პრეტენზიული მშიერი კლიენტები და შრომისმოყვარე მიმტანები
font-large font-small
პრეტენზიული მშიერი კლიენტები და შრომისმოყვარე მიმტანები
პროფესიონალი მიმტანის მოვალეობაა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც თავს სასურველ სტუმრად, კომფორტულად ვიგრძნობთ. მისი მოვალეობა მხოლოდ საკვებისა თუ სასმლის მირთმევა როდია. საქმეს თავი კარგად რომ გაართვას, უნდა იყოს სასიამოვნო გარეგნობის, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, მოწესრიგებული, ყურადღებიანი და დაკვირვებული, უნდა იცოდეს კერძების შემადგენლობა, კარგად ერკვეოდეს ღვინის სახეობებში და სერვირების წესებში. ის, ფაქტობრივად რესტორნის სახეა და ამიტომაც მისი როლი რესტორნის რეპუტაციის შესაქმნელად დიდია - კმაყოფილი სტუმარი ხომ რესტორნის წარმატების გარანტიაა. თუმცა, მიმტანის პროფესია რატომღაც მაინც დაუფასებელ შრომად ითვლება. როგორც მონების შრომა არ ფასდება, ისე ჩვენიო, ხშირად ამბობენ ხოლმე ამ სფეროში დასაქმებულები. ამიტომაც გადავწყვიტე, საკუთარ თავზე გამომეცადა ამ პროფესიის სირთულე და ერთ-ერთ ცნობილი სარესტორნო ქსელის დირექტორს ვთხოვე ცოტა ხნით სამუშაო პროცესში ჩართვა, რაზედაც უყოყმანოდ დამთანხმდა.


რამდენიმე აუცილებელი რჩევის შემდეგ ერთი მაგიდისკენ ავიღე გეზი, სტუმრებს მივესალმე და მენიუ მივუტანე. ერთ-ერთი მიმტანი, თამუნა ბიწაძე ახლომახლო იდგა და თვალყურს მადევნებდა, რომ რამე არ შემშლოდა. 2 უცხოელს ქართველი მასპინძელი აწონებდა თავს. ყველაზე გემრიელი ხინკალი მირჩიეთ, უცხოელებთან რომ არ შევრცხვეო, მთხოვა. ქალაქური ვურჩიე, რადგან თავადაც არაერთხელ მაქვს დაგემოვნებული, ძალიან მომწონს და როგორც მერე აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ - სამივე კმაყოფილი დარჩა. - კიდევ რას ინებებთ-მეთქი? ვკითხე და კალამი მოვიმარჯვე. მოკლედ, 25 ქალაქური ხინკალი, ხაჭაპური შამფურზე, 2 ბოთლი ლიმონათი - ფეიხოასი და ნაღების და ნაღდი ჭაჭა, ნუშისა და ატმის არომატების გარეშე შეუკვეთეს. შეკვეთის მიღების შემდეგ კომპიუტერულ პროგრამაში მივუთითე სტუმრების არჩევანი და მაგიდის გაწყობა დავიწყე. როგორც ჩანს, მოუხერხებლობის გამო თეფში ცოტა არ იყოს, მძიმედ დავდგი მაგიდაზე. ქართველს გაეცინა და მკითხა, ახლა სწავლობო? - დიახ, ახალბედა ვარ, - ვუპასუხე და ბოდიში მოვუხადე. არა უშავს, რა მოხდა, მალე ისწავლიო, დამაიმედა. ჰოდა, თუ ჩემს პროფესიას ოდესმე თავს დავანებებ, მიმტანობას ვცდი, პრაქტიკა უკვე გავლილი მაქვს... უნდა გამოვტყდე, რომ ყველაზე რთულად მაგიდის ალაგების პროცესი მომეჩვენა. გასარეცხი ჭურჭლით სავსე ლანგარი, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, მეორე სართულიდან პირველზე უნდა ჩაიტანო, მერე უკანვე ამოიტანო სუფთა და ყველაფერი თავ-თავის ადგილას მოათავსო. ჩემი იქ ყოფნის დროს თან ჯაბასა და თამუნას ვესაუბრებოდი, მაინტერესებდა, რატომ გადაწყვიტეს მიმტანობა და რა სირთულეები ახლავს თან ამ პროფესიას.
