"ძლივს ვიკავებდი თავს, რომ სცენაზე არ ავმხტარიყავი" - გზაპრესი

"ძლივს ვიკავებდი თავს, რომ სცენაზე არ ავმხტარიყავი"

სამი ვულკანისა და ერთი პატარა, ლამაზი ყვავილის მფლობელი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პერსონაჟი, პატარა უფლისწული თავისი პაწაწინა პლანეტიდან სხვა ადგილებისა თუ ადამიანების გასაცნობად, მეგობრების შესაძენად და საკუთარი თავის შესაცნობად სხვა პლანეტებს სტუმრობს. გზად ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად უამრავ ვარდს გადაეყრება. მათი სილამაზის მიუხედავად, უფლისწული მხოლოდ იმ ვარდზე ფიქრობს, რომელიც თავის პლანეტაზე დატოვა. მას ნაპოვნი აქვს თავისი ერთადერთი ყვავილი და მასზე ფიქრითა და მასთან კვლავ შეხვედრის სიხარულით დააბიჯებს ერთი პლანეტიდან მეორეზე... უფლისწული მხოლოდ თვალით დანახულს არ სჯერდება, გულის თვალებითაც ხედავს, რადგან სწამს, რომ თვალი ბრმაა...

"პატარა უფლისწულის" ახლებური გააზრება მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებელს რეჟისორმა ირაკლი კავსაძემ შესთავაზა. საიუბილეო სეზონის ბოლო პრემიერის - "ანტუანი და პატარა უფლისწულის" პირველი მოქმედება რეჟისორის მიერ დაწერილ ორიგინალურ ტექსტს ეფუძნება და მაყურებელს ამ ცნობილი ფრანგი მწერლისა და მფრინავის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს აცნობს. მეორე მოქმედება უფლისწულის თავგადასავალს ეთმობა, თუმცა, ორივე ნაწილი ერთმანეთს ნაწარმოებსა და მწერლის ცხოვრების გზას შორის გავლებული პარალელებით უკავშირდება.

რეჟისორმა სპექტაკლი დედის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. თეატრის მსახიობებთან ერთად სპექტაკლში კახი კავსაძეც მონაწილეობს.

ირაკლი კავსაძე, რეჟისორი: GzaPress- ამ სპექტაკლის დადგმაზე დიდი ხანია ვფიქრობ, თუმცა, მასზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე. ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემი დისშვილიშვილი იყო, რომელსაც პატარა უფლისწულის ფერები აქვს... ქართველი მაყურებლისთვის ცოტა არატრადიციული სპექტაკლია. ამერიკაში სინეტიკის თეატრში, პრაქტიკულად, ყველა სპექტაკლის დადგმაში ვმონაწილეობდი როგორც მსახიობი, რეჟისორის ასისტენტი, მუსიკალური გამფორმებელი. ამ გამოცდილებამ საშუალება მომცა სპექტაკლზე უკვე დამოუკიდებლად მემუშავა. პირველი აქტი, ფაქტობრივად, ჩემი დაწერილია, მუსიკალურ გაფორმებასა და ლეიტმოტივზეც მე ვიმუშავე. კომპოზიტორი კოკი ლორთქიფანიძე გახლავთ. მუსიკალური კომპოზიციების გარკვეული ნაწილი ჩემი დაწერილი და ჩემივე შესრულებულია. თითქოს, ყველაფერს შევეხე...

- თამაშის გარდა...

- თამაშიც მინდოდა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ სცენაზე არ ავმხტარიყავი (იცინის), მაგრამ ამის ფუფუნება არ მქონდა, მალე ისევ ამერიკაში ვბრუნდები...

- სპექტაკლი რა ასაკზეა გათვლილი?

- მოდი, შევთანხმდეთ, რომ "პატარა უფლისწული" საბავშვო ნაწარმოები არ არის, უბრალოდ, ბავშვურადაა მოთხრობილი. პირველად ის დედამ წამიკითხა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. მეორედ რომ გადავიკითხე, ოდნავ "კოპი გავხსენი", მაგრამ მაინც ვერ ჩავწვდი... ეს ღრმად ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელსაც ავტორი ბავშვის ენით გადმოსცემს, ის ბავშვი კი თავადაა ეგზიუპერი. ვარდში მეუღლეს გულისხმობს. ყველაფერი, რასაც ნაწარმოები მოიცავს, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

- სპექტაკლში საკმაოდ მრავალრიცხოვანი დასია დაკავებული... მუშაობა არ გაგირთულდათ?

- ადვილი ნამდვილად არ იყო. მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით, ბავშვებს მთელი გულით მუშაობისთვის და სპექტაკლის მხატვარს, გოგი ალექსი-მესხიშვილს, ქორეოგრაფ მურო გაგოშიძეს და ნიკა ნანიტაშვილს. მუშაობის ამგვარი სტილი, რიტმი, ვფიქრობ, სიახლე იყო არტისტებისთვისაც. მეჩვენება, რომ ვერ მივაღწიე იმას, რაც მსურდა. თუმცა, მეუბნებიან, რომ ეს ჩემთვის დამახასიათებელი განცდაა, რადგან არასოდეს ვარ კმაყოფილი.

- რაც შეეხება კახის...

- კახის გამოჩენას სპექტაკლში უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა, თავდაპირველად სპექტაკლის დადგმას სხვა ინტერპრეტაციით ვაპირებდი, რომელიც აბსოლუტურად კახის პერსონაჟზე იქნებოდა მორგებული. როცა წარმოდგენაზე ფიქრი დავიწყე, კახიც ამერიკაში იყო. მოულოდნელად, საოპერაციო შეიქნა. ოპერაციის შემდეგ იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, ვიფიქრე, სპექტაკლში მონაწილეობას ვერ შეძლებდა. თუმცა, მალევე მოყოჩაღდა, გააქტიურდა. ფრთხილად, მოწიწებით ვკითხე, ითამაშებდა თუ არა ჩემს სპექტაკლში? დამთანხმდა. ბუნებრივია, ამ თანხმობის მიზეზი, ბელას უკავშირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ მასთან მუშაობა ადვილი იყო. საერთოდ, პასუხისმგებლობითა და თმენით აღსავსე, ამტანი მსახიობია, უყვარს წესრიგი. მიმაჩნია, რომ მოთმინება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის ნიჭთან და გამოცდილებასთან ერთად. მუდამ კულისებში იჯდა და დინჯად ელოდა თავის დროს. ამგვარი დამოკიდებულება იშვიათობაა ახალგაზრდა თაობისთვის. მუშაობის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა მამაშვილური და პროფესიონალური დამოკიდებულებები.

- სპექტაკლი დედის ხსოვნას ეძღვნება. როგორი გახსოვთ ის?

- დედა 28 აგვისტოს, მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა. მე კი 31-ში 23-ის გავხდი. იცით, დედას ფენომენი რაღაც მოვლენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ადამიანთან, რომელიც უბრალოდ, კეთილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება არ გახლდათ დალხენილი, ზღაპრული ადამიანური თვისებები ჰქონდა. ზედმეტად არაფერს გაგრძნობინებდა, ზედმეტი სიყვარულითაც კი არავის შეაწუხებდა მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის განცდა მოზღვავებული ჰქონდა. უბრალოდ, ამას თავადვე იგრძნობდი. რაც უფრო მეტად ურთულდებოდა ფიზიკური მდგომარეობა, უფრო მეტად ძლიერდებოდა ფსიქიკურად, გონებრივად. ჰქონდა განსაკუთრებულად დადებითი აურა, რის გამოც ყველას, მათ შორის, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი მის გარემოცვაში სურდათ ყოფნა. მოვიდოდა ვინმე მისთვის უცნობი პიროვნება და მალე ისინი მეგობრები ხდებოდნენ. ძალიან უჭირდათ მისგან წასვლა...

- დედათქვენი ბევრს კითხულობდა?

- კითხულობდა და კიდევ უფრო მეტს ფიქრობდა... ზედმეტს არ იტყოდა, თუმცა, თუ მაინც ვინმეს ესაუბრებოდა, მისი საუბარი ორი საათიც რომ გაგრძელებულიყო, დრო საოცრად გაგეპარებოდა. დეიდას სახლში ხშირი იყო საზოგადოების თავშეყრა. ჩაის მიირთმევდნენ და ფანტასტიკურ თემებზე საუბრობდნენ. შეიძლება ითქვას, იქ ინტელექტის ზეიმი იყო. ამ შეკრებებზე დედა ზომიერად აქტიური გახლდათ. მასთან ხშირად მოდიოდნენ არტისტები სარეპეტიციოდ. ის მათ ეხმარებოდა, რომ "აკვალანგი მოერგოთ" და სამსახიობო ხელოვნების "ოკეანის სიღრმეებში" მარგალიტები ეპოვათ... ანალიზის ფანტასტიკური უნარი ჰქონდა. ის, ზუსტადაც რომ გარდაიცვალა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაინაცვლა... მას შემდეგ დედობას დეიდა მიწევდა, სიცარიელეს მივსებდა. სამწუხაროდ, სპექტაკლის პრემიერამდე ორი კვირით ადრე, სრულიად მოულოდნელად ისიც გარდაიცვალა. არაფერი აწუხებდა, უბრალოდ, ბოლო დღეებში მითხრა, ბელას ვესაუბრებიო და ეს არ მომეწონა... მალე საკუთარი ფეხით წავიდა საავადმყოფოში და იქიდან ვეღარ დაბრუნდა... ასე რომ, ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - დედა აღარ მყავს.

- სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება თქვენ გეკუთვნით...

GzaPress- დიახ, ასეა. მუსიკალური განათლება არ მაქვს, ის უბრალოდ, "სისხლშია". სხვათა შორის, კახის დიდი სურვილი იყო მუსიკას გავყოლოდი, მაგრამ კომპლექსები ვერ დავძლიე; მეშინოდა, არ დაეცინათ... მიყვარს მოცარტის, ბეთჰოვენის მოსმენა. ყანჩელი ჩემთვის მზე, მთვარე, გალაქტიკაა ერთად აღებული. ეს ადამიანი კი არ წერს მუსიკას, არამედ დგამს... სინეტიკის თეატრში სპექტაკლების მუსიკალური გაფორმება ჩემი აქტიური მონაწილეობით ხორციელდებოდა. არაერთხელ ვარ ნომინირებული და დაჯილდოებული, როგორც მუსიკალური გამფორმებელი. მუსიკა სპექტაკლში ამბის აღქმის ძლიერი საშუალებაა.

- ფიქრობთ, რომ საქართველოში იმაზე ნაკლებად შეძლებდით თქვენი შესაძლებლობების გამოვლენას, ვიდრე ეს ამერიკაში მოახერხეთ?

- შეუძლებელი არაფერია. თუმცა, მეჩვენება, რომ ბოლო პერიოდში ქართველებმა კონკრეტული მოვლენები არასწორად აღვიქვით. გამოვყოფდი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას. საერთოდ, კრიტიკა, საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა, მეტი პასუხისმგებლობის განცდა გვაკლია, ამერიკაში კი ნებისმიერ საქმეს ბოლომდე უნდა ემსახურო, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაუფერულდეს. შენი გასაკეთებელი მხოლოდ შენ უნდა გააკეთო. საქართველოში დოგმად იქცა, რომ თავისუფალი სიტყვა ცილისწამებასაც მოიცავს, იქ კი ცილისწამება კანონით ისჯება. თავისუფლება ყველაფრის უფლებად აღვიქვით. ეს მხოლოდ სიტყვა და საქციელი არ არის, არამედ მორალი, სიკეთე, სიყვარულია და არა ბოღმა ან სიძულვილი. თავისუფლება წესის დარღვევა კი არა, დაცვაა. ერთი წელია, რაც სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე და ამ ერთი წლიდან, ჯამში ალბათ, 4 კვირა მეძინა. ყოფილა შემთხვევა, რომ თეატრში მოსულს გამითენებია ან თუნდაც, ერთ ნოტზე 2 საათი მიმუშავია. ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილოცაა, მაგრამ მე მქონდა პასუხისმგებლობა და მოლოდინი გავამართლე თუ არა, ამის განსჯა მაყურებლისთვის მიმინდვია...

შორენა ლაბაძე