ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
font-large font-small
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო

30 აგვისტოს მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვარ-პორტრეტისტისა და პეიზაჟისტის, ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. თარიღის აღსანიშნავად მხატვრის შვილობილისა და მუზეუმის დირექტორის, მხატვარ თეიმურაზ დვალიშვილის ძალისხმევით ხანგრძლივი რემონტის შემდეგ საიუბილეოდ გაიხსნა ნათელა იანქოშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი. ბატონმა თემურმა მხატვრის საიუბილეო გამოფენასა და ბანკეტსაც უმასპინძლა. ნათელა იანქოშვილის მიერ შესრულებული სურათები ახლახან გერმანიასა და ნიუ-იორკში გამოფინეს. კვლავ იგეგმება რამდენიმე გამოფენის მოწყობა თბილისში, მოგვიანებით კი სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოსკოვში.


ნათელა იანქოშვილი 50-იანი წლების დასაწყისში მოღვაწე ქართველ მხატვართა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ფართო ჰორიზონტისა და ხედვის თანამედროვე ფერმწერი სრულიად ორიგინალური ხელწერითა და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. მის ნამუშევრებში შავი, მწვანე, ყვითელი და წითელი ფერები ჭარბობს. ზუსტად გააზრებული ყოველი ფერი მისი ფუნჯის ერთი მოსმით, ერთი ამოსუნთქვით ქმნის სურათის ჟღერადობას, პოეტურ განწყობას, რაც სურათის მნახველზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ბევრ ქვეყანაში კრიტიკოსები იანქოშვილს გოგენის, გრაბარის, კონჩალოვსკის, დალის, მატისისა და პიკასოს გვერდით მოიხსენიებენ.

GzaPressთემურ დვალიშვილი, მხატვარი, ნათელა იანქოშვილის შვილობილი:
- ყველაფრის ორგანიზება საკუთარი სახსრებით მომიხდა. თხოვნის მიუხედავად, თბილისის მერიის გარდა, გვერდით არავინ დამიდგა. მიუხედავად ამისა, ყველა საიუბილეო გეგმა განხორციელდა და ახლა უკვე გვაქვს ნათელა იანქოშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი.
- ნათელა იანქოშვილსა და მის მეუღლეს, მწერალ ლადო ავალიანს შვილი არ ჰყავდათ. ქალბატონმა ნათელამ გადაწყვიტა შვილად აეყვანეთ. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა გქონდათ. გვითხარით მისი ოჯახური ყოველდღიურობის, პიროვნული თვისებების, ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ...
- ნათელა ხშირად ამბობდა, ჩემი შვილები ნახატები არიანო. ისიც უთქვამს, შვილი რომ მყოლოდა, ამდენ მუშაობას ვერ შევძლებდიო. რაც შეეხება ლადოს, ის უნივერსალური პიროვნება, მრავალმხრივ განათლებული, არაჩვეულებრივი მოსაუბრე გახლდათ. ლადო ნათელაზე ორი კურსით წინ, გრაფიკაზე სწავლობდა, მაგრამ მას მერე, რაც აკადემია დაასრულა, აღარ დაუხატავს, მხოლოდ წერდა. თუკი სტატიას ან ნაწარმოებს გამოაქვეყნებდა, ჰონორარით