რომანტიკული პარასპორტსმენის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

რომანტიკული პარასპორტსმენის სიყვარულის ამბავი

პარასპორტსმენმა დათო გიორგობიანმა 21 ივლისს თბილისის ზღვა გადაცურა - 4 კმ საათსა და 16 წუთში დაფარა და პარამოცურავეებს შორის ეროვნული რეკორდი დაამყარა. 23 წლის იყო, როდესაც ისრაელში გენეტიკური შარკო-მარი ტუტის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მას დედისგან მემკვიდრეობით გადაეცა და იწვევს კუნთების მოდუნებას, ენერგიის დაქვეითებას, კიდურების დეფორმაციას. ახალგაზრდა კაცი მდგომარეობას აქტიური სპორტით დაუპირისპირდა და უფრო გაძლიერდა. რეკორდის დამყარების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ სტიმული მიეცა ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს ადვილად ნებდებიან და ფარ-ხმალს ყრიან. ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, რომ შეყვარებულს - თამარ მაკალათიას ხელი პირდაპირ ზღვაში სთხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა ამ ყველაფერზე თავად დათო და თამარი გვიამბობენ.

- სკოლის პერიოდში ონავარი და ცელქი არ ვიყავი. ჩემ გამო მშობლები დირექტორის კართან ატუზულები არასდროს ყოფილან. მათი დიდი რიდი მქონდა ყოველთვის. ერთი ეგ იყო, წონაში არ ვიმატებდი და ამიტომ, 17 წლისამ გადავწყვიტე, ტრენაჟორებზე მევარჯიშა. მალე ნარკოტიკივით შევეჩვიე ფიზიკურ აქტივობას. მივედი ცეკვაზეც, მერე საბრძოლო ხელოვნებამაც გამიტაცა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ყველაფერს თავი დავანებე. ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა და ფიზიკურ აქტივობას ვეღარ ვახერხებდი. ჩემი დაავადების სიმპტომებს დედაჩემის ავადმყოფობას ვადარებდი, - მეც ეს ხომ არ მჭირს-მეთქი? იქამდე თუ წონაში ვერ ვიმატებდი, მაგ პერიოდში უცებ გავსუქდი. ზედმეტი წონა კიდევ უფრო მიშლიდა ხელს გადაადგილებაში. დავიწყე ცურვა, რაც ძალიან დამეხმარა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესებულიყო. იქ გავიცანი გიორგი ლატარია, რომელმაც მითხრა, რომ პარასპორტის საშუალებით ჩავერთვებოდი სპორტულ აქტივობებში და შეჯიბრებებში მივიღებდი მონაწილეობას - ასე მოვხვდი პარასპორტში. სწრაფად ავითვისე სწორად ცურვა, სწორი სუნთქვა. იქამდე სულ მიკვირდა, ადამიანები როგორ ცურავდნენ შეუსვენებლად და როგორ ძლებდნენ წყალში დიდხანს. ახლა თქვენ რომ ქუჩაში მისეირნობთ და არ იღლებით, ისე შემიძლია შეუჩერებლად გავცურო და არ დავიღალო. თუმცა, ქარში თბილისის ზღვის გადაცურვა არცთუ ისე ადვილი ყოფილა.

- როგორც ვიცი, დაავადება დედისგან გენეტიკურად გერგო.

GzaPress- დედა 18 წლის გათხოვდა, მე მალევე გავჩნდი. 19-20 წლის ასაკში მას უკვე აღმოაჩნდა შარკო-მარის დაავადება. აქაურმა ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. 90-იან წლებში მოსკოვში უთხრეს, რომ იშვიათი დაავადება სჭირდა, მაგრამ ამ დიაგნოზს არ დავუჯერეთ და კვლავ გავაგრძელეთ რეაბილიტაციის კურსი - 5 წლის მანძილზე ქვიშის აბაზანების მისაღებად ურეკში დავდიოდით, რაც უფრო უარესი ყოფილა. ერთხელ დედას ცხელი წყალი გადაესხა და ფეხები დაეწვა, წელიწად-ნახევარი დასჭირდა გამოკეთებას. 6-7 წლის წინ კი სახლში წაიქცა და ფეხი მოიტეხა. მეც და მამასაც გვეგონა, ვეღარ ადგებოდა, მაგრამ ის ძალიან ბრძოლისუნარიანია. კვლავ წამოდგა და ახლა სახლში სკამის, ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება, გარეთ კი ეტლით. რომ არა არასწორი მკურნალობა და ეს ინციდენტები, დედა დღესაც ჩემსავით ივლიდა და ეტლს არ მიეჯაჭვებოდა.

- ალბათ, დედას ავადმყოფობა დამთრგუნველად მოქმედებდა შენზე?

- დედას ძლიერი ნებისყოფა აქვს. ბავშვობაში არასდროს მაგრძნობინებდა, რომ რამე არ შეეძლო. მისმა სულისკვეთებამ განაპირობა ჩემი ბრძოლისუნარიანობაც. არასდროს მითქვამს, მე რატომ დამემართა? რა დავაშავე? სიცოცხლე აღარ მინდა და ა. შ. თუმცა ვაღიარებ, ეს ავადმყოფობა დედას რომ არ ჰქონოდა, შეიძლებოდა, გავბოროტებულიყავი და ჩემს გარემოცვაში ყველა დამედანაშაულებინა იმაში, რაც დამემართა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინფორმაციების მართვისა და მოდელირების ფაკულტეტი. პროფესიით არასდროს მიმუშავია. 2010-2014 წლებში კურიერად ვმუშაობდი, მერე ოფისი სხვა მისამართზე გადავიდა, იქ სიარული ძალიან გამიჭირდა, ამიტომ თავი დავანებე. ამ ეტაპზე სამსახურის ძიებაში ვარ. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, შრომა არ მეთაკილება. სტუდენტობისას მტვირთავადაც მიმუშავია და კომპიუტერსაც ვასწავლიდი ბავშვებს. ჩემი ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა. ახლა, სამწუხაროდ, მხოლოდ საოფისე სამუშაოს შესრულება შემიძლია. ჩემი სამსახური ცურვაა, პარაკომიტეტმა სტიპენდია დამინიშნა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი, რადგან დღეს ამ სტიპენდიითა და პენსიით ვცხოვრობ. ერთადერთი შემომტანი ჩვენს ოჯახში მამაჩემია. ის ინჟინერია, მაგრამ ახლა პროფესიით არ მუშაობს. მამას საქციელი გმირობის ტოლფასია - ამდენი წლის მანძილზე წუთითაც არ უფიქრია დედას მიტოვება.

- რატომ გაგიჩნდა თბილისის ზღვის გადაცურვის სურვილი?

- ისეთი რამის გაკეთება მინდოდა, რითაც ხალხს დავუმტკიცებდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ადრე დედამ მითხრა, ვიღაცამ ლისის ტბა გადაცურაო და მაშინ ვიფიქრე, მე რატომ არ შემიძლია თბილისის ზღვა გადავცურო-მეთქი? სიგრძეზე თურმე არავის არასდროს გადაუცურავს. 4 თვე ვემზადებოდი ამისთვის, ორჯერ ჩავედი სავარჯიშოდ და მესამედ უკვე გადავცურე. ქარის გამო მაშველებმა მირჩიეს, სხვა დროისთვის გადამედო, მაგრამ გავჯიუტდი. შუა ზღვაში ლამის დანებება ვიფიქრე, მართლაც გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელების დახმარებითა და ძალისხმევით მაინც შევძელი. ჩემი ავადმყოფობა პროგრესირებს და მომავალ წელს თუ ფორმაში ვიქნები, იდეაში მაქვს სიგრძეზე გადაცურვაც, მით უმეტეს, რომ ახლა უკვე ვიცი, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვიქნები. ხალხისგან იმხელა სიყვარული და სითბო მივიღე, მარტო ამიტომაც ღირდა ამის გაკეთება.

- რაც შეეხება მკურნალობას - როგორც საუბრის დასაწყისში მითხარი, ამერიკაში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ამზადებენ პროთეზებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შენს დაავადებას პროგრესირების საშუალებას არ მისცემს. ასეა?

- დიახ, ეს პროთეზები ინდივიდუალურად მზადდება ამერიკაში, კალიფორნიის შტატში. მომწერეს, რომ გადამეღო ვიდეოები როგორ ვმოძრაობ, სხვადასხვა რაკურსით. ვიდეომასალა გადავუგზავნე და მომწერეს, რომ ცალი პროთეზი დაჯდებოდა 8.000 დოლარი ანუ ორივე ერთად - 16.000. ამას ემატება გამგზავრებისა და ერთკვირიანი რეაბილიტაციის ხარჯები და მთლიანობაში 20.000 დოლარს აღწევს. პროთეზები სირბილს ვერ დამაწყებინებს, მაგრამ ქუჩაში რომ გავალ, აღარ გამიჭირდება ტრანსპორტსა თუ კიბეზე ასვლა, აღარ შემეშინდება ბორდიურზე ასვლის ან მეტროთი მგზავრობის. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვახერხებ მანქანის მართვას, მერე, როცა უკვე ამასაც ვეღარ შევძლებ, რა თქმა უნდა, ვერც სხვის სიცოცხლეს ჩავაგდებ საფრთხეში და ვერც ჩემსას, ძალიან შემეზღუდება გარეთ გასვლა. ისედაც არაადაპტირებული გარემოა ჩვენთვის, შშმ პირებისთვის...

20.000 ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხაა. თუ მოვახერხებ ამ თანხის მოძიებას, ვიქნები ძალიან ბედნიერი, რადგან ეტლში არ ჩავჯდები... გარდა ამისა, ისრაელში ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ამერიკაში სერიოზული თანხები იხარჯება და ადრე თუ გვიან გამოვა ამ დაავადების სამკურნალო წამალიც. იქნებ მომისწროს და მედიკამენტოზური მკურნალობაც დავიწყო...

- მომიყევი, შენს ცხოვრებაში როგორ და როდის გაჩნდა თამარი?

- მე და თამარი თანატოლები ვართ. ჩემს ცხოვრებაში დეკემბრის თვეში გამოჩნდა. გაგეცინებათ და სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით, შევხვდით. ერთნაირი შეხედულებები, ღირებულებები აღმოგვაჩნდა და ურთიერთობა აგვეწყო. მე არ ვთვლი ჩემს თავს საცოდავად და აქედან გამომდინარე, არც მიფიქრია, დაავადების გამო მიმიღებდა თუ არა ის. ჩემთვის ყველაზე დიდი დამცირებაა, როდესაც საწყლად მთვლიან. თამარისგან არასდროს არ მიგრძნია, რომ ჩემთან სიბრალულის ან დახმარების გამოა. მიყურებს, როგორც სრულფასოვან ადამიანს.

თამარ მაკალათია: - ადამიანზე ეგოისტი არსება არ არსებობს. დათო მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მისი გვერდში დგომა ჰაერივით მჭირდებოდა. ეს იყო სოციალურ ქსელის მეშვეობით. მალევე შევხვდით და რამდენიმე კვირაში მივხვდით, რომ ეს ყველაფერი მეგობრობაზე მეტი იყო. დავითმა დაავადების შესახებაც გამიმხილა, რამაც უფრო დამარწმუნა მის ღირსებაში. ერთადერთი მაშინ ვგრძნობ მის დაავადებას, როცა მეყრდნობა, ეს კი ისევ იმის მიზეზს გვაძლევს, ხელიხელჩაკიდებულები ვიყოთ. სხვათა შორის, მარტო მე არ ამომირჩევია დათო, ჩემი გადაწყვეტილება გამიმყარა იოანემ, ჩემმა 6 წლის ვაჟმა, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს მასთან.

- 21 ივლისის დღე ალბათ განსაკუთრებულად ემოციური იყო თქვენთვის, ხომ?

- მართლაც ძალიან ემოციური დღე იყო. ვნერვიულობდი, თბილისის ზღვას როგორ გადაცურავდა; მეშინოდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ შეჰქმნოდა. ძალიან ჯიუტია და კიდევ კარგი, საბოლოოდ დათანხმდა ზღვის სიგანეზე გადაცურვას.

დათო: - მართლაც ძალიან ჯიუტი ვარ. თავს არ ვიქებ, მაგრამ როცა მამხნევებენ და სტიმულს მაძლევენ, ყველაფერი გამომდის, ხოლო მაშინ, როცა ეჭვი ეპარებათ ჩემს შესაძლებლობებში, სიჯიუტე "მერთვება" და მათ ჯიბრზე ბოლომდე მიმყავს ხოლმე საქმე.

თამარი: - წყლიდან რომ ამოვიდა, ერთიანად ცივი იყო, ფეხებიც გაყინული ჰქონდა და ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მაინც შევამჩნიე კოლოფი და ბეჭედი. ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი. ვიცოდი, აგვისტოში აპირებდა დანიშვნას... მიხარია, ოპერატორები რომ იყვნენ და მოახერხეს ჩვენთვის განუმეორებელი დღის აღბეჭდვა.

- დათო, იდეა როგორ გაგიჩნდა და ვინ იცოდა ეს ამბავი?

- ცოტა არ იყოს, რომანტიკული ვარ. რასაც ვაპირებდი, ეს დედამ იცოდა და რამდენიმე მეგობარმა. ამიტომაც იყო, რომ თავიდან აზრზე ვერავინ მოვიდა და მერე ყველამ ერთხმად იყვირა. როდესაც თამარმა თანხმობა მითხრა, დავიძახე: კიოოო და უკან ზღვაში გადავვარდი. ჩემს მეგობარსა და თამარს კი ეგონათ, რომ ჩავვარდი და ფეხზე წამოსაყენებლად მომცვიდნენ.

- თანხმობას ელოდი?

- ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ მაინც, ზედმეტად თავდაჯერებული არასდროს ვარ და რა ვიცოდი, რა მოხდებოდა? ზღვის გადაცურვაზე მეტად, თამარის პასუხზე ვნერვიულობდი... ძალიან მიყვარს ჩემი მშობლებიცა და ჩემი რჩეულიც. ამიტომ ეგოისტურად ვიტყვი, რომ ვინც მიყვარს, მინდა ყველა გვერდით მყავდეს. ვფიქრობ, გვექნება ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი...

ნინო ჯავახიშვილი