"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
font-large font-small
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"

2008 წლის ომის დროს სტუდენტი იყო. რადგან რეზერვისტს პრაქტიკის არქონის გამო ომში წასვლის უფლება არ მისცეს, თავი ძალიან უსარგებლოდ იგრძნო. ამბობს, რომ როგორც ქართველ მამაკაცს, იდეოლოგიური მოტივი ჰქონდა, აუცილებლად ემსახურა შეიარაღებულ ძალებში, ამას სამშობლო ავალდებულებდა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და აბსოლუტურად განსხვავებულ ცხოვრების გზას დაადგა. რა იყო მერე, ამის შესახებ ზვიად ბერეკაშვილი გვესაუბრება.


- მაგისტრატურაში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ჯარში წასვლა გადავწყვიტე. მახსოვს, განცხადება დავწერე. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ კონტრაქტზე არ წავედი. საჭიროდ ჩავთვალე, ჯერ სავალდებულო სამსახური გამევლო - ამით შენ ვალს უხდი ქვეყანას, წინაპრებს, მშობლებს... გამიმართლა, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები და კონტრაქტორები ერთად ვმსახურობდით მეორე ქვეით ბრიგადაში, სადაც ქვეითი ვიყავი. ყოველთვის, როცა ტანკი ჩამოივლიდა, შური მეუფლებოდა. მინდოდა, რომ ამ ტექნიკას ახლოს გავცნობოდი, მაგრამ სავალდებულო სამსახურში ამას ვერ შევძლებდი. ჯარის ერთწლიანი პერიოდი ამოიწურა და ოცნების ჭიამ არ მომასვენა. კონტრაქტი იმ პირობით გავაფორმე, რომ სატანკო ქვედანაყოფში მოვხვდებოდი და პროფესიონალი ტანკისტი გავხდებოდი. ამიტომ ახალციხის სატანკო სკოლაში ჩავაბარე და სამთვიანი კურსი გავიარე.
- სამი თვე ცოტა არ არის?
- სერტიფიკატისთვის ცოტა არაა, ტანკის სულად დაუფლებისთვის - ძალიან ცოტა. ეს იყო ინტენსიური მომზადების კურსი, რომელიც ყველაფერს მოიცავდა, მათ შორის, საბრძოლო სროლასაც. ჯგუფში 50 კაცამდე ვიყავით. სამი თვის შემდეგ სერტიფიკატი მოგცეს და ჩვენი მოვალეობის შესრულება ქვედანაყოფში გავაგრძელეთ. თითოეულ ტანკისტს სპეციალური კოდი გვაქვს. ფაქტობრივად, პროფესიონალ ტანკისტად რომ ჩამოყალიბდე, სამი წელი გჭირდება.
- სატანკო სკოლაში მოსახვედრად მარტო სურვილი საკმარისია?
- ადამიანმა ჯერ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, მერე სურვილი გამოთქვას და ბოლოს, უნდა იცოდეს, სად ხედავს მის თავს ტანკში? ჩვენ გვაქვს ტანკები სამკაციანი ეკიპაჟით: მეთაური, მძღოლი და მემიზნე-ოპერატორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ტანკის მართვა უყვართ და ისინი შესაბამისად, მძღოლ-მექანიკოსები არიან. მე წავედი მემიზნე-ოპერატორის კუთხით, რადგან უფრო საბრძოლო განყოფილების მართვა მიყვარდა. ქვედანაყოფი თავს ვალდებულად თვლის, ახალბედა მემიზნე კიდევ გადაამზადოს, ამიტომ გამოცდილ ტანკისტებთან ერთად, გამუდმებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობდა. ჩვენ გვყავს პროფესიონალი ტანკისტები, რომლებიც საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
- ტანკთან ურთიერთობის პირველი ემოციები გაიხსენეთ...
- გავიფიქრე, რომ თავს ვერ გავართმევდი, იყო უამრავი ძალიან რთული მექანიზმი, ასობით ღილაკი და სადღაც დავიკარგე. მივხვდი, რა სირთულესთან იყო დაკავშირებული ამ ყველაფრის სწავლება. ტანკისტის პირველი ემოცია, განსაკუთრებით მემიზნე-ოპერატორის, პირველ გასროლას უკავშირდება. ეს არის ერთდროულად შიშის მომგვრელი და თან, ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ. საოცარი ემოციები გაქვს, ამასთან, შენი "ნათლობა" ხდება. ყველა პროფესიას თავისი ტრადიცია აქვს. დაწვრილებით აგიხსნით ამ პროცესს: როდესაც ახორციელებ გასროლას, თვალით უმიზნებ და შუბლზე დამცავი გიკეთია (ის სახეს იცავს დაზიანებისგან). ძველი ტანკისტები ოხუნჯობენ და ამ მიზნით, ახალბედების დამცავს სპეციალურად მოუშვებენ ხოლმე. ახალბედა ტანკისტმა წესებით დადგენილი ინსტრუქცია უნდა გაითვალისწინოს და შეამოწმოს, დამცავი მოშვებულია თუ მოჭერილი, მაგრამ როდესაც ტანკში პირველად ჯდები, ასეთი წვრილმანისთვის არ გცხელა. გამოდის, რომ გასროლას განახორციელებ, გადმოდიხარ და ყველა იცინის. რა ხდება? ცხვირზე ზოლი გაქვს, რომელიც გასროლის შედეგად (მოშვებული ხელსაწყოს გამო) დაგაჩნდა - ეს არის "ნათლობა" და ეს მეც გავიარე (იღიმის). თუმცა ჩვენ გვყავდნენ ყურადღებიანი მემიზნე-ოპერატორები, რომლებმაც ან იცოდნენ, ან მართლაც გაითვალისწინეს ინსტრუქცია და "სუფთად გამოძვრნენ", ჩემს შემთხვევაში ხუმრობამ გაჭრა (იცინის).
- სწავლების შემდეგ, როგორ მიდის ტანკისტის ცხოვრება?
- ჩვეულებრივად ვმსახურობდი ქვედანაყოფში, ვეუფლებოდი ტექნიკას, გვქონდა სროლები და ვარჯიშები სხვადასხვა პოლიგონზე. შეიარაღებულ ძალებში ტანკისტების ბიძაშვილებად არტილერისტები ითვლებიან და ჩვენ შორის გამუდმებული ქიშპობა მიდის - არა ჩემი ტექნიკა სჯობს, არა ჩემი და ა.შ. ტანკში გაერთიანებულია როგორც უხეში ძალა, ასევე სინატიფე. მას ხშირად ვუწოდებ ფოლადის ძაფებით ნაქსოვ ურჩხულს, რომელსაც თითოეული ტანკისტი მოფერებით მეტსახელს ეძახის. ჩემს ტანკს "წიქარა" ერქვა. მოგეხსენებათ, ზღაპრის მიხედვით ხარი უამრავ დაბრკოლებას გადალახავს. ტანკსაც ზუსტად იგივე ფუნქცია გააჩნია - გადალახოს თითქმის ყველა წინააღმდეგობა, რაც შეხვდება და წიქარასგან განსხვავებით, შორ მანძილზე შეუძლია მოწინააღმდეგის დაზიანება და ლიკვიდირება. ტანკისტის უმთავრესი თეზისია - არასოდეს იჩქარო!
- დღეს რას საქმიანობთ?
- ხუთწლიანი პერიოდი, რაც შეიარაღებულ ძალებში გავატარე, ჩავთვალე, რომ საკმარისი იყო. იქ მიღებული ცოდნაც გარკვეულწილად შევინარჩუნე. გადავწყვიტე ძველ პროფესიას დავბრუნებოდი, რომელიც ვალის მოხდის გამო გადავივიწყე. ხელოვნებათმცოდნე ვარ და ჩემი კრიტიკული წერილები ქუთაისის უძველეს ჟურნალ "განთიადში" იბეჭდება. ასევე ვწერ პროექტისთვის "თან საკითხავი" წიგნები და ახლახან ჩემი პირველი წიგნი "45 + 45 ამბავი ფეხბურთზე" გამოვიდა.
- ტანკისტის საქმე არ დაგავიწყდებათ?
- დღეს საქართველოში რეზერვისტული პროგრამები არ მოქმედებს, ამიტომ უამრავი პროფესიონალი, მათ შორის მეც, კაპრალ-სპეციალისტი, უმოქმედოდ ვართ. ჩვენი ცოდნის გასახსენებლად ძველ ჩანაწერებს გადავხედავთ ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა, პრაქტიკის გავლის საშუალება არ გვაქვს. ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების აზრით, ყოფილი ჯარისკაცებისთვის აუცილებელია გადამზადების კურსები არსებობდეს. წელიწადში ერთხელ თუ არა, ვთქვათ, 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გავიაროთ გადამზადება, რათა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება უკვალოდ არ გაქრეს. სახელმწიფომ ხომ თითოეული ტანკისტის (და არა მარტო) აღზრდა-განათლებაზე საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა.
- სიახლეების მაძიებელი ადამიანი ჩანხართ, ჰობი არ გაქვთ?
- ჰობია მაგალითად, ჭადრაკი. 2013 წელს არმიის ჩემპიონი გავხდი ჭადრაკში. როგორც თითქმის ყველა ქართველ მამაკაცს, მიყვარს ფეხბურთის თამაში, თევზაობა. ტანკისტის სტერეოტიპი რა ჰობს მოიცავს, იცით? ეს არის მანქანები და არც მე ვარ გამონაკლისი.
- რას ეტყვით იმას, ვისაც ტანკისტობა უნდა?
- გენიალური არჩევანია. რატომღაც ითვლება, რომ როცა კაცი ჯარში მიდის, ის არ არის ინტელექტუალი ან ცხოვრებამ არ გაუმართლა და სხვა გზა არ დარჩენია. ჯარში ურთულესი პროფესიები არსებობს, რომელთა ათვისებას წლები სჭირდება. სატანკო სკოლის სამთვიანი კურსების გავლა იმას ნიშნავს, რომ ჯარისკაცი მთლად დაბნეული არ იყოს და შეხება ჰქონდეს ტექნიკასთან. ახალციხის სატანკო სკოლა ახალ ნაკადს წელიწადში ერთხელ იღებს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვა