სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
"ნამდვილი მაჩო ხარ!" "შენ რა მაგარი ვინმე ხარ, ჯერ მენახშირის სიმღერით მოვიხიბლე, ახლა კიდევ ეს სიმღერა..." "ვისი ხარ, დედი, ასეთი კარგი?" "ძალიან მაგრად მღერის, გაგიმარჯოს ღმერთმა". "საყვარელი ვიღაცაა, შემიფუთეთ რა!" "ვგიჟდები ამ ბიჭზე" და ა. შ. - ეს იმ კომენტარების ნაწილია, რითაც ასე ანებივრებენ 34 წლის დავით ქურდიანს.
- სვანი ვარ, ოღონდ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ჩხუბი და აყალმაყალი არ მიყვარს, ძალიან სამართლიანი და მომთხოვნი ვარ როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. მყავს დედა და და, რომელიც გათხოვილია. მამა გარდამეცვალა. მას არანაირი კავშირი არ ჰქონია მუსიკასა და სიმღერასთან, დედამ კი დაამთავრა მუსიკალური საგუნდო-სადირიჟიროს განხრით, ოღონდ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია.
- შენ ვინ ხარ პროფესიით?
- სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე, ფერწერის ფაკულტეტი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა მამა და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი - უნდა მემუშავა და ოჯახი მერჩინა.
- პირველი სიმღერის ვიდეო როდის ატვირთე?
- ამ წლის მარტის მიწურულს. ეს იყო სიმღერა "ქუთაისო ჩემო". შემთხვევით მოვისმინე ფონოგრამა, ძალიან მომეწონა, ჩავწერე და ავტვირთე მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ ამას ისეთი მოწონება ხვდა წილად და იმდენმა გააზიარა, რომ სტიმული მომეცა და ახლა უკვე 20 თუ 22 სიმღერა მაქვს ატვირთული.
- მუსიკასთან პროფესიული თვალსაზრისით არაფერი მაკავშირებსო, მითხარი, მაგრამ ასე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ხომ არ დაიწყებდი სიმღერას?
- რა თქმა უნდა, მანამდეც ვმღეროდი, ოღონდ მეგობრების წრეში. ეკლესიაშიც ვგალობდი, ჩემით ვისწავლე ნოტები. 18-19 წლისა კი რუსთავის კაპელაშიც ვმღეროდი. მერე ერთხანს პაუზა მქონდა, თუმცა სიმღერა იმდენად მიყვარს, ყველგან, სახლში თუ სამსახურში სულ ვღიღინებდი.
- დავით, ვიდეოს ატვირთვა რომ გადაწყვიტე, ასეთ რეაქციას თუ ელოდი საზოგადოებისგან?
- ნამდვილად არ ველოდი, ამდენ ხალხს თუ მოეწონებოდა ჩემი ნამღერი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო და გასახარი იყო, რომ უცხო ადამიანებს მოსწონდათ, თბილ კომენტარებს მწერდნენ, მაქებდნენ, აზიარებდნენ. ამის შემდეგ გაიზარდა ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრებისა და სიმღერების რაოდენობა. ძირითადად, ქართულ სიმღერებს ვასრულებ კინოფილმებიდან, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვიმღერე: "საქართველოს მანანებო", "მე ხომ შენი ლანდი ვარ", "შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი", "ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია", "მენახშირე ბიჭი ვარ", "ნუ აგროვებ ფულს და ოქროს" და ა.შ. ბარიტონი ვარ და ძნელია სიმღერების შერჩევა. ყველაზე მეტი მოწონება და გაზიარება აქვს თემურ წიკლაურის სიმღერას "გული უბერებელი".
- კომენტარებზე როგორ რეაგირებ - როდესაც გწერენ, რომ "შენ ნამდვილი მაჩო ხარ", "შეუდარებელი ხარ", "შემიფუთეთ ეს ბიჭი" და ა.შ.
- მსიამოვნებს, რომ ვიღაცამ შემამჩნია. ხან მეცინება, ისეთ რამეებს მწერენ. მწერენ, თურქ მსახიობს როგორ ჰგავხარო; რომ ჩამოვალ, გაგიცნობო; დუეტი როდის ჩავწეროთო და შემოთავაზებებსაც ვიღებ. მეც უარს არ ვამბობ ამ იდეაზე, სახლში მარტო რომ ვმღერი, ამას არ სჯობს ვინმესთან ერთად ვიმღერო (იცინის)? სცენაზე რომ ვიდგე, უფრო თავისუფლად ვიმღერებდი, რადგან უფრო ლაღიც ხარ, პუბლიკაც სხვანაირია და მუსიკის ჟღერადობაც.
- სატრფიალო სიმღერების შესრულებისას, როგორც ჩანს, სწორედ ეს მიმიკები და ჟესტები ხიბლავს ხალხს, განსაკუთრებით ქალბატონებს - მამაკაცური, დარდიმანდული...
- ცანცარი და არასერიოზული საქციელი ისედაც არ მიყვარს და არ მახასიათებს, რაცა ვარ, ესა ვარ. შეიძლება, ჩაწერის დროს ოდნავ თეატრალობას ვმატებ, ეგაა და ეგ. მეუბნებიან, ზოგ სიმღერაში ხელებს ზედმეტად ამოძრავებ და იქნევო, მაგრამ რთულია, ძეგლივით დადგე და ისე იმღერო, ყველა ნიუანსი აკონტროლო, მით უმეტეს, როცა სიყვარულზე მღერი.
- ამიტომაც ებმებიან ქალები მახეში, კომენტარებს გადავავლე თვალი და ხშირად გეკითხებიან, რამდენი წლის ხარ? ცოლი გყავს თუ არა?
- არ მყავს არც ცოლი და არც შეყვარებული. ხშირად მწერენ: სად ცხოვრობ, რა პროფესიის ხარ, შეყვარებული ხარ? და მეც კითხვა-პასუხის რეჟიმში ვარ სულ (იცინის). საერთოდ, კომუნიკაბელური ვარ და არ მახასიათებს ზემოდან ყურება, მაგრამ ზოგჯერ სამსახურში ვარ, პასუხის გაცემა მიგვიანდება და ამის გამო მებუტებიან. მე ერთი უბრალო კაცი ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ხალხისგან ამხელა სითბოს მივიღებდი, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.
- მოკლედ, უკვე დავამშვიდეთ გოგონები, რომ შეყვარებული არ გყავს და ბარემ, ისიც ვუთხრათ, როგორი გოგონები მოგწონს?
- ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, საინტერესო უნდა იყოს, ჩამოყალიბებული პიროვნება, ჰქონდეს საკუთარი საქმე, ადეკვატურად შეძლოს საზოგადოებაში მოქცევა. არ მიყვარს ცანცარა გოგოები. ერთი სიტყვით, ჭკვიანი და განათლებული ქალები მომწონს.
- დედა როგორ შეხვდა სოციალურ ქსელში შენს პოპულარობას?
- რა თქმა უნდა, დედასაც და დასაც, ორივეს ძალიან უხარია. პირველი დედაა, რომელსაც ჩაწერილ ვიდეოს ვანახვებ და აზრს ვეკითხები. მოსწონს, უხარია და ალბათ ამაყობს კიდეც, ხომ იცით დედების ამბავი.
- ამჟამად სად მუშაობ, რას საქმიანობ?
- ერთხანს გარდაბანში, კერძო სკოლაში მუსიკასა და ხატვას ვასწავლიდი, მერე დაცვაში ვმუშაობდი, ბოლო 12 წელია უკვე, რაც სარესტორნო სფეროში ვმუშაობ მიმტანად, ბარმენად. მიმაჩნია, რომ არანაირი შრომა სათაკილო არ არის. ყველას ვეუბნები, რას ვსაქმიანობ, არასდროს არაფერი დამიმალავს. თავიდან მქონდა უხერხულობის მომენტი, ვაითუ, ნაცნობი შემოვიდეს და დამინახოს-მეთქი. ვფიქრობდი, მაგრამ მალევე გადავლახე. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი, პატიოსნად ვმუშაობდი და ამაში სამარცხვინო არაფერი იყო. ყოველთვის ვცდილობ, შრომით მივაღწიო ყველაფერს.
- რა სირთულე ახლავს შენს საქმეს?
- ეს პროფესია ძალიან დამღლელია, 12 საათს და ზოგჯერ მეტსაც ვმუშაობ, მაგრამ არაერთი საინტერესო ადამიანი გავიცანი და წლებმა ბევრი გამოცდილებაც შემძინა. ბევრი სირთულე ახლავს მიმტანობას და ამის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, რაც არავის მოსწონს. ამას წინათ ერთ-ერთ რესტორანში, 400-კაციან სუფრაზე მოწევა დაიწყეს. თვითონაც მწეველი ვარ, მაგრამ ეს კანონი ხომ იმიტომ მიიღეს, რომ დავიცვათ? ამაზე, რა თქმა უნდა, "ავენთე", მივედი და ვუთხარი მათ, რომ არ შეიძლებოდა შენობაში სიგარეტის მოწევა. ადმინისტრაციამ ნება დაგვრთოო. ასეთი დამოკიდებულება ნერვებს მიშლის.
- უხერხულ მდგომარეობაში თუ აღმოჩენილხარ პროფესიის გამო?
- ერთი თვეც არ იქნება, რაც ერთ-ერთი სასტუმროდან, სადაც ვმუშაობდი, გამათავისუფლეს. სტუმრები გვყავდნენ აზერბაიჯანიდან. რა თქმა უნდა, რუსულად საუბრობდნენ. მხოლოდ ერთმა ქალბატონმა იცოდა ქართული. შეუკვეთეს სასმელ-საჭმელი, მიირთვეს და მოეწონათ. შემდეგ მათგან ერთ წყვილს კვადროციკლით კახეთში გასეირნება მოუნდა. იქ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ როგორც გავიგე, ცოლი გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. დაშავებული გადაიყვანეს გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში და ქმარი იმის მაგივრად, რომ ცოლის გვერდით ყოფილიყო, მოვარდა სასტუმროში და დაიწყო ჩვენი დადანაშაულება. რა თქმა უნდა, არაფერ შუაში ვიყავით, მით უმეტეს, მომსახურე პერსონალი, რომელსაც არანაირი შეხება არ გვქონდა კვადროციკლთან და მის მომსახურებასთან. ატეხა ამ კაცმა ერთი ამბავი, ურცხვად დაიწყო ჩვენი ლანძღვა-გინება, რომ ქართველებს მხოლოდ ფულის კეთება გვაინტერესებს და ყველაფერი სხვა ფეხებზე გვკიდია, რომ თურმე გონებაჩლუნგი და განუვითარებელი ერი ვართ, თქვენთან ტურისტები საერთოდ არ უნდა ჩამოდიოდნენ, ფულს არ უნდა ხარჯავდნენო და კიდევ ბევრი რამ. ვერ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი. ეს არ ესიამოვნა და უფრო გაგიჟდა. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერია, მე კი სიტუაციას გამარიდეს. მერე ეს ყველაფერი "ფეისბუკზე" გამოვაქვეყნე და აღვნიშნე, რომ რასისტი და ქსენოფობი არ ვარ, მაგრამ რასაც იქ ვუყურე, თუ როგორ ითმენენ ქართველები შეურაცხყოფას, ეს სამარცხვინოა-მეთქი. აბა, ასეთი რამ ქართველმა გაბედოს ან აზერბაიჯანში და ან თურქეთში, აკუწავენ. კიდევ კარგი, პოლიცია მოვიდა და სიტუაცია განმუხტა. ამ სტატუსამდე კი იმაზეც ვწერდი, რომ საქართველოში ძალიან ძვირია სასტუმროები და ადგილობრივ ხალხს არ შეუძლია, ისარგებლოს-მეთქი. მისაყვედურეს, რატომ დაწერე საჯაროდ ასეთი რამეებიო და სამსახურიდან გამომიშვეს. თუმცა, სხვა მიზეზი მითხრეს, ვითომ ჩემს მოვალეობას სათანადოდ ვერ ვასრულებდი. არადა, 12 წელია ამ სისტემაში ვარ და ჩემით უკმაყოფილო არავინ ყოფილა.
- დაბოლოს, ხომ არ გაქვს სურვილი, საკუთარი ძალები მოსინჯო რომელიმე კონკურსში?
- ამისკენ ახლობლებიც მიბიძგებდნენ, მაგრამ ინგლისური არ ვიცი და ეს მაბრკოლებდა. ადრე თუ ახლობლები მიკიჟინებდნენ, ახლა უკვე უცხო ადამიანებიც მწერენ და ვფიქრობ, ახლო მომავალში რომელიმე პროექტში მივიღებ მონაწილეობას.
ნინო ჯავახიშვილი