შშმ პირების პროფესიული განათლება და დასაქმება - გზაპრესი

შშმ პირების პროფესიული განათლება და დასაქმება

იმერეთის ერთ ქალაქში შრომით რესურსს, მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებით დასძლია კერძო სექტორის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის ყველა მოთხოვნა, დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმა. ხელშეკრულების გაუფორმებლობის მიზეზი არ განუმარტავთ, მაგრამ უარის საფუძველი, დიდი ალბათობით, მხოლოდ აპლიკანტის მეტყველების ნაწილობრივი შეფერხება უნდა ყოფილიყო.

პროფესიული განათლება 21-ე საუკუნის გამოწვევაა. საქართველოში უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტის დიპლომისადმი მიდგომა ნაწილობრივ მაინც შეიცვალა, რაც პროგრესის ნიშანია თუნდაც იმის გამო, რომ მოთხოვნა შრომის ბაზარზე უფრო პროფესიული ნიშნითაა, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლების თვალსაზრისით.

პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორია საქართველოში შშმ პირთა განათლებისა და შემდგომი დასაქმებისადმი მიდგომა. საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის მონაცემების მიხედვით, 46 708 საჯარო მოხელიდან მხოლოდ 55-ია შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი, უკიდურესად ცოტაა კერძო სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წილიც. საზოგადოება თვლის, რომ ყველა ადამიანი შრომის ბაზრის პოტენციური წევრია (სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდანაა დეკლარირებული ასეთი მიდგომა), თუმცა, რეალურად, დამსაქმებლები მაინც ერიდებიან შშმ პირთა დასაქმებას, რასაც ხსნიან სამუშაო ადგილისა და პირობების მისადაგების სიძვირით. მაშასადამე, შშმ პირებს ვეუბნებით სხვას და დამოკიდებულების პროდუქტი სრულიად განსხვავებულია! ასეთი რეალობიდან გამომდინარე, გაჩნდება კი სურვილი, რომ შშმ პირმა პროფესიული განათლება მიიღოს?

2015 წელს პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა 31 შშმ პირი, მათგან დასაქმდა მხოლოდ 1! შედარებით უკეთესი რეზულტატი გვქონდა 2016 და 2017 წლებში, როცა დასაქმდა 11 შშმ პირი. საქართველოში შრომითი ბაზრის მთავარი მოთამაშე დამსაქმებელია. მისი მხრიდან ნაკლები ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს მხედველობის, სმენის, ქცევითი თუ ემოციური პრობლემა, ქმნის სსსმ და შშმ პირების ნაკლებ მოტივაციას, იზრუნონ პროფესიულ განათლებაზე. ამას ემატება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტების სიმცირე (ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ასეთი სპეციალისტები მხოლოდ ექვს პროფესიულ სასწავლებელს ჰყავს).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნია პროფესიული ინტერესები და შესაძლებლობები, მთავარია, საჯარო თუ კერძო სექტორმა მოახერხოს სტერეოტიპების დაძლევა და პროფესიული ინტერესების კლასიფიკატორების საფუძველზე დაასაქმოს ჯერ კიდევ "ზედმეტ" ადამიანებად შეფასებული შრომითი რესურსები. პროფესიული ინტერესების კლასიფიკაციაზე სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ეკონომისტები მუშაობდნენ, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კლასიფიკაცია ჯონ ჰოლანდმა დაამუშავა. ამ მეცნიერმა გამოყო შშმ პირების ექვსი ინტერესის ჯგუფი:

1. რეალისტური სფერო, რომელიც გულისხმობს: ავტომობილების შეკეთებას, ფერმერობას, ელექტრიკოსობას და ზოგადად, ისეთ საქმიანობებს, რომელიც უმეტესად დაკავშირებულია მექანიკურ უნარებთან (მოსწონთ ხელსაწყოებთან და მანქანა-დანადგარებთან ურთიერთობა) და ნაკლებ სოციალიზებულია (მაქსიმალურად არიდებენ თავს ადამიანებთან ურთიერთობას).

2. კვლევითი სფეროს ინტერესის მქონე პირებს მოსწონთ ძიების გზებით ნოვაციების აღმოჩენა. ასეთ ადამიანებს აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერესი, თუმცა, ლიდერობას ერიდებიან.

3. შემოქმედებითი პროფესიების სფეროს ინტერესი გააჩნიათ სახელოვნებო უნარების მქონე ადამიანებს. მათ უნდა მოვარიდოთ რუტინული და სტანდარტული სამუშაო, სამაგიეროდ, ხალისით ასრულებენ დიზაინის, ფოტოგრაფირების, მუსიკალური გაფორმების და ამგვარი ტიპის სამუშაოებს.

4. ინიციატივიანი პროფესიები მოსწონთ რისკიან და ნოვატორ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გაბედულება. ასეთი პირები უმეტესად რეალიზდებიან გამყიდველისა და გაყიდვების მენეჯერის პროფესიებში.

5. სოციალური სფეროს პროფესიებისადმი მიდრეკილ ადამიანებს აინტერესებთ სამსახურებრივი პოზიცია, რომელიც გულისხმობს კონსულტირებას. ასეთებს კარგად შეუძლიათ თუნდაც საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლის მოვალეობის შესრულება.

6. საკანცელარიო საქმიანობისადმი ინტერესის მქონე პირებს შეუძლიათ ორგანიზებულ აქტივობებში ჩართვა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბუღალტერიის წარმოება, მუშაობენ გამოთვლით ტექნიკასთან, აქვთ ადმინისტრაციული უნარები, თუმცა მათი მოქმედება რუტინულია და შემოქმედებითი ინიციატივებისგან თავს იკავებენ.

საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლებიდან შშმ პირთა სწავლებასთან დაკავშირებით შედარებით უკეთესი რეზულტატები წარმოადგინა ერთ-ერთმა აკადემიამ.

ნანა ჯიქია, რექტორი, პროფესორი: - წელს ჩვენ სასწავლებელში მივიღეთ 8 შშმ პირი/ გვყავს უკვე ისეთი კურსდამთავრებულები, რომელთა დასაქმებაზეც ვიზრუნეთ და ზოგადად, ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან. ნინო ქათამაძე და თამაზ მჟავანაძე, რომლებიც შშმ პირები არიან, აკადემიაში კითხულობენ ლექციებს. ნინო ჩართულია პროექტში "შშმ პირი შშმ პირებისათვის", ხოლო თამაზს დისტანციური სწავლების საათები აქვს. ჩვენი კურსდამთავრებული ოთარ ივანაშვილი, რომელიც საჩხერელია, საჯარო სამსახურში მუშაობს (მომსახურების სააგენტოში), რატი ავაშვილი აკადემიაშივე დავტოვეთ მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი ყოფილი სტუდენტი თბილისის მერიაშიც დასაქმდა. ჩვენი სასწავლებლის პრიორიტეტად კვლავ რჩება შშმ პირთა პროფესიული განათლება და დასაქმებაზე ზრუნვა.

უნდა გააგრძელონ თუ არა შშმ პირებმა პროფესიული განათლების მიღება? თუ იმ დინამიკას გავადევნებთ თვალს, რომელიც მათ დასაქმებას და შედეგიანობას შეეხება, კითხვაზე პასუხი დადებითად უნდა გავცეთ. კიდევ უფრო მეტი ეფექტის მისაღებად, საჯარო თუ კერძო სტრუქტურების მეტი ინფორმირება და ჩართულობაა საჭირო ამ მიმართულებით, თუ გვინდა, რომ ავაშენოთ სოციალიზებული სახელმწიფო.

როლანდ ხოჯანაშვილი