"ქუჩაში ძალიან გამხდარ კაცს ან მობარბაცე ლოთს რომ დავინახავ, გაქცევა მინდა" - გზაპრესი

"ქუჩაში ძალიან გამხდარ კაცს ან მობარბაცე ლოთს რომ დავინახავ, გაქცევა მინდა"

ცოტა ხნის წინ კაცის გახრწნილი ცხედარი იპოვეს მანქანაში, ერთ პატარა ტყის გრუნტის გზაზე. ცხედარი ჩემი ნაცნობისა აღმოჩნდა. საოცრად დამენანა ადამიანი, რომელიც თავის თავს არ ინდობდა. მის შვილს შევეხმიანე. რობო უკვე დიდია. უნივერსიტეტი წელს დაასრულა. მან ვრცელი წერილი მომწერა:

"შენ იცნობდი მამაჩემს. შესაძლოა, ყველაზე უკეთაც კი. მახსოვს, როგორ სიტყვაძუნწობდა ყველაზე, შენზე კი არა. შესაძლოა, მის მერე ათი წელიც გავიდა, როცა თქვა, - მაგას ვიღაც მოკლავს, ისეთ ვინმეებს უპირისპირდება და არ მინდა, მოკლანო. მაშინ პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რატომ უნდა ედარდა შენზე, სრულიად უცნობ ადამიანზე კაცს, რომელსაც საკუთარი თავი და ოჯახი არ ეცოდებოდა (ასე ამბობდნენ ბებია, ბაბუა და დედაც კი, თორემ მე მაშინ მართლა არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის)! ზოგჯერ მამაჩემი აირეოდა, დალევდა და მინებს ლეწავდა სახლში, მაგიდებს აბრუნებდა, სადღაც მიიწევდა და ყველას დახოცვით ემუქრებოდა. გავიდოდა რამდენიმე საათი, თვალებჩასისხლიანებული და გაფითრებული ჩამოჯდებოდა ვეებერთელა დივნის მარცხენა ნაპირზე და თუ მთელი გადაურჩებოდა ტელეფონი, გირეკავდა... ან დალევა რა საჭირო იყო, მოხერხებულად გაიკეთებდა დაძარღვულ ხელზე ნემსს და მერე აღარც შენ ახსოვდი!

ერთხელ მიგიწვევია დაბადების დღეზე. უკვირდა და უხაროდა. ამბობდა, იქ ჩემნაირები კი არ იქნებიან, ყველა ჩემზე მეტად განათლებული და გამორჩეული ადამიანი იქნებაო. ბაბუას უკვირდა მისი გაკვირვებაც და სიხარულიც. წიგნიერი კაცი იყო მამაჩემი. თუ არ ჩხუბობდა, სულ წიგნებთან გახლდათ. ნასვამიც კი კითხულობდა ზოგჯერ. სიფხიზლისას მე და ჩემს დას დაგვისვამდა გვერდით და გვიკითხავდა გაბზარული, მაგრამ ნასიამოვნები ხმით...

12 ან 13 წლის ვიქნებოდი მაშინ, შენ რომ დაპატიჟე. ჭკუას ჯერ არავინ მეკითხებოდა, მაგრამ მამამ მაინც მკითხა, - ნეტავ რა ვაჩუქოო. ოჯახის ყველა წევრი ჩაერთო ლაპარაკში. თიკაც კი და სასაცილოდ თქვა, ბარბის თოჯინა ბიჭებს არ უყვართ, ე.ი. სასმელი უნდა ვუყიდოთო. - არ სვამსო, - თქვა მამამ. ბაბუამ, - დაეკითხე, რა ესიამოვნება და ის ვუყიდოთო. ბებიამ ჩაილაპარაკა, - იქ თუ შენებურად შემოსძახე, ეგ იქნება შენი საჩუქარი და გარეთაც გამოგაგდებენო... მართლა მოგწერა მერე მამამ და შენ უთხარი, მაისური კმარა, ნებისმიერიო. ნიდერლანდებიდან გამოგზავნილი მაისური იდო სახლში. ფოტო გამოვგზავნეთ და შენ მოიწონე, - ჩავიცვამო...

