"მთიელებს ვაჟკაცობა და სამართლიანობის სურვილი არ დაგვიკარგავს" - გზაპრესი

"მთიელებს ვაჟკაცობა და სამართლიანობის სურვილი არ დაგვიკარგავს"

სოფელი ზაქათკარი მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, დიდველზე ანუ კაიშაურის პლატოზე მდებარეობს. მთებში ჩაკარგული ეს ულამაზესი პატარა სოფელი ზღვის დონიდან 1640 მ სიმაღლეზეა, ქალაქ დუშეთიდან კი 70 კილომეტრით არის დაშორებული. 2014 წელს, აღწერის მონაცემებით, იქ სულ 57 კაცი ცხოვრობდა, ახლა კიდევ უფრო ნაკლებია... სოფლის სახელწოდება იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. არსებობს საინტერესო თქმულება ამ სოფლის დაარსების შესახებ და ეს თქმულება იქაურებმა მიამბეს. ზაქათკარში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რომელსაც "ციხისთავიანთს" უწოდებენ.

თბილისიდან დილაადრიან გავეშურე, რადგან იმ დღესვე ვაპირებდი უკან დაბრუნებას და მინდოდა, ყველაფერი მომესწრო. არაჩვეულებრივად კარგი განწყობა (არასდროს ვყოფილვარ ამ მხარეში და ვგრძნობდი, დიდი სიამოვნება მელოდა წინ) კიდევ უფრო ამიმაღლდა და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. თავდაპირველად მთიული მძღოლების მეტსახელებმა გამახალისა: სამარშრუტოში მოკალათებისთანავე აღმოვაჩინე, რომ არც "შუმახერას" "მარშუტკით" ვმგზავრობდი და არც "შრიალა" გიასი. ჩვენს მძღოლს უბრალოდ დათო ერქვა, ეგ იყო და ეგ. მერე იყო და ე.წ. მეჩეკე - ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა მგზავრობის თანხის ასაგროვებლად და გოგონებს შესთავაზა, - თქვენ მაინც ერთად ხართ, ამიტომ რომელიმემ მომეცით 35 ლარი, ცალ-ცალკე რომ არ გაძლიოთ ხურდა და მერე თქვენ თვითონ გასწორდითო... აუუუ, - აიბზუა ცხვირი ერთმა პრანჭვა-გრეხით, ხუთივე თქვენ რომ გაგვასწოროთ ბარემ აქვე, ვერა? ბიჭს სახეზე შეეტყო, საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა სხვა შემთხვევაში, მაგრამ ახლა ხელები გაასავსავა უარის ნიშნად და თან ეშმაკურად ჩაეცინა: ხუთივე, კაცო? კარგი, რა! ვერ შევძლებ, მაგდენი ხურდა არ მაქვსო... გულიანად გამეცინა ამ კითხვა-პასუხზე და რაც მთავარია, წინ მქონდა შეხვედრა ისეთ არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, როგორებიც არიან მთისა - ნინო ყველაშვილი და გიორგი ზაქაიძე. მთისას ჩვენი ჟურნალის საშუალებით უკვე იცნობს მკითხველი - ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ აქაურობას მშობლიურ კუთხეში ყოფნა ამჯობინა და ბიძის საქმიანობა - მეფუტკრეობა წარმატებით გააგრძელა, გიორგიზე კი რა შემიძლია გითხრათ? - იშვიათად შეხვდებით მისნაირ კაცს, სუფთა და თბილი გულით, სამშობლოს სიყვარულით რომ უძგერს და ყველაფერი ქართული რომ სტკივა...

GzaPressმთისა ისე შესთვისებია იქაურობას, რომ საუბრისას მოხეურსა და მთიულურ დიალექტს უკვე ერთმანეთში ურევს და წუხს, თავთავის ადგილას ვეღარ "ვალაგებო". გზის პირას, არმისული გუდაურამდე, უგემრიელეს, სხვადასხვა სახეობის თაფლს სთავაზობს მსურველებს. რა თქმა უნდა, მეც დამაჭაშნიკებინა და უნდა გითხრათ, რომ საუკეთესო იყო, ზედმეტად გემრიელიც კი. ბარემ აქვე გაგიმხელთ, რომ მასპინძლებს ვერც თაფლის არაყსა და ერთი ჭიქით იქაურობის დალოცვაზე ვუთხარი უარი...

მთისა: - დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვარ და დღეს გზის დასუფთავებით ვიწყებ, სხვანაირად არ შემიძლია. ტურისტები ყველაფერს გზადაგზა ყრიან, რაზეც ძალიან ვბრაზობ. თან გული მტკივა, როგორ დავიჯერო, რომ თავის ქვეყანაშიც ასე დაუდევრად იქცევიან? იქაურობის დასუფთავების შემდეგ დავაწყობ ხოლმე თაფლის ქილებს კოხტად და ველოდები მყიდველებს. რუსული და ინგლისური ვიცი, ცოტ-ცოტა თურქული და არაბულიც ვისწავლე და იმდენი კი შემიძლია, რომ ავუხსნა, თაფლს რა შემცველობა და რა სარგებელი აქვს. ტურისტები ინტერესდებიან ქართული თაფლით, კითხულობენ ყველაფერს, ხან საფუტკრეში ჩაყვანასაც მთხოვენ ხოლმე. სხვადასხვა სახეობის თაფლი მაქვს და იმასაც ვურჩევ, რისთვის რომელია კარგი. მაგალითად, აკაციის თაფლი ალერგიულებისა და ბავშვებისთვის საუკეთესოა, გულისა და სისხლის მიმოქცევისთვის არის კარგი. არაბებს მწარე თაფლი მოსწონთ, რუსებსა და უკრაინელებს - ტკბილი. რუსი ქალები აკაციის, ყველაზე არომატულ თაფლს ამჯობინებენ. დიაბეტიანებს სუროს თაფლს ვურჩევთ, სამკურნალოა, სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს. ბიცოლა აპითერაპევტია და ეს ყველაფერი მისგან ვისწავლე.

- ფალსიფიცირებული თაფლის ნატურალურისგან გარჩევის უტყუარ მეთოდს გასწავლიო, მითხარი.

- თეფშზე ერთ ჩაის კოვზ თაფლს ზემოდან წყალი დაასხი და წრიული მოძრაობით ატრიალე, ზევიდან ფიჭა თუ დაეხატა, ნამდვილი თაფლია, თუ არა და, გაკეთებული. თუ მიწა გაქვს საკუთრებაში, რაც გინდა და როგორიც გინდა, გააკეთე და გაყიდე, არავინ ამოწმებს. ჩვენიდან კი, რაკი კოოპერატივად დავარეგისტრირეთ საფუტკრე, ხშირად მიაქვთ სინჯები. აბა, შავი თაფლი სად გაგონილა? ადრე რატომ არ იყო? წაბლისააო, - გაიძახიან. აი, ნახე, წაბლის თაფლს როგორი ფერი აქვს.

- რამდენიმე ქილაში თაფლთან ერთად, სხვადასხვა ხილსაც ვხედავ.

- ასეა, ამაში მკვახე ლიმონია თაფლთან, დედა ფუტკრის რძესა და ფუტკრის შხამთან ერთად, გაცივებისთვისაა კარგი. ამ ქილაში გრეიპფრუტია და ნივთიერებათა ცვლისთვისაა შესანიშნავი, ამაში ფეიხოაა და გულისთვისაა კარგი, ნიგვზიანი - გონებრივი განვითარებისთვის, აქ კი ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე და შხამია, იმუნიტეტის ასამაღლებლად ვხმარობთ. ყველას სამკურნალო დანიშნულება აქვს და თან, ძალიან გემრიელია.

- ახლა ის მითხარი, შენი ასეთი ჩაცმულობა უცხოელებს არ აკვირვებს?

- გიდები უხსნიან, რომ ეს ჩვენი ეროვნული სამოსია, რომ ქალის მთიულური ტანისამოსი ასეთია. ინტერესდებიან, როგორი ნაკეთობაა, ეს ხომ ხელით ნამუშევარია. ძალიან მოსწონთ, ფოტოებს იღებენ ჩემთან. ბევრს ისიც უთქვამს, ნეტავ, ჩემს ქვეყანაშიც დადიოდნენ ეროვნული სამოსითო. ზოგი მეკითხება, დისკომფორტს მიქმნის თუ არა ყოველდღიურ საქმიანობაში. მე ვპასუხობ, რომ პირიქით, უფრო მეტ ენერგიასა და ხალისს მაძლევს.

მთისასთან საუბრის შემდეგ მე და გიორგი სოფელში მოხუცებს ვესტუმრეთ და ძველი და ახალი ამბები მოვაყოლეთ.

GzaPressვალიკო ზაქაიძემ ზაქათკარის დაარსების შესახებ მიამბო: - ეს ამბავი წინაპრების გადმოცემით ვიცი, ყაზბეგიდან მოდის ჩვენი გვარი, მოხეური წარმომავლობა გვქონია. ცდო გაგიგიათ ალბათ, სოფელია დარიალის ხეობაში. ძაგანაშვილები ვყოფილვართ, ხადაში დღესაც არის ამ გვარის ხალხი. გველეთიც ხომ გაგიგონია, სოფელია ყაზბეგში. იქ უცხოვრიათ მოხევეებსა და ქისტებს. ჩვენი პაპა (წინაპარი) ქისტებს მოუკლავთ, მას ფეხმძიმე ცოლი და 2 ბიჭი დარჩენია, მესამეც ბიჭი დაბადებულა. ერთხელ ერთ-ერთს მეზობლის ბავშვებთან ჩხუბი მოსვლია. სხვებს უჯობნიათ და დედა გამოსარჩლებია. იმათ კიდევ უთქვამთ, ვინც მამაშენი მოკლა, წადი და იმას სცემე, ჩვენზე რომ მოგდის გულიო. 16 წლისა ყოფილა იმ დროს. სახლში დაბრუნებულს დედისთვის უთხოვია, ძუძუ მომაწოვეო. დედას უარი უთქვამს და გაჯიუტებულა ბიჭი, - იცოდე, თავს მოვიკლავო. თურმე კბილები მოუჭერია ძუძუსთავზე, სიმართლე მითხარი, მამაჩემი ვინ მოკლაო. სხვა გზა არ ჰქონია ქალს და უთქვამს, ქისტებმა მოგიკლესო. გასულა დრო და გველეთში ქისტების ქორწილი ყოფილა. ქისტები რომ დამთვრალან და დაუძინიათ, ყველასთვის თავები და ყურები დაუჭრია. ცოცხლები მარტო ნეფე-პატარძალი დაუტოვებია. წამოუღია ყურები და უფროსი ძმისთვის უთქვამს, მამაჩემის მკვლელებზე შური ვიძიე და შენს თავზე აიღე, როგორც უფროსმაო. უარი მიუღია. მაშინ დაუხურია თავზე ქუდი, ერთხანს თრუსოს ხეობაში უხეტიალია და ბოლოს ლომისაში მოხვედრილა. თურმე მაშინ აშენებდნენ ლომისას. ხომ იცით, ლომისა ნატეხი ქვით არის ნაგები და ერთი უშველებელი ლოდის აწევაში დახმარება უთხოვიათ ამ ბიჭისთვის. მას თავისი ჯაჭვის პერანგი ლომისასთვის შეუწირავს. მაშინ იქაურებს უთქვამთ, - სადაც მოგეწონება, იქ დაგასახლებთო. არაგვის ხეობა მოსწონებია. ასე დასახლებულა აქ უწინ ჩვენი წინაპარი, ოღონდ გვარი შეუცვლიათ და ზაქაიძეები გამხდარან. სხვა გვარს აქ არასდროს უცხოვრია, დღესაც სულ ზაქაიძეები ვართ, ერთმანეთის ნათესავები.

- ახლა რამდენი კომლი ცხოვრობთ?

- ძირითადი მცხოვრებლები ალბათ, 17-20 კომლი ვიქნებით. სადღაა ხალხი? ჩემს დროს 20 ბავშვი დავდიოდით სკოლაში, ახლა კი ერთი ბავშვიღა დარჩა და დახურეს სკოლა, აბა, რიღასთვის ივლიდნენ მასწავლებლები? 8 შვილიშვილი მყავს, მაგრამ აქ არც ერთს არ დაუმთავრებია სკოლა. ახლა აქ მე და ჩემი მეუღლე ვართ, ხოლო შვილები, რძლები და შვილიშვილები გვსტუმრობენ ხოლმე.

