"ქართველ კაცს შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა!"
"მე ხელოვანი ვარ და არ მეგულება საქართველოში ხელოვნების რომელიმე სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ ეყვარება. ყველაზე დიდი განცდა და გულისტკივილი სწორედ ჩვენი პროფესიის ადამიანებს გადააქვთ საკუთარ მხრებზე, მაგრამ ამას სხვების საწყენად არ ვამბობ. სულს არ ვიშურებთ, მაყურებლამდე მივიტანოთ ქვეყნის ტკივილი და ამას დიდ ენერგიას ვახმართ. საქართველო მსოფლიოს ვერ დაიპყრობს, მაგრამ ქართველ კაცს შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა!" - მეუბნება კავკასიური იერის, სასიამოვნო გარეგნობის წარმოსადეგი მამაკაცი, თბილი ღიმილითა და ხავერდოვანი ბარიტონით.
მსახიობი და სცენარისტი გიორგი დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ წლები მხოლოდ ციფრებია, სხვა არაფერი. ის ემიგრანტია და როგორც ყველა ემიგრანტი, სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. გიორგიც არ ეპუება სირთულეებს და მომავალს იმედიანად შეჰყურებს. მისი შესაძლებლობები და სურვილი ამის საფუძველს იძლევა.
ამერიკაში თავიდან ძალიან გაუჭირდა იმის გამო, რომ საბუთები არ ჰქონდა. იძულებული გახდა, სხვადასხვა ადგილზე ემუშავა. პირველი ორი წელი მისთვის რთული იყო იმის გამოც, რომ ენა არ იცოდა, შემდეგ მოხდა ისე, რომ Green Card-ი მიიღო.
შტატებში გიორგიმ წარმატებით გაიარა FBI-ს საოფიცრო კურსი და ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსი გახდა, ჩააბარეს ოთხი ბლოკი, ანუ ქუჩა და სამი მილიარდი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი. მას ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოებაც ანდვეს. მსახიობის ალღო ახალ პროფესიაშიც დაეხმარა, კარგად ახერხებს ადამიანების ხასიათის ამოცნობას.
გიორგი თბილისში 1958 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა... 4-5 წლის იქნებოდა, მშობლებმა კავთისხევში რომ წაიყვანეს ახლობლის დაკრძალვაზე. დედ-მამამ გიორგი ნათესავს ჩააბარა, მაგრამ გაიპარა და ჩუმად გაჰყვა ავტობუსს სასაფლაოზე. მანქანიდან ადევნებდა თვალს დაკრძალვას და დაინახა, როგორ გაწყდა თოკი და მესაფლავეებს მიცვალებული საფლავში ჩაუვარდათ. იქ ატეხილმა ტირილმა და აურზაურმა დააფრთხო ბავშვი, სიკვდილის შიში ჩაუნერგა. შეშინებულს დიდხანს აწყნარებდნენ მშობლები, მაგრამ ვერაფრით აუხსნეს, რატომ მარხავდნენ ახალგაზრდა კაცს...
ამის მერე გიორგის გონებაში სიკვდილის შიში ჩაიბეჭდა და ის დეპრესიამ მოიცვა.
ერთხელ, მამამ თეატრში წაიყვანა სპექტაკლზე - ამ დღეს გიორგის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მან დაინახა, რომ სცენაზე "მოკლული" ადამიანი სპექტაკლის მერე "ცოცხალი" იყო. იფიქრა, რომ მსახიობობა ჯადოსნური პროფესია გახლავთ, რომელიც ადამიანს "უკვდავს" ხდის და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ოცნება მსახიობობაზე. აქტიურად ჩაება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ის ხვდებოდა, რომ კარგი მსახიობი მუდამ ფორმაში უნდა ყოფილიყო....
გიორგიმ 87-ე სკოლა დაამთავრა. აქ იგი აქტიურად იყო ჩაბმული დრამწრეში და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში. შემდგომ იყო გასაოცარი და ულამაზესი სტუდენტობის წლები. თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველებისა და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე გახლდათ. ასწავლიდა ლილი იოსელიანიც. სტუდენტურ სპექტაკლებში მუშაობდა დიმიტრი ალექსიძესთან. მისი ხელმძღვანელები იყვნენ გია და ლეო ანთაძეები, რომლებსაც საოცარი სითბოთი იხსენებს. მე-4 კურსს ამთავრებდა, როცა მთავარი როლი ითამაშა ალინა აბაშმაძის გადაღებულ ფილმში "ქართლოსიანთა საკურთხეველი" - 24 წლის გიორგისათვის ეს პირველი მთავარი როლი იყო ქართულ ფილმში. იგი ფარნავაზის ძმადნაფიცის, დიდებული ვამეხის როლს თამაშობდა. მანამდე იყო "ტაჯიკფილმის" გადაღებული "საკონტროლო ზოლი".
