"სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა" - გზაპრესი

"სახლი იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველად აკოცა"

"ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "გიორგი სააკაძე", "არსენა", "საბა", "ხაბარდა", "უკანასკნელი მასკარადი" - ეს მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების არასრული ჩამონათვალია. "მუსკომედიის ფუძემდებელი", "ქართული და მსოფლიო კინოს განმავითარებელი", "ეპოქალური ფილმების ავტორი" - ასე მოიხსენიებენ კინომცოდნეები კინორეჟისორს, მოქანდაკესა და მხატვარს, ვისაც ამჯერად მეუღლესთან, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელ, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად მათივე შვილიშვილი, ასევე რეჟისორი (ოთხი მხატვრული და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი), არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზისა და დიპლომის მფლობელი, მიხეილ ჭიაურელი უმცროსი გაიხსენებს...

GzaPress- მიშა 5-6 წლის ასაკიდან მახსოვს. მოსკოვიდან ბურთი ჩამომიტანა. ეს მაშინ ყველა ბავშვისთვის საოცრება იყო. ეს ხდებოდა 1946-48 წლებში. მაშინ ბავშვები ნაჭრის ბურთებით ვთამაშობდით. ის დღე, როცა რეზინის ბურთი პირველად ვნახე, გუშინდელი დღესავით მახსოვს. ეზოში ვთამაშობდი. მიშინკა! - აივნიდან დამიძახა ბაბუამ. მისკენ რომ გავიხედე, ბურთი გადმომიგდო. ხტუნაობა რომ დაიწყო, ვერ მივხვდი რა იყო. გაოცებული ვუყურებდი. მერე ბავშვები კარგად დავაკვირდით და მივხვდით, რომ ეს ბურთი იყო და თამაში დავიწყეთ. ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც ბაბუას უკავშირდება. ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე იყო. მოსკოვიდან სათამაშოების გარდა ჩემთვის ტანსაცმელი ჩამოჰქონდა - ინგლისური შალის პიჯაკები, ჟილეტები, პერანგები. ვერიკოსა და მიშას ექვსი შვილიშვილიდან პირველი მე ვიყავი და ძალიან მანებივრებდა. მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ბაბუამ ამერიკული მანქანა ჩამოიყვანა. ქალაქში რომ გადაადგილდებოდნენ, ყველა ამ მანქანას უყურებდა. ერთხელ გერმანიიდან დიდი ყუთით რადიო ჩამოიტანა. შუაში დიდი ღრმული ჰქონდა, სადაც 15 ნახშირის ფირფიტა ეტეოდა. ფირფიტების ცვლა ავტომატურად ხდებოდა. ამის სანახავად რიგი იდგა. ბაბუას ფირფიტების ძალიან კარგი კოლექცია ჰქონდა. განსაკუთრებით იტალიური ოპერები უყვარდა. საბჭოთა კავშირში აკრძალული კომპოზიტორი ვაგნერი პირველად მან მომასმენინა. საოცრად მუსიკალური კაცი იყო.

- ამან, ალბათ, თქვენზეც მოახდინა გავლენა...

- მუსიკას გამუდმებით მასმენინებდა. კარგად იცოდა, რომ ეს ჩემში დაილექებოდა და თავის გავლენას მოახდენდა. მიხსნიდა, რა იყო ოპერა, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, რას ნიშნავს ბელკანტო და ასე შემდეგ. ამან, საბოლოო ჯამში, მართლაც გამოიღო შედეგი. ახლა ვმუშაობ ფილმზე - "რეპეტიცია კარმენი" ნინო სურგულაძისა და ლადო ათანელის მონაწილეობით. გარდა ამისა, საოცარი იუმორი ჰქონდა. სხვათა შორის, ვანო სარაჯიშვილის ახლო მეგობარი გახლდათ. ერთხელ გრიმი გაიკეთა და სცენაზე ვანო სარაჯიშვილის ნაცვლად გავიდა. იმღერა პატარა არიოზო და წარმოიდგინეთ, ვერავინ მიხვდა, რომ ეს ვანო არ იყო. მერე ვანო გავიდა და სიმღერა განაგრძო. ბაბუამ სარაჯიშვილის ძეგლი გააკეთა, რომელიც მიშასა და ვერიკოს სახლ-მუზეუმშია დაცული. შექმნილი აქვს სარაჯიშვილის პორტრეტიც.

- გარდა ხელოვნების მსახურებისა, მიხეილ ჭიაურელი ზეინკლადაც მუშაობდა...

- დიახ, ახალგაზრდობაში. სცენის მუშადაც მუშაობდა. ზეინკლობას მეც მასწავლიდა. სკოლა რომ დავამთავრე, წელიწად-ნახევარი მეც ზეინკლად ვმუშაობდი. ამის დიდი სურვილი არ მქონდა, მაგრამ ხრუშჩოვის კანონი იყო - ვერ ისწავლიდი, თუ მუშაობის სტაჟი არ გექნებოდა. მახსოვს, ქუჩაში ხშირად მასეირნებდა ან თუ სადმე მიდიოდა, გამიყოლებდა ხოლმე. საოცარი თვისება ჰქონდა - ქუჩაში გაღუნულ ლურსმანს რომ იპოვიდა, აიღებდა და ჯიბეში ჩაიდებდა. სახლში რომ მოვიდოდით, ლურსმნებს ჯიბიდან ამოალაგებდა, გაასწორებდა, "შკურკით" გააპრიალებდა და უჯრაში ინახავდა. ყველაფრის ფასი იცოდა, ყაირათიანი კაცი იყო. გაღუნულ ლურსმანს რომ ასწორებდა, ამით უკვე მას რაღაც ფუნქციას სძენდა. დღეს მეც ასე ვიქცევი, ძირს დაგდებულ ლურსმანს ვიღებ, ვაპრიალებ და ვინახავ. ბაბუა არაჩვეულებრივად ხატავდა, ძერწავდა. როცა თავის სახელოსნოში მუშაობდა, ფანქარს მაძლევდა და ბოთლს ან ჭიქას ვხატავდი. "აუცილებლად რაიმე სპეციალობა უნდა შეისწავლო. ამის შემდეგ კი შეგიძლია ხელოვნებაში წახვიდე. საშუალო დონის ინჟინერი თუ იქნები, შემოსავალი მაინც გექნება, საშუალო დონის ხელოვანი კი არაფერს ნიშნავს" - მარიგებდა უკვე წამოზრდილს ბაბუა. დავუჯერე და ჯერ მექანიზაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სამხატვრო აკადემიაში, ბოლოს კი მოსკოვში უმაღლეს ორწლიან სარეჟისორო და სასცენარო კურსებზე სასწავლებლად გავემგზავრე.

- მომავალი პროფესიის შერჩევაც, როგორც ჩანს, ბუნებრივად, ბაბუას გავლენით მოხდა...

- სხვათა შორის, არანაირი სურვილი არ მქონდა სარეჟისორო დამემთავრებინა. სახლში მქონდა თეატრიც, კინოც და სამხატვრო სახელოსნოც. სახლში მყავდა რეჟისორიც, მსახიობიც, მომღერალიც, მხატვარიც. თეატრებში სპექტაკლები რომ მთავრდებოდა, "მეორე განყოფილება" ჩვენთან, სახლში, ვერაზე იმართებოდა. მოგეხსენებათ, ეს სახლი მიშამ ვერიკოს იმ ადგილას აუშენა, სადაც პირველი პაემანი დაუნიშნა და სადაც პირველად აკოცა. თავიდან იქ ბაბუას სახელოსნო იყო ორი სართულის სიმაღლის, რომ ქანდაკება დატეულიყო. მოგვიანებით სახლად გადაკეთდა, სახელოსნო კი სასტუმრო ოთახად. ამხელა სასტუმრო ოთახი თბილისში არავის ჰქონდა. აქ იკრიბებოდნენ იმ დროის ცნობილი ადამიანები და ამ საღამოებზე ცეკვავდნენ ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. ექსპრომტად მართავდნენ პოეზიის საღამოებს. ის ძველი აურა იმ სახლში ისევ ტრიალებს. ნიკუშამ აღადგინა ოჯახის ტრადიცია და იქ კვლავ სტუმრიანობაა. იქ ყოველი კუთხე საინტერესოა. თავიდან ყველა ჭიაურელი ამ სახლში ვცხოვრობდით. მეც იქ დავიბადე. მიშამ და ვერიკომ ყველა შვილი დააბინავეს. სოფიკომ მიამბო: თურმე, ოჯახის შეკრება მოაწყვეს, რომ გადაეწყვიტათ, იმ სახლში ვინ დარჩებოდა. აქ უნდა დარჩეს სოფიკო და ეს გასარჩევიც არ არის! - თქვეს რამაზმა და ოთარმა. ძმებს სოფო ძალიან უყვარდათ. მახსოვს, როგორ დგამდნენ "სკეტჩებს" მიხეილ ბოიარსკი და ალისა ფრეინდლიხი. ჩვენთან ლექსებს კითხულობდნენ ევტუშენკო, გალაკტიონი. გალაკტიონს ქალაქშიც ხშირად ვხვდებოდი. ერთხელ მოსკოვში ვნახე. დედაჩემის მამა, დავით ასათიანი, ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძის "განწყობის თეორიის" მიმდევარი გახლდათ. ამის გამო კომუნისტებთან მუდმივი პრობლემები ჰქონდა და გადასახლებაშიც იყო. ბაბუამ დისერტაცია 1958 წელს მოსკოვში დაიცვა და მეც თან წამიყვანა. ეს ამბავი მოსკოვში ქართული კულტურის დეკადას დაემთხვა. გალაკტიონს სასტუმრო "მოსკვას" ლიფტში შემთხვევით შევხვდი. ყავისფერი, ზოლებიანი შალის პიჯაკი ეცვა. ჩემი მზერა შენიშნა. მიხვდა, რომ ვიცანი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რადგან გალაკტიონი ჩვენთვის ღმერთი იყო. რა გვარი ხარ, ახალგაზრდავ? - მკითხა. როცა ვუთხარი, რომ ოთარის შვილი ვიყავი, ჭიას ბიჭი ხარო? - მკითხა გახარებულმა. თურმე, მამაჩემი და გალაკტიონი ზოგჯერ ერთად სვამდნენ ხოლმე. ვერიკო უყვარდა განსაკუთრებით, ცოტა ხნით მოვიდოდა, ლექსს წაიკითხავდა და წავიდოდა.

- ცნობილია მიხეილისა და ვერიკოს განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ...

- მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და სხვათა შორის, მშობლების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვერიკოს ხშირად ავიწროებდნენ კომუნისტები სწორედ მისი წარმომავლობის გამო. ვერიკო ცოტა მკაცრი იყო. დამსვამდა და მიყვებოდა საინტერესო ამბებს. მათ შორის, პირადსაც. გრძნობდა, რომ მასთან საუბარი მსიამოვნებდა. ეს სახლი აკადემიასავით იყო. თუ ვერიკო შინ არ იყო, მიშა ზრუნავდა მასზე. "ვერიკოს ეს სჭირდება, ეს დაახვედრეთ", - ამბობდა. თუ მიშა არ იყო შინ, ვერიკო ზრუნავდა მეუღლეზე. აკონტროლებდა, რომ მისთვის კარგი სადილი დაეხვედრებინათ, კომფორტი შეექმნათ. მიშას თევზი და წითელი ღვინო უყვარდა. სახლში მოახლე ჰყავდათ, მაგრამ ვერიკო ხშირად თვითონ გვიდა, ალაგებდა. სხვათა შორის, სოფიკომ ყველაფერი დედისგან ისწავლა. ერთ კაბას ათჯერ, ოცჯერ გადააკეთებდა და გეგონებოდა, ახალი შეძენილი ჰქონდა. ჩვენს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ მსმენია. მიშაც და ვერიკოც დახვეწილი, რაფინირებული პიროვნებები იყვნენ. მახსოვს, რომ წამოვიზარდე, ამოვიჩემე, რომ "ვილისი" მინდოდა. წარმოიდგინეთ გადახდილი "ვილისი", რომანტიკა... მოკლედ, ბაბუასთან მივედი და ვთხოვე, მანქანის გამოყვანაში დამხმარებოდა. მან სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრს, ღვინჯილიას დაურეკა. ისიც დაგვპირდა, რომ ამ საქმის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა. რაიონების სოფტექნიკებში უნდა მივსულიყავი და იქ შემეძინა, მაგრამ რამდენჯერაც წავედი, მომატყუეს, მანქანა არ მომყიდეს. ვერიკოსთან მივედი, შევჩივლე. ღვინჯილიას ტელეფონი ამიკრიფე - მითხრა. ნომერი ავკრიფე. "გამარჯობა! ბიჭო, მე ქალი ვარ და სიტყვას რომ ვიტყვი, ვასრულებ. შენ კაცი ხარ და სიტყვა როგორ ვერ უნდა შეასრულო?! ამ ჩემს შვილიშვილს რატომ აწვალებთ?!" მინისტრმა უთხრა, მეორე დღესვე მასთან მივსულიყავი. მივედი. გამგზავნეს ზესტაფონში და იქიდან მანქანით დავბრუნდი. ერთხელ, თბილისში სტეინბეკი იყო ჩამოსული. ვერიკო, არ მაქვს სტეინბეკი წაკითხული, მოდი, მე ნელ-ნელა ჩავიცვამ და შენ წიგნის დასაწყისი, სამი ფურცელი წამიკითხეო - სთხოვა მიშამ ვერიკოს. ვერიკომ დაიწყო კითხვა. მალე წიგნის შუა ხუთი ფურცლის წაკითხვა სთხოვა. წამიკითხე. ბოლოს კი ბოლო სამი ფურცლის წაკითხვა დაავალა. როცა ვერიკომ კითხვა დაასრულა, კარგი, გმადლობო, უთხრა და მწერალთან შესახვედრად წავიდა... როცა სტეინბეკი საქართველოდან მიდიოდა, ჰკითხეს, რა შთაბეჭდილებით მიემგზავრებითო. მან პასუხში აღნიშნა, რომ მიხეილ ჭიაურელმა ყველაზე უკეთ გაიგო მისი შემოქმედება... წარმოიდგინეთ, ბაბუას როგორი ფანტაზია ჰქონდა, რომ რაც ვერიკომ წაუკითხა, იმის ინტერპრეტაცია მოახდინა. დრამატურგია არ იცოდა თუ გმირების სახეებს ვერ შექმნიდა?! შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა, ციტატები ჩაურთო და ცნობილი მწერალიც გააოცა...

GzaPress- სტალინის სიკვდილის შემდეგ მიხეილ ჭიაურელი გადაასახლეს...

- დიახ, ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. სხვათა შორის, მან გადასახლებაშიც მოახერხა მუსიკალური თეატრის შექმნა, საყვარელი საქმის გარეშე იქაც ვერ გაძლო... იმ პერიოდში ვერიკოს გაორმაგებული ენერგია ჰქონდა. ის გახდა ოჯახის საყრდენი, გაჭირვებას არ გვაგრძნობინებდა. მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ ბაბუა გადასახლებული იყო. მეგონა, სამუშაოდ იყო წასული. ვერიკო ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახს ეს სიმძიმე არ ეგრძნო. მოახერხა კიდეც, თუმცა, ალბათ, დიდი მოთმენისა და ძალისხმევის ფასად. ოჯახს ძალიან რომ უჭირდა, იმით დასტურდება, რომ ვერიკომ მეორე სართული გაყიდა, ვალები გაისტუმრა. მერე სოფიკომ და კოტემ დააშენეს მესამე სართული. მიშა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა, კინემატოგრაფიაში მუშაობის საშუალება არ მისცეს, ამიტომ ნახატი ფილმების შექმნა დაიწყო და შესანიშნავი მულტფილმებიც გამოსდიოდა. ვგრძნობდი, ბაბუა ჩემით ამაყობდა. სამოყვარულო ფილმი რომ გადავიღე, ძალიან მოეწონა. ის ფილმი რუსეთის საკავშირო ტელევიზიამ იყიდა. მისი გარდაცვალების დღე კი ასე მახსოვს: 1974 წლის 31 ოქტომბერი იყო. ოთახში სამი მიშა ჭიაურელი ვიყავით. ბაბუა, უფროსი მიშა კომაში იყო, უკვე რამდენიმე დღის გათიშული. მე და ჩემი ბიძაშვილი, რამაზის შვილი, მიშა ჭიაურელი, მის სასთუმალთან ვისხედით, ღამეს ვუთევდით. დაახლოებით, ღამის 3-4 საათზე ბაბუამ უცებ თვალები გაახილა, წამოიწია, ყველა კუთხე-კუნჭულს თვალი შეავლო, ჩვენც შეგვხედა, ისევ ბალიშს მიესვენა, თვალები დახუჭა და სული დალია. მისთვის ვერაფრის თქმა მოვასწარით. ეტყობოდა, თავადაც უნდოდა რაღაც ეთქვა. თუმცა, გარდაცვალების წინ ყველას დაუტოვა წერილი, მათ შორის, მეც. აი, ისიც: "მიშიკო, ოთარის მიშიკო, მივდივარ. შენი ამბებიც მაწუხებს. ჩემი შთაბეჭდილებაა, იქ, იმ ჯურღმულშიც ვერ დავასვენებ ჩემს სულს. შემინდე და მაპატიე, თუ ოდესმე გამოგეცხადები და თითს დაგიქნევ, მოგაგონებ ჩემს თხოვნას - იმუშავე, იშრომე. შენ დიდად ნიჭიერი კაცი ხარ. რაც სიამოვნებას მოგცემს, ის დიდებასაც მოგცემს".

შორენა ლაბაძე