GzaPressგვეშინოდა იმ საღამოს, როცა შენთან წამოვიდა. ვიცოდით, შუადღისას უკვე სუფრასთან იქნებოდით. საღამომდე ვერავინ გავბედეთ, რომ დაგვერეკა. როცა აგრესიული ხდებოდა მამა, ყველა ვერიდებოდით. გვინდოდა, უჩინარები გავმხდარიყავით, რადგან ჩხუბის მიზეზს ეძებდა ყველაფერში და პოულობდა კიდეც! თავად დაგვირეკე და გვითხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამას საკმაოდ ბევრი დაელია. დავიჯერეთ. ადამიანები იმას ვიჯერებთ, რისი დაჯერებაც გვინდა. ბაბუამ იეჭვა, - ეგებ და გვიმალავს, არ უნდა, რომ ვინერვიულოთო. ბებიამ, - დედის გულისა თქვენ რა იცით, ჩემი შვილი ახლა კარგადაა, ვგრძნობ მე ამასო. მეორე დღის 12 საათზე ისევ დაგვირეკე და გვითხარი ხუმრობით, - საუზმეს გვიან შევექეცით დ დანაყრებულებს ახლა გაგვახსენდითო. მამაც გველაპარაკა, დედა და ბებია აღტაცებული იყვნენ, მაგრამ არ ვიცი, რით. შესაძლოა იმით, რომ მამა კარგად იყო და "თავის მომჭრელად" არ მოიქცა. მერე "ფეისბუკზე" ფოტოც ვნახეთ, არაბუნებრივად იკავებდი სიცილს და მამას მოტანილი მაისური გეცვა! კარგია, ადამიანები რომ არ გამოლეულან დედამიწაზეო, - თქვა ბებიამ. დედა ისევ ჩაფიქრებული იყო. თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ელოდებოდა. იმ საღამოს თავად დარეკა მამამ და ორი კვირა ვრჩები აქო, - მოგვახსენა. ბებიამ მორიდებით უთხრა, - არ შეაწუხო, ბიჭო, ხალხიო. არ შევაწუხებო, დამტკბარი ხმით გვითხრა და ტელეფონი გათიშა.

გასაოცარი იყო და ორი კვირის მერე ფერმოსული დაბრუნდა მამა. აქედან წამოსვლისას ყვითელი იყო, გამხდარი და თვალებჩაცვივნული. სიგარეტიც უკან ჩამოიტანა, - იქ არავინ ეწეოდა და ვის დავუტოვებდიო? თავად დღიური ორი კოლოფიდან სამ ღერზე იყო ჩამოსული. ჭამის შემდეგ ეწეოდა თურმე მანდ თითო ღერს. შემწვარი კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ლეღვის მურაბა და სამი ჭიქა ღვინო იყო თითქმის ყოველ ჯერზე, ჩაი გქონიათ გემრიელი, ხელით დამზდებული... ხილსაც კილოობით ვჭამდიო! მერე ბებიამ დაგირეკა და მადლობა გითხრა, - ასე მომჯობინებული არსაიდან დაბრუნებულა ეგო! შენ გაგეცინა და მოუყევი, როგორ აღიარეთ ოჯახის წევრად, როგორ უსმენდით, როგორ დაგყავდა სოკოს საკრეფად ტყეში, ტბორზე საცურაოდ და ზოგჯერ შეშასაც აპობინებდი! ის კი არა, კარტოფილსაც ერთად თლიდით თურმე, ეზოში ერთად დასდევდით დასაკლავად განწირულ ქათამს!

