რატომ აღარ უყურებს რომანტიკულ ფილმებს ლარა იანი - გზაპრესი

რატომ აღარ უყურებს რომანტიკულ ფილმებს ლარა იანი

"პირველი ვიცე მის საქართველო" - ლარა იანი გოგონების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, დასასვენებლად წასულს თან უამრავი სამოსი და გამოუსადეგარი ნივთები რომ მიაქვს. ლარას არდადეგების მშვიდად გატარება მოსწონს და მინიმალური თანხით დასვენებაც შეუძლია...

- ოჯახის სანახავად რუსეთში ვიყავი. 2-კვირიანი შვებულება ავიღე, მაგრამ 1 თვე გამეწელა - გამიტკბა... ოჯახის წევრებს იშვიათად ვხედავ. ამიტომ აუცილებელი იყო, მათ სანახავად წავსულიყავი. 2 დღეა, რაც თბილისში დავბრუნდი და მუშაობას შევუდექი. აგვისტოში ზღვაზე დასვენებას ვგეგმავ. ალბათ, ერთი კვირით ზღვაზე წავალ, 5 დღით კი - მთაში. თუშეთი ჩემი მხარეა - ახლობლები, სანათესავო შენაქოში მყავს. ამიტომ იქ ავდივარ ხოლმე.

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

GzaPress- სამწუხაროდ, დასასვენებლად ბევრი დრო არ მაქვს. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალ დროს სახლში ვატარებ: საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ან რაღაცას ვკითხულობ, კერძებს ვიმზადებ... სწორად ვიკვებები. ვცდილობ, დიეტა არ დავარღვიო.

- დიეტას ფორმის შესანარჩუნებლად იცავ?

- არა. გენეტიკურად გამხდარი ვარ. წონაში ისე ვერასდროს ვიმატებ, როგორც მინდა. ეს დიეტა იმისთვის არის, რომ რამდენიმე კილო მოვიმატო და არა პირიქით - დავიკლო. როგორც წესი, ზაფხულში წონაში ყველა იკლებს, მე კი ეს არ მაწყობს, ამიტომ დიეტას ვიცავ.

- დასასვენებლად გამგზავრებამდე რამდენი ხნით ადრე ემზადები?

- ეს ძალიან სპონტანურად ხდება ხოლმე. რამდენიმე თვით ადრე არ ვგეგმავ. უბრალოდ, ახლა ვიცი, რომ დაახლოებით აგვისტოში ზღვაზე წავალ, რადგან შემდეგ, სექტემბერში უკვე იტალიაში მივემგზავრები (კონტრაქტით), იქ გადაღებები მექნება, მერე კი "მის უნივერსის" კონკურსი მელოდება. ჩემთვის შემოდგომა დატვირთული იქნება. მინდა, დასვენება მოვასწრო.

- უცხოეთში დასასვენებლად არ მიდიხარ ხოლმე?

- შორს გამგზავრებას იშვიათად ვასწრებ. მე და ჩემს მეგობარ გოგონებს საბერძნეთში დასვენება დაგეგმილი გვქონდა. არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდება. როგორც ქართველებს გვჩვევია, ალბათ, ისევ ბათუმში დასვენება "მიწერია"... ისე, დასასვენებლად ისრაელში დავდიოდი ხოლმე, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობს. ასევე, უკრაინაში, თურქეთში ვისვენებდი. თურქეთში ხშირად, კონკურსების გამოც მივდიოდი, როგორც სტუმარი ან ჟიურის წევრი.

- დასასვენებლად შერჩეული უცხო ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტით იღებ, მუზეუმებიდან თუ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან?

- სხვათა შორის, ერთი უკრაინული პროგრამა არსებობს, რომელიც ხალხს აჩვენებს, როგორ შეიძლება, ადამიანმა დაისვენოს დიდი თანხით და შეზღუდული ბიუჯეტით. მე ექსკურსიები და მუზეუმები დიდად არ მიყვარს. მირჩევნია, ზურგჩანთა ავიკიდო და თავად მოვიარო ფეხით ყველა ადგილი, ხალხს ვკითხო - სად რა არის ან კაფე დავინახო, შევიდე და თავად გამოვიტანო დასკვნა - კარგია თუ ცუდი. გამოკითხვების ჩატარება არ მიყვარს. რაღაცებს დამოუკიდებლად ვახერხებ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა იდეალურად არ ვიცი (ახლა ვსწავლობ).

- შენთვის საოცნებო დასასვენებელი ადგილი რომელია?

- ბორა-ბორა. ერთ-ერთი ცნობილი შოკოლადის რეკლამა ბავშვობიდან მომწონს და გონებაში ჩამრჩა. როცა გავიზარდე, გავარკვიე, რომ რეკლამა ბორა-ბორაზეა გადაღებული. მერე ვფიქრობდი, როცა გავთხოვდები, თაფლობისთვეს იქ გავატარებ-მეთქი, მაგრამ მგონი, მარტო წასვლა მომიწევს (იცინის).

- მარტო - რატომ?

- შეყვარებული არ მყავს, გათხოვებას არ ვაპირებ. ხომ არ დაველოდები, "პრინცი" როდის გამოჩნდება და ბორა-ბორაზე წამიყვანს (იცინის)? ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო. ადამიანების ისეთი კატეგორია მიყვარს, რომელიც საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებიან და როგორც სურთ, ისე ცხოვრობენ.

- ზღვაზე როგორ ისვენებ?

- ზოგს "ზღვაზე დასვენება" და "ზღვაზე გართობა" ერთმანეთში ერევა. ბევრი ადამიანი ზღვაზე მიდის და უკან დაღლილი ბრუნდება. მე დასვენება მიყვარს: სიმშვიდე, ცარიელი პლაჟები, როცა მუსიკის ბასების ნაცვლად, ზღვის ხმა მესმის... ხალხმრავლობა, ხმაურიანი ადგილები, კლუბები არ მიყვარს. ამიტომ როცა ზღვაზე მივდივარ, დიდი ჩემოდანი არ მიმაქვს. მხოლოდ რამდენიმე საცურაო კოსტიუმი, რამდენიმე სარაფანი (სადმე კოქტეილის დასალევად რომ წავიდე) - უკვე საკმარისია. ზოგჯერ დასასვენებლად ისე მივდივარ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მიმაქვს. სამწუხაროდ, შარშან დასასვენებლად წასული "ჯემფესტზე" მოვხვდი. 3 დღე გავუძელი და გამოვიქეცი (იცინის). კარგი იყო, მაგრამ ჩემთვის - არა. შეიძლება, შესაბამისი ასაკიდან უკვე გამოვედი, თუმცა კლუბები არასოდეს მომწონდა. ყოველთვის მშვიდად დასვენება მიყვარდა, თუნდაც - საღამოს, ისეთ ბარში დაჯდომა, სადაც "ცოცხალი" მუსიკა ჟღერს. ვფიქრობ, მექსიკაში იციან კარგი დასვენება: სხვანაირი გარემოა, ღია ბარებია, სადაც დაჯდები და გიტარის ჰანგებს მოუსმენ...

- ზღვაზე წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობის სერიოზულობის გჯერა?

- რომანტიკისა და მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მჯერა. ალბათ, ძალიან რეალისტი გავხდი. წინათ მეოცნებე ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, - ძალიან "დაფრინავო". მერე ბავშვური, ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ახლა რომანტიკულ ფილმებსაც აღარ ვუყურებ.

- რატომ, შენს ცხოვრებაში რამე მოხდა?

- საერთოდ, როცა ვიზრდებით, ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებთ. მერე ბავშვობაში დაბრუნება ყველას გვენატრება, რადგან მაშინ თითქოს, ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. სინამდვილეში, ცხოვრება ასეთი მარტივი არაა. ამიტომ, რეალისტები უნდა ვიყოთ, რომ სწორად ცხოვრება შევძლოთ და არაფერი შეგვეშალოს.

- სიყვარულის არსებობის არ გჯერა?

- მჯერა. მიყვარს ჩემი ოჯახი, ახლობლები... ალბათ, ქალვაჟური სიყვარული ოდესმე მეწვევა, მაგრამ დღეს სხვა რაღაცებს უფრო წინ ვაყენებ ანუ პირველ რიგში, ადამიანს პატივს უნდა ვცემდე, ვაფასებდე. ალბათ, სიყვარული ეს არის... ჯერ ის ადამიანი არ შემხვედრია, რომელსაც მართლა გულით ვეტყვი, - მიყვარხარ-მეთქი. იმედია, ოდესმე ეს მოხდება.

- საკურორტო რომანი გქონია?

GzaPress- არა. რაღაცნაირი ხასიათი მაქვს: ცოტა უჟმურიც ვარ, ეგოისტიც და სერიოზულიც. ჩემთან ურთიერთობას ასე მარტივად ვერავინ დაიწყებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ბიჭს თავისი ტელეფონის ნომერი ხელსახოცზე დაუწერია, კოქტეილი გამოუგზავნია, მაგრამ მხოლოდ ღიმილით მიპასუხია. თან, ყველა ვხვდებით, რომ საკურორტო რომანი დროებითია, მე კი სათამაშოდ არ მცალია - ცხოვრებას ცოტა უფრო სერიოზულად ვუყურებ.

- შენთვის დაუვიწყარი საზაფხულო არდადეგების შესახებ მოგვიყევი.

- ახლა რომ დავფიქრდი, ერთადერთი, რაც გამახსენდა, ის არდადეგებია, როცა მე და დედა უკრაინაში წავედით (თან, მუსიკალურ კონკურსში ვმონაწილეობდი). ერთად დასვენება იშვიათად გამოგვდის. ის დასვენება მესიამოვნა და დამამახსოვრდა. ვსეირნობდით, ზღვაზეც ვიყავით... თავგადასავლებს რაც შეეხება, ეს უფრო ბავშვობაში იყო, როცა სოფელში ვერთობოდით.

- მშობლების გარეშე პირველად როდის დაისვენე?

- 2011 წელს, თურქეთში. სამოდელო კონკურსზე სააგენტოს გოგონებთან ერთად ვიყავი. პერსონალის გარდა, სასტუმროში არავინ იყო. მიუხედავად ამისა, ყველგან დაცვა დაგვყვებოდა. კონკურსზე "მის ტალანტის" ნომინაციაში გავიმარჯვე - "ტოპ-ხუთეულში" მოვხვდი. სადაც კი "მის ტალანტის" ნომინაცია არსებობს, ამ ტიტულს ყველგან მე ვიღებ (იცინის)... მოკლედ, ის პერიოდი კარგად დამამახსოვრდა. ბევრი მეგობარი შევიძინე...

- ყველაზე მცირე თანხა დამისახელე, რომლითაც დაგისვენია?

- მაგალითად, 4-5 წლის წინ ქობულეთში ოთხი გოგო წავედით. მაშინ ჯერ ისევ მშობლებთან ვცხოვრობდით. მეგობრებს დასასვენებლად წასვლა გვსურდა. გადავწყვიტეთ, ყოველდღე გარკვეული თანხა გადაგვედო და მოგვეგროვებინა. როცა ქობულეთში წავედით, ჯიბეში ყველას მხოლოდ 100 ლარი გვედო (იცინის), მაგრამ ოთხნი ვიყავით და ჯამში 400 ლარი გვქონდა. მაგრად დავისვენეთ.

- 400 ლარი ოთხ ადამიანს როგორ გეყოთ?

- ოთახის დაქირავება 300 ლარი დაგვიჯდა, რაშიც სამჯერადი კვებაც შედიოდა. ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდით. 100 ლარი (რაც დაგვრჩა) მგზავრობისთვის და ასევე, ნაყინის ან პლაჟზე სიმინდის საყიდლად გადავდეთ. ის პერიოდი კარგად მახსოვს. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

- თანხა რამდენ ხანს გეყოთ?

- 7 დღე დავისვენეთ, მე-8 დღეს წამოვედით.

- ახლა საშუალოდ, რა თანხა გჭირდება, რომ კარგად დაისვენო?

- ახლა ცოტათი მეტი (იცინის). გააჩნია, სად და რამდენი ხნით მივდივარ. სასტუმროში არასდროს ვცხოვრობ - კოტეჯს ან ოთახს ვამჯობინებ, რაც ძვირი ნამდვილად არ ჯდება, მით უმეტეს, როცა რამდენიმე ადამიანი ერთად ვისვენებთ. დღესდღეობით, დაახლოებით 500 ლარი რომ მედოს ჯიბეში, მეყოფა.

- ამბობენ, ერთად დასვენება მეგობრის უკეთ გასაცნობად კარგი საშუალებააო. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, რომელიმე მეგობარი ხომ არ დაგიკარგავს?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია, თუმცა მეგობრებს გვიკამათია. მაგალითად, ერთ გოგოს დილით ადგომა და პლაჟზე გამოსვლა არ უნდოდა. მერე, როცა ჩვენ საჭმელად მოვდიოდით, ის პლაჟზე გადიოდა ან მაგალითად, საღამოს სადმე გასვლა გვინდოდა და ყველანი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდით, მას კი კაბისა და "მაღლების" ჩაცმა არ სურდა, ანუ სამოსი ჩვენ უნდა გამოგვეცვალა (იცინის). ასეთი რაღაცების გამო ვკამათობდით. სერიოზული არაფერი ყოფილა. როცა დასასვენებლად დიდი ჯგუფი მიდის, ჯგუფის წევრებიდან ზოგს ბარში წასვლა მოუნდება, ზოგს სახლში დარჩენა, მაგრამ ჩემი აზრით, სამეგობროში ურთიერთგაგება უნდა სუფევდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

ეთო ყორღანაშვილი