უხერხული შემთხვევები ჟურნალისტური ცხოვრებიდან და სიტუაციიდან თავის დაძვრენის გზები - გზაპრესი

უხერხული შემთხვევები ჟურნალისტური ცხოვრებიდან და სიტუაციიდან თავის დაძვრენის გზები

ჟურნალისტიკა ერთ-ერთი საინტერესო პროფესიაა და ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ხშირად ძალიან უჭირთ სხვა სფეროში გადანაცვლება. ჟურნალისტიკიდან "წასულებს" კი ყოველთვის იმ დროის ნოსტალგია აქვთ, როცა აქტიურად საქმიანობდნენ.

ჟურნალისტისთვის არ არსებობს დასვენების დღეები, დღესასწაულები და ზოგჯერ საქმის ან მივლინების გამო შეიძლება ისეთ მნიშვნელოვან დღეებს გამოაკლდე, როგორიცაა ოჯახის ან მეგობრის რომელიმე წევრის დაბადების დღე, ქორწილი, დაკრძალვა და ა.შ. მიუხედავად დაუგეგმავი რეჟიმისა, ეს პროფესია მაინც მაგნიტივითაა და თუ აირჩიე, ძნელია, თავი დააღწიო.

ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგიაც რომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, არც ეს გახლავთ ახალი ამბავი. ყველანაირი გამოცდილება წლებს მოაქვს და აქაც, როცა უკვე მრავალი წელია ჟურნალისტიკაში ხარ, შენთვის უცნობ რესპონდენტს ინტერვიუს დასაგეგმად ან კომენტარისთვის რომ უკავშირდები, უკვე "ალოსა" და "გისმენზე" ხვდები, რა ფსიქოტიპია.

უამრავ უცნაურ, გნებავთ - განსხვავებული ხასიათის ადამიანსა და შემთხვევას ვაწყდებით. თითოეულ ჩვენგანს იმდენი ასეთი ამბავი აქვს, მრავალტომეულის გამოცემა შეიძლება, მაგრამ ისედაც იმდენი "შედევრი" გამოდის, რომ ვფიქრობ, საჭირო აღარაა იმ ბიბლიოთეკას ჩვენი "ნაშრომიც" შეემატოს.

თათბირებზე შეხვედრისას, ჟურნალის დაგეგმვასთან ერთად, მსგავს ისტორიებს ერთმანეთს ვუყვებით ხოლმე. ამას წინათ კი რედაქტორებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მოკლედ გიამბოთ ჩვენს რესპონდენტებთან დაკავშირებული სამახსოვრო ამბები. ჰოდა, დავიწყებ...

ჟურნალისტები სხვებივით ხშირად ვიცინით ან ვტირით. ხშირად ძალიან რთულია, ემოციები მართო.

GzaPressრესპონდენტთან შეხვედრამდე, წინასწარ საკუთარ თავს შთავაგონებ ხოლმე, რომ ამბავი მაქსიმალურად ცივი გონებით უნდა მოვისმინო, მაგრამ ხშირად ეს წარმოუდგენელია. ძნელია, ერთადერთი შვილის პატრონი დედის წინაშე გულგრილი იჯდე, როცა გიყვება, რომ მის ბავშვს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად რამდენიმე ასეული ლარის წამალი სჭირდება, მარტოხელა დედას კი ამის შესაძლებლობა არა აქვს ან როცა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ გოგონას უსმენ, რომელიც ამბობს, რომ მისი განკურნება შესაძლებელია, ოღონდ მის ოჯახს ამის შესაძლებლობა არა აქვს.

ერთი პერიოდი, რამდენიმე თვის განმავლობაში 1937 წლის რეპრესიებს შეწირულ ოჯახის წევრებთან მიწევდა შეხვედრა და უმძიმესი ისტორიების მოსმენა. ერთმანეთის მსგავსი, თუმცა ამავდროულად, სრულიად განსხვავებული ამბები კინოს სიუჟეტს ჰგავდა, მაგრამ ფილმისგან განსხვავებით, მას ჰყავდა კონკრეტული "გმირები", რეალური "პერსონაჟები" და წარუშლელი კვალი.

მოკლედ, რამდენადაც უნდა გსურდეს, გახდე "ყინულის დედოფალი", ზოგჯერ ეს შეუძლებელია. თუმცა, ისევე როგორც სხვა რიგ შემთხვევებში, ცუდი კარგით ბალანსდება და ეს მონაცვლეობა გაძლებინებს, რომ ხვალ კვლავ ახალი ენერგიითა და ძალებით გაიღვიძო.

ახლა დადებით ტალღაზე გადავერთოთ. ზაფხულია და თემატურად სწორედ წელიწადის ამ დროსთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ.

რამდენიმე წლის წინ, ინტერვიუზე შესათანხმებლად ერთ ცნობილ, ბევრისთვის საყვარელ მსახიობ ქალბატონს დავუკავშირდი. ზაფხული, გაუსაძლისი სიცხე იყო, მაგრამ შვებულებაში გასვლამდე, ერთ-ერთი ყოველკვირეული ჟურნალისთვის აქტიურად მიწევდა მუშაობა. ვაიმე, დედიკო, ამ სიცხეში როგორ მუშაობთო?! - შეიცხადა რესპონდენტმა, მაგრამ იქვე დაამატა, - მაგრამ რა მიკვირს, მეც ხომ ვმუშაობ და წელს მგონი, საერთოდ ვერ ვახერხებ დასვენებასო. ინტერვიუზე დიდი სიხარულით არ დამთანხმდა, მაგრამ არც უარი უთქვამს, ხვალ, დილის საათებში, სანამ ცოტა სიგრილე იქნება, შინ მესტუმრეთო და საათიც დავაზუსტეთ. გავაფრთხილე, ფოტოგრაფთან ერთად ვიქნები-მეთქი. კი, დედა, ჩემს მოჭყანულ სახეს რომ ვუყურებ, ვიცი, დავბერდი და ფოტოების გადაღება მძულს, მაგრამ ვიცი, ეგეთი წესია და წამოიყვანეო.

ჰო, ასეთი "წესია": ხშირ შემთხვევაში რესპონდენტებთან ფოტოგრაფის თანხლებით დავდივართ. მაშინ ჩვენთან ერთი ძალიან საყვარელი გოგონა მუშაობდა და დათქმულ დროს, მე და ის საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ "კენწეროში" მდებარე ქუჩის, მაღალსართულიანი კორპუსის რომელიღაც სართულზე ქოშინით ავასკდით, რადგან ლიფტით ვიღაცას ავეჯი გადაჰქონდა და სანამ ის ბინას დაცლიდა, მეორე დღემდე მოგვიწევდა ლოდინი.

ბინის კარი ვარდისფერსარაფნიანმა ქალბატონმა გაგვიღო. მობრძანდით, დასხედით, ცოტა დაისვენეთო. ბინის ყველა ფანჯარა და აივნის კარი გახსნა, ცოტა დაგიბერავთ და ამოისუნთქავთო. მერე ჭიქებით ცივი წყალი მოგვაწოდა და მაცივრიდან ჩაცივებული ხილი გამოიღო. ქალი ფაცუროს, ქოთქოთებს, ვაკვირდები, ვარდისფერი სარაფანი იმდენად გამჭირვალეა, მის მიღმა ჭრელი, ყვავილებიანი ტრუსი და შიშველი მკერდი მოუჩანს. თან, საკმაოდ ფაშფაშა ქალბატონია და მკერდიც შესაბამისად, დიდი აქვს. ვფიქრობ, ნუთუ ამ სამოსით აპირებს ფოტოსესიას-მეთქი? ფოტოგრაფები ყოველთვის გადარბენაზე არიან და ერთ გადაღებიდან მეორეზე გარბიან. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენს ფოტოგრაფს ერთსაათიანი "ფანჯარა" ჰქონდა და გვითხრა, დაგელოდებით, ისაუბრეთ და ფოტოები ინტერვიუს მერე გადავიღოთო. ქალბატონმა ძველი მარაო მოიმარჯვა და საუბარი დავიწყეთ. გულწრფელი და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. საუბარი რომ დავასრულეთ და ჯერი ფოტოებზე მიდგა, თავად იკითხა: - ხომ არ გამოვიცვალოო?! - კი, კი, კარგი იქნება-მეთქი, - გამიხარდა. - კარგი, თქვენ არ მოიწყინოთ, წავალ, რამეს ვიპოვი. ერთი თეთრი, აჟურული, ხელით ნაქსოვი "ბლუსკა" მაქვს, იმას ჩავიცვამ და ყვავილებიან "იუბკას", პომადას წავისვამ და მოვალო. სანამ ის მოსაკაზმად საძინებელში იყო გასული, მე და ჩემი ფოტოგრაფი ვამბობდით, კიდევ კარგი, თავად შემოგვთავაზა გამოცვლა, თორემ ჩვენ ხომ ვერ ვეტყოდით, ქალბატონო, იქნებ ლიფი ჩაგეცვათო? გამჭირვალე ქსოვილიდან მისი მკერდი გამოჩნდებოდა და მერე შეიძლება იქით მოედო შარი, ეს რა გამიკეთეთო?! თან, ადამიანს პირველად რომ ხვდები, ძნელია მიუთითო, ლიფი ჩაიცვითო, თორემ როცა რესპონდენტს რამდენჯერმე შეხვედრიხარ ან დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებს, შეიძლება ისიც კი უთხრა: წვერგაპარსული დამხვდი ან ეს მაისური გამოიცვალე, ღიპი გიჩანსო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ქალბატონი მისაღებში შემოვიდა. შევხედე და უარესად დამცხა, უსახელო, თეთრი აჟურული "ბლუსკიდან" კიდევ უფრო მეტად მოუჩანდა შიშველი მკერდი. ვაჰ, გავგიჟდი! ზაფხულია და ტანზე ზედმეტი ქსოვილი არ სიამოვნებს, თუ ზოგადად ბიუსტჰალტერის არსებობას არ აღიარებს ეს ქალი, არ ვიცი. თან ამ ნაქსოვი, ტანზე მომდგარი, აჟურული ზედატანიდან მასპინძლის დიდი მკერდის ხან ერთი თავი მოჩანს და ხან - მეორე. გავხედე, ფოტოგრაფიც შოკირებულია. ეუბნება, სავარძელში დაბრძანდითო. საცდელად ერთი ფოტო გადაუღო. აბა მანახვე, ხომ კარგი განათებაა-მეთქი, მოვიმიზეზე და ფოტოს დავხედე. ნუ, არა, წარმოუდგენელია ამის დაბეჭდვა, ფაქტობრივად, წელს ზევით შიშველია ეს ქალი! სწორედ ამ დროს, როცა ვფიქრობდი, რა მომემიზეზებინა, რომ მასპინძელს აჟურული სამოსი გამოეცვალა, ოთახის კარი გაიღო და ქალის შვილიშვილმა შემოირბინა. მას უკან დედამისი მოჰყვა, ბოდიში, ოთახში აღარ გაჩერდა, გამომექცა, ბებიასთან მინდაო... ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გაყვანა დაუპირა. ბებიაც წამოდგა და უკვე ორივე ცდილობდა ბავშვის ოთახიდან გაყვანას. არა, არ წავიდეს-მეთქი! - ზედმეტად ხმამაღლა კი მომივიდა, მაგრამ მხოლოდ იმ ბიჭუნაში დავინახე ჩემი ხსნა და სად გავატანდი?! მოვიდეს და ბებიასთან ერთად სურათები გადაიღოს-მეთქი. სიხარულით დამთანხმდა. საბედნიეროდ, არც პატარა ბიჭუნა აღმოჩნდა წინააღმდეგი. ისევ ჩავსვით ქალბატონი სავარძელში და ბავშვი კალთაში ჩავუსვით. ფოტოგრაფმა გადაღება დაიწყო. რამდენიმე რაკურსი რომ გვქონოდა, ქალს ხან ერთ მკერდზე ავაფარებდი ამ ბავშვს სააკაძის ფარივით, ხან - მეორეზე.

დამშვიდობებისას, 4 წლის ბავშვს ჩურჩულით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე და როგორც ჩვენს მხსნელს, ხელიც კი ჩამოვართვი.

ამის მომდევნო ზაფხულსაც გადავაწყდი უბიუსტჰალტერო რესპონდენტს, თუმცა, "ჭირში გამობრძმედილი" ისე აღარ დავმფრთხალვარ, როგორც პირველ შემთხვევაში. ეს ქალბატონიც მსახიობი იყო, კარგი მოსაუბრე, პირდაპირი და კინოსა და თეატრში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე. დღემდე მახსოვს, მისი სარაფანი შავი იყო, ბრტყელი ბრეტელებითა და წვრილი მწვანე ყვავილებით. მოკლედ შეჭრილი თმა კვასკვასა ყვითლად ჰქონდა შეღებილი. ფრჩხილები - წითლად, თვალები - მწვანედ. ხელებზე საათი და სამაჯური ეკეთა, თითებზე - ბეჭდები. ერთი კი ვიფიქრე, ლიფის ჩაცმა დავიწყებია, მაგრამ სამაგიეროდ სამკაულის ასხმა - არა-მეთქი. თან ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მაგრამ მალევე გადამიარა, რაც არის, არის-მეთქი. საქმეს ისიც "აადვილებდა", რომ ქალი გამხდარი იყო, სარაფანი კი შავი, ფართო და მაინცდამაინც არ იკვეთებოდა მისი სხეული, მაგრამ ფოტოს გადასაღებად სავარძელში რომ ჩაჯდა, მაინც არ გამოჩნდა ლამაზად. მსახიობი დასთან ერთად ცხოვრობდა, ქალს თითქმის თავისივე ასაკის დას ვერ ჩავახუტებდი თუ ავაფარებდი მკერდზე, ამიტომ რაღაც სხვა უნდა მომეფიქრებინა. მაგიდასთან გადავსვი და უარესი "ხედი" გამოვიდა. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა მხსნელი, ოთახში ძაღლმა შემოირბინა. უი, რა კარგია, ძაღლი ხელში აიყვანეთ, "ცოცხალი" და განსხვავებული ფოტო გამოვა-მეთქი. დიდად არ მიყვარს, ჩემი დისააო, - ცხვირი აიბზუა. არა უშავს, სამაგიეროდ, ფოტო გამოვა კარგი-მეთქი, - გავუღიმე. - კარგი, რა გაეწყობაო, - ჩაიბუტბუტა და ძაღლი ხელში აიტაცა... მოკლედ, აქაც გამოვძვერით.

ჰოდა, მას შემდეგ, რესპონდენტ ქალებს პირველად მკერდზე ვუყურებ და სწორედ ეს "მოვლენა" გახლდათ ამ ჩვეულების გამომწვევი.

ამის გარდა, კიდევ რამდენი ამბავია, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. ისინი მხოლოდ ჩვენი "ტვინის ყულაბაში" გროვდება და მერწმუნეთ, ბევრია, ძალიან ბევრი...

ანა კალანდაძე