თბილისელი "გოგოს" გარეგნობამ პარიზელ პოლიციელს ჯარიმის გამოწერა გადააფიქრებინა - გზაპრესი

თბილისელი "გოგოს" გარეგნობამ პარიზელ პოლიციელს ჯარიმის გამოწერა გადააფიქრებინა

ძაღლიც მონდომებით ჩაჰფრენოდა საჭეს პატარა თათებით - თითქოს მართლა თავად მართავდა მანქანას... ამ ფაქტის ამსახველმა ვირუსულმა ვიდეომ საზოგადოება გაამხიარულა. ჩვენ "მორულვის" მოყვარული ძაღლის პატრონებს მივაგენით. გავარკვიეთ, რომ ძაღლს პეგი ჰქვია. პარიზში "დედობილ-მამობილთან" - ლადო ხვისტანსა და დიანა შალამბერიძესთან ერთად ცხოვრობს. ცნობილი ვიდეოც პარიზშია გადაღებული, ოღონდ - შარშან, თუმცა ინტერნეტსივრცე ახლახან დაიპყრო...

ლადო ხვისტანი:

- პეგის ავტომობილი ლეკვობიდანვე მოსწონდა, ამიტომ მანქანას თავიდანვე შევაჩვიე. კარი გახსნილი არ მქონდა, რომ უკვე მანქანისკენ მირბოდა. როცა საჭესთან ვჯდებოდი, სულ კალთაში მიჯდებოდა. ერთხელ ვუთხარი, - აბა, "მორულე", მამიკო-მეთქი. ახტა და საჭეზე დახტა. "მორულვა" ასე დაიწყო. თუ საჭეს ვინმე სხვა მიუჯდა, დიდად არ უყვარს. როგორც კი მე ვჯდები, მაშინვე მოდის.

- ცნობილ ვიდეოში პეგის ავტომობილის "მართვაში" თქვენი მეუღლეც აქტიურად გულშემატკივრობდა...

დიანა შალამბერიძე:

GzaPress- ვიდეო დაუფიქრებლად გადავიღე. რასაც ვხედავდი, ეს ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ვიფიქრე, - მოდი, უბრალოდ, გადავიღებ-მეთქი.

ლადო:

- ვიდეოების "ფეისბუკზე" გამოქვეყნება არ მიყვარს. ჩემმა მეუღლემ უკითხავად დადო და გადავირიე.

დიანა:

- ქმარი მეჩხუბება, - "ფეისბუკზე" ნუ დებო, მე კი ვპასუხობ, - იმისთვისაა "ფეისბუკი", რომ დავდო-მეთქი (იცინის). ამ თემაზე ვკამათობთ ხოლმე... მეგობრის რჩევით, ახლახან "ფეისბუკზე" ცუგების ჯგუფი დავიმეგობრე და ის ცნობილი ვიდეო გავუზიარე, შემდეგ ჩემს გვერდზეც გავაზიარე. ჰოდა, 2017 წელს გადაღებულ ვიდეოზე დიდი ამბავი ატყდა!..

ლადო:

- ძაღლები ძალიან მიყვარს - ბავშვობიდან მყავდა, მაგრამ ძაღლი ავტომობილებზე ასეთი შეყვარებული იყოს და საჭის მართვაზე - ასეთი მონდომებული, წინათ არ მინახავს. პეგი პატარა ძაღლია. ამ ჯიშის ძაღლის მაქსიმალური წონა 2,5 კილოგრამია.

- მგონი, თქვენს პეგის რაღაცის თქმა სურს - მისი ხმა მესმის...

დიანა:

- ფანჯარასთან არის. ეზოში ვინც გაივლ-გამოივლის, ყველას "პასუხი უნდა გასცეს".

- პარიზში რას საქმიანობთ?

- პროფესიით ექთანი ვარ, მეუღლე სასტუმროში ღამის რეცეპციონისტია. ისე, პროთეზისტის დიპლომი აქვს. მე ჩემს პროფესიულ განხრას - სამედიცინო სფეროს გავყევი: ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცებთან ფსიქოლოგიურად ვმუშაობ, ველაპარაკები და ა.შ.

- პეგი თქვენს ცხოვრებაში როგორ გაჩნდა?

