მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!! - გზაპრესი

მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ულიბკა, იგივე დათო ალფენიძე ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა, თუმცა ჩემთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და მუდმივად მის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების საქმის კურსში ვიყავი. დათო კრეატიული, წერის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია და შეუძლია, უბრალო მოვლენაც კი ისე აღწეროს, რომ საინტერესო გახადოს. ვთხოვე, თავისი ემიგრანტული თავგადასავლების დაბეჭდვის უფლება მოეცა.

მეგობრის ბროლია, რომელიც ამერიკის ვიზებს ანაწილებს

"ერთ თბილისურ-მეგრულ, ლამაზ ოჯახში ოჯახისთავმა საკალანდოდ სპანიელის ლეკვი მიიყვანა. დიასახლისი, ნათია, ლეკვის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ქმარ-შვილის მუდარას ვეღარ გაუძლო და დათმობაზე წავიდა: ეს ერთი ღამე დერეფანში გაათიოს და დილიდან მისი არსებობაც აღარ უნდა მახსოვდესო. ტელევიზიით ერთ-ერთი ფიჭური კომპანიის ლატარიის გათამაშებას გადმოსცემდნენ და ეკრანიდან შიგადაშიგ გამარჯვებულთა ყიჟინა და ემოციური ალიაქოთი ისმოდა. აი, მორიგი ტელეფონის ნომრის პირველი 4 ციფრიც გამოაცხადეს. ნათიას გული აუთრთოლდა და მუხლებიც საბოლოოდ მოეკვეთა, როცა მისმა ტელეფონმა დარეკა. ძალა მოიკრიბა და ტელეფონს უპასუხა:

- თქვენ მოიგეთ... - ეს წამყვანის აჟიტირებული ხმა იყო...

GzaPressამის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვს, რომ ულოცავდნენ, თქვენ მოიგეთ ორი საგზური ლას-ვეგასშიო. შემდეგ გაჰყვიროდა, ჩვენს ლეკვს "ბროლია" დავარქვათო.

ნათია ვერ წავიდა და მისმა მეუღლემ, ლევანმა მთხოვა, დამემგზავრე, მარტო მეზარება ფრენაო... რომ გითხრათ, ლას-ვეგასის კაზინოებისა და მათი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დავთანხმდი-მეთქი, დამიჯერებთ? საკუთარ ამრეზილ მზერას გავექეცი. ჩემს თავს უკვე კარგა ხანია, ცერად და ზიზღნარევად ვათვალიერებდი. რატომ და ერთხელ 25-26 წლის, ბიძაჩემთან ერთად სადღაც ვისხედით. ბიძას ილია ჰქვია და ჩემთვის მუდამ ანგარიშგასაწევი პიროვნებაა. ჰოდა, საუბარი ჩამოვარდა ერთ ჩვენს საერთო ნაცნობზე და ილიამ ჩაილაპარაკა, - 40 წლისაა და კიდევ მშობლებს შეჰყურებს ხელებშიო. ეს ნათქვამი გონებაში ჩამრჩა და 35 წლამდე თავს ვიმშვიდებდი. აი, 40-ს რომ მივუკაკუნე, ძალიან დავითრგუნე. სწორედ მაშინ გაჩნდა ის ამრეზილი მზერა და პრეტენზიები საკუთარი თავისადმი. "ვისით ცხოვრობ და რა შემოსავალი გაქვს? შვილებს ვზრდიო, რომ იძახი, შენ აიღე შენს თავზე მათ განათლებაზე ზრუნვა? ან, რომ იძახი არც ერთ სამსახურში არ გამაჩერეს "ნაცებმაო", ე.ი. უნიჭო და უნიათო ყოფილხარ... ან შენი ვაიბიზნესის რა ვთქვა, რომ გეგონა, თავისით მოფრინდებოდნენ ლარები" - ვეუბნებოდი ჩემს თავს...

ჰოდა, ფაქტობრივად, ჩემს თავს გავექეცი ამერიკაში.

საელჩოში კონსულთან გასაუბრებაზე ჩემი ფირმის ანგარიშზე სახელმწიფოსგან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია გავაყოლე ხელს. იმხანად "ქართულმა მწერლობამ" უმშვენიერესი ქალბატონ მაკა ჯოხაძის რეცენზიით დაბეჭდა ჩემი რამდენიმე "ნაცოდვილარი" და ის ჟურნალიც იღლიაში მქონდა ამოჩრილი. კონსულმა წვრილად გამომკითხა წასვლის მიზეზი. მე თან კითხვებზე ვპასუხობდი და თან ჟურნალს მოხერხებულად ვუტრიალებდი ცხვირწინ. ბოლო-ბოლო სასურველი შეკითხვა მაღირსა, მწერალი ხართო? და აი, იმ მომენტში წავხდი კაცი. მივხვდი, რაღაც აკრძალულს წავეპოტინე - არა, ბატონო, რაის მწერალი, რაცხა ცხოვრებისეული სიუჟეტების ავტორი ვარ-მეთქი, ამოვღერღე ქართულ-ინგლისურად. გაიცინა, ცერა თითი ამიწია და ალბათ, მოვალეობის მოხდის მიზნით დამამუნათა, დაბრუნდი, ნუ დარჩები და ნუ დაარღვევ ვიზასო.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ყველაზე მტკივნეული გაცილების პროცესი ყოფილა. ჩემი ოჯახი და მეგობრები, ყველა ვინც ჩემთვის ძვირფასია, აეროპორტში მოვიდნენ, მე კი მათგან მივდიოდი, არ ვიცოდი, სად და რამდენი ხნით. იქნებ - სამუდამოდ. შესაძლოა, მძიმე ტვირთის მოშორება მინდოდა გულიდან და მხრებიდან, რომ სხვებს ეზიდათ...

ოცნების ქვეყანა მიუნხენის გავლით იყო ჩვენი რეისი. შუაგულ ევროპაში ჩაძინებულს, ველურ დასავლეთში გამეღვიძა. აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი უნდა გაგვევლო. დანდობილად მივადექი მესაზღვრეს და საბუთები გავუწოდე. გამომართვა და რაღაც ჩაიბურდღუნა. - ვერ გავიგე, რა ბრძანეთ-მეთქი, რომ ვუთხარი, გამიმეორა - საიდან ჩამოხვედითო?

- გერმანიიდან, - იყო ჩემი პასუხი.

- გერმანიიდან ხართ?

- არა, ჯორჯიიდან.

- მე ალაბამადან, მეზობელო.

- ვერ გავიგე, - ჩავილაპარაკე.

- ოკეი, სად მიდიხართ?

- ლას-ვეგასში.

- ოოო, - მეტი ვერაფერი გავიგე.

არ ვიცი, რას მიხვდა, მაგრამ ბეჭედი რამდენიმე ადგილას დააბრახუნა და თავით მანიშნა, გაიარეო.

გაინტერესებთ, რას ველოდი და რა დამხვდა? გულის სიღრმეში ველოდი, რომ დოლარები ხეებს ფოთლების მაგივრად ესხა. სხვათა შორის, ასეც აღმოჩნდა. ოღონდ ეს "ფოთოლ-დოლარები" ნამეტანი მაღალზე ასხია, ხოლო ხის ტანი სლიპინაა და ფეხის მოკიდება ძალიან ჭირს. პირველ ხანებში დაბლა შემორჩენილ ფოთლებს თუ "მოვწიწკნიდი" და შურის თვალით ვუყურებდი, კენწეროში მოქცეულნი, როგორ ბღუჯა-ბღუჯა იტენიდნენ უბეში. შიგადაშიგ ქვემოთ დარჩენილებსაც ცოტაოდენს გადმოუყრიდნენ. კენწეროში მოხვედრას ნამდვილად არ ვესწრაფოდი, რადგან იმ სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში, მიწაზე ძალიან მწარედ ენარცხები. იქამდე აძრომას კი დიდი დრო, ტიტანური შრომა და იღბალი სჭირდება.