პირველი კურსის სტუდენტი გიორგი საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა კიევში, სადაც შეხვდა კინომატოგრაფისტებს, რომლებიც ქართველ მსახიობს ეძებდნენ როლისათვის. გიორგი სინჯებზე გამოიძახეს და 1980 წელს პირველი დიდი, მთავარი როლი ითამაშა "ტაჯიკფილმში", ამავე წელს გახდა მამაც (სამი შვილი ჰყავს: მიხეილი, ანა და ოთარი).
სტუდენტობისას ითამაშა გიგა ლორთქიფანიძის ფილმში "წიგნი ფიცისა", სადაც მრავალშვილიანი მამის, პაპიაშვილის ერთ-ერთი ვაჟის, გიგოლეს როლი ჰქონდა. სამეფო უბნის თეატრში იზა გიგოშვილთან ერთად იდგა სცენაზე, სპექტაკლში "ოიდიპოსი". შესრულებული აქვს მეფე იაზონისა და ოიდიპოსის როლი.
1982 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გიორგი გაანაწილეს სანდრო ახმეტელის თეატრში, რომლის სცენაზეც არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა... ერთხელ იური მეჩითოვმა კინოსტუდიაში 10 ფოტო გადაუღო სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილს. მსახიობი ფოტოსესიის დროს მონოლოგებს კითხულობდა განსხვავებულ ხასიათში, ის კი უღებდა. ფოტოები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიაში გაგზავნეს. 1990 წელს ინდოეთში, რაჯ კაპურის სტუდიაში ფილმის "შავი უფლისწული" რეჟისორი იყო შაში კაპური, რაჯ კაპურის ძმა. იგი რუსეთში ჩამოვიდა და გიორგის ფოტოები "გორკის" კინოსტუდიის კატალოგში ნახა. დაინტერესდა და მიიწვია. "გორკის" კინოსტუდიასთან ერთად შედგა მოლაპარაკება, რის საფუძველზეც გადაწყდა, საბჭოთა და ინდოელი მსახიობების ერთობლივი მუშაობა. გიორგიმ სინჯები გაიარა და 1988 წელს ინდოეთიდან მიიღო წერილი - გადაღებებზე იწვევდნენ. რეჟისორი გახლდათ კუნალ კაპური, რაჯ კაპურის ბიძაშვილი. გიორგი იყო პირველი ქართველი მსახიობი, ვინც როლზე დაამტკიცეს კაპიტალისტურ ქვეყანაში საბჭოეთიდან. გადაღებები დასრულებული არ იყო, როცა მას დაუკავშირდა ცნობილი რუსი რეჟისორი ვლადიმერ მატილი (ეს ის რეჟისორია, რომელმაც თავის დროზე გადაიღო ფილმი "უდაბნოს თეთრი მზე", "დეკაბრისტები"), რომელიც შემდეგში, ინდოეთიდან დაბრუნებულ გიორგის სასტუმროში შეხვდა. რეჟისორის წინადადება უჩვეულო იყო ახალგაზრდა მსახიობისთვის. მან შესთავაზა მსახიობს, რომ სცენარის წაკითხვის შემდეგ, როლი თავად აერჩია. გიორგი ამ ფაქტს ახლაც გაოცებით იხსენებს. მან მორიდებულად გაუმხილა დიდ რეჟისორს, რომ "ბაგრატ ტიაბშის" როლზე ოცნებობდა. ეს იყო ფაზილ ისკანდერის ნაწარმოების "Äóäêà ñòàðîãî Õàñàíà" მიხედვით დაწერილი სცენარი. გადაიღეს სინჯები. მატილმა გიორგის უთხრა, რომ პასუხს დალოდებოდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ მსახიობი სხვა ფილმზეც იყო მიწვეული (ფილმი "შამილი"), რეჟისორმა განუცხადა, რომ როლზე დამტკიცებული იყო. რუსეთმა ტელევიზიით რამდენჯერმე უჩვენა ეს ფილმი და მერე, როგორც იტყვიან, თაროზე შემოიდო. ფილმის პრემიერა 1991 წელს თბილისში, ე.წ. კინოს სახლშიც შედგა. საღამო მაშინდელ კულტურის მინისტრს, გიგა ლორთქიფანიძეს მიჰყავდა. ფილმის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ფილმის ამერიკული პრემიერა 1999 წელს ვაშინგტონში შედგა.
მსახიობი ამაყობს ბაგრატის როლით. ახლაც უამრავი ადამიანი ეხმაურება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გულთბილად ეფერებიან საყვარელ მსახიობს. გიორგის იდეა აქვს, პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაიღოს ამ ფილმის გაგრძელება, სცენარიც აქვს დაწერილი.