ჯაბა ცხოვრებაძე იმერელია, ხარაგაულიდან. სასიამოვნო გარეგნობის, ზედმეტად თავმდაბალსა და შრომისმოყვარე 20 წლის ბიჭს იმერული ულვაში ამშვენებს და ამბობს, რომ ხასიათიც იმერული აქვს. ჰყავს მშობლები და ორი ძმა. სულ რაღაც 4 კვირაა, რაც მიმტანად მუშაობს.
GzaPress- სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარე, დავეუფლე IP ტექნოლოგიას. მანამდე 12 წელი ვცეკვავდი, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე რაღაც პრობლემების გამო.
ჯაბას თანამშრომელს რომ არ ეთქვა ჩემთვის, ვერც გავიგებდი, რომ თურმე სტუდენტობისას სუხიშვილებს მოსწონებიათ და ანსამბლში საცეკვაოდ რეპეტიციებსაც გადიოდა უკვე. - ასეთი რამ როგორ არ მითხარი-მეთქი? - ვუსაყვედურე.
- ძალიან ცოტა ხანს ვცეკვავდი და ამიტომ არ ვთქვი. ხარაგაულში ანსამბლ "უბისში" ვცეკვავდი. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. "სუხიშვილებში" ჩემი მეგობარი, ლადო მაჭავარიანი ცეკვავს და მეც მივედი ბედის საცდელად. თვითონ ანსამბლის წევრები ასწავლიან ჯგუფებს, რამდენიმემ მნახა, შემაფასეს და დავიწყე რეპეტიციები, მაგრამ სულ 2 თვე მომიწია. მერე ცხენიდან გადმოვვარდი და მუხლი ისე დავიზიანე, რომ მინიმუმ 2 წელი ვეღარ ვიცეკვებ. არადა, ძალიან მენატრება, ცეკვა ყველაფერია ჩემთვის. გავიდეს ეს 2 წელი და ისევ გავაგრძელებ.
- კარგი, წარმატებებს გისურვებ. ახლა ის მითხარი, მიმტანად მუშაობა რამ გადაგაწყვეტინა?
- სამსახურს ვეძებდი. მეგობარმა მითხრა, რომ ამ რესტორანში მიმტანები სჭირდებოდათ და მივსულიყავი. მოვედი, დამხვდა ძალიან სასიამოვნო გარემო, კარგი თანამშრომლები და დავრჩი. პირველი დღე უფრო მომეწონა, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
- დამსაქმებლებს რა მოთხოვნები ჰქონდათ შენთან?
- რადგან გამოცდილება არ მქონდა, ტრენინგი გავიარე, ვისწავლე, კლიენტს როგორ მოვემსახურო, რა არის მთავარი ამ პროფესიაში, ნელ-ნელა ყველაფერს დავძლევ. უფრო რთული აღმოჩნდა კლიენტებთან ურთიერთობა.
- ჯაბა, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
- ვიცვამ ფორმას - შავ შარვალს, თეთრ პერანგს, შავ ფეხსაცმელს. რა თქმა უნდა, პირად ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. უნდა იყო სუფთა და აკურატული, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაჩვენებელია მიმტანის სამუშაოსადმი პროფესიული დამოკიდებულებისა. თავის მოვლა მიანიშნებს არა მხოლოდ დადებით განწყობაზე სტუმრის მიმართ, არამედ თავდაჯერებულობასაც ზრდის ჩვენში. გაგიკვირდებათ და ვარცხნილობაც კი რესტორნის სტილს უნდა შეესაბამებოდეს. ჩვენ გვაქვს 2 დარბაზი და ერთი ტერასა და თანამშრომლები ვნაწილდებით, ვინ სად მოემსახურება იმ დღეს. მოკლედ, ჩვენი "პოზიციები" გვაქვს. მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდები სტუმარს. გულთბილად ვესალმები, მობრძანდით, დაბრძანდით, მიმაქვს მენიუ და ვეკითხები, რას ინებებს. ვთავაზობ კერძებს. თუ შემეკითხებიან, კერძისა და სასმლის შერჩევაშიც ვეხმარები, ვიღებ შეკვეთას, ვუმეორებ, რომ არაფერი შემეშალოს და ვიწერ კიდეც. მიმტანის უპირველესი თვისება კი ღიმილი და თავაზიანობაა. სხვათა შორის, თავაზიანობით მამახსოვრდება კლიენტებიც, თვითონაც რომ თბილად და ზრდილობიანად იქცევიან, ეს ძალიან მსიამოვნებს.
- ყოველთვის იღიმოდე, იყო თავაზიანი და მოზომილი, გაუძლო სტუმრების პრეტენზიებს, ბევრჯერ ალბათ უსაფუძვლოსაც კი, ეს ადვილი ნამდვილად არ არის, ხომ?