ნიუ-იორკის მიწაზე ფეხი რომ დავდგით, პირველი, ვინც შემოგვეგება, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი ვაჟის ნათლია და კლასელი, ნიკა ჩხეიძე იყო. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გადაგყვა და პირველი სამი კვირა ჩვენი მასპინძლობა არავის დაანება. ნიკას უამრავი საზრუნავი აქვს, გარდა იმისა, რომ მუშაობს დიაგნოსტიკურ ცენტრში, ქართული სათვისტომოს საქმეებსაც აგვარებს, ფლობს კაფე-რესტორანს ბრუკლინში და აქტიურად არის ჩაბმული ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნიკაზე საუბარი არ მომბეზრდება, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო კიდევ რამდენიმე ადამიანი. ნიკამ რამდენიმე დღით თავისი დის, ხათუნას და მისი მეუღლის, დიმა ტვილდიანის ოჯახში გვიმასპინძლა. დიმასთან ურთიერთობა და საუბარი ერთი სიამოვნებაა. დიმიტრი ტვილდიანი ცნობილია არა მხოლოდ პრესტიჟული სამედიცინო ინსტიტუტის დამაარსებელი, არამედ როგორც მეტად მრავალმხრივი და კეთილშობილი პიროვნება. ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მცირედით შემოვიფარგლები: დიმა ტვილდიანის ზღვარდაკარგული გულისხმიერების შედეგია, ამერიკაში მცხოვრებ ქართველთათვის სისტემატური უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროგრამა.

ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს აწ გარდაცვლილ გელა საჩალელთან. მე ვიტყოდი, სწორედ ის გახლდათ ჩვენი ემიგრაციის სულიერი საზრდოს მომწოდებელი. მხედველობაში მაქვს, რომ გელას დაუღალავი შრომითა და კარდაკარ სირბილით, ქართველებს საშუალება გვეძლეოდა, შევკრებილიყავით და სასიამოვნო საღამო გაგვეტარებინა ქართული თეატრისა თუ ესტრადის მსახიობებთან ერთად. ამერიკის მხცოვან ქართველ ემიგრანტზე, ძია პეტრეზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, მაია ქვარცხავასა და ძია პეტრეს ურთიერთობა ძალიან ლამაზი ისტორიაა. სწორედ მაიასა და ძია პეტრეს უდიდესი დამსახურებაა, რომ ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი, ერაყსა და ავღანეთში დაჭრილი ქართველი მებრძოლები თავს ეულად და მიტოვებულად არ გრძნობდნენ. ერთხელ მეც მომეცა საშუალება, ნატო მეტონიძესა და მამუკა ღლონტთან ერთად მომენახულებინა ისინი. სევდა და ტკივილი კი უხვად იყო, მაგრამ ჩვენ არ გვაგრძნობინეს, ჯარისკაცებმა იმღერეს და აჭარულიც კი იცეკვეს, თავიანთ სავარძლებში...

რა თქმა უნდა, ამერიკაში უამრავი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეულები ერთეულები არიან.

კინგსჰაივეიზე და ქუენთინ როუდის გადაკვეთაზე, რესტორანი "ლაღიძე" იხსნებოდა. სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო და შემთხვევით სამზარეულოს მონტაჟის პროცესს შევესწარი. ახალგაზრდა კაცი ქურაზე ხან ქვაბს დგამდა, ხან ტაფას. ხან წარმოსახვითი კოვზით კერძს ურევდა და მერე ნიჟარაში დგამდა. რამდენჯერმე უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და გაზქურას მდებარეობა შეუცვალა. შემდეგ, ცალ ხელში ლანგარი დაიჭირა და მეორეში რამდენიმე კათხა და დარბაზისკენ წავიდა. გასასვლელში წაიფორხილა და უმალ შეყოვნების მიზეზს დაუწყო ძებნა. და რაც მთავარია, ყოველივე ამას ისე აკეთებდა, ვერავის ამჩნევდა. დაბნეული შევცქეროდი და ვარაუდის დონეზე მივხვდი, რესტორნის ყველა თანამშრომლის მოქმედებას აანალიზებდა. დიზაინერი, ზურა ჩიქვანაია აღმოჩნდა. ქვინსში, თავის სახლშიც მიგვიწვია. ვეება სამზარეულოს საოცარ სიმყუდროვეში გემრიელი ვისკით გვიმასპინძლდებოდა.

ამერიკა საბჭოეთის დროს არსებულ "მიმაგრებას" მაგონებს, ძალიან კარგი ანაზღაურებით. ასე მგონია, განგებამ მომისაჯა და სასჯელი უნდა მოვიხადო. რაც უფრო წესიერად მოვიქცევი, მით მალე გამიშვებენ. უსინდისო უნდა იყო, რომ არ დააფასო ის სიკეთეები, რასაც ამერიკა გაძლევს. მადლობელი ვარ მისი "პატივისცემით" და აღარ მინდა, მეტად შევაწუხო. თუმცა, ძალიან ძნელია, მოშორდე აქაურობას. აი, გადაწყვეტ, წახვიდე და თითქოს უნებლიეთ ძია სემი ხელს გამოგიწვდის (ის ცარიელი ხელებით არასოდეს გეგებება) და შენც იძულებული ხარ, ცოტაოდენი გაპრანჭვის მერე დათანხმდე.

ცხოვრების ამერიკული სიურპრიზები მანჰეტენზე, 43-ე სტრიტზე ავტოსადგომია, რომელსაც რამდენიმე კეთილშობილი ქართველი ამუშავებს. წლების წინ ეს ტერიტორია, ნიუ-იორკის ვიწრო ქუჩებში ავტობუსებისა და სატვირთო ავტომანქანების მობრუნებას ემსახურებოდა. მანქანა მონიშნულ ადგილზე დგებოდა, ხოლო ფარული მექანიზმი ზედაპირს ატრიალებდა და მანქანა საპირისპირო მხრიდან გადიოდა. ავტოსადგომის სიღრმეში უჩვეულო "პარკინგია", იქ სხვადასხვაგვარი ურიკებია განთავსებული. ეს გახლავთ ე.წ. მხატვრების კუთხე. ავტოსადგომს კიდევ ერთი უჩვეულო მუდმივი, მდგმური ჰყავს. მას ლორენცო ჰქვია, წლების წინ ის მთელი ამ ტერიტორიისა და მის თავზე განთავსებული შენობის მფლობელი იყო. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ მე რომ გავიცანი, კაი რვა წელიწადის შეხიზნული იყო ავტოსადგომის ტერიტორიაზე. ერთი სავარძელი ჰქონდა ამოჩემებული და მთელ დღეებს მდუმარედ, ძველი ჩიბუხის ხრჩოლვაში ატარებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს უსახლკაროდ დარჩენილი ამერიკელი ჩემში სიმპათიას იწვევდა.

არ ვიცი, რა შემატყო ლორენცომ, მაგრამ ერთხელ მხატვრების კუთხეში ფოტოების თვალიერებისას თავზე წამომადგა და მონოტონურად, თითქოს მე არც მელაპარაკებოდა ისე მიმითითა ცნობილ ფოტოზე.

- ეს, ემფაიერ სთეით ბილდინგის მშენებელთა ფოტოა. რეალურია, მონტაჟის გარეშე... დააკვირდი, ისინი 87-ე სართულის სიმაღლეზე იმყოფებიან და როგორ თავისუფლად სხედან რკინის ძელზე... 2001 წელს მადლიერმა შთამომავლობამ, ამ ფოტოს საფუძველზე მათ ძეგლიც დაუდგა. მე დავაფინანსე ძეგლის შექმნაც და VI ავენიუზე ადგილიც მოვუძებნე... ახლა სად დგას, არ ვიცი. მეც პრობლემები შემექმნა და მეცენატობისთვის აღარ მეცალა... დააკვირდი, სურათზე თერთმეტი მშენებელია, გამოქანდაკებული კი მხოლოდ ათია. ხვდები, რატომ? ამერიკელთათვის მშენებელი ვისკის ბოთლით ხელში, მიუღებელი აღმოჩნდა...

GzaPress მალე შეხვედრამდე, ქართველებო! ჩემს დღევანდელობასა და საქმიანობას უნდა ვუმადლოდე ერთ შესანიშნავ ქალბატონს, რუსუდან გოშხეთელიანს და მის განსვენებულ მეუღლეს, დემურ ცინცაძეს. რუსუდანმა უდიდესი ძალისხმევით ბინა მოიძია და ოჯახური მყუდროება შეგვიქმნა. მოგვიანებით, ჩემს დასაქმებაზეც იზრუნა და ფაქტობრივად, ბევრ ხლაფორთს ამაცილა. დემური, ეს სიცოცხლითა და იუმორით სავსე კაცი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა და ძალიან დაგვაკლდა. დაგვაკლდა შობის ღამეს, სიმღერითა და სიყვარულით მთვრალი.

ჩემი მომავალი გეგმა სამშობლოში დაბრუნება და მონატრების მოცილებაა... ეს რა მაჯლაჯუნა ყოფილა... ერთხელ, წიგნების მაღაზიაში შემთხვევით ქართული წიგნების კუთხეს გადავაწყდი და თვალთ დამიბნელდა... პირველი, რაც დავინახე, მზის ფერი ქართული ასოებით დაწერილი "მე ვხედავ მზეს" იყო.

გულში კიდევ უამრავი ვინმე და რამე მიდუღს... რა დამავიწყებს აგვისტოს ერთ ღამეს, როცა ქუთაისელმა მამუკამ, დაღლილ-დაქაცულებს თავისი შეკითხვით, ძილი დაგვიფრთხო:

- ბიჯო, დათოია, მოლოცვა რაფერაა ინგლისურად?

- "ქონგრათულეიშენ", შენი!!! - გამწარებულმა შევუკურთხე.

- რასაა რო ჩივა... მაგდენი ქე ვიცი... ის სიტყვა მინდა, ქე რო დღეობას ულოცავენ, იმ სიმღერაში.

- "ჰეფი ბიორს დეი"?

- ე, ზუსტად მაგი. "ბიორს დეი" დაბადების დღეი იქნება და "ჰეფი" - მოლოცვა.

მამუკა მცირე ხანს გაყუჩებული იყო, იწრიალა და მინც ვერ მოისვენა:

- გძინავს, დათოია? რა დროს ძილია ახლა, სიმინდსა და ხაპს უნდა ვხარშავდეთ და თქვენებურ სანთლის არაყს ვაყოლებდეთ. ბიჯო, "ფერი" რაფერაა ინგლისურად?

- ფერი არის "ქალარ" და დაწყნარდი ახლა...

- მაშინ ერთი სიტყვაც მითარგმნეთ და დაგანებებთ თავს, - გაიღრიჯა, - "შეცვლა" რავა ითქმის?

- "ჩეინჯ", "ჩეინჯინგ", - სასწრაფოდ ვუპასუხეთ და ყველამ მტკიცედ გადავწყვიტეთ, პასუხი აღარ გაგვეცა.

გარიჟრაჟამდე ჯერ კიდევ დრო იყო, როცა მამუკას შეძახილმა ყველა საბოლოოდ გამოგვაფხიზლა:

- "ჰეფი ქალარ ჩეინჯიიინგ", ქართველებოო, "ჰეფი ქალარ ჩეინჯიიიინგ!G გოდ ბლესს ჯორჯია!"

მიხვდით ალბათ, ნიუჯერსის პატარა ქალაქ ლინდენში, რომელსაც მამუკამ ცაცხვნარი (ლინდენი ქართულად ცაცხვს ნიშნავს) შეარქვა, 19 აგვისტო, ფერისცვალება თენდებოდა. მალე შეხვედრამდე, ქართველებო და "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!

მარი ჯაფარიძე