ბაგრატის როლის შემდეგ ითამაშა ისმალ კაზიევის ფილმში "შამილი", სადაც იმამ კამზატ ბეგის როლი ჰქონდა. მოგვიანებით ფილმი წაიღეს შტატებში და რეჟისორმა გიორგისაც შესთავაზა წასვლა - ასე მოხვდა მსახიობი ამერიკაში. ეს ვოიაჟი კი 20 წელი გაგრძელდა, ოჯახის, ახლობლების, პროფესიისა და სამშობლოსაგან მოშორებით, რასაც დღემდე განიცდის.
ამ ორიოდე წლის წინ მსახიობს ფორტუნამ გაუღიმა და გიორგი მელიქიშვილმა ის საქართველოში მოიწვია ფილმში "მკვლელები" გადასაღებად. ეს გახლავთ ჰემინგუეის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მელიქიშვილმა ზუსტად 12 საათში დაამთავრა, დაამონტაჟა და ფილმი საჩუქრად გადასცა კრისტეფორ კოპოლას. გიორგი აღფრთოვანებულია ქართველი რეჟისორის ვირტუოზობით, რომელმაც შეძლო და ასე მოკლე დროში გადაიღო ფილმი. ჯერჯერობით, მსახიობის ბოლო ნამუშევარია ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი "ექვთიმე ღვთის კაცი", ფრანგი პრემიერ-მინისტრის როლი, რასაც წარმატებით გაართვა თავი. გიორგის ოცნებაა კინოში დაბრუნება, რაც სამწუხაროდ, მასზე არაა დამოკიდებული!..
20 წლის განშორების მიუხედავად, მიაჩნია, რომ "ფესვები" გადაჭრილი არ აქვს და ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე. 5 შვილიშვილის ბაბუა თბილად საუბრობს პატარებზე, განსაკუთრებით უმცროსზე - ანასტასიაზე, რომელსაც "ყველაზე კარგად ესმის" პაპის.
გიორგი წერს სცენარებს, პოეზიითაც არის გატაცებული. მისი სცენარი ამერიკელებმაც მოიწონეს, შესყიდვაც უნდოდათ, რაზედაც გიორგი არ დათანხმდა. სცენარის თემატური ხაზი მე-20 საუკუნის დასაწყისს ეხება:
"ამერიკაში გავიცანი ლაზი, რომლის პაპა ახალგაზრდობაში სტალინს იცნობდა. საინტერესო სცენარი დავწერე, რომელიც 1903 წლიდან 1917 წლამდე პერიოდს ასახავს. სცენარის სამუშაო სათაურია "გურჯი". ამ ლაზის დიდი პაპა 17 წელი აზერბაიჯანის ციხეში იყო. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში სტალინის დავალებით ქურდობები და ბანკების ძარცვა ხდებოდა. მერე ამ "ნადავლს" ერთ ადგილზე აგროვებდნენ... ამ ამბებს ბევრი ადამიანი შეეწირა და მხოლოდ ამ ლაზის დიდი ბაბუა გადარჩა, რომელიც მერე თურქეთში გადავიდა. სცენარი სწორედ ამ ფაქტზე ავაგე", - ამბობს მსახიობი.
გიორგი თვლის, რომ ამ სცენარში ქართული სული დევს და ქართველი კაცის ხედვაა, რომელის თამაშსაც უცხოტომელი ვერასოდეს შეძლებს. მას სწამს, რომ სცენარი მოწონებას დაიმსახურებს და აუცილებლად მოხერხდება ფილმის გადაღება.
შესაძლოა, დაუჯერებლად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ გიორგიმ სახელოვნებო ვარსკვლავის გახსნაზე უარი თქვა. ის ხარჯები, რაც ამ ვარსკვლავის გახსნას ახლავს, საქართველოში სოციალურად გადმოამისამართა. "ვერაფერი შემცვლის, ვერავითარი ამერიკა, ვერც ევროპა. კავკასიელი მამაკაცი ყოველთვის იდგა და იდგება თავის სიმაღლეზე! მე საქართველოს მიწის შვილი ვარ. ახლაც შევიგრძნობ მის სურნელს ბავშვობაში, ნაწვიმარ ბალახზე სირბილისას რომ შემისუნთქავს. ცოტა მიწა ყველა ემიგრანტს აქვს წამოღებული, მაგრამ ამ მიწას ისევ უკან დავაბრუნებ, ჩემს ქვეყანაში! უარი ვთქვი სახელოვნებო ვარსკვლავზეც, რადგან ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ჩემი სამშობლოა! მწამს, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, გონს მოეგება ხალხი და უცხოტომელებს არ აცქერინებენ ჩვენს უბედურებას! ჩემი ყველაზე დიდი დარდი, სამშობლოა!"
როლანდ ხოჯანაშვილი