"ბუდიდან ამოვარდნილი" მწერლები - გზაპრესი

"ბუდიდან ამოვარდნილი" მწერლები

2018 წლის 15 ივნისიდან, ერთი წლით, თემურ ჩალაბაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა. როცა ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდი, შევთავაზე, მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქუჩა 13-ში მოვალ-მეთქი, მაგრამ მიპასუხა: მისამართი შეგეშალაო. შეხვედრა იქვე, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩაზე დავთქვით, სადაც მწერალთა კავშირის ადმინისტრაციაა განთავსებული. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში (იმ დროს ქალბატონი მაყვალა გონაშვილი გახლდათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე), მწერლებს მაჩაბლის 13-ში მდებარე სახლი ჩამოართვეს და როგორც ბატონმა თემურმა მითხრა, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

- ეს პრობლემა სააკაშვილისეულ პრობლემად დარჩა. იყო დაბრუნების მცდილობები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ შენობის შესახებ თითქოს მომბეზრდა ლაპარაკი, მაგრამ ამავდროულად, როგორ უნდა იყოს მწერლისთვის მოსაბეზრებელი თემა საკუთარი "ბუდიდან ამოვარდნა"? ეს მხოლოდ ჩემი ტკივილი კი არა, ყველა მწერლის ტკივილია. თავის დროზე, მწერალთა სახლის ბაღი დიდი მწერლების თავშესაყარი იყო, სადაც კონსტანტინე გამსახურდია თავისი საოცარი სამოსით, პავლე ინგოროყვა თავისი დიდი ჩანთით და სხვანი იკრიბებოდნენ, ისხდნენ, საუბრობდნენ. ისიც ხომ სათქმელია, რომ ამ ადგილიდან არაერთი უპატრონო მწერალი გამოუსვენებიათ. არავის მოჰგვაროს ღიმილი ამ სიტყვებმა, თითქოს მწერალთა კავშირი ჩვენ მხოლოდ ვინმეს გამოსასვენებლად გვინდა. არა, ბატონო! სულ ისმის, თითქოს დაუძლურდა ხალხი და მწერალი აღარ არის, თან სიტყვათა შეთანხმება "მწერალთა კავშირი" მოძველდა, როცა დღეს ათასი გაერთიანებაა შექმნილი, მაგრამ რატომ დავკარგოთ პაოლოს, ტიციანის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონის და იმ საოცარი კავშირის სახელი? განა, სახელი ოდესმე ძველდება? თუ მწერალთა კავშირი მოძველებულად მიაჩნიათ, მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ან გაერთიანება, ან რამე სხვა დავარქვათ. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დავით სარაჯიშვილმა მწერალთა კავშირს უანდერძა ეს შენობა, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მისი ანდერძი არაფერ შუაშია. ამ საკითხში კარგად იყვნენ ჩახედული მაყვალა გონაშვილი, რევაზ მიშველაძე. პირადად მე, საბუთებს დეტალურად ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ვინც ჩემამდე იყო, მათ კარგად აქვთ შესწავლილი ყველაფერი.

- ჰო, მაგრამ მწერალთა კავშირის შენობაში საღამოები, წიგნის პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები ხომ იმართება?

- დიახ, საღამოები ტარდება, შევდივართ ბიბლიოთეკაში, მწერლების სხდომებს ვატარებთ, მაგრამ ჩვენ რომ იქ ვიყოთ, სტუმარს მოესვლებოდეს და ჩვენს გზა-კვალს მოაგნოს, ასე არ არის. ამას ვდარდობთ, თორემ, მარტო აგურს კი არა. ტრადიციებს აქვს მნიშვნელობა, ილიასა და აკაკის სურათს, რომელიც უდიერად გაიტანეს და სად არის, არც ვიცით. ერთხელ, როცა ლევან ბერძენიშვილმა (იმ დროს ის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ) შენობიდან ილია ჭავჭავაძის სურათი გაიტანა, მაშინ ინტერვიუში მწარედ გამოვეხმაურე ამ ფაქტს. ეს ხომ იგივეა, სახლიდან ბაბუის ფოტო გაიტანო?! დღეს ოჯახებში პაპა-ბებიის ფოტოებს აღარ კიდებენ და მე ეს რაიმე ნაკლად არ მიმაჩნია. შეიძლება თანამედროვე ევროპულ რემონტებს არ უხდება, მაგრამ ისეთ შენობებში, როგორიც დავასახელეთ, მაინც მგონია, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრების სურათები უნდა ეკიდოს. ჩემი დიდი პაპა ერეკლეს თანამებრძოლი გახლდათ და მინდა, რომ მისი სურათი მქონდეს. ახალგაზრდების ნაწილს ეს არ მოსწონს. რამდენჯერ მინახავს ქუჩაში გადაყრილი ძველი ფოტოები. მოვიდა ოჯახში რძალი, ვერ იცნო ფოტოზე გამოსახული ადამიანები, მოჰკიდა ხელი და გადააგდო. ვფიქრობ, ასეთი ფოტოები უნდა ინახებოდეს ოჯახში და უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

