"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ" - გზაპრესი

"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"

ნოდარ აბრამიშვილი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი გახლავთ, რომელსაც ბევრი ემიგრანტისგან განსხვავებით, დუხჭირი ცხოვრების ატანა არ უწევს, რაც მისი მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. ამჟამად ერთ-ერთ ფირმაში, მთავარ პროგრამისტად მუშაობს, სადაც მის შრომას აფასებენ, მუშაობა კი ისე დაიწყო, როგორც პრაქტიკანტმა, თუმცა მანამდე საქმიან, სოლიდურ შემოთავაზებებზე უარი თქვა... პროფესიული ძიებისა და პირადი ტრაგედიის შესახებ ნოდარ აბრამიშვილი გულახდილად გვესაუბრა...

- 7 წელზე მეტია, ავსტრიაში ვცხოვრობ. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რთული იყო - ენის ბარიერი მქონდა. პროფესიით ინჟინერი ვარ - საქართველოში საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. ავსტრიაში ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ჩავაბარე (სპეციალობა - რობოტექნიკა და მიკროელექტრონიკა). ენის სწავლა დავიწყე, პარალელურად მუშაობაც მიწევდა, რაც საკმაოდ რთულია... შემდეგ იქაურობას საკმაოდ კარგად შევეგუე, რადგან დახვეწილი, მოწესრიგებული გარემოა. შრომასა და მიზანდასახულობას ძალიან აფასებენ, სასწავლებელიც ხელს გიწყობს... რამდენიმე პროექტში ვიყავი ჩართული, ერთ-ერთი - "მილიარდიანი ქალაქის" პროექტი იყო, რაც ავსტრიის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის დაპროექტებას გულისხმობდა. ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება მევალებოდა... შემდეგ "აუდიში" პრაქტიკის გასავლელად გამიშვეს - თვე-ნახევარი უნგრეთში ვიცხოვრე, სადაც ევროპის მასშტაბით, "აუდის" ერთ-ერთი დიდი საწარმოა. სხვათა შორის, შემომთავაზეს, რომ სწავლა უნგრეთში გამეგრძელებინა, მაგრამ იქ ცხოვრება ისე არ მხიბლავდა, როგორც - ვენაში, ამიტომ ავსტრიაში დავბრუნდი. მერე, როცა უკვე სწავლას ვასრულებდი, "ფოლკსვაგენის" ქარხანაში, ბრატისლავაში ვიყავი პრაქტიკებზე. იქ მივხვდი, რომ ეს ის საქმე არარის, რომელიც მინდა, მთელი ცხოვრება ვაკეთო: მეტ-ნაკლებად რუტინული სამსახურია. ყოველდღიური სიახლე ნაკლებია. ადამიანები ძირითადად, ზედამხედველების ფუნქციას ასრულებენ, რომ რობოტექნიკამ გამართულად იმუშაოს, ხდება გადაპროგრამირება და ა.შ. თანაც, უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ვენაში ვცხოვრობდი და ამ ქალაქმა ისე შემაყვარა თავი, რომ სხვაგან წასვლის სურვილი არ გამჩენია, ავსტრიაში კი ავტომობილების წარმოება არ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე ფირმის ფილიალებია, რომლებიც შეკეთებას და მსგავს საქმეებს ემსახურება... გადავწყვიტე, ჩემი პროფესიული მიმართულება სრულიად შემეცვალა და ყველა სამსახურიდან წამოვედი, ჩემი თავი მთლიანად "აიტი" სფეროს მივუძღვენი.

- ამ სფეროსთან მანამდე არანაირი კავშირი არ გქონიათ?

GzaPress- ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, ვიდრე საქართველოდან წავიდოდი: ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობდი, რომელიც აპლიკაციების, ონლაინთამაშების, ვებსაიტების შექმნით იყო დაკავებული. მაშინ საქართველოში ეს დიდად აქტუალური არ იყო, ავსტრიაში კი ამ სფეროში უფრო აქტიურად ჩავები: ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან მაგისტრატურას ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვამთავრებდი, პარალელურად კი - სრულიად განსხვავებული სფეროს ათვისება მიწევდა. სწორედ დატვირთული გრაფიკის გამო წამოვედი ყველა სამსახურიდან. ახალი პროფესიის პრაქტიკული ათვისება მაშინ დავიწყე: ვებგვერდებს ვამზადებდი, რამდენიმე ფირმას "აიტი" მომსახურებას, კონსულტაციებს ვუწევდი. მოკლედ, სანამ ორმაგი სტუდენტი ვიყავი, თავს ამით ვირჩენდი. შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლა დავასრულე და მთელი ძალით ეკონომიკური ინფორმატიკის შესწავლა დავიწყე.

- ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული არჩევანი საბოლოოა?

- ალბათ, კი. ის საქმე ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ჯერ კიდევ ეკონომიკური ინფორმატიკის სწავლის პროცესში გამოჩნდა ფირმა, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტებს იწვევდა. მივედი, გასაუბრება გავიარე... პროგრამირებაში სხვადასხვა "ენა" არსებობს. ტესტირებაზე დავალება იმ პროგრამულ ენაზე მომცეს, რომელიც არ ვიცოდი. დავალება იმ ენაზე შევასრულე, რომელიც ვიცოდი. ფაქტობრივად, პრაქტიკანტად ამიყვანეს (უფასოდ) - შევხედოთ, რა გამოვაო. ეს პროგრამული ენაც მოკლე დროში (თვე-ნახევარში) ავითვისე, არაერთი გათენებული ღამის ხარჯზე. იმ დავალებაზე ან კონკრეტულ პრობლემაზე, რასაც სამსახურში ვერ წყვეტდნენ, სახლში მთელი ღამე ვმუშაობდი, დილით კი სამსახურში პრობლემის გადაჭრის მეთოდით ვბრუნდებოდი. შემდეგ "ზემოთაც" შემამჩნიეს... უკვე 3 წელზე მეტია, ამ ფირმაში ვმუშაობ. დღესდღეობით, მთავარი პროგრამისტი ვარ - ჩემს დაქვემდებარებაში 5 პროგრამისტია. რაც მთავარია, 7 წლის თავზე მიზანს, რომ ავსტრიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება მიმეღო, მივაღწიე.

- როგორც ვიცი, საინტერესო ჰობი გაქვთ - რობოტებს ქმნით...

- ჩემი პროფესიები - რობოტექნიკა-მიკროელექტრონიკა და პროგრამირება გავაერთიანე და საინტერესო ჰობი გამოვიდა - ავტომატიზებული რობოტების აწყობა დავიწყე. ეს არის მიკროელექტრონიკის საფუძვლებზე შექმნილი პროგრამირებადი დროიდები (რობოტები, რომლებიც დაპროგრამების შემდეგ, კონკრეტულ დავალებას ასრულებენ). მაგალითად, ჩემ მიერ შექმნილ ერთ-ერთ რობოტს ლაბირინთის გავლის ფუნქცია აქვს - ნებისმიერი სირთულის ლაბირინთის გავლა შეუძლია, რასაც სონარების პრინციპით ახერხებს, ანუ იმავე პრინციპით, რაც წყალქვეშა ნავებს აქვთ. ჩემი ჰობი ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ საინტერესოა. გარდა ამისა, ხელნაკეთი, კუსტარული 3D პრინტერი ავაწყვე - შეგროვებული, ვადაგასული ნაწილებისგან, მნიშვნელოვანი ნაწილები კი შევიძინე. საკმაოდ კარგად მუშაობს. შეუძლია, ნებისმიერი ფორმის ფიგურა შექმნას.

- თქვენ მიერ შექმნილი რობოტების წარმოებაში ჩაშვებას ხომ არ აპირებთ?

- როცა ჩემმა უფროსმა ამ გატაცების შესახებ შეიტყო, შემომთავაზა, სამომავლოდ ამ პროექტს სხვა განვითარებაც ჰქონდეს, თუმცა ამჟამად, ამას მხოლოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებ...

- ავსტრიაში მარტო ცხოვრობთ?

- დედაც ავსტრიაშია, თუმცა ცალკე ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ოჯახის ახლო წევრებიდან მხოლოდ დედაღა დამრჩა. მამა რამდენიმე წლის წინ დამეღუპა, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო, ჩემი ძმის დაკარგვაა. ის შარშან ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, სადაც ბატონი ვანო ზოდელავაც დაშავდა და როგორც ჩემთვის ცნობილია, დღემდე კომაში იმყოფება... მომხდარი ტრაგედიის გამო, ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შემექმნა - ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც. რამდენიმე თვე დამაწყნარებლების, საძილე საშუალებების მიღებამ მომიწია, რამაც რაღაც პრობლემები გამოიწვია... ჩემი ძმის დაღუპვა ყველაზე დიდი ტრავმა, ყველაზე დიდი დანაკლისი იყო. ყოველთვის მახსენდება, მის გამო რამდენჯერ მიჩხუბია. ხშირად ეხვეოდა შარში (სკოლაში სწავლის პერიოდშიც და შემდეგაც) და მე, როგორც უფროსი ძმა, საქმეში ვერთვებოდი... დღემდე დანაშაულის შეგრძნება მაქვს, რომ მაშინ მის გვერდით არ ვიყავი და ვერაფერი შევცვალე, რომ ასე არ მომხდარიყო...

- ავსტრიაში გამგზავრებამდე, საქართველოში რას საქმიანობდით?

- ბოლო წლებში ერთ-ერთ ბანკში, მიკროდაკრედიტების დეპარტამენტში, ბიზნესსესხების ექსპერტი ვიყავი. პატარა ბიზნესები მანამდეც მქონდა, მერე კი თბილისში საკმაოდ ცნობილი ბარის თანამფლობელი გახლდით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბარის გახსნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს დაემთხვა. ომში, გორის დაბომბვისას ძმაკაცი თვალწინ დამეღუპა... ამ ამბავმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს ტრავმაც ძლივს გადავიტანე... შემდეგ, ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ბიზნესი გავყიდეთ... ავსტრიაში ჩემი გამგზავრება 5 წლით ადრე, 2007 წლისთვის დავგეგმე, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო დავრჩი.

- შეგიძლიათ, მიზეზი გვითხრათ?

- პირადი მიზეზია - გოგოს გამო დავრჩი: ჩემი გამგზავრება იმიტომ გადაიდო, რომ საყვარელი ადამიანი ვერ დავტოვე. შემდეგ ეს სასიყვარულო ისტორია დასრულდა, თუმცა ჩემი მიზანი მიზნად დარჩა და უკვე 2011 წელს ავსტრიაში გავემგზავრე.

- ვენიდან თბილისში დაბრუნებული ჩვენს დედაქალაქს როგორ შეაფასებთ?

- არის რაღაცები, რამაც გული ძალიან მატკინა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, პეკინის ქუჩაზე გავისეირნე. საბურთალო ძალიან მიყვარს - ჩემი მშობლიური უბანია. ჩემთვის არასასიამოვნო იყო, რომ ყოველ 10 მეტრში შავ სამოსში ჩაცმული ქალბატონები დახმარებას ითხოვდნენ. მძიმე სანახავია, რომ ამდენ შავოსანს ქუჩაში მოწყალების თხოვნა უწევს, თავის სარჩენად თუ ოჯახში რამის მისატანად... ქუჩის მუსიკოსები ძალიან კარგია - სასიამოვნოა, ქალაქსაც ალამაზებენ და წინააღმდეგი ვარ იმ ინიციატივის, რომ ქუჩაში დაკვრისთვის ლიცენზიები სჭირდებათ. კიდევ ერთი მტკივნეული ფაქტი ის არის, რომ ქუჩაში CO2-ის სუნი იგრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება კატასტროფულ დონეს აღწევს... სხვა მხრივ, ბევრი სიახლეა: მაგალითად, საქართველოდან როცა გავემგზავრე, იუსტიციის სახლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო - ცუდი არ არის. "რიყის დოქებსაც" არა უშავს, თუმცა ის ფაქტი, რომ ქალაქში უამრავი რამ შენდება და სიმწვანე აღარ არის, მაწუხებს... თბილისში ველოსიპედით მგზავრობა ნელ-ნელა მოდური ხდება, რასაც მივესალმები.

- დაბოლოს, უცხოეთში წარმატების მისაღწევად გამგზავრებულ ქართველ ახალგაზრდებს რას ურჩევთ?

- ავსტრიაში ქართულ სათვისტომოსთან ვთანამშრომლობ. "ფეისბუკზე" ჯგუფიც - "ქართველები ავსტრიაში" მაქვს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, შეკითხვა დასვას, ინფორმაცია მოიძიოს, რაც ავსტრიაში ცხოვრებას, მუშაობას, სწავლას შეეხება. ჯგუფს პირადად ვხელმძღვანელობ. ყველას ერთსა და იმავეს ვურჩევ: იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ. თავიდანვე დასახული, გააზრებული კონკრეტული მიზანი გჭირდებათ. არსებობენ ადამიანები, ვისაც რაღაცებში უმართლებთ, მაგრამ ყველაზე ცუდი შედეგისთვის უნდა მოემზადოთ, ხოლო იმ კარგით, რაც დაგხვდებათ, უფრო მეტად კმაყოფილი იქნებით...

ეთო ყორღანაშვილი