"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში - გზაპრესი

"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში

ახლახან სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ცნობილი თურქი დრამატურგის, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის - "ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" მსოფლიო პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის დაწყებამდე მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტის ფარგლებში, ქართულ-თურქულ ენებზე წიგნად გამოცემული პიესის წარდგენა მოეწყო. ნაწარმოებში ოსტატურადაა შერწყმული კლასიკური და თანამედროვე თეატრალური ელემენტები.

თუნჯერ ჯუჯენოღლუ, დრამატურგი:

GzaPress- ქართულ თეატრთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. კარგად ვიცი თქვენი თეატრი, ვიცნობ ქართველი რეჟისორების შემოქმედებას. მიხარია, რომ ჩემი პიესები თქვენს ქვეყანაში წარმატებით იდგმება. მახსოვს "ზვავის" წარმატება და "მატრიოშკების" პრემიერა ბათუმში. მიხარია, რომ ქართველმა მაყურებელმა ეს პიესები შეიყვარა. საქართველოში კარგად იციან თეატრის ფასი. ამიტომ, "ბრუტუსის" წერისას თავიდანვე გადავწყვიტე, პიესა პირველად საქართველოში დადგმულიყო.

- რატომ დაინტერესდით ბრუტუსის პერსონაჟით და რით განსხვავდება ამ პიესის მთავარი გმირი ბრუტუსის აქამდე ცნობილი პერსონაჟისგან?

- მთელ მსოფლიოში არსებობს გამოთქმა, "შენც, ბრუტუს?!" ანუ "შენც მიღალატე?!" ყოველთვის მაინტერესებდა, მართლა იყო თუ არა ეს ადამიანი მოღალატე. დავიწყე კვლევა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ის არ არის მოღალატე და სწორედ ეს გახლავთ ჩემი პიესის მთავარი აზრიც. ამ პიესაში ბრუტუსი აბსოლუტურად განსხვავებულად მყავს წარმოდგენილი. ვფიქრობ, მან საკუთარი მოვალეობა შეასრულა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ღალატთან. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მსახიობების, ისე რეჟისორის მუშაობით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პიესით ასეთი ნიჭიერი ქართველი რეჟისორი დაინტერესდა. მინდა, ირაკლი გოგიას შევთავაზო სპექტაკლი თურქეთსა და სხვა ქვეყნებშიც დადგას. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მოიპოვებს.

ირაკლი გოგია, რეჟისორი:

- სპექტაკლი იულიუს კეისრის მკვლელობის ერთ-ერთი საინტერესო ინტერპრეტაციაა, რომელიც ძირითადად, ბრუტუსის ფენომენზეა აგებული. ღალატს შეიძლება, გამართლება არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ახსნა მოვუძებნოთ. მაგალითად მაშინ, როცა გსურს სახელმწიფო გადაარჩინო, შეინარჩუნო.

- თუნჯერ ჯუჯენოღლუსთან პროფესიული ურთიერთობა მანამდეც გქონიათ?

- აზერბაიჯანული თეატრის დღეზე, განჯაში გავიცანი. მოგვიანებით, ჩვენი თეატრით დაინტერესდა და დამპირდა, რომ ბოლო პიესა, რაზეც მაშინ მუშაობდა, პირველად ჩვენთან დაიდგმებოდა. ასეც მოხდა - "ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" პირველად ახმეტელის თეატრში "გაცოცხლდა" და წიგნადაც პირველად ქართულ ენაზე, ჩვენს ქვეყანაში გამოიცა. ბრუტუსის პერსონაჟი ადამიანების მეხსიერების მექანიზმში ჩარჩენილია, როგორც მოღალატე. სიუჟეტი გახლავთ იმის შესახებ, თუ ვინ იყო ბრუტუსი და რა აუცილებლობით გაიარა ის გზა, რომელიც უკვე ცნობილია. თეატრში არაფერია თანამედროვე და ახალი, უბრალოდ, განსხვავებულ აქცენტებს ვსვამთ ხოლმე...

ლაშა ჩხარტიშვილი, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი:

- თუნჯერ ჯუჯენოღლუ მსოფლიოში აღიარებული ყველაზე ცნობილი თურქი დრამატურგია. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. მისი პიესა "ზვავი" თითქმის ყველა ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა. ამ ავტორის ნამუშევრები ყველა თაობის რეჟისორში იწვევს ინტერესს. თუნჯერ ჯუჯენოღლუს ნაწარმოებები ყოველთვის მარადიულ, აქტუალურ პრობლემებს მოიცავს. მისი გმირები იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ და სიცოცხლის ფასადაც კი ეწირებიან სამართლიანობის აღდგენას. ეს პიესები აქტუალობის, სადა და მარტივი სათეატრო ენის, მძაფრად მოთხრობილი დრამატული ამბების გამო იქცა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, საინტერესო და მნიშვნელოვან დრამატურგიად. ამჯერად ქართული თეატრის სცენაზე მისი მეორე პიესა ცოცხლდება... ძალაუფლებისთვის ბრძოლა არახალია, ტრადიციული, მუდამ აქტუალური თემაა და ამას კარგად გადმოსცემენ თეატრის მსახიობები. ისინი გვიჩვენებენ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, მის ფასადურობას, მათ რიგებში ღრმა აზროვნებისა და საერთოდ, სამშობლოზე ფიქრის დეფიციტს. მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და მას უნდა დავცინოთ, სხვა რა დაგვრჩენია?!

ანდრია გველესიანი, მსახიობი:

GzaPress- ეს პიესა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ დრამატურგს ეკუთვნის, რომლის პიესებიც ათეულობით ენაზეა ნათარგმნი და ორმოცზე მეტ ქვეყანაში - დადგმული. შესაბამისად, ამ სპექტაკლში მონაწილეობა ნებისმიერი ჩვენგანისთვის დიდი პატივია. პიესა ყველა დროისთვის აქტუალურ თემაზე - ბრუტუსისა და იულიუს კეისრის ამბავზეა აგებული. ავტორი ცდილობს გაგვარკვიოს იმ მიზეზებსა და გარემოებებში, რის გამოც ბრუტუსი მისთვის არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბრუტუსი, რომლის როლსაც მე ვასახიერებ, ერთ-ერთი მთავარი გმირია, პიესა კი მისი საქციელის გამართლებაზეა აგებული. რეჟისორმა ირაკლი გოგიამ შეძლო და იპოვა თემის განვითარების უჩვეულო, ნოვატორული და წარმატებული ფორმა, რაც თანამედროვე თეატრისთვის მეტად საინტერესოა. ირაკლი გოგიასთან უკვე ოთხი წელია, ვთანამშრომლობ. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი პროცესი გაგვიმარტივდა. ვფიქრობ, ყველას ზუსტად მოარგო როლი.

- თუნჯერ ჯუჯენოღლუ საპრემიერო ჩვენებას დაესწრო. მსახიობებმა პირადად მისგან როგორი შეფასება მიიღეთ?

- მასთან უკვე ვმეგობრობთ. პრემიერის წინა რეპეტიციაც ნახა და მეტად კმაყოფილი დარჩა, რამაც ბუნებრივია, ყველა გაგვახარა. აღსანიშნავია, რომ ახმეტელის თეატრში მისი პიესის მსოფლიო პრემიერა შედგა. შემოთავაზება ბევრი ქვეყნიდან ჰქონდა, მაგრამ თუნჯერ ჯუჯენოღლუმ არჩევანი ირაკლი გოგიასა და ახმეტელის თეატრზე შეაჩერა. ჩვენც, რეჟისორმაც და თითოეულმა მსახიობმაც, თავი არ დავზოგეთ, რომ მისი მოლოდინი გაგვემართლებინა და ახლებური, თანამედროვე თეატრალური სცენებით, ინტერპრეტაციითა და ფორმით გადმოვეცით სათქმელი. ამან კი, ვფიქრობ, უფრო მეტი ღირსება შესძინა სპექტაკლს. მიმაჩნია, რომ ეს პრემიერა ბოლო დროს ახმეტელის თეატრში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

- თუნჯერ ჯუჯენოღლუსთან სამომავლო თანამშრომლობა უკვე დაგეგმილი ხომ არ არის?

- როცა დრამატურგი მსოფლიო პრემიერის გამართვის პატივს გდებს, ეს ნიშნავს, რომ უკვე გენდობა. შესაბამისად, მოსალოდნელია სამომავლო თანამშრომლობა. იგეგმება სპექტაკლის თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებში წარდგენა. 8 ივლისს ახმეტელის თეატრში სეზონი სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურება. ახალი სამუშაო წლის დასაწყისიდან კი ერთობლივი ძალისხმევით არანაკლებ საინტერესო პიესებს გადავიტანთ სცენაზე...

შორენა ლაბაძე