- ძაღლებთან ურთიერთობა უცხო ჩემთვისაც არ ყოფილა - მამაჩემი მონადირე იყო და სულ ინგლისური სეტერები ჰყავდა. რომ გითხრათ, ძაღლები ფანტასტიკურად მიყვარდა-მეთქი, მოგატყუებთ. მეუღლე მთხოვდა, - შევიძინოთო. სამსახურის გამო, ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ დილიდან საღამომდე ან საღამოდან დილამდე ვმუშაობთ. 15 წლის ვაჟი გვყავს. მანაც აიჩემა, - ცუგა ვიყიდოთო. კოტიკოს (ჩემს შვილს) ბულდოგის ყიდვა სურდა, ჩემს მეუღლეს კი - ჯეკ რასელ ტერიერის. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ბინაში ძაღლის ყოფნა მაინც რთულია. ბოლოს ჩემს ქმარს ვუთხარი, ან პატარა ძაღლი ვიყიდოთ, ან საერთოდ არ შევიძინოთ-მეთქი. ორივე - მამაც და შვილიც დამთანხმდნენ. პატარა "ბიჭი" - ტოიტერიერი პინჩერი მინდოდა. სახელიც - პაკო შევურჩიე, ტანისამოსიც ვუყიდე...

ლადო:

- ეს ჯიში "დაპატარავებული" დობერმანია.

დიანა:

- ამ ჯიშის ძაღლი აქ ძალიან ძვირი (1900 ევროდან იწყება) ღირს. იშვიათი ჯიშია. ძირითადად, ფრანგებს ჩიხუახუები ჰყავთ. ჩვენი ახლობელი საქართველოში გაემგზავრა. გვითხრა, - ლეკვს იქ შევარჩევო. ეძებეს, მაგრამ პატარა "ბიჭი" არ იყო. მერე "სკაიპით" პეგი გვიჩვენეს - "გოგოაო". დანახვისთანავე შეგვიყვარდა, ვიყიდეთ და 2015 წლის იანვარში ჩამოგვიყვანეს.

ლადო:

- თბილისელი "გოგო" პარიზელი გახდა.

დიანა:

- პეგის სამი ენა ესმის, რადგან ოჯახში ქართულადაც ვსაუბრობთ, ფრანგულადაც და რუსულადაც. ძალიან ჭკვიანი ძაღლი გამოდგა.

ლადო:

- პატარა პოლიგლოტია!

- პეგის "დედიკო" უფრო უყვარხარს თუ "მამიკო"?

- საერთოდ, ოჯახში ძაღლი თავის "უფროსად" ერთ პიროვნებას ირჩევს. პეგიმ მე ამირჩია.

- მერე, დიანა არ ეჭვიანობს?

- როგორ არა! ისე, პატარა "გოგო" უფრო ეჭვიანობს დიანაზე.

დიანა:

- ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ პეგი ლადოსთან უფრო მეტ დროს ატარებს. ძალიან ვენატრები ხოლმე. შინ დაბრუნებულს დიდი სითბოთი და სიხარულით მხვდება. ძალიან სასაცილოა. ხანდახან სიხარულისგან ხველება ეწყება. სულ უნდა, რომ დამეტაკოს და "მტლიკოს".

ლადო:

- როცა მძინავს, პეგი გვერდით მიწევს. თუ დიანა კოცნას დამიპირებს და პეგი ამას დაინახავს, ძაღლი ეჭვიანობას იწყებს: იღრინება და მლოკავს - ჩემს პატრონს არ მიეკაროო...

დიანა:

- ლოკვის ტემპს უმატებს და თან, გვერდულად მიყურებს - გადიო... ოჯახის წევრებიდან თუკი ვინმე ლოგინში წევს, პეგი მასთან მიდის და წვება - კოტრიალი და დასვენება უყვარს.

ლადო:

- თან, ისეთი ძაღლია, რომ არ შეგაწუხებს: შეუძლია, მთელი დღე იწვეს, თუ არ ადგები. წვიმა არ უყვარს. ამიტომ მისთვის პამპერსს ვყიდულობთ, რომ წვიმაში მოსასაქმებლად გარეთ გასვლამ არ მოუწიოს. იცის, რომ სადაც პამპერსი დევს, ის მისი ადგილია და თავის "საქმეს" იქ "მოილევს" ხოლმე. რაც პეგი შევიძინეთ, მას შემდეგ ლოგინში ჩვენთან ერთად წევს... ყველაზე საოცარი რა არის, იცით? წინათ აზრზე არ ვიყავი, თუ შეიძლებოდა, ძაღლს სათამაშოები ასე ჰყვარებოდა. ამას წინათ, მაღაზიაში "ვარდისფერი პანტერა" დაინახა, დაადო კბილი და არ გაუშვა, - მიყიდე, თორემ აქედან არ გავალო (იცინის). ვუყიდეთ. როგორც პატარა ბავშვი მოგთხოვს სათამაშოს, ესეც ანალოგიურად იქცევა. მისაღებ ოთახში გავდივართ თუ საძინებელში, პეგის თავისი "პანტერა" იქ მოჰყავს. სათამაშოს გარეშე არ დაწვება - რომელიმე მაინც მოაქვს.

დიანა:

- შარშან ოკეანეზე წავიყვანეთ. მშვენივრად იბანავა.

- თქვენს პეგის მეგობარი ბიჭი არ ჰყავს?

- არა, ჩემს მეუღლეს მისი შეჯვარება კი უნდოდა, მაგრამ აქ პეგისთვის პარტნიორის პოვნა ცოტათი რთულია, რადგან ძირითადად, ფრანგებს თავიანთი ცხოველები კასტრირებული ჰყავთ.

- პეგი ისე გიყვართ, რომ ალბათ, მის დაბადების დღესაც აღნიშნავთ...

- როგორ არა (იცინის)! უკრაინაში შეძენილ ჩიხუახუასთან (ჩემს მეგობარს ჰყავს) დაქალობს. დაბადების დღე ერთად აღვნიშნეთ. ტორტი და შამპანური გვქონდა... პეგისთან ერთად, გემით და მატარებლითაც გვიმგზავრია. ზაფხულში დასასვენებლად კუნძულზე დაგვყავს. უჭკვიანესი ძაღლია. გზაში ისე იქცევა, რომ არ შეგაწუხებს. 7-საათიან მგზავრობას წყნარად ეგუება. პეგისაც თავისი ბილეთი სჭირდება და ვყიდულობთ.

- საცურაო კოსტიუმიც ხომ არ აქვს?

- არა, მისთვის საცურაო კოსტიუმი და სათვალე არ მიყიდია, რადგან საჭიროდ არ მიმაჩნია. უბრალოდ, კაბების ჩაცმა უხდება - სასაცილოა. ჩაცმას 3 თვიდან შეჩვეულია. ალბათ, ბიჭის დედა რომ ვარ და გოგო მინდა, გოგოს ყოლის სურვილი პეგიზე "გადამაქვს". კაბების გარდა, პეგის ჟილეტები, ყელსაბამები აქვს. ქუჩაში მთელი პარიზი მას უყურებს. მის სანახავად ავტომობილებიდან ხტებიან...

GzaPressლადო:

- ავტომობილის საჭესთან ძაღლის დასმა აკრძალულია. 3 კვირის წინ პოლიციელმა ქალმა გამაჩერა. კაბიანი ძაღლი რომ დაინახა, გადაირია! მითხრა, - წესით და რიგით, ჯარიმა გეკუთვნის, მაგრამ არ გიწერ, რადგან ასეთი პატარა, ლამაზი და ჭკვიანი ძაღლი ჯერ არ მინახავსო...

დიანა:

- პეგის თავისი სუნამოც აქვს, ასევე - შამპუნიც, რომ ლამაზი და პრიალა "თმა" ჰქონდეს. მისთვის ყველაფერს ძაღლების მაღაზიაში ვიძენ.

ლადო:

- გამოვპრანჭავთ, პიჟამაში გამოვაწყობთ და დასაძინებლად ემზადება ხოლმე... როგორც ბავშვს, ისე ვუვლით.

დიანა:

- საკვებსაც მრავალფეროვანს ვურჩევთ. მისთვის სასუსნავებსაც ვყიდულობთ...

- ალბათ, ამის კითხვა უკვე ზედმეტია, მაგრამ მაინც: რას ნიშნავს თქვენთვის პეგი?

ლადო:

- ჩვენთვის ის ყველაფერია! როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყო, შინ დაბრუნებულს პოზიტურად განმაწყობს.

დიანა:

- ცხოვრებისეული პრობლემები ხომ არსებობს? პეგისთან შეხვედრა ადამიანს ყველა პრობლემას გავიწყებს. საოცრად თბილია. მის მიმართ გამოხატულ სიყვარულს პეგი უკან გვიბრუნებს.

ლადო:

- ამას ყველა ვერ მიხვდება, ცხოველების მოყვარულები გამიგებენ. ბევრ ადამიანზე ჭკვიანია. სამ ენაზე საუბარი რომ ესმის, უკვე გითხარით. თან, არასოდეს გაწყენინებს და არ გიღალატებს...

ეთო ყორღანაშვილი