ვინ არის ლეილა აბაშიძისა და ოთარ კობერიძის ნათლული წრუწუნა - გზაპრესი

ვინ არის ლეილა აბაშიძისა და ოთარ კობერიძის ნათლული წრუწუნა

ძველი კინოსტუდიის შენობის ეზოში შევხვდი - ჩემს შვილებს ვიღაც ბავშვი ელაპარაკებოდა: ეს რა კარგი გოგოები მოსულან, აბა, მითხარით, რა გქვიათო? კარგა ხანს ეძებეს გარშემო ამ სიტყვების მთქმელი, მაგრამ ერთი ხანში შესული კაცის მეტი ვერავინ შენიშნეს. მათი გაკვირვებული სახეების შემყურეს, მოხუცს გაეცინა და ბავშვის ხმით თქვა: რა გაოცებულები იყურებით, ბავშვებო? მოდით, აბა, ჩემთან, გაგიცნოთ... ეს კაცი 72 წლის ლევან წიქარიძე აღმოჩნდა, ახლობლები გივიდ იცნობენ, მეტსახელად კი წრუწუნას ეძახიან - თუ რატომ, მისი მონაყოლიდან შეიტყობთ.

- წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ. მამაჩემი ახალგაზრდობისას გორის რაიონში, სოფელ მერეთში დასახლებულა. პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას კარგად შემორჩა მაშინდელი ამბები. ტყუპისცალი დაც მყავდა და 16 წლისა ბატონებით გარდამეცვალა. მამაჩემის მხრიდან პაპა 127 წლის იყო, შვილიშვილის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და ორ კვირაში გაჰყვა უკან. 3 ძმა მყავდა მამაჩემის პირველი ქორწინებიდან. მამა ომში რომ წასულა, ის ქალი სხვაზე გათხოვილა. დედაჩემი პოლონელი იყო, ომის დროს გაუცნიათ ერთმანეთი, შეჰყვარებიათ და საქართველოში ჩამოუყვანია 1945 წელს. დედაჩემი თურმე აქაურ პირობებს ვერ შეეგუა და წავიდა. მერე მამამ შეირთო სხვა ქალი, ვისაც მე დედას ვეძახდი. აცხონოს უფალმა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. 7 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და ამ ქალმა გამზარდა. სამხედროდან რომ ჩამოვედი, მერეღა გავიგე, რომ სხვა დედა მყავდა. ბევრი ტკივილი და გაჭირვება შემხვდა ცხოვრებაში. როგორც კი დროს გამოვნახავდი, მაშინვე სამაჩაბლოსკენ გავრბოდი. ბელოთში მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა. გორში ამჟამად ჩემს მამაპაპეულ სახლში ჩემი ძმისშვილები ცხოვრობენ. სკოლა წარმატებით დავამთავრე, შემდეგ თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. მაშინ ძალიან ფულიანი უნდა ყოფილიყავი, სამედიცინოზე რომ მოწყობილიყავი. მისაღებ გამოცდაზე იმდენი რამ მკითხეს, მაინც ჩამჭრეს. ავდექი და კომისია მოვითხოვე, - რაკი უპატრონო ვარ, გგონიათ, არ ვიბრძოლებ? სკოლაში რაც მისწავლია, მკითხეთ და ყველაფერზე პასუხს გაგცემთ-მეთქი. კომისიის წევრები გაგიჟდნენ, ჩემი პასუხები რომ მოისმინეს და გამომცდელებს უთხრეს, ამ ცოდნის პატრონს როგორ არ იღებთ პირველ კურსზეო? მოკლედ, დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ტოქსიკოლოგი ვარ პროფესიით, 2 წელი ვიმუშავე მიხაილის საავადმყოფოში.

- ტოქსიკოლოგი მულტფილმების გამხმოვანებელი როგორ გახდით?

GzaPress- ბებიასთან ვცხოვრობდი, კამოს ქუჩაზე. მეზობელი ცოლ-ქმარი კინოსტუდიაში მუშაობდა: ქალი მხატვარი იყო, ქმარი - ოპერატორი. ერთხელ მომისმინეს, იმიტაციებს რომ ვაკეთებდი, ხან ბავშვის ხმაზე ვლაპარაკობდი, ხან ბაყაყს ვბაძავდი, ხან ჩხიკვს და შემომთავაზეს, წამოდი, არ გაინტერესებს, კინოსტუდიაში რა ხდებაო? მახსოვს, წყალი მომწყურდა და დავეწაფე. ამ დროს ვიღაც კაცმა მითხრა, - დალიე, შვილო, ვინც ეგ წყალი დალია, აქედან აღარ წასულაო. ბავშვის ხმაზე გავეპასუხე: რას მელაპარაკებით-მეთქი. გაიმეორეო, - მითხრა. მიხეილ ჭიაურელი აღმოჩნდა ის კაცი. აბა, გამომყევი ერთ ადგილასო და ამიყვანა მეორე სართულზე, სადაც მულტფილმების სტუდია იყო. დაუძახა ვიღაცას, ყური დაუგდე, როგორ ლაპარაკობსო. მეც ხან ბავშვივით დავიწყე ტიკტიკი, ხან ვიტირე, ხან ქალის ხმაზე დავილაპარაკე, მერე სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს მივბაძე და გადაირივნენ: სხვა რაღად გვინდა, ამ ერთ კაცს შეუძლია ყველაფრის გახმოვანებაო. მაშინ 18 წლის ვიყავი. თან ინსტიტუტში ვსწავლობდი და თან აქ ვმუშაობდი. მერე ორივე სამსახური ერთად ვეღარ შევძელი და იმდენად მომეწონა ჩემი ახალი პროფესია, რომ ტოქსიკოლოგობას თავი დავანებე. მაშინ ბევრ მულტფილმს იღებდნენ და თანაც, საუკეთესოებს, დრომ რომ ვერაფერი დააკლო, ისეთებს. როგორია "ჩხიკვთა ქორწილი", "მტრობა", "წუნა და წრუწუნა"...

- თქვენი საყვარელი მულტფილმი და პერსონაჟი რომელი იყო?

- ყველაზე კარგად მახსენდება, "ჩხიკვთა ქორწილში" წრუწუნა რომ გავახმოვანე. ძალიან მიყვარდა ეს პერსონაჟი, მაყურებელმაც შეიყვარა და მას შემდეგ მეტსახელად მეც წრუწუნას მეძახიან. ყურშაც გავახმოვანე, ოღონდ, სიმღერის დროს მანანა თოდაძე "მეშველებოდა". ძალიან კარგი წლები იყო. აქაურობას რომ ვუყურებ, გული მტკივა. არ ეკუთვნოდა ამ სტუდიას ასე დაქცევა და განადგურება. ამჟამად ამ ტერიტორიის კომენდატი ვარ, 2 პატარა ოთახი მაქვს გამოყოფილი და აქაურობაზე ვზრუნავ, ვასუფთავებ, ვუვლი. ახლა ნუგზარ ბაგრატიონი სპექტაკლს დგამს და მითხრა, რომ მათამაშებს, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რა როლი აქვს ჩემთვის.

- ალბათ, ბევრი რამ გახსენდებათ წარსულიდან, არაერთ ცნობილ მსახიობს იცნობდით და ახლო ურთიერთობაც გქონიათ მათთან, არა?

- ლეილა აბაშიძე და ოთარ კობერიძე ჩემი ნათლიები იყვნენ, დიდუბის ეკლესიაში მომნათლეს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ყურადღებიანები იყვნენ ჩემ მიმართ. დაბადების დღე ისე არ გაივლიდა, რომ საჩუქრებით არ მოსულიყვნენ ჩემთან. თუ დიდხანს არ მოვიკითხავდი, - სადა ხარ, ბიჭო, რატომ არ მკითხულობო? - თვითონ ლეილა მომიკითხავდა. ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი იყო. შორიდანაც რომ მოეკრა თვალი ჩემთვის, ხელს ამიწევდა და მეძახდა, როგორ ხარო? დოდო ჭიჭინაძე, თამარ ციციშვილი, ლია ელიავა, გივი ბერიკაშვილი - რომელი ერთი გავიხსენო...

- გაიხსენეთ ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ერთხელ ოთახში ვსხედვართ მე, ვერიკო ანჯაფარიძე და თამარ ციციშვილი. რაღაცაზე "შესპორდნენ". ვერიკომ უთხრა თამარს: ოჰ, შე მართლა ქართლელო ტეტიაო. ციციშვილს გაეცინა და უთხრა: ქალბატონო ვერიკო, მე ვამაყობ, რომ ქართლელი ტეტია ვარ. ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ იცოდეთ, ალბათ ჩემთვის არც კი გაიმეტებდითო. ვერიკო აღარ ჩაეძია, მე კი დამაინტერესა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, რადგან მეც ხშირად მაბრაზებდნენ ტეტიას ძახილით, რაკი ქართლელი ვიყავი და სულ მწყინდა. ერთი სული მქონდა, ცალკე როდის ვნახავდი ქალბატონ თამარს, რომ მეკითხა ამ სიტყვის მნიშვნელობა. მოკლედ, ერთი-ორი დღის შემდეგ ვკითხე, - ვერიკომ რომ გაგლანძღათ, თქვენ რა გეამაყებოდათ? მე როგორც ვიცი, ტეტია ჩამორჩენილსა და გაუნათლებელს ნიშნავს-მეთქი. - არა, შვილო, ტეტია ნიშნავს გულუბრყვილოს, გულალალსა და პირში მთქმელსო. ქართლელების ბუნებას რომ ვუკვირდები, მართლა ასეთები ვართ და იმის შემდეგ სულ ვამბობ ხოლმე, ვამაყობ, რომ ქართლელი ტეტია ვარ-მეთქი. ერთი სიამოვნება იყო გივი ბერიკაშვილთან და კახი კავსაძესთან ურთიერთობა. "დონ-კიხოტის" გადაღების დროს კავსაძე ხომ ძალიან გახდა. ერთხელ ვეუბნები, აუ, ისეთი მაგარი სამწვადე მაქვს, არაფერი სჯობს-მეთქი. გაჩერდი ახლა, თორემ, არ ვიცი, რას გიზამ, ნერვებს ნუ მიშლიო, - გაგიჟდა კახი. მძიმედ განიცდიდა, რომ ვერ ჭამდა იმას, რაც უნდოდა. ბელას ხშირი სტუმარი ვიყავი. როდესაც გორიდან ხილს მიგზავნიდნენ, აუცილებლად მოვიკითხავდი. სამჯერ დავრეკავდი ზარს და უკვე იცოდა, მე რომ ვიყავი. მეტყოდა ხოლმე, შენ რომ არა, არ ავდგებოდიო... ბედნიერი ვარ, რომ ასეთ უნიჭიერეს მსახიობებთან მქონდა ურთიერთობა და გულში მიკრავდნენ.

- ფილმებშიც გაქვთ შესრულებული ეპიზოდური როლები...

- ოთარ კობერიძემ გადაიღო ფილმი "პური ჩვენი არსობისა", რომელშიც მოჯამაგირის როლს ვასრულებ. 1990 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა გადაიღო "რჩეული", სადაც მოხეტიალე არტისტის როლი მაქვს. "ნახვამდის, მეგობარო" - ამ ფილმში ბუბა კიკაბიძესთან ერთად ვითამაშე. "რჩეულის" გადაღების დროს მომხდარ ერთ ამბავს მოგიყვებით: ავთო მახარაძე თამაშობდა მამის როლს. მსახიობებმა ოხუნჯობა გადაწყვიტეს და მოიფიქრეს, მოდი, გივის ქალურად ჩავაცვათ და ავთოს ავუგზავნოთო. გრიმიორმა ისეთი გრიმი გამიკეთა და ისე დამამსგავსა ქალს, სარკეში რომ ჩავიხედე, თვითონვე შემეპარა ეჭვი, მართლა ქალი ხომ არ ვარ-მეთქი? ერთ-ერთი მსახიობი ავიდა და უთხრა, - ბატონო ავთო, თქვენთან ვიღაც რუსის ქალია და გკითხულობთო. ამ ზამთარში რამ ჩამოიყვანა ან საიდან იცოდა, აქ რომ ვიყავიო? - გაუკვირდა. ჩამოდის კიბეზე, მიყურებს და ვერ მცნობს. მომესალმა, მეც მივესალმე ქალის ხმაზე. საიდან მიცნობთო? - მკითხა. როგორ, დაგავიწყდით? ჩვენ ხომ ერთად ვიღებდით ფილმს ლენინგრადში? - ვუპასუხე. გადაირია ეს კაცი, ხელკავი გამიკეთა და ავყავარ კიბეზე. ამ დროს თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა, თავი გავამჟაღვანე. ოჰ, გივი, მარტო შენ თუ შემაცდენდიო, მითხრა ავთომ სიცილით.

- როგორია რეაქცია, როდესაც ბავშვებს მათივე ხმით დაელაპარაკებით ხოლმე?

GzaPress- გიჟდებიან ბავშვები, გაოცებულები მიყურებენ: რამხელა კაცია და პატარა ბავშვის ხმა აქვსო. მერე ისევ ჩვეულებრივი ხმით რომ დაველაპარაკები, ეცინებათ.

- ოჯახი გყავთ?

- როგორ არა, მეუღლე, ერთი ქალიშვილი და 2 შვილიშვილი მყავს. იმერელია ჩემი ცოლი. სიყვარულით დავქორწინდით, 24-25 წლისები ვიყავით. მახსოვს, სანამ მოვიყვანდი, პირველად სხვისი ხმით რომ დავუწყე ლაპარაკი, გაგიჟდა კინაღამ...

- უკრავთ კიდეც? რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტი შევნიშნე თქვენს ოთახში.

- ჩემით ვისწავლე დაკვრა ფანდურსა და გიტარაზე, პირველი ტენორი მაქვს ხმა და სიმღერასაც ვახერხებ. ერთხელ გიორგი ცაბაძესთან მიმიყვანა მისმა ბიძაშვილმა, - მოუსმინე, კარგი ხმა აქვსო. - რას გვიმღერებ? - მკითხა ცაბაძემ. "მთაწმინდის ყვავილებს"-მეთქი. დაჯდა როიალთან და დაიწყეო. მეც დავიწყე: "მინდა დავკრიფო ია, ენძელაა"... აუწია ნოტს, ავუწიე ხმას, აუწია, ავუწიე, აუწია კიდევ და გადაირია, შვილო, შენ საოპერო ხმა გაქვს და სჯობს, კონსერვატორიაში ჩააბაროო. ეჰ, შვილო, ახლა ბევრ რამეზე მწყდება გული... ყველაფერზე მეტად კი გულს ის მტკენს, სამაჩაბლო ჩვენი რომ აღარ არის. ნეტავ, ერთი წუთით კიდევ დამანახვა იქაურობა და მერე თუ გინდა, მომკლა. იქ მაქვს მთელი ახალგაზრდობა და ბავშვობა გატარებული.

ნინო ჯავახიშვილი