ნათელასთვის საღებავებსა და ტილოს ყიდულობდა. მათთვის ყოველდღიური ლუკმაპურის შეძენაც პრობლემას წარმოადგენდა. ცოლ-ქმრის მთავარი საზრუნავი საღებავების შეძენა გახლდათ. რომ არა ლადოს ხელშეწყობა, ნათელა ვერაფრით შეძლებდა მუშაობას. ლადო 1998 წელს გარდაიცვალა. ნათელა კეთილი იყო, მაგრამ უხეში საუბარიც იცოდა. თუ ვინმე არ მოეწონებოდა, პირდაპირ ეტყოდა და სახლიდანაც დაითხოვდა. მისი რთული ხასიათის გამო ახალ-ახალი მომვლელების დაქირავება მიხდებოდა. ჩვევად ჰქონდა: ვის დახატვასაც აპირებდა, წინადღეს რამდენიმე საათის მანძილზე ესაუბრებოდა. თუ მოეწონებოდა, მეორე დღისთვის დასახატად იწვევდა და 1 ან 2 საათში სურათი უკვე მზად ჰქონდა. პრესისგან განებივრებული იყო, ხშირად იწერებოდა მის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ პრესაში. ახლობლობდა ედუარდ შევარდნაძესთან. მოგეხსენებათ, მაშინ საზღვრებს გარეთ გასვლა არც ისე მარტივი იყო, მას კი ამის პრობლემა არასოდეს შეჰქმნია და ნახევარი მსოფლიო შემოიარა. სხვათა შორის, ფიდელ კასტროს პირადად შეხვდა და ნატურიდან დახატული თავისი ორი ნამუშევარი აჩუქა. არაჩვეულებრივად იცნობდა საქართველოს ყველა კუთხეს, სტუმრობდა და ხატავდა ეკლესიებს. თუ საზღვარგარეთ არსებული რომელიმე ქართული ძეგლის შესახებ შეიტყობდა, აუცილებლად მოინახულებდა და დახატავდა.
- მის შემოქმედებას გამორჩეულად აფასებდნენ ლადო გუდიაშვილი და სერგო ქობულაძე...
- დიახ, გუდიაშვილმა ის "დიდი თვითმყოფადი ტალანტის მხატვრად" მოიხსენია. სამხატვრო აკადემიის სტუდენტობისას მისი პედაგოგი, დავით კაკაბაძე გაოცებული ყოფილა ქალბატონი ნათელას "კოლორისტული სიჯიუტით". მის შემოქმედებას გამოარჩევდნენ ოთარ ჩხეიძე, შალვა ამირანაშვილი, ნოდარ დუმბაძე. დიდხანს და გულმოდგინედ მუშაობდა ფერზე. სწავლისა და საკუთარი ხელწერის ძიების პერიოდში ისეთი კოლორისტებით იყო გატაცებული, როგორებიც არიან ელ გრეკო, გოგენი, ფიროსმანი. მისი ფერწერული ტილოები იმდენად ძლიერი ოსტატური, გააზრებული მონასმებითაა დატვირთული, ვინც არ იცის, რომ ავტორი ქალია, ნამუშევრები ყველას მამაკაცის შესრულებული ჰგონია. გამორჩეულია მისი გრაფიკა, რომელიც სრულიად ახლებური ხედვითა და შესრულების მანერითაა გადაწყვეტილი. ნამუშევრებში მხატვრის პლასტიკა და თანამედროვე აზროვნება იგრძნობა, ფერისა და ხაზის სასიამოვნო შერწყმით განუმეორებელ სამყაროს ქმნის, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სურათის მნახველზე. მან თავისი ახლებური, თანამედროვე ხედვითა და შესრულების მანერით მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო. სურათი ძირითადად, შავი და მწვანე ფერით აალაპარაკა და მსოფლიო ხელოვნებაში თავისი სათქმელი სწორედ ამ ფერებით წარმოთქვა.
- ნათელა იანქოშვილის სახელს ხშირად ფიროსმანთან აკავშირებენ...