მამა თითქოს მეორედ დაიბადა! მისი აღარ გვეშინოდა. ვიღაცას ეთქვა ბაბუასთვის, არ გეგონოთ, ასე დიდხანს გააგრძელოს, ნარკომანებმა იციან ხოლმე ტაიმ-აუტის აღება და ყურადღება მიაქციეთო. იმ შემოდგომაზე ისევ ისურვა მამამ წამოსვლა თქვენთან. აფორიაქებული იყო, - უნდა წავიდე, თორემ გამიჭირდებაო. იმ ჯერზე წიგნი გიყიდა, არ მახსოვს, რომელი, მაგრამ ის კი მახსოვს, ლამაზ პარკში რომ იდო. ათი დღე დაჰყო თქვენთან, მერე დაბრუნდა დამშვიდებული. იქ ყველას სცალია ჩემთვისო, - გვითხრა საყვედურივით ოჯახის წევრებს. ბაბუა მაშინ საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდა და დილიდან გვიან ღამემდე სახლში ვერ მოდიოდა, ბებიას კი თითქოს მობეზრებული ჰყავდა თავისი შვილი და მუდამ სამზარეულოში რაღაც რთულად მოსამზადებელ საჭმელს აკეთებდა, რომელსაც სილამაზე ჰქონდა, მაგრამ უგემურად ვღეჭავდით ყველანი სუფრასთან! დედაც მუშაობდა და საღამოს მოსულს გაღიმების თავიც არ ჰქონდა. მე და თიკა ვიყავით უფრო მეტად მამასთან. რაღაცას მოგვიყვებოდა, უფერულად გაგვიღიმებდა. ვიცოდი, თავად შფოთიანი, ხანმოკლე ძილი რომ იცოდა და მინდოდა, მის გვერდით დიდხანს ვყოფილიყავი. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ასე ვთვლი, მისთვის თითქმის არავის ეცალა. ბაბუა ბანკომატივით იყო. ოჯახში ფულს ყრიდა, რომლითაც შეიძლებოდა თითქმის ყველაფრის ყიდვა, მათ შორის, სიკვდილისაც, ნარკოტიკი ან ალკოჰოლი რომ ჰქვია.

