"ვიბრძოლოთ ერთმანეთისათვის და არა ერთმანეთთან..." - გზაპრესი

"ვიბრძოლოთ ერთმანეთისათვის და არა ერთმანეთთან..."

"ბატონო პრემიერო, უმორჩილესად გთხოვთ, გაუწიეთ ქმედითი დახმარება სოფელს, ალაგმეთ მევახშე-წურბლების (ე.წ. ბანკების) აულაგმავი მადა, მიეცით უბრალო ადამიანებს იმედის ნაპერწკალი და გპირდებით, ყოველდღე ვილოცებ თქვენთვის თქვენი სიმაღლის კელაპტრით ხელში! გარკვეული მიზეზის გამო, ვეჭვობ, თქვენ ეს მიმართვა წაიკითხოთ (ან წაიკითხოთ და დაიჯეროთ), მაგრამ რა ვიცით, "შეუცნობელია გზანი უფლისანი!" ჩვენ კი ვეცდებით, ვიყოთ საქართველო სვანეთიდან, ვიცხოვროთ ღირსეულად..." - ეს სიტყვები სოფელ ხაიშის მკვიდრს, პედაგოგ ზურაბ ნიჟარაძეს ეკუთვნის. ბატონი ზურაბი დიდი ხანია ცდილობს, ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას, რათა გადარჩეს სვანეთი, როგორც უნიკალური მხარე.

GzaPressრას აკეთებს სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა სვანეთის უნიკალურობის შესანარჩუნებლად?! ბატონი ზურაბი რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და სხვა არაერთ ჩინოვნიკს შეხვდა, ესაუბრა სვანეთის ხვალინდელ დღეზე, სოციალურ სივრცესაც იყენებს სამოქალაქო პოზიციით, თუმცა, ჯერ სასურველი შედეგი შორსაა. ახლახან მომხდარი ჭუბერის სტიქიის დროსაც ვერ გაჩერდა ხაიშში და ნენსკრას ხეობაში თავისი თვალით უყურა ბუნების შურისძიებას.

- ზემო სვანეთის ქვემო ზონის პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიდროგენეზისური პრობლემებია. როგორ შეიცვალა კლიმატური პირობები მესტიის მუნიციპალიტეტში?

- ნახევარ საუკუნეს გადასცდა ჩემი ასაკი. ასე რომ, კარგად მახსოვს 1976 წლისა და 1987 წლის სტიქიის შემოტევები! 1976 წლამდე, ანუ ენგურჰესის კაშხლის აუზის შევსებამდელი კლიმატიც კარგად მახსოვს! მაშინ ნალექების ჭარბი რაოდენობა და ნისლი იშვიათი ხილი იყო ზემო სვანეთში. არც ასეთი ნესტი იყო და საერთოდ, ზაფხული ზაფხულს ჰგავდა და ზამთარი - ზამთარს! არ მახსოვს ჩემს ბავშვობაში (და შემდგომაც) უთოვლო ხაიში, ახლა კი ხანდახან მთელი ზამთარი წვიმს! მოკლედ, კლიმატი მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა!

- ახალი ჰესების აშენების შემდეგ როგორი შეიძლება იყოს სვანეთი?

- წარმოიდგინეთ, გლობალურ დათბობას პლუს ამდენი ჰესის აკუმულაციური ზემოქმედება - ეს საბოლოოდ დაასამარებს სვანეთს! სხვათა შორის, სხვა რეგიონებთან შედარებით, აქ 2,5-ჯერ მეტია გულსისხლძარღვთა, ასთმური და რევმატიული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობა და ეს ჩემი მოგონილი არ არის, სამწუხარო რეალობაა და ის პირდაპირ კავშირშია კაშხლების მშენებლობასთან! ასე რომ, ამ ჩაკეტილ სივრცეში (ერთი მხრივ, ეგრისის ქედი და მეორე მხრივ, კავკასიონი), რომელიც წარმოადგენს ერთგვარ "ნესტის ტომარას" ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება იქნება სვანეთის დასასრულის დასაწყისი!

- კომუნისტურ ეპოქაში თქვენი ზონის მოსახლეობა პირდაპირ დაავალდებულეს, რომ დაეწყოთ ხეტყის პირველადი წარმოება. რა იყო მანამდე სვანების ძირითადი საქმიანობა?

- გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოსახლეობა გადაიყვანეს სხვა, მანამდე უცნობი საქმიანობის სფეროში, ეს იყო ხეტყის ათვისება, ტრანსპორტირება. მანამდე ქვედა თემის მოსახლეობის საქმიანობის ძირითადი სფერო იყო სოფლის მეურნეობა და ნადირობა (სარეწაო მიმართულებით, ნადირის ტყავს ვგულისხმობ). ძველი თაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ იმ პერიოდში მხოლოდ მარილი, შაქარი და რაღაც წვრილმანები შემოჰქონდათ, დანარჩენს ყველაფერს ადგილზევე აწარმოებდნენ, ხალხი უფრო მდიდარიც იყო და ჯანმრთელიც! ამ ყველაფრის წარმოება ისევ შეიძლება!

- სვანეთში მესაქონლეობა, მეხილეობა და მეკარტოფილეობა შეიძლება ბევრად უფრო განვითარდეს. თქვენ, როგორც სოფლის მეურნეობაშიც ჩართულმა ადამიანმა, შეიძლება თქვათ, რომ აგროსექტორით სვანეთში ოჯახები თავს ირჩენენ?

- მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ერთგვარი წყვეტა სასოფლო-სამეურნეო კუთხით საქმიანობებისა, თავისუფლად შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება ქვედა ზონის სოფლებში. მთავარია, ხელისუფლებამ და ხალხმა განიხილონ სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ საარსებო საშუალებად, არამედ ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთ ფორმად!

- როგორ გესახებათ სვანეთში აგროწარმოების საკითხების პროგრესი?

- მოქნილი საბანკო პოლიტიკის შემთხვევაში (გრძელვადიანი სესხები, დაბალპროცენტიანი, ოღონდ ეტაპობრივად გაცემული), თავისუფლად შეიძლება მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეღორეობის, სასათბურე მეურნეობის, სათესლე მეურნეობის, მეხილეობის, მეფუტკრეობის განვითარება, ასევე საკალმახე მეურნეობის და ა.შ. ასევე, საჭიროა ერთგვარი საკონსულტაციო და ტრენინგცენტრები, რომელიც ჯერ თეორიულად დააინტერესებს ახალგაზრდობას, ხოლო შემდეგ დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში!

- მდინარე ნენსკრას (ჭუბრულას) ხეობა ამჟამად ყურადღების ცენტრშია. თქვენ კარგად იცნობთ ამ ხეობას. მოგვითხრეთ ხეობის საშიშროებებზე, ამ საშიშროებათა თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.

- დავიწყოთ იმით, რომ ნენსკრას ხეობა უნიკალურია მისი მდებარეობით, სიმდიდრით, მინდვრებითა და ჭალებით, სასარგებლო წიაღისეულითა და უპირველესად, მშრომელი და გონიერი ადამიანებით! საბედნიეროდ ჭუბერის მოსახლეობა გადარჩა, მსხვერპლი არ ყოფილა და ამისათვის მადლობა უფალს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ამოუდგა ჭუბერლებს ამ ძნელბედობის ჟამს! საშიშროება რომ არსებობს, სტიქიამ გვიჩვენა, მისი თავიდან აცილებისათვის საჭიროა ბუნების გაფრთხილება. ის უხეშ ჩარევას არავის აპატიებს!

- სვანეთი დღეს ასოცირდება ტურიზმთან. აქვს თუ არა სვანეთს იმის პოტენციალი, რომ ტურიზმის პარალელურად აგროწარმოება განავითაროს?

- ტურიზმის წინმსწრები თუ არ არის სოფლის მეურნეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ სხვისი დახლი და გადიხარ მინიმალურ მოგებაზე, ვერ აერთიანებ საქმიანობათა სხვადასხვა სფეროს. საერთოდ, როცა ავითარებ ერთ სეგმენტს, მან პარალელურად სხვა სფეროები უნდა გააძლიეროს - ყველანაირი წინა პირობა არსებობს ამისათვის. ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში მარტო ხაიშის თემის სამთო სავარგულებზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე დაახლოებით 15-20 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დადიოდა მთელი დასავლეთ საქართველოდან! ამჟამად კი 200-300 სული თუ იქნება მხოლოდ! გარდა ამისა, მიწა ნაწილობრივ ითიბებოდა, იხვნებოდა კიდეც! ყველანაირი რესურსი არსებობს ამისათვის, სამწუხაროდ, არ არსებობს სახელისუფლებო სურვილი და სასტარტო კაპიტალი! სვანეთის აყვავება შეიძლება სწორი აგრობიზნესის წარმოებით!

- რას აპირებს ადგილობრივი მოსახლეობა, ჰესების მშენებლობას ბოლომდე დაუპირისპირდება?

GzaPress- ვფიქრობ, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო ამოიწურა ყველგან და უნდა ამოიწუროს საქართველოშიც, არა მარტო სვანეთში! ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე, მით უფრო, რომ ასეთი პროექტები ნაფიქრიც არის და განხორციელებულიც წარმატებულ ქვეყნებში! ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობაში სვანეთის მოსახლეობა არ იქნება მარტო და ამას ჩვენ ვნახავთ უახლოეს მომავალში! დროა, ახლა წრფელი გულითა და ნათელი გონებით ვიმოქმედოთ!

- მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა რიგში არ იყო, ჭუბერის შემთხვევის მერე შეიცვლის აზრს თუ ისინი კვლავ დარჩებიან სვანეთის ენერგორეგიონად ქცევის მსურველებად?

- ვინც საკუთარი გამორჩენისათვის ემხრობა ასეთი ტიპის უგუნურ პროექტებს სვანეთსა თუ დანარჩენ საქართველოში, ჩინოსანი იქნება თუ უბრალო მოქალაქე, ყველას უნდა მიეჩინოს თავისი ადგილი ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, უბრალოდ, ამას სჭირდება საღი აზრის კიდევ ერთხელ შემუშავება და ერთიანობა! ვიმეორებ - ერთიანობა! საქართველოს ყველა კუთხე უნდა გაერთიანდეს ამ პრობლემათა ირგვლივ!

- თქვენი მიმართვა ხელისუფლებისადმი...

- (მაწყვეტინებს) სახელმწიფოდ მაშინ შევდგებით, როცა ერი და ბერი, ხალხი და ხელისუფლება საერთო იდეის გარშემო შევძლებთ გაერთიანებას. სხვანაირად არაფერი გამოვა! ღვთისმშობლის წილხვედრობა პრივილეგია კი არ არის, არამედ ტვირთია და ვალდებულება. მეტი ვისწავლოთ და ვიშრომოთ, მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი შვილების მომავალს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომები გადაგვარჩენს! იმარჯვებს ის, ვინც იბრძვის! ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის და არა ერთმანეთთან - აი, ესაა გამოსავალი, მე ასე მესმის ჩვენი მომავალი!..

როლანდ ხოჯანაშვილი