შახტში გატარებული წლები - გზაპრესი

შახტში გატარებული წლები

ლამარა ბერიანიძე 25 წლის იყო, როდესაც ტყიბულის შახტში სამუშაოდ გაანაწილეს. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, იქაურების რძალი თუ გახდებოდა და წლების შემდეგ მუშაობის 36-წლიანი სტაჟითაც იამაყებდა. ბევრი სირთულე გადაიტანა და ბევრ გამოცდას გაუძლო მიწის ქვემოთ თუ მიწის ზემოთ, საბედნიეროდ, სიკვდილსაც კი გადაურჩა... ახლა 62 წლისაა, თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ ასაკის მიუხედავად, დღესაც შეუძლია საქმის ეფექტურად კეთება...

- ახალგორის რაიონში, სოფელ დადიანეთში დავიბადე. ჯერ იქ ვსწავლობდი, მე-9 კლასიდან კი კასპში გადავედი და იქ დავამთავრე #3 საშუალო სკოლა. მამა ადრე გარდამეცვალა. დედა ავადმყოფი იყო, მაგრამ გმირულად უძლებდა ფიზიკურ ტკივილს და მაინც ახერხებდა სოფლის საქმეების კეთებას, თესავდა ბოსტნეულს, ჩვენ რომ გამოვეკვებეთ. მოკლედ, დიდი გაჭირვებით გვზრდიდა 4 შვილს. დაუჯერებელია, მაგრამ პირველად ნორმალური ფეხსაცმელი 7 წლის ასაკში, ბიძამ მიყიდა. დედა დიდ ყურადღებას აქცევდა სწავლას. ოთხი შვილიდან სამმა უმაღლესი განათლება მივიღეთ. ძნელია აღწერო ის გაჭირვება, რაც ბავშვობაში გადავიტანე. თუმცა, დალხენილი ცხოვრება არც დიდობაში მქონია... ამიტომაც ბედნიერ წლებად სტუდენტობის ხანა მაგონდება. ჩემი ძმა უკვე მუშაობდა და მისგან მქონდა "დაფინანსება". 1976 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. აღნიშნული ფაკულტეტი 1981 წელს დავამთავრე და მომენიჭა ინჟინერ-მარკშეიდერის წოდება. იმავე წლის 15 სექტემბერს ჩამოვედი ტყიბულში და მუშაობა დავიწყე ორჯონიკიძის სახელობის შახტში უბნის მარკშეიდერად, მერე კი მინდელის შახტში ვიმუშავე 20 წელი.

- გვითხარით, რას ნიშნავს მარკშეიდერი?

GzaPress- ჩემი პროფესია, პირდაპირი გაგებით, მიწის ქვეშ საზღვრების დადგენას ნიშნავს. მარკშეიდერი უშუალოდ შახტში, ნახშირმომპოვებელი და მოსამზადებელი სამუშაოების უბნებს ემსახურება. მარკშეიდერისა და გეოლოგის (ეს ორი პროფესია განუყოფელია, უერთმანეთოდ არც ერთი არ ვარგა) უშუალო მონაწილეობით ხდება სამუშაო გეგმებისა და პროგრამების შედგენა - როგორც თვის, ასევე წლის და უფრო გრძელვადიანი, 5-დან 50 წლამდე პროგრამების შედგენაც. მარკშეიდერის მოვალეობაა, უზრუნველყოს შახტში თითოეული უბნისთვის საჭირო სამთო გამონამუშევრების (გვირაბების, შუროების, კვერშლაგების, შტრეკების, გამკვეთების და ა.შ.) სწორად დაგეგმვა და გაყვანა. ასევე, ევალება აწარმოოს შესრულებული სამუშაოებისა და დამუშავებული სივრცეების, თითოეული უბნიდან მოპოვებული ქვანახშირისა და მისი ნაშთის აზომვა და შედარება სტატისტიკურ მონაცემებთან. ერთი სიტყვით, საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. რამდენადაც რთულია ჩვენი შრომა, იმდენად დაუფასებელია.

- გახსოვთ თქვენი პირველი სამუშაო დღე?

- ისიც კი მახსოვს, რა ფერის კაბა მეცვა. 1981 წლის 15 სექტემბერი დაუვიწყარი დღეა ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც 2018 წლის პირველი თებერვალი, როდესაც სამსახურიდან საბოლოოდ წამოვედი... უცხო მხარეში მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორი კოლექტივი დამხვდებოდა. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობაში თავისუფალი და გახსნილი ვარ, იუმორით სავსე და მეშინოდა, კოლექტივს რომ ვერ შევგუებოდი, მაგრამ გამიმართლა - მხიარული და სიცოცხლით სავსე ხალხი დამხვდა, არაჩვეულებრივ განყოფილებაში მოვხვდი. ჩემი უშუალო უფროსი ახალგაზრდა მარკშეიდერი - ზურაბ ბოჭორიშვილი იყო, პრაქტიკის სასწავლებლად კი კონსტანტინე ხაჭაპურიძეს "მიმამაგრეს". დღემდე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ ადამიანების.

- მაშინ ეჭვის თვალით არ უყურებდნენ ქალის იქ მუშაობას?

- შახტის მაშინდელმა დირექტორმა, უშანგი გურეშიძემ უნდობლად შემომხედა და მკითხა, იმუშავებო? ვუპასუხე, ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია, რატომ ვერ ვიმუშავებ-მეთქი? - იცი, შახტი როგორი მკაცრიაო? - ბატონო უშანგი, ისეთ სოფელში გავიზარდე, სადაც ხვლიკი "უტორმუზოდ" ვერ დადის და მე აქ გამიჭირდება-მეთქი? - სიცილით ვუთხარი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა შახტის დირექტორთან. ზოგადად, ძალიან თბილად მიმიღეს. ჩემზე ერთი წლით ადრე ტყიბულში სამუშაოდ გაანაწილეს ქეთევან სორდია, ასე რომ, ჩემი მისვლა უკვე ჩვეულებრივად აღიქვა ყველამ. სხვათა შორის, 16 წელი ვიმუშავე იმ შახტში და ყოველ წუთს ვგრძნობდი თანამშრომლების ყურადღებას.

- ოჯახის წევრებმა რა გითხრეს? მოეწონათ თქვენი გადაწყვეტილება?

- იცით, ჩვენ, ფაქტობრივად, მთაში ვცხოვრობდით და მხოლოდ წიგნებიდან თუ გაგვეგო ქვანახშირისა და შახტის შესახებ. ამდენად, ჩემებს დიდად არ განუცდიათ ეს ამბავი. როგორც გითხარით, ობოლი ვიყავი და ერთი რამ კარგად ვიცოდი, უნდა მემუშავა. მათთან არასოდეს მიწუწუნია მძიმე სამსახურზე და საერთოდ, წუწუნი არ მჩვევია. მოგეხსენებათ, შახტში მუშაობა მართლაც ძალიან სარისკოა. წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმე პროფესიაა მეშახტეობა, რომ ისინი ომშიც კი არ მიჰყავდათ. მოკლედ, მეშახტეობა ომის მონაწილეობასთან იყო გათანაბრებული. მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში საინფორმაციო საშუალებებმა დაიწყეს მეშახტეთა ტრაგედიების გაშუქება, უკვე მიკიჟინებდნენ ჩემები, სამსახურისთვის თავი დამენებებინა. მე კი მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ვანებებდი თავს, თუმცა მერე ისე გამათავისუფლეს, ჩემი მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა ხელმძღვანელობა. როცა გრძნობ, შენი საქმის კეთება კვლავაც კარგად და ხარისხიანად შეგიძლია, ძნელია სამუშაოს მიტოვება. 36 წელი უწყვეტ რეჟიმში ვიმუშავე და რაც ყველაზე ცუდია, დაფასების ნაცვლად, კინწისკვრით გამოგვყარეს პენსიონერები. ბედნიერებაა, როცა სამსახურს ღიმილით იწყებ და ღიმილით გაცილებენ, ჩვენ კი ისე გამოგვიშვეს, მადლობაც არ უთქვამთ.

- ძალიან რთული პროფესია გაქვთ და ალბათ, რისკის ქვეშ არაერთხელ დამდგარა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ხომ?

- როგორ არა, იყო ასეთი სიტუაციები, უამისოდ შახტი ვერც წარმომიდგენია. როდესაც შახტში ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, ვაღიარებ, 70% გაუფრთხილებლობის შედეგია, 30% კი ბუნებრივია, რომელსაც თავიდან ვერ აიცილებ. ეს ისეთი მოულოდნელია, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებ. მახსოვს ასეთი შემთხვევა: ორი ჰორიზონტის შემაერთებელი გვირაბი, ე.წ. გამკვეთი დათქმულ დროში და მანძილში ვერ გავიდა. ჩავედი სავენტილაციო გვირაბში, ნაბიჯებით გადავზომე მანძილი და დავჯექი, რომ ბურღვისთვის მომესმინა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. გაოცებული ვიჯექი და ვფიქრობდი, სად დაიკარგა მიმართულება. უეცრად, აფეთქების ხმა გაისმა და კვამლით დაიფარა მთელი გვირაბი. რომ გითხრა, არ შემეშინდა-მეთქი, დამიჯერებთ? ერთადერთი, რამაც გამამხნევა, ის იყო, რომ არაფერი მტკიოდა. მივხვდი, ის გვირაბები შეერთდა, რის გამოც ჩავედი. გადამარჩინა იმან, რომ გვირაბის პირდაპირ არ ვიჯექი. იცით, ეს კონკრეტული შემთხვევა რატომ გავიხსენე? როცა ასეთი გვირაბი ასაფეთქებლად მზადდება, ამ დროს სავენტილაციო ჰორიზონტზე მიდის ვიღაც, რომ გააკონტროლოს, ხომ არავინაა იქ და არავინ უნდა შეუშვას ასაფეთქებელი ტერიტორიის სიახლოვეს. ჩემს შემთხვევაში კი ეს არავინ შეამოწმა და ფაქტობრივად, სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. საერთოდ, შახტაში ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, თუმცა პატარ-პატარა რისკები მეც დამიშვია... ალბათ, ღმერთი მფარველობდა, რომ არასოდეს სერიოზულად არ დავშავებულვარ.

- თქვენს ოჯახზეც მიამბეთ?

GzaPress- მესამე კურსზე, როცა ტყიბულში პირველად ჩამოვედი საშახტო პრაქტიკაზე, მაშინ გავიცანი მომავალი მეუღლე, გვირაბგამყვანად მუშაობდა შახტაში. მისი თანაკლასელი ჩემი ჯგუფელი იყო ინსტიტუტში და სწორედ მისგან გავიცანით ერთმანეთი. პრაქტიკის დასრულების შემდეგ გაგვაცილა და მითხრა, იცოდე, შენ ისევ დაბრუნდები ტყიბულშიო. მოგვიანებით თვითონ ჩამოდიოდა თბილისში, დაუსწრებელზე სწავლობდა და იქ ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე უკვე დიდი სიყვარული გაჩნდა ჩვენ შორის. 5 წელი ვუცადეთ ერთმანეთს. მე რომ ინსტიტუტი დავასრულე, ის კომკავშირული საგზურით გაუშვეს. მეც ვუცადე, სანამ ჩამოვიდოდა და მერე უკვე დავოჯახდით. მეუღლე ნაადრევად გარდამეცვალა. მყავს ორი ქალიშვილი. უფროსმა, მარიამ ჭელიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, მუშაობს ბანკში, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. უმცროსმა - ხატიამ ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში (მსახიობია) და ასევე, ერთ-ერთ ფირმაში რეგისტრატორად. ჩემი შვილების გაზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ტყიბულელებს, რისთვისაც მათ საჯაროდ, დიდ მადლობას ვუხდი.

- მითხარით, რომ ძალიან მტკივნეულად განიცადეთ სამსახურიდან გათავისუფლება...

- სამსახურიდან წამოსვლა რთული იყო და არის კიდეც დღემდე. 2015 წელს ვალების გამო ბინა გავყიდე, ამჟამად სხვის ბინაში ვცხოვრობ და ბანკის ვალი მაქვს დარჩენილი, 7.000 ლარამდე. 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყეს. არ მესმის, რატომ უნდა გაუშვა პენსიონერი, თუკი შრომისუნარიანია? გასაგებია, რომ კერძო კომპანია რასაც უნდა, იმას იზამს, მაგრამ ადამიანები ხომ ვართ? კარგი, დავუშვათ, მე მძიმე სამუშაო მქონდა და არ უნდოდათ შახტში 60 წლის ქალი, მაგრამ ზოგი ისეთი გაუშვეს, მართლა გული მტკივა. რას ერჩი, ვთქვათ, დამლაგებელს, რომელსაც ცოცხი უკავია, ჯანმრთელადაა და აკეთებს ყველაფერს, ან მამაკაცს, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა, მაგრამ კლდეს მოანგრევს, რომ მიუშვა... დაგვიბარეს, გაგვლანძღეს, არ მოგვწონხართ და უნდა წახვიდეთო. არ ჯობდა, ეთქვათ: ხალხო, მადლობელი ვართ თქვენი, რომ წლების მანძილზე ამ კომპანიაში იმუშავეთ, მაგრამ თაობები იცვლება და გვაპატიეთ, უნდა შეგცვალოთო? ახლა ჩვეულებრივ 180 ლარს ვიღებთ პენსიას, არავის აინტერესებს მძიმე სამუშაოს ასრულებდი თუ არა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის, თქვენს ქალიშვილს თუ ურჩევდით ამ პროფესიასო? გულწრფელად გითხრათ, არ ვურჩევდი - შახტში მუშაობა იმდენად მძიმეა, რომ სხვა არავინ მემეტება...

ნინო ჯავახიშვილი