მერე რაღაც შეეშალა შენთან. ამბობდა, შემეშალაო. მას არასდროს უყვარდა აღიარება. უჯიუტესი ხასიათი ჰქონდა და თუ ერთხელ იტყოდა, რომ შავი თეთრი იყო, ვერავინ გადაათქმევინებდა. ისეთი სინანულით თქვა, შემეშალაო, თითქოს აღსარებას გვაბარებდა. მღვდლამდე ცოცხალი თავით არ მიდიოდა, შენთანაც ვეღარ ბედავდა მოსვლას. რაღაცნაირი რიდი ჰქონდა და ძალიან, ძალიან უყვარდი. ბაბუამ უთხრა, მე დავურეკავ და მიგიღებსო. ენა დაება და ისე თქვა, - თქვენ ვერ ხვდებით, შემეშალა კი არა, დავაშავე უფროო. თავის საძინებელში შეიკეტა. უსმენდა მეტალიკას, ეწეოდა ძალიან ბევრს და თითქმის არაფერს ჭამდა. ერთხელაც, სოფელში წასვლა გადავწყვიტეთ. მანდ შენც ხარ ნამყოფი. ქარელის სოფელია, ნაკლებწყლიანი, რუსებისგან დაკავებული ტერიტორიის მომიჯნავე და ვაშლისბაღებიანი. ბაბუდა ცხოვრობს ისევ იქ, არ მოდის ქალაქში. მამა თითებს აწვალებდა გზაში. მივაღწიეთ სოფლამდე როგორღაც. ცხელოდა ძალიან. თიკამ ჟოლო დაკრიფა, დედა და ბებია სამზარეულოში შეიკეტნენ, ბაბუდას ეხმარებოდნენ. მე აგურების მიწყობა დავივალე. ცოტა ხანში მოსაღამოვდა და ვახშმად დავსხედით. მამამ თქვა, არ მინდა საჭმელიო და გაგვერიდა. ნახევარ საათში კარის მინა ჩამოიფშვნა. მივხვდით, რომ ძველი მამა დაბრუნდა, საშიში, დაუნდობელი და მოსარიდებელი. პირში ლუკმა შემაცივდა. ვისკის ბოთლი ეჭირა სახეშეცვლილს და მუშტი უახლოეს ფანჯარას დაარტყა. ნამსხვრევების ნაწილი გარეთ გადაიყარა, ნაწილი ფეხთით დაუცვივდა. სისხლის ვიწრო ზოლი გამხდარ მკლავზე მოსრიალე გველივით დაუყვა. ვიცოდით, ახლა მორიდების დრო რომ იყო და გარეთ გავცვივდით. მაგიდის გადაბრუნების ხმამ ერთხელ კიდევ მომახედა უკან, მერე თიკას და დედას ჩავჭიდე ხელი, მივრბოდით სირცხვილით აწითლებულები... მინდოდა, მოვმკვდარიყავი! ეს პირველი შერცხვენა არ იყო, მაგრამ ჩვენ გადავეჩვიეთ ასეთებს მის მერე, შენთან რომ იყო! პატარა მდინარე, თითქმის დამშრალი და აშმორებული, გადავლახეთ. მეორე ნაპირზე მაღალი ალვის ხე იდგა მაშინ, მის ძირას შევჩერდით. სად იყვნენ დანარჩენები, არ ვიცოდი, მაგრამ მათზე ნაკლებად ვდარდობდი, მაშინ მხოლოდ სირცხვილი მწვავდა! დილამდე იქ ვიდექით, მორიგეობით ხან თიკას მიეძინა, ხან დედას. მე თვალი არ მომიხუჭავს, თითქოს ვალდებული ვიყავი, ქალებისთვის მიმეხედა. დედას რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა, არაფერი თქვა.

თიკამ გამთენიისას ჩაილაპარაკა, მე არასდროს გავთხოვდები, მამაჩემისნაირი რომ გამოდგეს ჩემი ქმარი, რად მინდა ეგეთი ოჯახიო. რა გვაცინებდა, მაგრამ სამივემ გავიცინეთ. მხოლოდ რვა წლის იყო მაშინ და რაზე უფიქრია ბავშვს თურმე!

გამთენიისას დავბრუნდით სახლში. ბაბუდა ეზოს ონკანთან რაღაცას წმენდდა, ბაბუა და ბებია ძელსკამზე ისხდნენ, მამას კი აივნის კუთხეში მიყრილ ლობიოს პარკებზე წამოწოლილს ეძინა. ყველა ჩვენგანი იყო საბრალო. ჩამსხვრეული მინების გამო შენობა თვალებდათხრილ მეომარს ჰგავდა. მამამ გამოიღვიძა, უსიტყვოდ გადმოგვხედა, მერე დედასთან ერთად მინის ნამსხვრევები მოაგროვა...

