი მაკავშირებს..."

მზია მოსიძე: "მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ დიდ ოჯახში და ვცდილობ, დიდი სიფრთხილით ვაკეთო ის საქმე, რაც ასე მიყვარს. 3 ათეულია წელია, თეატრში ვარ და მისი მტვერიც შემიყვარდა, თითქოს აქ დავიბადე".

შერმადინ დოღონაძე: "მიყვარს თოჯინა ეპითეტებისა და სიტყვების გარეშე, ისინი სპექტაკლის პერსონაჟები კი არა, ჩემი ცხოვრების გმირებიც არიან. მე მათ ვბაძავ, ისინი კი - მე. ერთმანეთსაც ვემგვანებით თოჯინა და მსახიობი. რეჟისორებიც ამიტომ არჩევენ მსახიობებს გულმოდგინედ, მათში თავის შემოქმედებას ხედავენ... ერთი წარმატება არ არის სამომავლო მიღწევების გარანტი. არაფერს ნიშნავს, ადრე რა გაქვს გაკეთებული. თითოეულ სპექტაკლზე თავიდან იწყებ ყველაფერს და ისევ უმტკიცებ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ შეგიძლია".

სერგი ზოსიაშვილი: თოჯინების თეატრი მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის, განვითარების და გემოვნების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა სწორი მიმართულებით გამოვძერწოთ მისი სამყარო. ჩემთვის ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვიყო ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი".

აბელ სოსელია: "იცხოვრო თეატრით, ეს დიდი პატივია და განსაკუთრებით, თოჯინების თეატრით. როცა აქ მოვედი, მაშინვე მივხვდი, რა სირთულეების გადალახვა მომიწევდა. თოჯინების თეატრი მიზნისკენ სწრაფვაა და სწორედ ეს დამეხმარება სირთულის დაძლევაში. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებას თოჯინების თეატრმა ბევრი ნათელი ფერი შესძინა. უყვარდე პატარა მაყურებელს, ეს დიდი ბედნიერებაა. ამ ბედნიერების საფუძველი კი თოჯინების თეატრია..."

თინათინ ჯიმუტია: "ჩემი დებიუტი შედგა ხავთასის პიესაში "თხუპნია". სწორედ თხუპნიას როლმა შემიყვანა ამ ჯადოსნურ სამყაროში. ეს როლი გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რადგან 410-ჯერ მაქვს ნათამაშები".

თეონა მარგველაშვილი: "თოჯინების თეატრი არის ბალანსი ბავშვობასა და მომავალს შორის. ის არის თაობების მუდმივი განახლების ცოცხალი მექანიზმი..."

ბაქარ დეისაძე: "თეატრში მოსვლის დღე იყო ახალი ცხოვრების საწყისი. თოჯინების თეატრმა საფუძვლიანად დაიმკვიდრა ადგილი ჩემს შინაგან სამყაროში. გამოცდილება მივიღე უფროსი თაობის მსახიობების თანადგომით და ამ ყველაფრის გაღრმავება დაიწყო საკუთარი ენთუზიაზმითა და რეჟისორებთან მუშაობით. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, თოჯინების თეატრის მსახიობი თუ გავხდებოდი, დღეს კი ჩემი ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია..."

თინათინ ნემსაძე: "ახლა ვგრძნობ თეატრის სიყვარულს, რომელიც ისე შემოპარულა ჩემში, ვერც კი გავიგე..."

სერგო ქუთათელაძე: "მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდები სპექტაკლიდან სპექტაკლამდე, როლიდან როლამდე. ახლა უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და მეტს ვითხოვ რეჟისორებისგანაც. მინდა ჩემი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება, დიდ გზაზე განავარდება".

დავით ხიჯაკაძე: "2007 წლის 7 მაისს მოვედი და აქ დამხვდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც თეატრის სიყვარულს მაზიარეს. აქ გავიცანი ცხოვრების თანამგზავრი სალომე დოხნაძე, დღეს ცხოვრებას თეატრთან და ორ შვილთან ერთად ვაგრძელებთ..."

სალომე დოხნაძე: "2007 წლის 7 მაისი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ თეატრის კარი შემოვაღე და დღემდე ამ საოცარ სამყაროში ვტრიალებ. თეატრი - სიცოცხლე, სუნთქვა და ყველაფერია ჩემთვის. აქ ადამიანები გასცემენ სითბოს, სიყვარულს, სიხარულს. მასწავლეს მეგობრობა და სიცოცხლე თეატრით!"

ჟანა ქობულაძე: "მაყურებელთა რიგში მჯდომი, აჩქარებული გულის ცემით ვეგებებოდი ფარდის იქით მოკიაფე "მწვანე მსოფლიოს" - ასე ვუწოდებდი მაშინ სპექტაკლებს. როგორ შემეძლო გამებედა და მეოცნება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დღეს მე "მწვანე მსოფლიოს" პატარა ნაწილი ვარ..."

დარეჯან კვერნაძე: "ათეული წლებია, რაც თეატრში ვმუშაობ. ჩემს თეატრში ყოფნას ღვთის საჩუქარს ვეძახი. როცა აქ პირველად მოვედი, 17 წლის ვიყავი. მუშაობა მიმდინარეობდა სპექტაკლზე "მაგდანას ლურჯა". მაგდანას როლზე მუშაობდა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოლია კობიძე. იმდენად დიდი არტისტიზმით ასახიერებდა როლს თოჯინასთან ერთად, თვითონაც ტიროდა და მეც ჩუმად, თეჯირს მიღმა, კულისებში ვქვითინებდი... ქალბატონმა ოლიამ შეამჩნია ეს და სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, შენ აქედან წამსვლელი აღარ ხარო. მას შემდეგ აქ ვარ..."

მანუჩარ ბეგალიშვილი: "თოჯინების თეატრში არა მარტო ბავშვი, არამედ დიდიც ბედნიერად გრძნობს თავს. პატარა მაყურებელი გულწრფელად გამოხატავს ემოციას. ჩემთვის ბედნიერებაა მათთვის სიხარულის მინიჭება".

ნინო შეყლაშვილი: "თეატრი ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი წელი ვემსახურები პატარა მაყურებელს, რადგან არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს".

ვლადიმერ ფცქიალაძე: "თეატრში მუშაობის დაწყებიდან მოკლე დროში, ერთი მსახიობი ავად გახდა და მისი როლი მანდვეს. არ დამავიწყდება მაშინ დაუფლებული განცდა, შიში თოჯინასთან პირველი შეხების და მაყურებელთან შეხვედრის... მქონდა შემოქმედებითი პაუზაც, ოჯახური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასვლაც მომიხდა, მაგრამ ჩემთვის თოჯინური ხელოვნება ყოველთვის სულის ნაწილად რჩებოდა!"

ავთო ჩიქვილაძე: "როგორც მსახიობს, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია რეჟისორების, კოლეგებისა და პატარა მაყურებლის წინაშე. ჩვენი დასი განსაკუთრებულია, ამიტომ სცენას და დარბაზს შორის ხშირად მყარდება საოცარი ჰარმონია".

რასაკვირველია, არაერთხელ მივლენ პატარები ქუთაისის ცენტრში არსებულ მოკრძალებულ შენობაში და კიდევ არაერთხელ გაითბობენ გულებს მსახიობთა თეჯირს იქიდან წამოსული თოჯინური სიყვარულით. მარტო თოჯინების თეატრის მსახიობები კი არა, თოჯინების თეატრის მაყურებლებიც არ ბერდებიან, დამერწმუნეთ...

როლანდ ხოჯანაშვილი