- რა თქმა უნდა, კარს იქით უნდა დატოვო შენი პრობლემები და პირადი ცხოვრება. ამიტომაც ამბობენ ხოლმე, მიმტანი, გარკვეულწილად, მსახიობიცააო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც იდეალურად ემსახურები და მაინც უკმაყოფილოა კლიენტი. ასეთ დროს უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ისევ საკუთარ თავს ვადანაშაულებ.

თამუნა ბიწაძე, 26 წლის:
- მეც იმერელი ვარ, წარმოშობით ჭიათურიდან, მაგრამ სოხუმში ვცხოვრობდით. წლინახევრის ვიყავი, როდესაც დედასა და მამასთან ერთად წამოვედი იქიდან. 11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ბებიამ და მამიდამ გამზარდეს მამასთან ერთად. ამ ასაკში დედის დაკარგვა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, ყველაზე მეტად მაშინ მჭირდებოდა...
- თამუნა, რა პროფესიის ხარ?
- ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამჟამად ტელეცენტრში ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სამ დღეში ერთხელ იქ ვარ, 2 დღე კი - აქ.
- მიმტანობა რატომ გადაწყვიტე?
- მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ სხვა სამსახურიც მეცადა. სტუდენტობის დროსაც მინდოდა მიმტანად მუშაობა. საქართველოში რატომღაც ცუდ ტონად მიიჩნევა, მაგრამ ჩემთვის ეს პროფესია არ არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ამიტომაც სხვების ამგვარ მიდგომას ჩემს გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. როგორც საჭიროა ოჯახისთვის, ისე უნდა მოიქცე. მუშაობის დაწყებამდე მე და ჩემი მეუღლე სტუმრის სტატუსით ვიყავით აქ, სიტუაცია გვაინტერესებდა. საცდელად ერთი დღე ვიმუშავე, მომეწონა გარემო, სამზარეულოში არსებულმა სისუფთავემაც მომხიბლა, უფროსობაც და თანამშრომლებიც, ყველანი ძალიან კარგები და თბილები არიან. ისე შევეჩვიე აქაურობას, წასვლას ჯერ არ ვაპირებ.
- პირველი საცდელი დღის შემდეგვე დაიწყე მუშაობა?
- გასაუბრებიდან 21 დღეში დამირეკეს და მიმიღეს. თავდაპირველად სხვა ფილიალში დამიწუნეს რუსულის არცოდნის გამო. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ რატომღაც რუსულად აღარ ვსაუბრობდით და სიმართლე გითხრა, დავიწყებული მქონდა, მაგრამ ახლა უკვე გავიხსენე და იმდენს ვახერხებ, რომ სტუმართან მივიდე და შეკვეთა მივიღო. ენების ცოდნა აუცილებელია. რომ შეგეკითხებიან, ხომ უნდა აუხსნა, მაგალითად, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქალაქური და მოხევური ხინკალი. უნდა უთხრა, რომ ქალაქური არის მწვანილებით შეზავებული, ხოლო მოხეური - სანელებლებით და ა.შ.. ძირითადად, უცხოელები ინტერესდებიან კერძების შიგთავსით. შესაბამისად, ინგლისურისა და რუსულის ცოდნა აუცილებელია.
- ენების ცოდნის გარდა სხვა რა მოთხოვნები ჰქონდათ კიდევ?
- დამსაქმებლები ვიზუალურ მხარესაც ანიჭებენ მნიშვნელობას და კომუნიკაციის უნარს, ასევე მეტყველებას. თუ მიმტანს ენა ებმის, ან გაურკვევლად მეტყველებს და ვერ გიხსნის ვერაფერს, ცოტა არ იყოს, კლიენტს არ მოეწონება. გვევალება მაგიდის სერვირების ზედმიწევნით ცოდნა, კარგად უნდა ვერკვეოდეთ ღვინის ბარათში, ანუ უნდა ვიცოდეთ ღვინის სახეობები და რომელი ღვინო რომელ კერძს უხდება, უნდა ვერკვეოდეთ ეტიკეტის ნორმებში, უნდა შეგვეძლოს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. აუცილებლად გმართებს დაკვირვებაც, უნდა აკონტროლო, სტუმრებმა სასმელი არ შემოიტანონ, ჭურჭელი თუ გატეხეს, უნდა შეამჩნიო, რადგან კლიენტმა უნდა აანაზღაუროს ეს ზარალი. თუ ვერ შევამჩნიეთ, მაშინ უკვე მომსახურე პერსონალს მოუწევს გადახდა. ერთი სიტყვით, ყურადღება არ უნდა მოადუნო, რაც ადვილი არ არის 12-საათიანი მუშაობის პერიოდში. გადაღლას მაინც თავისი შედეგი აქვს.
- ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს ამ პროფესიაში?
- იცით, რა არის? ეს ისეთი რთული და დამღლელი პროფესიაა, მხოლოდ ახალგაზრდები თუ გაუმკლავდებიან, ასე მგონია. ამიტომაც მიმტანის პოზიციაზე, ძირითადად, 18-19-20 წლისები არიან დასაქმებულები, დაახლოებით 30 წლამდე.
- უფრო მეტად პრეტენზიული კლიენტები ვინ არიან?
GzaPress- უფრო მეტად ქალები არიან პრეტენზიულები, კაცები - ნაკლებად. ამას წინათ ერთ ქალბატონს უნდოდა ბევრი რამის შეკვეთა, სულ რვანი იყვნენ. ჯერ ძლივს ჩამოყალიბდნენ, რა უნდოდათ, ეს ქალბატონი უამრავ კითხვას სვამდა თითოეულ წვრილმანზე. ბოლოს მიხვდა, რომ ზედმეტად "ბობოქრობდა" და გაძლება მოგცეთო, მითხრა. თან ეტყობა, ძალიან მოშივებული იყო და ცოტა რომ დანაყრდა, მაშინვე დაწყნარდა (იცინის). მოკლედ, მსახიობობასთან ერთად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო.
- 12 საათის განმავლობაში ფეხზე დგომა ადვილი არ არის. რამე იაღლიში არ მოგსვლია?
- როგორ არა. ერთხელ ლუდი მივიტანე ლანგრით, რამდენიმე კათხა დავდგი მაგიდაზე და ბოლო რომ უნდა დამედგა, ლანგარი ამიყირავდა თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჭიქა გადაიქცა და, რბილად რომ ვთქვა, ყველა გაიწუწა. შევწუხდი, მაგრამ ძალიან შეგნებული ხალხი აღმოჩნდა და აქეთ მამშვიდებდნენ, არა უშავს, ამასაც გადავიხდით და ახალიც მოგვიტანეო.
- რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორია?
- მოჭრილი ხელფასი გვაქვს, რაც შეეხება "ჩაის", ეს ყველა მიმტანს ახარებს, რადგან ჩაი მიმტანის მიმართ დადებით განწყობაზე მიუთითებს. ჩვენს რესტორანში ინდივიდუალური "ჩაია". ჩვენთან მაინც ნაკლებადაა ეს კულტურა. ბევრ შემთხვევაში მაშინაც კი, როცა სტუმრები 250-300 ლარსა და მეტს ხარჯავენ, ხურდას ბოლომდე იღებენ ხოლმე, რასაც გავუკვირვებივარ. ყველაზე ბევრი, რაც მახსენდება, 5 ლარი დაუტოვებიათ "ჩაი" და ესეც გამკვირვებია. აი, მაგალითად, გუშინ ჩვენს ერთ თანამშრომელს 16 ლარი დაუტოვეს, ასეც ხდება ხოლმე - ეს ადამიანის ჯიბესა და კულტურაზეა დამოკიდებული.
- მეუღლე რა პროფესიის არის და მას როგორი რეაქცია ჰქონდა შენს მიმტანად მუშაობაზე?
- მასაც ჩემი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და თავისი პროფესიით მუშაობს. 2 წლის ბიჭი გვყავს. ისეთი სიტუაცია გვქონდა, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო მეორე სამსახური და ამიტომ ერთობლივად გადავწყვიტეთ ეს საკითხი. თანაც, ის მიჩვეული იყო ჩემს აქტიურობას ამ მხრივ. სულ ვმუშაობდი, სკოლის დამთავრების შემდეგ მაღაზიაშიც მიმუშავია, ეროვნულ გამოცდებზეც, საზაფხულო სტუდენტურ სამუშაოებზეც არ მითქვამს უარი. მე შრომა არ მაკომპლექსებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს პროფესიაში სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ნამდვილად არაფერია!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უფასებდა სიმღერებს ავთო შარვაძეს
"მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!"
ნათია ჭაბუკიანი: "ახალ თაობასთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო..."
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი