წარმატების მიღწევის გზა: "არ შეგეშინდეთ საკუთარი იდეების თქმის" - გზაპრესი

წარმატების მიღწევის გზა: "არ შეგეშინდეთ საკუთარი იდეების თქმის"

დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრი ირინა გუჯაბიძე უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და 5%-იანი წილის მფლობელიც გახლავთ. ეს კომპანია - APPY FOOD&Drinks აწარმოებს ბიოპროდუქციას ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ კომპანიასთან. ირინა 10 წლის წინ ჩავიდა ლონდონში და სწორედ აქედან დაიწყო მისი ოცნებების ახდენა, რასაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.

GzaPress- წარმოშობით გურულები ვართ, მაგრამ გუჯაბიძეების უკვე მერამდენე თაობა აქ, ფოთში ცხოვრობს. დედით მეგრელი ვარ, ასე რომ, შერეული ხასიათი მაქვს (იცინის). ფოთში პირველი გიმნაზია დავამთავრე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლებოდა და იმდენად ღრმა ცოდნა მომცა, რომ რეპეტიტორები არც დამჭირვებია. საერთოდ, ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა, განსაკუთრებით ინგლისური, ქართული ლიტერატურა და ისტორია. მამა პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, დედა - ექთანი. 3 შვილი ვყავდით და ყველანაირად ცდილობდნენ, კარგი განათლება მოეცათ ჩვენთვის. შანსს არც მიტოვებდნენ, ცუდად მოვქცეულიყავი და მეზარმაცა. სკოლის შემდეგ აუცილებლად სახლში ვბრუნდებოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი. საღამოს კი დედა ყველა გაკვეთილს მიმოწმებდა, მათემატიკის გარდა - მათემატიკა მამის ან ჩემი გამზრდელი ნუცა ბებოს პრეროგატივა იყო.

- სკოლის შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?

- ისევ და ისევ სიფრთხილის გამო, მშობლებმა თბილისში არ გამიშვეს. ამიტომაც სწავლა გავაგრძელე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში.

- თბილისში არ გაგიშვეს და ლონდონში გაშვების არ შეეშინდათ, ხომ?

- (იცინის) სხვა გზა არ ჰქონდათ, გავთხოვდი და რაღას იზამდნენ? მოკლედ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ისიც მშობლების თხოვნით. იმის მიუხედავად, რომ სამართალმცოდნეობის შესწავლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ ყოფილა, მაინც წარმატებით დავამთავრე და წითელი დიპლომიც ავიღე. პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება მაქვს. დაკისრებული საქმე ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანო. სამაგიეროდ, ლონდონში რომ წამოვედი, ვთქვი, აი, ახლა კი იმას ვისწავლი, რაც მაინტერესებს და იმას გავაკეთებ, რაც მინდა, რომ გავაკეთო-მეთქი და ჩავაბარე სანდერლენდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით. შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა მარკეტინგისა და პიარის განხრით ბრიუნელის უნივერსიტეტში. მამაჩემი დღემდე მეკითხება, - მაინც ვერ გავიგე, რა არის ეს მარკეტინგი, რა სიკეთე მოაქვს და იქნებ გამაგებინოო. თუმცა, თითოეული ჩემი ნაბიჯით ამაყობს. მისი ოცნებაა, ლექციები წავიკითხო და როდესაც ბრიუნელის უნივერსიტეტმა, როგორც საუკეთესო კურსდამთავრებულს, ლექციების წაკითხვა შემომთავაზა, უბედნიერესი იყო.

- საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. როგორ გგონიათ, რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი?

- წარმატება ზოგთან ადვილად მოდის, ზოგს კი უფრო მეტი მუშაობა სჭირდება ამის მისაღწევად. ჩემთვის ადვილი არ ყოფილა ეს გზა - იყო ბიბლიოთეკაში გათენებული ბევრი ღამე, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. წარმატების აუცილებელი წინა პირობაა მიზანდასახულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. უნდა იცოდე, რა გინდა და რას ელი ამ ცხოვრებისგან. კიდევ, იცით, რა არის? ჩემი მშობლები და ძმები რატომღაც ყოველთვის უფრო ბევრს ელიან ჩემგან, ზოგჯერ უფრო მეტსაც, ვიდრე შემიძლია. მეც ვცდილობ, მათ იმედი არ გავუცრუო. ამასთან, ლონდონში ჩამოსვლისას იმ ასაკში ვიყავი, რომ შემეძლო ბევრი რამ მესწავლა. გვერდით მყავდა მეუღლე და აქ იყო მეუღლის დედაც, რომელიც დიდ მოტივაციას გვაძლევდა ორივეს.

GzaPress- რაც შეეხება კომპანიას, სადაც მუშაობთ. როგორ დაიწყეთ მუშაობა და რატომ გააკეთეს არჩევანი მაინცდამაინც თქვენზე?

- თავდაპირველად, სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ჩემ გარდა ყველა ბრიტანელი იყო და ბევრად მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მე. იმ იმედით არ მივსულვარ, რომ აუცილებლად დამტოვებდნენ. ზაფხულის არდადეგები გახლდათ და ხელიდან არ გავუშვი უნივერსიტეტის შემოთავაზება, რომ მემუშავა 3 თვით სტაჟირებაზე. არ ვიცი, რატომ ამირჩიეს 10 სტუდენტიდან მე, თან ისე, რომ ჯერაც არ იყო გასული სტაჟირების 3 თვე. ალბათ, დამატებითი ენების ცოდნამაც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. ვფიქრობ, დაინტერესდნენ იმითაც, რომ არასდროს შემშინებია, გამომეჩინა ინიციატივა. როდესაც სხვა სტაჟიორები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ, მე მქონდა ჩემი იდეები და ხშირად ვთავაზობდი ალტერნატიულ გზებს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად.

- ალბათ, თქვენი ინიციატივები იყო ეფექტური და შედეგიანი, ამიტომაც მოიპოვეთ ნდობა და კომპანიის 5%-იანი წილის მფლობელიც გახდით.

- რა თქმა უნდა, პოზიტიური შედეგები რომ არ მოეტანა ჩემს გადაწყვეტილებებს, მხოლოდ ინიციატივებისა და იდეების ხარჯზე შორს ვერ წავიდოდი. ჩემმა უფროსმა ერთხელ მითხრა, როდესაც სხვა სტაჟიორებს დავალებას მივცემდით, მათ აეჭვებდათ, შეძლებდნენ თუ არა, შენ კი ყოველთვის ამბობდი: მე ამას გავაკეთებო. ალბათ, ამითაც მივიქციე მათი ყურადღება. დღეს, როდესაც თვითონ მყავს სტაჟიორები, ვურჩევ მათ, რომ არასდროს შეეშინდეთ იდეების თქმის. არ არსებობს ცუდი და კარგი იდეა, არსებობს იმ დროისთვის სწორი ან გამოუსადეგარი იდეა. რაც შეეხება 5%-იანი წილის ფლობას, ეს ისეთი დაუჯერებელი იყო, რომ ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახე ხელმოწერილი დოკუმენტი, არ მჯეროდა.

- ალბათ რთულია ბრიტანული სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა. ზოგჯერ არ ფიქრობთ, რომ მორჩა, ძალიან დაიღალეთ და მეტი არ შეგიძლიათ?

- ყოველდღე ვფიქრობ მაგას, მაგრამ აქ სხვანაირად არ შეიძლება... 1 წლის წინ შემოგვიერთდა ჩემი მეუღლეც, ჩვენს კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რადგან ერთმანეთს მხოლოდ დილით და საღამოს, ცოტა ხნით ვხედავდით. ხშირად შაბათ-კვირასაც არ მეცალა, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. 5 წუთიც რომ დამეკარგა უსაქმოდ, დანაშაულის გრძნობა მქონდა. ლონდონში ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, ყველას აქვს ამბიცია, რაღაცას მიაღწიოს. ამიტომ კონკურენცია დიდია. თუ ჩამორჩი, წინ ვეღარ წახვალ. დრო სწორად უნდა გაანაწილო, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც საქართველოში ვარ, მაშინაც სულ რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ზოგჯერ მეგობრებთან შეხვედრისას თან იმათ ვუსმენ, თან ლეპტოპთან ვზივარ და საქმეს ვაკეთებ. მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს.

მიხარია, რომ საქართველოში მეგობრებთან კონტაქტს ვინარჩუნებ. ვცდილობ, კარიერის გამო პირად ცხოვრებაზე უარი არ ვთქვა.

- მეუღლეც გაგვაცანით.

- ჩემი მეუღლე ოლეგ მოლოჩენკო 33 წლისაა, 3 წლით უფროსია ჩემზე. დედით ქართველია, მამა უკრაინელი ჰყავს. რუსეთშია გაზრდილი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ისეთი პატრიოტია საქართველოსი, რომ ბევრ ქართველს შეშურდება. ოლეგი პროფესიით ეკონომისტია, ახლა ფინანსური განყოფილების უფროსად მუშაობს. უკვე 9 წელია, ერთად ვართ. ჯვარი სიონში, მამა შალვამ დაგვწერა და ქორწილის მეორე დღესვე საცხოვრებლად ლონდონში წამოვედით. აქ ყველაზე მეტად გამაკვირვა ურთიერთობებმა - მეგობარს რომ შეხვდე, 1 თვით ადრე უნდა გააფრთხილო და დაგეგმო. თავდაპირველად ეს მაოცებდა, მაგრამ ახლა უკვე მეც ასე ვიქცევი. მოკლედ, წინასწარ ვუგზავნით ერთმანეთს მოწვევას. მაგალითად, თუ დაბადების დღე გაქვს, 3 თვით ადრე უნდა შეატყობინო, რომ დაპატიჟებულია; ქორწილი თუ გაქვს, 6 თვით ადრე უნდა გააფრთხილო... საქართველოში უფრო ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ლონდონში კი შეიძლება, წლების მანძილზე ისე ცხოვრობდე, კარის მეზობელსაც არ იცნობდე, შეგხვდეს ქუჩაში და ვერ მიხვდე, რომ ის შენი მეზობელია. სადაც ბოლო 5 წელი ვცხოვრობთ, იქ უფრო თბილი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს.

- ეჭვი მაქვს, რომ ეს თქვენი დამსახურება იქნება...

GzaPress- ჰო, რა ვიცი, ზედა სართულის მეზობელი რუსია და როდესაც დედამისი ეწვევა მოსკოვიდან, აუცილებლად მოდის ჩვენთან და თავის მომზადებულ პელმენებსა და კატლეტებსაც გვაგემოვნებინებს. თვითონაც კარზე მოგვიკაკუნებს ხოლმე, ქართული კერძის სუნი თუ გადის ჩვენი ბინიდან. გვერდითა მეზობელი ცნობილი ინგლისელი მსახიობია, რომელიც ტელესერიალებში მონაწილეობს. პირველ სართულზე აზერბაიჯანული რესტორანი გაიხსნა, შუახნის ცოლ-ქმარია და დაგვინახავენ თუ არა მე და ჩემს მეუღლეს, ორივეს ისე მიგვაქანებენ რესტორანში, უარსაც არ მიიღებენ. გვყავს იტალიელი მეზობლებიც, რომლებიც ქართველებზე არანაკლებ თბილები და ხმაურიანები არიან. ისე მოულოდნელად დაგატყდებიან თავს, საქართველოში მგონია ხოლმე თავი (იღიმის). მოკლედ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ვართ და ვფიქრობ, უფრო ამიტომაც ავაწყვეთ ურთიერთობა.

- რა გასწავლათ მანდ გატარებულმა წლებმა?

- მადლობელი ვარ ლონდონის, რომ სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი შემძინა. ვეცნობი მათ კულტურას, ვსწავლობ მათ ენას და ამით კმაყოფილი ვარ. აქ გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში, დროის ფასი, საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლისუნარიანობა. აქ ვერავინ დაგეხმარება: ვერც დედა, ვერც მამა და ვერც დედმამიშვილი. ისწავლი? - იმუშავებ კარგ კომპანიაში! იშრომებ? - დაგიფასდება! ახლა ჩემს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ვაყალიბებ მარკეტინგისა და მენეჯმენტის სააგენტოს, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროდუქციის შექმნაში, სტრატეგიულ და ბიზნესდაგეგმარებაში, მარკეტინგში, პიარში და ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის შედეგია. ასე რომ, წინ დიდი გეგმები მაქვს...

ნინო ჯავახიშვილი