83 წლის ტასო ამირიძე ზაქაიძეების რძალია და 58 წელია, ამ სოფელში ცხოვრობს. ზაქათკარში ფასანაურიდან გამოთხოვილა.

- 25 წლის გავთხოვდი, შვილო, გარიგებით. არ მინდოდა, მაგრამ... ერთმანეთი გაგვაცნეს, კიდევ კარგი, მომეწონა და გამოვყევი. ჩემი ქმარი, ალექსი უკვე გარდაიცვალა. 4 ბიჭი მეყოლა, ახლა სამიღა მყავს. კარგი სოფელი იყო უწინ, კაი ხალხი ცხოვრობდა, ბანიანი სახლები იყო. მთაში დავდიოდით სათიბად. გაჭირვებულები ვიყავით ადრეცა და ახლაც. ეგ არის, წინათ უფროს-უმცროსობა იყო, რძალმა იცოდა დედამთილის მორიდება, ერთმანეთს ხმამაღალ სიტყვას არ ვეტყოდით. ახლანდელები კი, რა ვიცი (იცინის), სულ სხვანაირები არიან, ამიტომაც ძველი დრო უფრო მომწონს...

GzaPressლადო ზაქაიძე: - 1943 წელს ვარ დაბადებული. მახსოვს ძველი ცხოვრება: ხვნა, თესვა, მკა, ლეწვა. 4 ხარს ვაბამდით უღელში, მეზობლები და ახლობლები რიგრიგობით ვამუშავებდით ნაკვეთებს - ერთ დღეს ჩემსას მოვხნავდით, მეორე დღეს სხვისას. 13-14 წლისა ხარებს ვუძღვებოდი უკვე, ხის გუთნები გვქონდა, ძალიან ვწვალობდით. მერე, რკინისა რომ გამოუშვა მთავრობამ, ცოტა ამოისუნთქა ხალხმა. წყლის წისქვილებზე დედაკაცებსაც ჩაჰქონდათ საფქვავი, წვალებით გაგვქონდა თავი. მამაჩემი ნაკვერჩხალს შეაგროვებდა, რომ დილამდე ჰქონოდა სიცხოვლე, დილით გადასჩხრეკდა და იმით ანთებდა ცეცხლს... სიმართლე გითხრა, პური არ მომნატრებია, მთლად მშიერი არ ვყოფილვარ. ადრე, მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც ბევრ შვილს აჩენდნენ. ახლა ისეთი გაჭირვება აღარ არის და მაინც ერთ და ორ შვილზე მეტს არ აჩენენ.

- თქვენ რამდენი იზრდებოდით ოჯახში?

- დედა არ მახსოვს, წლინახევრის ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა და მამამ გამზარდა. ორი და მყავს. ჩემი უფროსი და 83 წლისაა, 6 წლით ჩემზე უფროსი. თურმე ერთხელ ხელში ამიყვანა და გავუვარდი, ინვალიდი დავრჩი. მაშინ ვერაფერი გაიგეს, მერე კი წამომიყვანეს თბილისში, მაგრამ თავზე დგომა და მკურნალობა მჭირდებოდა და ვის ეცალა ჩემთვის? მამა კოლმეურნეობის ცხვარში მუშაობდა და თავზე ვერ დამადგებოდა. სულ ვსაყვედურობდი ამის გამო.

- მერე როგორ ცხოვრობდით?

