"წლევანდელი ზაფხულის მოდა ლამაზი, ქალური და ჰაეროვანია" - გზაპრესი

"წლევანდელი ზაფხულის მოდა ლამაზი, ქალური და ჰაეროვანია"

"შენ შეიძლება იყო ყველაზე ელეგანტური უბრალო მაისურსა და ჯინსებში... მოდას ქმნი მხოლოდ შენ", - ამტკიცებს ცნობილი გერმანელი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი. მიუხედავად ამისა, ადამიანს მაინც უწევს მოდის ჭირვეულობას შეძლებისდაგვარად მხარი აუბას. რა უნდა ჩაიცვან გოგონებმა წლევანდელ ზაფხულის სეზონზე? - ამ საკითხზე სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიკა ყაზბეგი გვესაუბრება.

- ამ სეზონზე გრძელი, ჰაეროვანი და ლამაზი კაბებია მოდაში და რაც მთავარია: არშიები, არშიები და კიდევ ერთხელ - არშიები! მე ეს სტილი არასოდეს მომბეზრდება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტკბილი ბავშვობის ასოციაციას იწვევს ჩემში და მეორეც - ის ძალიან ლამაზი და ჰაეროვანია.

- ბავშვობის ასოციაციას რატომ იწვევს?

- ბებიაჩემი, ლიზა თაბუკაშვილი, ძალიან ნიჭიერი დიზაინერი იყო და მახსოვს, როგორ უკერავდა გოგონებს ზუსტად ისეთ კაბებს, როგორიც დღეს არის მოდაში. მაშინ ცნება "დიზაინერი" საქართველოში ნაკლებად პოპულარული იყო. ბებია არაჩვეულებრივად ხატავდა, ძალიან ლამაზ სამოსს ქმნიდა და ეტყობა, ეს ნიჭი მეც მისგან გამომყვა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ამ სფეროში სპონტანურად მოვხვდი. 22 წელია, უკვე მოდის სამყაროში ვარ და ვფიქრობ, ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაცაა.

- წლევანდელ ზაფხულის სეზონზე რომელიმე ფერი თუ არის მოდაში?

- ზაფხულის მოდა რომელიმე გამოკვეთილ ფერზე აქცენტს არ აკეთებს. უფრო ყვავილებიანი და კოპლებიანი კაბებია მოდაში, რომელიც ჰაეროვანი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი. მოდურია შიფონი, შტაპელი და ნებისმიერი თხელი ქსოვილი, რომელიც ყვავილებით იქნება დამშვენებული. მოკლედ, ეს მხიარული და საყვარელი ქსოვილებია, რომელიც თითქმის ყველას მოსწონს. ცხადია, გამონაკლისი მეც ვერ ვიქნები. სხვათა შორის, ზოგჯერ ისეთი რამ შემოდის მოდაში, რომ ვამბობ - მოდი, ეს წელი როგორმე გადავაგოროთ-მეთქი... მაგალითად, დაბალწელიანი ჯინსები ბევრს არ მოსწონდა, განსაკუთრებით მამაკაცებს. თანაც, ასეთმა ჯინსებმა გოგონებს სხეულის კონფიგურაცია გაუფუჭა, ამის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდხანს შემორჩა და ყველას ეცვა - უხდებოდათ თუ არ უხდებოდათ. წლევანდელი მოდა კი, ყველა ქალს უხდება: გამხდარს, სრული ტანისას და ყველას. ზაფხულის მოდა იმითაც არის კარგი, რომ შეიძლება გადმოალაგო ბებიის ნაქონი საზაფხულო კაბები, ცოტათი გადააკეთო და ქუჩაში ყველაზე მოდურად ჩაცმული გამოხვიდე. წლევანდელი მოდა განსაკუთრებით კარგია იმათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აქვს: ეს ფრიალა, თხელი კაბები არაჩვეულებრივად მალავს ზედმეტ კილოგრამებს, შეიძლება ოთხი-ხუთი კილოგრამი ისე დამალო, რომ ვერავინ შეგამჩნიოს. განსაკუთრებული აქცენტი მკლავებზე კეთდება: რაც უფრო საინტერესო არშიებით იქნება მკლავი მორთული, მით უკეთესი და მოდურია თქვენი სამოსი.

GzaPress- ქალბატონო ლიკა, ამ მშვენიერ კაბებზე ხშირად უხეში ბოტასები და სპორტული ფეხსაცმელები აცვიათ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სტილი ყველას არ უხდება.

- დიახ, არის ასეთი ტენდენცია, რომელიც მაღალ გოგონებს ყველაზე მეტად უხდებათ, თანაც, ასეთი ჩაცმულობა ძალიან პრაქტიკულია. უნისექსის თემა მოდის სამყაროში ივ სენ ლორანმა შემოიტანა და წლევანდელი მოდაც ამ ტენდენციას ეხმიანება. გამოგიტყდებით და, მე ასეთი ჩაცმულობა მომწონს, რადგან ფრიალა კაბას შეიძლება სპორტული ფეხსაცმელიც მოუხდეს და კლასიკურიც. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი კლასიკაა და ყოველთვის მოდაში იქნება, მაგრამ წელს მოდაში ასეთი სტილი და ცოტა უხეშქუსლიანი ფეხსაცმელები შემოვიდა.

- გარდა თხელი ქსოვილის კაბებისა, რა არის მოდური ზაფხულის სეზონზე?

- საერთოდ, ბევრი რამ მალე გადადის მოდიდან, მაგრამ ეს ყველაფერს არ შეეხება, მაგალითად: ჯინსი, თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო შეიძლება, 30 წელი იყოს მოდაში და არ გადავიდეს. საერთოდ, ამ სფეროში ძნელია რაღაც ახალი და ინოვაციური გამოიგონო, ამიტომ, მოდა სისტემატურად მეორდება და ხშირად იხსენებს ძველ ტენდენციებს. ვფიქრობ, რომ ახლა 1990-იანი წლებიდან დაგვიბრუნდა. წელს მთელი ყურადღება ლამაზ კაბებზეა გადატანილი. რაც შეეხება აქსესუარებს და სამშვენისებს, ამ ზაფხულს მოდაშია ე.წ. აბადოკები და ჩალმები, რომელიც სხვადასხვანაირად კეთდება და ძალიან ალამაზებს სახის კონტურს. შლაპა წლევანდელ ზღვის სეზონზე აქტუალური აღარ არის, ის ჩალმამ ჩაანაცვლა. ალბათ გახსოვთ, რომ ჩალმა წლების განმავლობაში ეკეთა ჩვენს საყვარელ მსახიობს - ლეილა აბაშიძეს, ეს მისი ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი იყო. მეც რამდენიმე ჩალმა მაქვს და ყველა მომწონს, თანაც, ამ აქსესუარს საოცრად უხდება დიდი ზომის საყურეები. ამ ფორმაში უკვე ბევრი გოგონა ვიხილე და ის თითქმის ყველას უხდება. ჩალმა ძალიან ადვილი გასაკეთებელია: ამისათვის მარტო გრძელი შარფია საჭირო, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩალმა პრაქტიკულია იმათთვის, ვისაც გრძელი თმა აქვს: მათ შეუძლიათ ე.წ. კოსა გაიკეთონ, ჩალმა ირგვლივ შემოიხვიონ და ასე ატარონ. მოკლე თმაზე ჩალმა კიდევ უფრო იოლად კეთდება. სხვათა შორის, ამ სეზონზე ე.წ. ჩოლკაც ძალიან აქტუალურია.

- საინტერესოა, როგორი ჩანთები და სათვალეებია მოდაში?

- მოდაშია ორიგინალური და განსხვავებული დიზაინის ჩანთები, რომლებიც ხის ფაქტურით და გეომეტრიული ფიგურებით არის მორთული, გარდა ამისა, მოდურია ე.წ. საფულე ჩანთები, რომელიც გოგონებს მხარზე ირიბად აქვთ გადაკიდებული. ასეთი ჩანთები ზაფხულში პრაქტიკული და მოსახერხებელია. რაც შეეხება მზის სათვალეს: წინა წლებში დიდი ზომის სათვალეები იყო მოდაში, წელს კი პატარაჩარჩოიანი. ვხუმრობ, წელს სათვალეებში არ გამიმართლა, რადგან ძალიან ძვირფასი, სვაროვსკის თვლებით მორთული, დიდი ზომის სათვალეები მაქვს. ამიტომ, მოდის მოთხოვნას არ ვემორჩილები და მაინც მიკეთია, რადგან ძალიან მომწონს.

- დასვენებებისა და შვებულებების სეზონი დაიწყო და ყველაზე აქტუალური ალბათ მაინც საცურაო კოსტიუმებია. როგორი უნდა იყოს 2018 წლის მოდური საცურაო კოსტიუმი?

- საცურაო კოსტიუმი სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, ბიუსტჰალტერს არშიებს თუ შემოავლებთ, ის უფრო ორიგინალური და მოდური გახდება. ასევე მოდურია კოპლებიანი საცურაო კოსტიუმებიც.

- ამბობენ, რომ მოდაში თანდათან შემოდიან პუტკუნა გოგონები... ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- მართალია, ამ ტენდენციას ბევრი ემხრობა. ეს იდეა იქიდან წამოვიდა, რომ რამდენიმე მოდელი უმკაცრესი დიეტებისა და ანორექსიის გამო გარდაიცვალა. მკაცრი დიეტის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ბევრს ექმნება, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ მოდაში ხორციანი ქალები შემოვიდეს, მაგრამ საფრანგეთი ამ მხრივ პოზიციებს არ თმობს: პარიზი კვლავაც ძალიან გამხდარი გოგონებისკენ იხრება, პარიზი კი მოდის მექად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პუტკუნა მოდელმა მსოფლიო პოდიუმი მაინც დაიპყრო.

- დაბოლოს, ძალიან საინტერესო იდეა გაქვთ საბავშვო მოდასთან დაკავშირებით. როდის აპირებთ მის განხორციელებას?

- საბავშვო მოდა დაახლოებით XIX საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდა. ადრე ასეთი რამ არ არსებობდა და ბავშვებს უფროსებისაგან კოპირებული ტანსაცმლით მოსავდნენ. თანამედროვე მშობლები ცდილობენ, მათ შვილებს ლამაზად და მოდურად ეცვათ. მოგეხსენებათ, დღეს ბავშვებს სულ სმარტფონები უჭირავთ ხელში, რაც ძალიან მავნებელია თვალებისთვის და ჯანმრთელობისთვის. მეც დავაკვირდი ჩემს ახლობელ გოგონას, რომელსაც 24 საათი სმარტფონი ეჭირა ხელში და ბარბის თოჯინებს კაბებს აცმევდა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ სმარტფონი ხელსაქმით უნდა ჩავანაცვალოთ. ცუდი იქნება, რომ ბავშვებმა ვირტუალურის ნაცვლად, ნამდვილი კაბები შეკერონ? ეს ჩემი იდეა "ფეისბუკზე" დავდე, ერთი სიტყვით, "დავტესტე" და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო პატარა დიზაინერების სკოლა, რომლებიც შეისწავლიან ხატვას, მოდელირებას და ყველაფერს, რასაც აკადემიაში მომავალი დიზაინერები სწავლობენ. ჩემს სამოდელო სტუდიაში ისეთი წარმატებული მოდელები აღიზარდნენ, როგორებიც არიან ანუკი არეშიძე და თიკა ფაცაცია. ჩემი დიდი სურვილია, ასეთივე წარმატებული, პატარა დიზაინერები გამოვზარდო. წუთებს და წამებს ვითვლი, ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყება!

ხათუნა ჩიგოგიძე