- დღეს ბევრი გამოსცემს წიგნს საკუთარი სახსრებით, აქედან შეიძლება დიდ ნაწილს არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ასეთმა შეიძლება მოგმართოთ კავშირში გაწევრების განაცხადით. ასეთ დროს როგორ იქცევით?

GzaPress- დიახ, გამოდის წიგნი და სიდედრი რედაქტორია, ცოლის და - კორექტორი... ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ვერ დავიტრაბახებ, რომ აქაც არ იქნება ასეთი ხალხი შემოპარებული. ეს არავის ბრალი არაა, მაგრამ როცა ერში ასეთი გაუგებრობა ხდება, ერი და ბერი არეულია, მწერალთა კავშირიც ერის ნაწილია და ჩვენც შეიძლება შეცდომა დავუშვათ. ჩემს კოლეგებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ წიგნების განუხილველად არ ვაპირებ, ვინმე მივიღო. ვთქვათ, ადამიანი 4-5 წიგნის ავტორია, ჩავატარებთ წარდგინებას, განვიხილავთ და თუ მწერლების გარკვეული ნაწილი იტყვის, რომ მისაღებია და ეს არაა ლიტერატურული სიმდარე, მაშინ რეკომენდაციების საფუძველზე მივიღებთ. ქართული სიამაყით ხმამაღლა თქმა რომ იციან, ისე მე ვერ ვიტყვი, რომ მკაცრად გავფილტრავ რაღაცებს, უბრალოდ, ყველანაირად შევეცდები ასე მოხდეს. სექტემბერში სამდივნოს მოვიწვევ და ჩემს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ამ თემასაც განვიხილავთ.

- ხშირია პრეტენზია, განაწყენება, როცა ავტორს ესა თუ ის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი ლექსს არ უბეჭდავს?

- ძალიან ხშირი. თან საქართველოა, "ბიძაშვილ-მამიდაშვილი ერი" ვართ და ყველას რომ ყველაფერი პირში უთხრა, ნათესავი უნდა დაკარგო. ვცდილობ, ლამაზი ფორმით, მოზომილად ვუთხრა ჩემი აზრი, ისე, რომ არ დაღუპო და გული არ ატკინო. ადამიანის სულს მოფრთხილება უნდა. უცებ წიგნი კი არ უნდა დაუბეჭდო, არამედ დაეხმარო რომელიმე ჟურნალ-გაზეთში 1-2 ლექსი გამოქვეყნდეს, მაგრამ წერა-კითხვის უცოდინარი 2 ტომს რომ გამოსცემს, ეს ხომ დიდი სისულელეა?!

- ბევრიც ინტერნეტით ავრცელებს საკუთარ ნაწერებს...

- ვინც ვერ ბეჭდავს, ინტერნეტით იოხებს გულს, მაგრამ აქ კიდევ სხვა უბედურება ხდება. როგორ შეიძლება დაწერო, დედა გარდამეცვალაო და ამხელა ტრაგედია ინტერნეტით მიუსამძიმრო ადამიანს? მამა რომ გარდამეცვალა, უწმინდესისგან მივიღე სამძიმრის წერილი და ეს ჩემთვის ყველაფერი იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, საპატრიარქოს "ფეისბუკის" მეშვეობით რომ მოესამძიმრებინა?! ანდა სადმე სუფრაზე ხარ, ჯერ სახლში არ მისულხარ და უკვე შენი ნაქეიფარი სახის ფოტო "ფეისბუკზე" დევს. ვერ ვხვდები, რატომ მიქვეყნებ თვალებამღვრეულ, ნასვამ კაცს ფოტოს, მე ხომ ეს შენთვის არ მითხოვია?!

- რა უმთავრესი გეგმების განხორციელების სურვილი გაქვთ ამ ერთი წლის განმავლობაში?