- 8 კლასი კაიშაურებში დავამთავრე, მერე ტექნიკუმში ვისწავლე, პროფესიით ვეტერინარი ვარ. ერთხანს ჩემი სპეციალობით კახეთშიც ვმუშაობდი, მაგრამ მერე მეცხვარეობას მივყავი ხელი, 450-მდე ცხვარი მყავდა. ჰოდა, ერთხელაც ყველა გავყიდე და შევარდნაძეს მოვახმარე - ბანკში შევიტანე და ცარილ-ტარიელი დავრჩი. ბოდიში მომიხდია და, მისი ქელეხის სიაში აღარ მომიხდა ჩასვლა. სახლის აშენება მინდოდა და აბა, უფულოდ რაღას ავაშენებდი? ახლა ჩემმა ბიჭმა დაიწყო სახლის მშენებლობა და მიხარია. 4 შვილიდან ერთი დამეღუპა, 2 გოგო და 1 ბიჭი მყავს, სამივე დაბინავებულ-დაოჯახებულია. შვილიშვილებიც მყავს. ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგიც აქ, ახლომახლო სოფლებში. მე კი "მარტოკელა" ვარ. ადრე საქონელი მყავდა, ახლა მარტო პენსიის იმედად ვცხოვრობ, თვეში 100 ლარი მარტო წამლებში მჭირდება... ზოგჯერ ვითომ ეკონომიას ვაკეთებ და წამალს არ ვსვამ. გაზი ზამთარში უფასოდ გვაქვს, როგორც მაღალმთიან რაიონს, მაგრამ წყლის პრობლემა გვაწუხებს, გზაც მოუწესრიგებელია. მარტო არჩევნების დროს ახსენდებათ სოფლის პრობლემები. მატყუარა მთავრობა გვყავს, შვილო. გლეხისთვის არასდროს არავინ ფიქრობდა და არც ახლა ფიქრობს...

GzaPressკიდევ ერთი პრობლემა იქაურებისთვის მიწების დაკანონებაა. როგორც მითხრეს, მამა-პაპის კუთვნილი ადგილები და ზოგს საცხოვრებელი სახლიც კი ვერ გაუფორმებია. - მხოლოდ თითო ჰექტარი გაგვიფორმეს, დანარჩენზე კი უარს იმ მიზეზით გვეუბნებიან, რომ გზები კეთდება, რეკრეაციული ზონაა და ვერ დაგიმტკიცებთო, - ამბობენ ზაქათკარელები და წუხან, გზა რომ გაივლის, რამდენიმე ოჯახი უმიწაწყლოდ დარჩება.

გიორგი ზაქაიძე 27 წლისაა, მეტსახელად "ხივეს" (დაარტყი) ეძახიან. ერთ-ერთი იმ მფრინავთაგანია, რომლებიც ივნისში გუდაურში მომხდარი ინციდენტის, რუსი პილოტის ცემის გამო დააკავეს. ამ და სხვა ამბებზეც ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ისედაც სიტყვაძუნწმა ამ თემაზე საჯაროდ არაფრის თქმა არ ისურვა. გიორგი თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ არ მოსწონდა იქაურობა და სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, გლეხურად ცხოვრობს, ბოლო დროს პარაპლანით ფრენებს ახორციელებს და უხარია, რომ ახალგაზრდები სოფელს უბრუნდებიან. ადრე თუ მხოლოდ ორი ქართველი პილოტი იყო, ახლა უკვე 15-20 ბიჭი მუშაობს ამ საქმეზე. თუ სურვილი გაქვთ, გუდაურში ავიდეთ და თქვენც იფრინეთ პარაპლანითო, - შემომთავაზა, მაგრამ ეს შემოთავაზება სამომავლოდ გადავდე ცოტაოდენი შიშის გამო...

- ჩვენ, მთიელებს ვაჟკაცობა და სამართლიანობის სურვილი არ დაგვიკარგავს და სხვის დაჩაგვრას ვერ ავიტანთ, მით უფრო, უცხოელს არ დავაჩაგვრინებთ არც ერთ ქართველს. მინდა, საქართველო და ქართველი გალაღებული და გახარებული იყოს, ეს არის ჩემი ნატვრაო, - მითხრა საუბრის დასასრულს გიორგიმ. სწორედაც, ეს მხოლოდ გიორგის კი არა, ჩემი, თქვენი, ყველას ნატვრა და სურვილია და ამისთვის ყველა ჩვენებურად ვიბრძვით...

P.S. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სოფელიც გამორჩეულია და იქ საინტერესო ხალხი ცხოვრობს, თუ გინდათ, გაგიცნოთ სხვა კუთხის წარმომადგენლებმა, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(51) 14.68.50, დაგვპატიჟეთ და აუცილებლად გესტუმრებით.

ნინო ჯავახიშვილი