"ბევრ რამეს ტურისტის თვალითაც ვუყურებ, ნაკლოვანებებსაც სხვაგვარად აღვიქვამ" - გზაპრესი

"ბევრ რამეს ტურისტის თვალითაც ვუყურებ, ნაკლოვანებებსაც სხვაგვარად აღვიქვამ"

XIX საუკუნის ქართველი პოეტი, დრამატურგი, ისტორიკოსი, მთარგმნელი რაფიელ ერისთავი გარდა ლექსებისა, მოგეხსენებათ, წერდა პიესებს, მოთხრობებს, ნარკვევებს. "სამშობლო ხევსურისა" მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ლექსია. იგი წარმოშობით არაგვის ერისთავთა შთამომავალი იყო, საერისთავოს გაუქმების შემდეგ კი ერთ-ერთი შტო კახეთში, სოფელ ქისტაურში დასახლებულა, სადაც ამჟამად რაფიელ ერისთავის მოქმედი სახლ-მუზეუმია. რაფიელს ჰყავდა ძმა - იოსები. მათი და ცნობილი მწერალი - ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე იყო, მეორე და - ანა კი თავად ნიკოლოზ ჭავჭავაძეზე გახლდათ გათხოვილი. რაფიელ ერისთავს და მის მეუღლეს - ფეოდოსიას ხუთი ქალიშვილი ჰყავდათ, რომელთაგან უფროსს დედის სახელი ერქვა და მხატვარი რაფიელ მაყაშვილი სწორედ მისი - ფეოდოსიას შვილიშვილია. მარიამ მაყაშვილი რაფიელ მაყაშვილის ქალიშვილია და მამის მსგავსად, თავადაც მხატვარი გახლავთ. მარიამი თავისი საქმიანობისა და ოჯახის შესახებ გვესაუბრა.

GzaPress- მხატვარი, პედაგოგი ვარ, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 1994 წლიდან ბავშვებს ხატვასა და ფერწერას ვასწავლი, ბევრი აბიტურიენტიც მყავს: ზოგი სამხატვრო აკადემიაში აბარებს, ზოგი სხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ხატვა სჭირდებათ; ჩემს სახელოსნოში კი შემოქმედებითად ვმუშაობ, სხვადასხვა ჟანრში - ხან პორტრეტების ხატვა მიწევს, ხან - პეიზაჟების, ნატურმორტების, კომპოზიციების. მოდერნისტული ინდივიდუალური სტილი მაქვს, კლასიკურ საფუძვლებზე დაფუძნებული.

უნიჭიერესი ახალგაზრდობა გვყავს და იმედი მაქვს, ისინი ყველაფერს კარგისკენ შეცვლიან. საინტერესო იდეებით მოდიან. ჩემს მოსწავლეებს უფრო მეტად, მედიახელოვნება მოსწონთ, უმრავლესობას - არქიტექტურა. მშენებლობის მხრივ, ქალაქში ქაოსია და ეს ბავშვების ინტერესებზეც აისახა.

- თქვენ როგორ შეაფასებთ ამ თანამედროვე მშენებლობებს?

- რა გითხრათ, ეს ახალი შენობები ქალაქის საერთო იერში ზოგან ჯდება, ზოგან - ვერა. მაღალი შენობები მიყვარს, მაგრამ თბილისის ინფრასტრუქტურასა და ეკოლოგიას, მგონია, რომ 10-სართულიანზე მეტი საერთოდ არ შეესაბამება. ძველ თბილისში ბევრი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და თუ ისევ ისეთი იერით, ფასადით აღდგება, როგორიც იყო, ცხადია, კარგი იქნება. თუმცა, არის სახლები, რომლებიც დიდად არ გამოირჩევა არქიტექტურული თვალსაზრისით და ვფიქრობ, შიგადაშიგ, თანამედროვე სტილის შემატებაც შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ლამაზად, გემოვნებიანად და ხარისხიანად შესრულდება და ძველს შეერწყმება ისე, რომ საუკუნეებს გაუძლოს, როგორც არქიტექტურული, ისე - კონსტრუქციული თვალსაზრისით.

- მამათქვენის ნამუშევრებში ძველი თბილისის თემატიკაა აქტუალური. თქვენთვის რა არის დღევანდელი ძველი თბილისი და რამდენადაა ის შთაგონების წყარო?

- არის, როგორ არა, რადგან ის სულ სხვა სამყაროა. ხომ როგორი დაძველებულია ეს სახლები, ჩემი სახელოსნოს ამოსასვლელი კიბე, მაგრამ აქ რომ შემოვდივარ და ამ ხედებს ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა განწყობით ვხატავ. უამრავი ეკლესიაა. ეს ადგილი ახლა ძალიან შეცვლილია, ბევრი ტურისტი გვხვდება ქუჩებში, თუმცა, ეს ნეგატიური კუთხით გავლენას ნამდვილად არ ახდენს, პირიქით, უფრო საინტერესოა და ბევრ რამეს უკვე ტურისტის თვალითაც ვუყურებ, ნაკლოვანებებსაც სხვაგვარად აღვიქვამ - რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესობისკენ, ჩვენ თვითონ როგორ მოვუაროთ და როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც საინტერესოა. ჩვენს ქვეყანას მოსახლეობამ თუ არ მივხედეთ, მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს გაგვიკეთებს.

