გზა მსახიობობიდან შვეიცრობამდე და მიმტანობიდან - რესტორნის დირექტორობამდე - გზაპრესი

გზა მსახიობობიდან შვეიცრობამდე და მიმტანობიდან - რესტორნის დირექტორობამდე

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 4 წელი მესხეთის სახელმწიფო თეატრში თამაშობდა კიდეც, მაგრამ მოულოდნელად თავი დაანება ყველაფერს და სასტუმროში კარისკაცად დაიწყო მუშაობა. როგორი იყო მისი გზა მსახიობობიდან შვეიცრობამდე და მერე უკვე მიმტანობიდან ერთ-ერთი რესტორნის დირექტორობამდე, თავად მოგვიყვება, მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა და დაუზარებლად მიამბო თავისი ამბავი.

- ბავშვობიდანვე მინდოდა მსახიობობა და მონაცემებიც მქონდა, დავდიოდი მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვისა და დრამწრის ჯგუფებში. 129-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და აქტიურად ვმონაწილეობდი პოეზიის საღამოებში. მახსოვს, დრამწრეც შეიქმნა, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, მერაბ შარიქაძე ჩაუდგა სათავეში. დედა მოხევეა, მკაცრი ბუნების ქალი და როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, პირველივე გამოცდაზე ღმერთს ევედრებოდა, არ ჩააბაროსო: თეატრი და მსახიობობა რა კაცის საქმეა, კაცს მასხარაობა არ შეშვენისო, მეუბნებოდა ხოლმე. მოკლედ, ჩავირიცხე, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ეს იყო 1991 წელი, თეატრის მოღვაწეთა კავშირიდან გიგა ლორთქიფანიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ 3 თეატრში სჭირდებოდათ ვაჟი მსახიობები - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობისა და მესხეთის სახელმწიფო თეატრში. თეატრით ვსუნთქავდი და რა თქმა უნდა, დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, ოღონდ მესხეთის სახელმწიფო თეატრი ავირჩიე, რატომღაც ძალიან მაინტერესებდა სამცხე-ჯავახეთი ისტორიული თვალსაზრისით - საფარა, ზარზმა, ვარძია მხიბლავდა... ბატონ გიგას ძალიან გაუხარდა ჩემი გადაწყვეტილება და მითხრა, ჭეშმარიტი ქართველი ხარ, ასეთ პერიოდში ამ თეატრს გვერდით რომ დაუდექიო. გახსოვთ ალბათ, 1990-იანი წლები, "მხედრიონი", გაჭირვება, რა პირობებში აღარ გვითამაშია სპექტაკლები. მამიდამ მითხრა, აუცილებლად მეც უნდა გამოგყვეო და ერთად წავედით ახალციხეში. იქ დამხვდნენ რეჟისორი ზურა სიხარულიძე და ქალბატონი ლია სულუაშვილი (რომელიც დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია), რომლებმაც უდიდესი სითბოთი მიმიღეს. გაუხარდათ ჩემი მისვლა, რადგან როგორც მაშინ ამბობდნენ, ქალაქელმა კაცმა გავრისკე და ჩავედი პერიფერიაში, თან როგორი გაჭირვების დროს. 4 წელი დავყავი მესხეთის სახელმწიფო თეატრში. იქ არაჩვეულებრივი მაყურებელია, ანშლაგით ტარდებოდა პრემიერები. ამ წლებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

GzaPress- როგორც საუბრისას მითხარით, იქაურმა ქალმა მოგხიბლათ და მაგ წლებში დაოჯახდით კიდეც.

- ჩემი მეუღლე, ინგა ბერიძე თეატრში გავიცანი. მისი ბებია ჩვენთან საწყობის გამგედ მუშაობდა და რამდენჯერმე მოაკითხა ბებიას. ხომ გაგიგონიათ, "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო" - ჩემს შემთხვევაში ეს გამოთქმა გამართლდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალევე დავოჯახდით. დღეს ორივე საზკვების ობიექტში ვმუშაობთ, ის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერია, მე კი - დირექტორი.

- საინტერესოა, რატომ თქვით უარი მსახიობობაზე?

- თეატრში 4-წლიანი მოღვაწეობისა და დაოჯახების შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ჩემი მეგობარი მუშაობდა ახალგახსნილ, ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ და მაღალი დონის სასტუმროში, რომლის მსგავსი მაშინ სხვა არ იყო საქართველოში. შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და როდესაც მკითხა, ხომ არ დავიწყებდი მათთან მუშაობას, დავთანხმდი. მსახიობებს ძალიან მცირე ხელფასი გვქონდა, ფაქტობრივად, "კაპიკებზე" ვმუშაობდით, მე კი უკვე ოჯახი მყავდა, ბავშვი და ამიტომ გადავწყვიტე პროფესიაზე უარის თქმა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ინგლისურად გავიარე გასაუბრება, რადგან ძირითადად უცხოელებთან უნდა მქონოდა ურთიერთობა. შემომთავაზეს რამდენიმე პოზიცია, დაბალი საფეხურიდან დავიწყე - შვეიცრობა ავირჩიე. მოკლედ, კარისკაცად დავიწყე მუშაობა. თავიდან ისე ვიბნეოდი, არ ვიცოდი, რა მექნა, სტუმრებს კი არა, თანამშრომლებსაც კი კარს ვუღებდი ხოლმე. მერე თანდათან შევეჩვიე ჩემს ახალ საქმიანობას. სასტუმროში გვქონდა იდეების ყუთი, შეგეძლო შენი მოსაზრება დაგეწერა და ჩაგეგდო. რატომღაც აზრად მომივიდა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ შვეიცარს ქართული ჩოხა-ახალუხი ეცმებოდა. ჩემდა გასახარად, ჩემმა იდეამ გაიმარჯვა. სასტუმროს უცხოელმა გენერალურმა მენეჯერმა ჩემი წინადადება დადებითად შეაფასა, სასწრაფოდ წამიყვანეს მკერავთან, ამიღეს ზომები და შემიკერეს ჩოხა. ალბათ პირველი შვეიცარი ვიყავი, ვისაც ქართული ჩოხა-ახალუხი ეცვა. სტუმრებში დიდ ემოციებს იწვევდა ჩემი ჩაცმულობა, უცხოელები ფოტოებს იღებდნენ ხოლმე ჩემთან.

- მსახიობობის შემდეგ შვეიცარი როგორ გახდით, გასაგებია და რაც შეეხება მიმტანად მუშაობას?

- თვის საუკეთესო თანამშრომელი გავხდი, არც ერთი გაცდენა და დაგვიანება არ მქონდა. დამაწინაურეს და გადამიყვანეს სასტუმროს რუმსერვისში, ანუ ოთახების სერვისში. შემასწავლეს, როგორ უნდა მოვმსახურებოდი კლიენტებს, როგორ უნდა ჩამეწერა შეკვეთა და ა.შ. ფაქტობრივად, მიმტანი ვიყავი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც რუსთაველზე ყოფილი "დარიალის" ადგილას გაიხსნა ახალი რესტორანი, გადავწყვიტე, თავი ახლა უკვე ქართულ რესტორანში გამომეცადა. გავიარე გასაუბრება და მიმტანად ამიყვანეს. თან ტრენინგებს გავდიოდი. უნდა ვაღიარო, რომ მსახიობობა ამ ახალ პროფესიაში ძალიან დამეხმარა და უფრო ადვილად მოვერგე ამ სისტემას. 7 წელი ვიმუშავე მიმტანად და ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი ამ პროფესიას. ყველა საქმეს აქვს თავისი ხიბლი.

- არის თუ არა "ჩაი" მიმტანისთვის სტიმული, უკეთესად რომ მოემსახუროს კლიენტებს?

- "ჩაი" არის ის, რაც გახალისებს და თვლი, რომ სტუმარი შენს შრომას აფასებს. დაგიტოვებს თუ არა, ეს კლიენტის ჯიბეზეცაა დამოკიდებული და ნაწილობრივ შენზეც, რამდენად კარგად მოემსახურები.

- ყველაზე "ნოყიერი" "ჩაი" თუ გახსოვთ?

- რა დამავიწყებს? ეს იყო რესტორანში მუშაობის დროს, ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა, სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, 100 დოლარი დამიტოვა... ვფიქრობ, მან კარგად იცის შრომის ფასი და ჩემი შრომაც ამიტომ დააფასა.

- ყველაზე რთული რა არის ამ პროფესიაში?

- უფრო რთული სტუმრებთან ურთიერთობაა, განსაკუთრებით ნასვამ სტუმრებთან. თან იმ პერიოდში, როდესაც მე მიმტანად მუშაობა მომიხდა, ხშირად შემოდიოდნენ იარაღებით და აყალმაყალს ტეხდნენ. მახსოვს, ერთხელ შემოვიდნენ ავტომატებით, 2 მამაკაცს 2 ქალი ახლდა თან. ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ. გოგონას რიგი იყო, მათ მაგიდას ის უნდა მომსახურებოდა, მაგრამ რომ შეამჩნია, ნასვამები იყვნენ, მთხოვა, მე მივსულიყავი მათთან. - რა გაქვთ საჭმელი? - უხეშად მკითხა ერთმა. ვუთხარი, რომ მენიუშია კერძების ჩამონათვალი, ყველაფერი გვაქვს და რაც გნებავთ, აარჩიეთ-მეთქი. - ყველაფერი მოიტანეო, მიპასუხა. ყველაფერი მაგიდაზე არ დაეტევა-მეთქი, ვუთხარი ზრდილობიანად. - მაშინ ძირს გამიშალეო... გამოსავალი უნდა მეპოვა. ავდექი და დიდ ლანგრებზე დავაწყვე ყველა ცივი კერძი, ვაჩვენებ და იქიდან გააკეთებს არჩევანს-მეთქი. სუფრაზე ყველაფერი დამალაგებინა. გოგონები იცინოდნენ, ხარხარებდნენ, კაცებს იარაღი მაგიდაზე ედოთ და დროდადრო ხელში ათამაშებდნენ. ამ დროს თითქოს მდუღარე წყალი გადაასხესო, ისეთი ვიყავი ნერვიულობისგან. ისეთი პერიოდი იყო, ვინმეს რომ მოეკალი, განმკითხავიც არავინ იყო. მერე ცხელი კერძებიც შევთავაზე, ჭამაში გაერთნენ და ცოტა დაწყნარდნენ. მერე მუსიკა მოითხოვეს, შუადღე იყო და ჯერ ცოცხალი მუსიკა არ გვქონდა, მაგრამ როგორღაც ეს პრობლემაც მოვაგვარეთ. მაქსიმალურად ვერიდებოდით კონფლიქტს, მაგრამ... ანგარიში რომ მივუტანე, რესტორანი გადაიხდისო, ირონიით თქვეს. უნდა ესვათ, ეჭამათ და არ უნდა გადაეხადათ, ასე ფიქრობდნენ. დაცვა დაელაპარაკა, საუბარი ჩხუბში გადაიზარდა და მალე ისეთი ამბავი ატყდა, რომ ყველა დავიმალეთ. ის მაგიდა კი მართლა გადაუხდელი დარჩა.

- დღეს, როდესაც უკვე თავად მართავთ რესტორანს და არჩევთ თანამშრომლებს, რას აქცევთ ყურადღებას?

- აუცილებელია, მიმტანი მუდამ ღიმილიანი და თავაზიანი იყოს. დიპლომატიც უნდა იყო, უნდა შეგეძლოს სიტუაციის განეიტრალება. რა თქმა უნდა, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ სტუმარს არ უნდა აჰყვე კამათში, მოთმინების უნარი და კარგი ნერვები უნდა გქონდეს. პირველ რიგში, ვიზუალს ვაქცევ ყურადღებას. სტუმარს უნდა სიამოვნებდეს შენი დანახვა, კარგად უნდა მეტყველებდეს, კომუნიკაცია უნდა შეეძლოს და კიდევ და კიდევ, ზრდილობიანი და თავაზიანი უნდა იყოს.

- რაც შეეხება მსახიობობას, მას შემდეგ თეატრთან და კინოსთან შეხება აღარ გქონიათ? არ გენატრებათ ხოლმე სცენა?

- რამდენიმე სერიალში ვარ გადაღებული, მაგალითად, ოთარ შამათავას "ფსიქოპატთა თამაშში", სადაც ინსტრუქტორის როლს ვასრულებ. ასევე, ვითამაშე ფილმში, რომელსაც ოთარი უკრაინელ რეჟისორთან ერთად იღებდა და რომელიც ჯერ ეკრანზე არ გამოსულა. ფილმი ზვიად გამსახურდიას პერიოდს ეხება და მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს, ასევე მონაწილეობენ დავით ქაცარავა, მაკა შალიკაშვილი. მე მებრძოლის როლში ვარ. მართალია, თეატრში აღარ ვარ, მაგრამ დღესაც სიზმარში სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობ ხოლმე, დღემდე მახსოვს ჩემი როლები და მონოლოგები... ალბათ ასე ემართება ყველა მსახიობს, ვინც ეს პროფესია ნებითა თუ უნებურად დათმო. მე მსახიობობა საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად დავთმე, რის გამოც დღემდე უდიდესი ნოსტალგია მაქვს.

ნინო ჯავახიშვილი