ვიცოდით, ეს აყალმაყალი მამას რამდენიმე თვე ეყოფოდა, მერე ისევ იყო მოსალოდნელი. უძლებდა, უძლებდა და ბოლოს ისეთს ჩაიდენდა, თავადაც რომ რცხვენოდა. ძნელი დასაჯერებელია და სოფლის ამბის მერე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე პატარა ტენდერი მოიგო, ვიღაცები დაასაქმა, თავადაც მთელი დღე გარეთ ტრიალებდა, იხარჯებოდა, იღლებოდა და უკვე სახლში ყველა მოღუშული ხვდებოდა საღამოს. დაღლილებს საწოლებისკენ გაურბოდათ თვალები. მე და თიკას გვიხაროდა ეს მოსაწყენი დაღლილობა. უკვე აღარც კი გვჯეროდა, რომ ოდესღაც მამას გარიდებულები ღრიალით გავრბოდით სახლიდან. ერთ საღამოს, როცა ყველა ვვახშმობდით, გადაწყდა, რომ ჩვენ ცალკე გადავდიოდით საცხოვრებლად. ბაბუა და ბებია მალე ნიდერლანდებიდან უმცროსი შვილის დაბრუნებას ელოდებოდნენ. ბიძაჩემი მამაზე ბევრად განათლებული იყო და საქართველოში მის დაბრუნებას დიდი ამბით ველოდით. ახალ ბინაში გადავედით, ნელ-ნელა იქაურობის მოწყობაც დავიწყეთ. ზოგჯერ სოფელშიც ავდიოდით, ბაბუდას ხელს ვაშველებდით და ვაზიც კი ჩავყარეთ... პატარ-პატარა ტენდერებით თავი დაუყვედრებლად გაგვქონდა. ახალჩაყრილმა ვაზმა წელს მოისხა. თითო-ოროლა მტევანი ლერწებზე საყვარლად გამოსხმულიყო. ყველას ჩამოუარა მამამ, მერე პირობა დამადებინა, რომ აქაურობას არასდროს მივატოვებდი და ვუპატრონებდი. ერთ საღამოს ცუდად ყოფნა შევატყვე, მაგრამ თავს გვარიდებდა, თითქოს დანაშაულს მალავდა. საღამო ხანს მანქანა დაქოქა და წავიდა. დილამდე რომ არ გამოჩნდა, უკვე იმედი გვქონდა გადაწურული. ტელეფონი გათიშული იყო... ერთი თვის თავზე პოლიციამ ბაბუას აცნობა, რომ ჩვენი მანქანა ტყის სიღრმეში შემავალ გზაზე უპოვიათ, შიგ გახრწნილი ცხედრით. მე და ბაბუა წაგვიყვანეს ამოსაცნობად. მანქანა ჩვენი იყო და გახრწნილი ცხედარი - მამაჩემის... განაცრისფერდა და გაიყინა გარემო... "ლომკას" ვეღარ გაუძლო და მომაკვდინებელი წამალი კიდევ ერთხელ გაიკეთა, თან არავინ იცის, მარტომ თუ სხვასთან ერთად. ფაქტი ის იყო, რომ უმამოდ დავრჩი. ჩვენ შორის მხოლოდ 18 წელი იყო სხვაობა, ძმებივით მოვდიოდით ბოლო დროს გევრდიგვერდ, მაგრამ არ დაგვცალდა დიდხანს...

რა შეეშალა თუ დააშავა, ეგ არ ვიცი, არ უთქვამს, არც გვიკითხავს, არც ახლა ვკითხულობ - აზრი არ აქვს. თუ შეგიძლია, აპატიე მამას თავისი შეცდომა...

მძულს ნარკოტიკიც და თრობაც. ქუჩაში ძალიან გამხდარ კაცს, ან მობარბაცე ლოთს რომ დავინახავ, გაქცევა მინდა, მაგრამ სად გავიქცე, რას გავექცე? ჩემი ოჯახის ტრაგედიას ვერსად გავექცევი. მამაჩემი მეცოდება, ძალიან მეცოდება. მგონი, ბოლოს სიცოცხლე უნდოდა, ნარკოტიკზეც უნდოდა "არას" თქმა, მაგრამ დამოკიდებულება აიძულებდა, თვითმკვლელი ყოფილიყო!.. რომ არა შენ, მამა ბევრად ადრე მოკვდებოდა, მადლობა იმისთვის, რომ მისი სიცოცხლის წლები გვაჩუქე..."

P.S. მე კი არ ვიცი, შევძლებ თუ არა მისვლას საფლავზე, სადაც ის ადამიანია დაკრძალული, რომელსაც შეცდომის გამო სამწუხაროდ, ზურგი ვაქციე...

როლანდ ხოჯანაშვილი