- ხელფეხშეკრული ვართ დაუფინანსებლობის გამო და ამიტომ, ძნელია რამე დაგეგმო, როცა მთავრობისგან არ გაქვს ხელშეწყობა. საღამოს ჩატარებას ფინანსები სჭირდება. ვთქვათ, როგორ შეიძლება პოეტ ქალბატონს 80 წელი შეუსრულდეს და ყვავილები, ბოთლი შამპანური არ დაახვედრო? ვაპირებ, ახალგაზრდების დახმარებით გამოვაცოცხლო პროცესები. ახალგაზრდების იმედი მაქვს. მსურს საღამოების ციკლი ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებით დავიწყო. იოსებ ნონეშვილს 100 წელი უსრულდება, შემდეგ გრიშაშვილის საღამოს გამართვა მინდა, დემნა შენგელაიასი და სხვა, ასე ვთქვათ, მივიწყებული მწერლების. ისე, მეცინება, მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ მე რა მინდა? კაბინეტის მოყვარული კაცი არ ვარ, არც ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები! ნეტა რამდენიმე ლექსი დამაწერინა - ჩემი მიზანი ეს არის, მაგრამ რადგან ახალგაზრდებისგან პასუხისმგებლობა დამეკისრა, ამას ვერ გავექცევი.

- მგონია, რომ საზოგადოება სხვა კუთხით გიცნობთ, მეც და როცა შევიტყვე თქვენი თავმჯდომარეობა, გამიკვირდა, ზუსტად მაგიტომ, რომ არ ხართ კაბინეტის კაცი, მაგრამ მგონია, საუკეთესო ადგილია იმისთვის, ახალგაზრდებს ხელი რომ შევუწყოთ და მივიწყებული მწერლები გავიხსენოთ.

- ჩემო ანა, ჩვენ ერთმანეთი დღეს არ გაგვიცნია. ვიცი, სირცხვილს არ ვჭამ. თუ ფინანსურად ვერა, მორალურად ყველას დავუდგები გვერდით. ყველანაირად შევეცდები, ჩემი კვალი დავტოვო ახალგაზრდების "მობრუნებაში", რადგან ამის უნარი მაქვს - ეს დანამდვილებით ვიცი და დანარჩენი უკვე გზადაგზა ვნახოთ. შეიძლება წართმეული ქონება ვერ დავიბრუნო, სხვა დანარჩენში თავს არ დავზოგავ.

- სახელმწიფო მოხელეებს თუ დაელაპარაკეთ ამ პრობლემაზე?

- წლების განმავლობაში ჩვენ: მაყვალა გონაშვილი, რევაზ მიშველაძე, ბაღათერ არაბული ვხვდებოდით მთავრობას, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ვითხოვდით 2 ოთახს მაინც იმ შენობიდან, რომელსაც მწერალთა კავშირის შენობა ერქვა... მთაწმინდის გამგებლად ძალიან კარგი ახალგაზრდა მოვიდა და ვინაიდან ჩვენი კავშირი მთაწმინდის რაიონს ვეკუთვნით, შეხვედრაზე შევიპირე და მინდა მასაც გავაცნო ეს პრობლემები.

- წიგნის მაღაზიებისა და არტ-კაფეების გარდა, არაერთი წლის განმავლობაში, მწერლებს საშუალება აქვთ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართონ საღამოები, სადაც თქვენც ხშირად ხართ...

- დიახ, ეს ადგილი უწმინდესმა გამოგვიყო და შეგვიკედლა მაშინ, როცა გამწარებულები ვიყავით. მიშას დავალებით, მწერალთა სახლში შემოცვივდნენ ნიღბოსნები და ყველაფერი გადაგვიყარეს. ყველაზე მეტად, გული განადგურებული არქივის გამო მიკვდება.

- ლექსის წერის დრო თუ გრჩებათ?

- ვიცი, არ დამრჩება, მაგრამ რახან ასე გადაწყდა, ალბათ, ესეც უფლის ნებაა და ახლა უპირველესი იმ საქმის კეთებაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- ორი შვილი გყავთ, წერს რომელიმე?

- ბავშვობისას გოგონა წერდა, მაგრამ მერე მიატოვა. თამთას შვილი, ლუკა ათი წლის ხდება და 3-4 წლიდან უკვე რაღაცებს რითმავდა, ვაჟა-ფშაველაზე საუბრობდა. მოვა ხოლმე, - პაპა ახალი ლექსი დავწერეო. ის ჩემი მეგობარია. საინტერესო კაცია...

- გასულ წელს რუსთაველის თეატრში საღამო გქონდათ...

- დიახ, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, სამი საათი გაგრძელდა. ალბათ, ის დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ეს ჩემი ქალიშვილის სურვილი და ინიციატივა იყო. პატარა წიგნიც გამოვეცი. ტელეფონის ყურმილი არ ამიღია და არავინ დამიპატიჟებია, გეფიცებით სინდისს, მწერლურსაც და ადამიანურსაც, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენსაც არ მოველოდი.

ანა კალანდაძე