- თქვენი ნამუშევრების გამოფენებს თუ აწყობთ ხოლმე?

- გამოფენებში ადრე ხშირად ვმონაწილეობდი, თუმცა, პერსონალური არასდროს მქონია. უმრავლესობა კერძო კოლექციებში ინახება. გამოფენის მოწყობას სხვანაირი მობილიზება სჭირდება, დიდი პასუხისმგებლობაა. მამას ხშირად ჰქონდა პერსონალური გამოფენები და ვიცი, როგორი შრომატევადი საქმეა. ორგანიზება საერთოდ, ცალკე საკითხია, მხოლოდ შემოქმედი ვერაფერს გააკეთებს, დღევანდელ დღეს ეს რთულია, გალერეები სათანადოდ ვერ მუშაობს, მხატვრებს, ხელოვან ხალხს ხელშეწყობა არ აქვთ. გობელენებს ვქსოვდი და უცხოელებმა ჩემი არაერთი ნამუშევარი შეიძინეს. თუმცა, ახლა ვეღარ ვაგრძელებ ამ საქმიანობას, რადგან ძალიან დიდი შრომა, მასალა და ძალისხმევა სჭირდება, მე კი ძირითადად, პედაგოგიური საქმიანობით ვარ დაკავებული, ახალგაზრდა თაობას ვუწყობ ხელს. ჩემს მოსწავლეებს ხშირად აქვთ პერსონალური გამოფენები და აქტიურად არიან ჩართულები კონკურსებშიც.

- მამათქვენზე - რაფიელ მაყაშვილზე ვისაუბროთ. რას გაიხსენებდით მასზე? როგორ აფასებდა ის თქვენს ნახატებს?

- სხვათა შორის, მამაჩემის დედ-მამაც მხატვრები იყვნენ და გამოდის, რომ ხატვის ნიჭი სწორედ მათგან გვერგო. ბავშვობიდან, სულ ფანქარი მეჭირა ხელში და ვხატავდი ყველაფერზე. ზოგჯერ, ახლაც ვპოულობ ძველ წიგნებში, ცარიელ ადგილებში ჩემს მიხატულ-მიწერილ რაღაცებს... მახსოვს, მეორე-მესამე კლასში ვიყავი, როცა პედაგოგმა ჩემი ნახატების ნახვის შემდეგ მითხრა, აუცილებლად წადი სასახლეში, ხატვის წრეზეო. მე კი ვუთხარი, იქ მამაჩემი ასწავლის-მეთქი (იცინის). მერე, მამას წავყევი გაკვეთილზე, დავჯექი და დავხატე. იქ სიარული ძალიან მომწონდა. ჩემი ძმაც ხატავდა, ბავშვობისას ძერწვაზეც დადიოდა, მაგრამ მხატვრობას არ გაჰყვა, კავშირგაბმულობის ინჟინერია. მე "ნიკოლაძეში" ჩავაბარე, შემდეგ პედაგოგიური დავამთავრე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის განხრით. ჩემი ნამუშევრები მამას ყოველთვის მოსწონდა, ჩემში იდივიდუალიზმს აფასებდა. ნიკოლაძემ ძალიან კარგი კლასიკური საფუძველი მომცა. მამა ფერმწერი, გრაფიკოსი იყო, მანაც "ნიკოლაძე" დაამთავრა, შემდგომ სამხატვრო აკადემია და სასახლეში წლების განმავლობაში ასწავლიდა. მისი თემატიკა იყო როგორც ისტორიული ჟანრი, ისე პორტრეტები, პეიზაჟები და სხვა. თან, ძალიან დახვეწილი და სწრაფი ხელი ჰქონდა, საოცარი ტექნიკა. საკმაოდ წყნარი, სერიოზული კაცი იყო, თავისებური და ლამაზი იუმორის მქონე. ამბიციებით არავის შეაწუხებდა. მისი ყოველი დღე იყო ხატვა, როგორც ჰაერი. ამ სახელოსნოში მოდიოდა და ნამუშევრებს ქმნიდა. სახლში თუ სხვაგან ყოფნისას, შემდგომი ნამუშევრებისთვის ჩანახატებს აკეთებდა. დასასვენებლად როცა მივდიოდით, თავისი "ეტიუდნიკი" და სხვა სახატავი საშუალებები სულ თან დაჰქონდა, ეტიუდებს ფერში ხატავდა, მერე კი მოზრდილ ტილოზე გადაჰქონდა.

GzaPressწარმოშობით კახეთიდან ვართ, იყალთოდან, თუმცა, იქ არაფერი დაგვრჩა, რადგან გასაბჭოების დროს, დაძაბული სიტუაცია და რეპრესიები რომ იყო, წინაპრებს ყველაფერი დაუტოვებიათ და წამოსულან. უბრალოდ, ვიცით, სად არის ჩვენი ნასახლარი. დედაც კახეთიდანაა, ველისციხიდან და მის მშობლებთან ხშირად ჩავდიოდით.

- ალბათ, ამიტომაცაა მის შემოქმედებაში კახეთში დახატული სცენებიც ასე მრავლად, არა?

- კი, იქაურ ხალხს ხატავდა, პოზირებდნენ და მერე, საკუთარ თავს გამოფენაზე რომ ნახულობდნენ, ძალიან უხაროდათ. იქ შესრულებულ ეტიუდებს ადიდებდა და სხვადასხვა ტექნიკით ასრულებდა.

თბილისში, ჩვენს ოჯახში ხელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ, ძირითადად, მხატვრები, რომლებიც უკვე სხვადასხვა მიმართულებით იყვნენ წარმატებულები: ზოგი არქიტექტორი იყო, ზოგი გრაფიკოსი, ზოგი ფერმწერი, პორტრეტისტი და ა.შ. საინტერესო საუბრები ჰქონდათ. ძირითადად, ერთმანეთის ნამუშევრებს განიხილავდნენ, აფასებდნენ და აუცილებლად ითვალისწინებდნენ ერთურთის რჩევებს. მე და ჩემს ძმას ნათლიებიც მხატვრები გვყავს.

- რას გიყვებოდათ მამა რაფიელ ერისთავზე?

- ბევრს არაფერს, რადგან უფრო ჩაკეტილი ადამიანი იყო და ამ თემაზე ბევრს არ საუბრობდა. თუმცა, მის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიაში ყველაფერს წაიკითხავთ, დედაჩემმა კი მისი ბიოგრაფია წიგნადაც გამოსცა. მამა რაფიელის ქალიშვილმა, ანუ ბებიამ გაზარდა, რადგან მის მშობლებს რეპრესიებმა მოუწია. ალექსანდრე, სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, მერე გამოჩნდა და მიხედა თავის შვილს, ასწავლა კიდეც და გზაზეც დააყენა.

ხელნაწერია შემორჩენილი, როდესაც სკოლის სარდაფში ცხოვრობდნენ, ფეოდოსია ბინას ითხოვდა და წერდა: "რაფიელ ერისთავის ქალიშვილს არ შაჰფერის ასეთ პირობებში ცხოვრება". უკანა მხარეს კი მამაჩემის პატარაობის დროინდელი ნახატია - კინო აქვს დახატული, ხალხი ზის და ვითომ ფილმს უყურებენ.

- რომელიმე შთამომავალს წერის ნიჭი თუ აქვს?

- სამწუხაროდ, არა. ძმისშვილი მეზრდება - ერეკლე, კარგად სწავლობს, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებული ნიჭი ჯერ არ აღმოგვიჩენია.

- რაფიელ ერისთავის სხვა შვილების შთამომავლებთან თუ გაქვთ კონტაქტი?

- მე არ მაქვს, მაგრამ მამას ჰქონდა. მისი ძმის შტოდან გავიცანი ბავშვი, რომელიც სასახლეში ჩემთან მოვიდა, გვარი რომ გავიგე, ვკითხე და რაფიელის ძმისშვილის შთამომავალი აღმოჩნდა. დიდი ხნის წინ, 1974 წელს, რაფიელ ერისთავის 150 წლის იუბილე აღინიშნა და დაგვპატიჟეს, მწერლები იყვნენ: იოსებ ნონეშვილი, მურმან ლებანიძე, კარლო კალაძე და სხვები. მწერალთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა. ქისტაურშიც ვიყავით, სადაც რაფიელის სახლ-მუზეუმია. მამაჩემს ნახევარძმა ჰყავს - ლევან მაყაშვილი, რომელიც ისტორიკოსია და შესთავაზეს, ხომ არ გაქვს სურვილი უხელმძღვანელოო, მაგრამ გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სახლ-მუზეუმს ყურადღება ექცევა.

- რაფიელის ნივთებიდან თუ გაქვთ რაიმე შემონახული?

- რაიმე განსაკუთრებული ნივთი არა, წვრილმანები გვაქვს, მაშინ ყველაფრის კონფისკაცია მოახდინეს, სხვა დანარჩენი კი სახლ-მუზეუმშია. თუმცა, ფოტოსურათები გვაქვს. მამამ რაფიელის პორტრეტი დახატა და ძალიან კარგი გამოვიდა, სახლში ვინახავთ.

თამთა დადეშელი