GzaPress- როგორც ხელოვნებათმცოდნე ლია ჭავჭავაძე აღნიშნავს, ყველაზე დიდი ზემოქმედება მასზე, როგორც მხატვარზე, ქართულმა ფრესკებმა და ფიროსმანის სადა, ელვარე ტალანტმა მოახდინა. ფიროსმანთან მხატვარს სულიერი სიახლოვე აკავშირებდა. ეს გამოიხატება სისადავესა და აზროვნების ლაკონიზმში, ძუნწ პალიტრაში, განსაკუთრებით კი - მწვანე და შავი ფერების დიდოსტატურ გამოყენებაში. ახალ ქართულ მხტავრობაში ნიკო ფიროსმანაშვილის შემდეგ იანქოშვილი პირველია, ვინც ამ ფერთა კონფლიქტს მიმართა. ეს არ არის უშუალო გავლენის ფაქტი, არამედ ორი მხატვრის სულიერი ნათესაობის ნიმუშია. სიმბოლურია ფიროსმანის გარდაცვალებისა და იანქოშვილის დაბადების ქრონოლოგიური დამთხვევაც - 1918 წელი. დამთხვევაა ისიც, რომ როგორც ფიროსმანის, ისე ნათელას აღიარება პირველად საზღვრებს გარეთ მოხდა. გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები გამოიფინა ბერლინში, სტამბოლში, კიოლნში, ბრიუსელში. მისი ნამუშევრების ალბომი გამოიცა გერმანიაში. ამავე ქვეყანაში ალბომი იუბილესთან დაკავშირებით წელსაც დაიბეჭდება. ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილი ამბობდა, - როგორც ფიროსმანს ვერ იგებდნენ, ისე ვერ აფასებენ ჯერჯერობით იანქოშვილსო. მისი სიტყვებია: "ნათელა იანქოშვილის შემოქმედება აღბეჭდილია გულწრფელი სიყვარულით, დიდი შემოქმედებითი მღელვარებით, რასაც ძველად საქართველოში აღნიშნავდნენ სიტყვებით - "მდუღარება სულისა". უყურებ ნათელას ნამუშევრებს და ხვდები, რომ მას ფიროსმანთან სულიერი სიახლოვე აკავშირებს. ამ ფაქტს, თუნდაც, შავის დიდოსტატურად გამოყენება ადასტურებს. თანამედროვე ქართულ მხატვრობაში ნათელა იანქოშვილი პირველი მხატვარია, რომელმაც შავი ფერით შავ ფონზე სივრცე, ჰაერი, სინათლე, ნაირფერადოვნება გადმოსცა. ეს არ არის ფიროსმანის გავლენა, ეს ორი მხატვრის სულიერი ნათესაობაა.
- როგორ გაატარა ქალბატონმა ნათელამ სიცოცხლის ბოლო წლები?
- სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა, ზოგიერთ სურათს ხელმეორედ ხატავდა - იმდენი ძალა და შთაგონება აღარ მაქვს, რომ ახალი შევქმნაო. ინსულტის გამო ხელიც უკანკალებდა. გაზაფხულის ერთ საღამოს ეზოდან ვეძახდი, მაგრამ პასუხი არ გამცა. მაშველები გამოვიძახე, აივანზე ავიდნენ და ფანჯარა გატეხეს. საწოლთან დაცემული ვნახეთ. თურმე, ჩემი ხმა ესმოდა, საწოლიდან წამომდგარა, მაგრამ ფანჯრამდე მოსვლა ვეღარ შეძლო. საავადმყოფოში ორი კვირა გაატარა. 2007 წელს, მძინარე გარდაიცვალა.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
"ერისიონის" მოცეკვავეებმა - ლაშა მუჯირმა და სალომე ბიბინეიშვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, ცეკვის ანსამბლში გაიცნეს.
გოგონა, რომელმაც საყვარელი მწერლის გამო რეჟისორობა გადაწყვიტა
ცხოვრება იტალიაში და შორიდან დანახული ქართული რეალობა
ამერიკაში წარმატებული ქართველი ექიმის გულახდილი ინტერვიუ
34-წლიანი თანაცხოვრება და გურამ ფირცხალავას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
"შეიძლება, ჭკუის სწავლას ვიმსახურებდი, მაგრამ ასე მძიმე სასჯელს - არა!"
მწარე რეალობა და სხვების კეთილდღეობაზე მეოცნებე ქალბატონი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი