"საკმაოდ ხშირად უთქვამთ, თუ ბავშვების შენახვის თავი არ გქონდა, რას აჩენდიო?" - გზაპრესი

"საკმაოდ ხშირად უთქვამთ, თუ ბავშვების შენახვის თავი არ გქონდა, რას აჩენდიო?"

ეს ოჯახი მეტრომშენში, კერძო სახლში ცხოვრობს. უფრო ქოხი ეთქმის ერთმანეთზე მიდგმულ 2 პატარა ოთახს, სადაც 35 წლის ხათუნა ჟორჟიკაშვილი და 43 წლის ევგენი სოროკინი 3 ბავშვს ზრდიან. სახლის ყველა კუნჭულიდან სიღატაკე იმზირება, სულის შემძვრელი და რაღაცნაირად დამთრგუნველი. მომეჩვენა, რომ იქ ყველაფერი ნაცრისფერი იყო. ერთადერთი, რაც იქაურობას ახალისებს, პატარა, ცისფერთვალება ბიჭის - ილიას თბილი ღიმილი და მისი ცელქი დის, ნინოს უდარდელი კისკისია.

- ევგენი ჩემი მეორე ქმარია. პირველად 18 წლის გავთხოვდი. ძალიან კარგად ვსწავლობდი და სკოლა წარმატებით დავამთავრე. სამედიცინო უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, მაგრამ პირველივე კურსიდან მომიტაცა და სწავლა ვეღარ გავაგრძელე. მეუღლე 38 წლის ასაკში, ინფარქტით გარდაიცვალა, 26 წლის დავქვრივდი. მაზლმა 2 შვილთან ერთად, სახლიდან გამომაგდო. ერთი პერიოდი მამიდაჩემთან ვცხოვრობდით. მერე ქირით გადავედით, თუმცა ქირასაც მამიდა მიხდიდა. იქ გავიცანი ევგენი, რემონტს აკეთებდა იმ სახლში და მალევე დავქორწინდით. ოთხ კვადრატულ სარდაფში, მძიმე პირობებში ვცხოვრობდი ბავშვებთან ერთად. მიჭირდა და ვიფიქრე, მარტოხელობას ასე სჯობს-მეთქი. ეს 2 ოთახი ჩემთვის სასახლეა. პირველი ქორწინებიდანაც 2 შვილი მყავს - 14 წლის ლუკა და 10 წლის მარიამი, ევგენისთანაც 3 წლის ნინო და წლინახევრის ილია. ილია ისეთი კეთილი და თბილია, სულ მოღიმარია და ამიტომ ღიმილა დავარქვით. მარიამს მამიდაჩემი ზრდის. ხასიათით განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. უფროს ბიჭს ფეხბურთი ძალიან უყვარს, ფეხბურთელობაზე ოცნებობს, მაგრამ ძვირი ღირს და ვერ დამყავს. ლუკას მუშაობა უნდა, იქნებ ზაფხულში მაინც დაგეხმარო რამითო, მეუბნება. ვნახოთ, მპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან და რამე საქმეს მოუძებნიან.

- დამხმარე არავინ გყავს: მშობლები, დედმამიშვილები?

GzaPress- ვინ დამეხმარება? ზოგჯერ კარის მეზობელი შემომაწვდის ხოლმე საჭმელს და იმისიც მერიდება. ჩემი დედამთილი, რაც შეუძლია, მეხმარება. ბავშვებსაც იტოვებს ზოგჯერ. მუშაობა მინდოდა, მაგრამ ამ პატარებს რა ვუყო? ისეთი ვერაფერი ვნახე, რომ ღამის ცვლაში მემუშავა. მეუღლე ხელოსანია, შემდუღებელი, რემონტებსაც აკეთებს, მაგრამ ხან აქვს საქმე და ხან - არა. მე ფიზიკური სამუშაო არ შემიძლია, ხერხემალი მაწუხებს. კიდევ კარგი, ლუკა მეხმარება ბევრ რამეში. ეს რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დედა მყავს, რომელმაც წლინახევრის დამტოვა. ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, მან ჩემი 2 თვის ძმა თან წაიყვანა და მე ბებია-ბაბუამ და მამიდამ გამზარდეს. მამა 18 წლისას გარდამეცვალა. 15-ის რომ გავხდი, იმის შემდეგ კი მაქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ არა - დედაშვილური. არც მეხმარება და არც სითბო მახსოვს მისგან...

ბავშვობაში ყველაფერი საუკეთესო მქონდა. საბურთალოზე ვცხოვრობდით, მე-60 სკოლა დავამთავრე. ბებია ექიმი იყო, მამიდა მთავარი ბუღალტერი, მამა მხატვარი, ბაბუა კი ინჟინერი და არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ უდედობის გამო მაინც ძალიან ვიტანჯებოდი. მამა და მამიდა დედას რომ ეძახდნენ ბებიაჩემს, ერთხელ მეც დედა დავუძახე - მეგონა, რაკი ჩემზე ზრუნავდა, ჩემთვისაც დედა იყო. როდესაც ამიხსნა, შენი დედა კი არა, ბებია ვარო, ძალიან მეწყინა. განვიცდიდი, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე უდედობას. ამ მწარე გამოცდილების გამო, წუთითაც არ მიფიქრია შვილების მიტოვება... მარიამი კი იზრდება მამიდაჩემთან, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება და სითბო არ მოვაკლო. უბრალოდ, მარიამს ბევრი პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ვიცი, მამიდა არაფერს მოაკლებს, მასზე საკუთარი შვილივით ზრუნავს. მე კი ბევრჯერ, ბავშვებისთვის საჭმელიც არ მქონია...

- აბა, თვიდან თვემდე როგორ ცხოვრობთ?

- სოციალური დახმარება მაქვს და კიდევ, მრავალშვილიანობის თანხას ვიღებ - 150 ლარს - ეგ არის და ეგ. როგორ გვეყოფა? მაღაზიაში იმდენი ვალი მაქვს, რომ მრცხვენია. 128 ლარი ძველი ვალია და 100 ლარიც ახლახან დავამატეთ. აბა, რა გავაკეთო, რამე ხომ უნდა ვაჭამო ბავშვებს? მაღაზიის პატრონი ლუკას ნათლიაა და გვაცდის, ფულს მაშინ გადავუხდით, როცა გვექნება.

- ამ პირობებში, როგორ ახერხებ სისუფთავის დაცვას?

- აქ ფაქტობრივად, შეუძლებელია სისუფთავის დაცვა. განსაკუთრებით, ზამთარია რთული გადასატანი, რადგან "აბანო" გარეთ, ეზოში გვაქვს და ყინვაში ვაბანავებ ბავშვებს. აი, ხომ ხედავთ, ეს 2 პაწაწინა ოთახია ჩვენი საძინებელიც, სამზარეულოც და მისაღებიც. რას ჰგავს კედლები, იატაკი, მაგრამ უბრალო შპალერიც ვერ გამიკრავს, რემონტზე ხომ საერთოდ, არც ვოცნებობ. უკვე რახანია, სახლის სახურავი მთლიანად შესაცვლელია, წყალი ჩამოგვდის, მაგრამ უფულობის გამო ვერც ამას ვაკეთებთ. კანალიზაცია გაიჭედა და ტუალეტი დაანგრია ჩემმა ქმარმა, ახლა ისიც ვეღარ გაგვიკეთებია. უნიტაზი ვიღაც ღვთისნიერმა კაცმა მოგვიტანა, მაგრამ სხვა რამეებიც ხომ საჭიროა? საკმაოდ ხშირად უთქვამთ ჩემთვის, თუ შვილების შენახვის თავი არ გქონდა, რას აჩენდიო? გული მტკივა ხოლმე, ამას რომ მეუბნებიან. მიუხედავად ბევრი გაჭირვებისა, არასდროს მიფიქრია აბორტის გაკეთებაზე. ესენი რომ არ მყავდნენ, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება? შვილები მაცოცხლებენ და მაძლებინებენ. ამათთან ურთიერთობა მშველის, ძალას მმატებს! საერთოდ, აბორტის წინააღმდეგი ვარ. აბორტი ჩემთვის იგივეა, ახლა ეს ცოცხლები რომ დავხოცო.

- ბედნიერი დედა ხარ?

- კი, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 4 შვილი მყავს! მარიამი, როგორც კი ჩემს ხმას გაიგებს ტელეფონზე, მეუბნება: ვაიმე, დედიკო, როგორ მომენატრე და როგორ მიყვარხარო. უზომოდ მიყვარს ოთხივე და მათაც უპირობოდ ვუყვარვარ, რაც მახარებს და მაბედნიერებს...

ნინო ჯავახიშვილი