სვანური "გარჩევა", ტრადიციები და გასაყიდად გამზადებული ტყეები
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეა და როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენგანი ევროპელობისა თუ ამერიკანიზაციისკენ მიისწრაფვის, ქართველები მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ იმ ძირძველ ადათ-წესებს, რომელიც საქართველოს თითოეულ კუთხეში სხვადასხვა სახით იყო წარმოდგენილი. როდესაც ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია, სვანეთს ავუაროთ გვერდი, სვანურ ტრადიციებზე სალაპარაკოდ კი ცხადია, "სვანის" ავტორს - სოსო ჯაჭვლიანს დავუკავშირდით.
- ტრადიცია და ტრადიციულობა სვანეთში და ზოგადად, მთაში მეტად შემორჩა. როცა ფილმში - "სვანი" - ნათესავების ერთმანეთთან ურთიერთობა ავსახე, სადაც გოგონასაც კლავენ და ბიჭსაც, ამ ფაქტმა საზოგადოება გააკვირვა, მსგავსი რამ მიუღებლად მიაჩნდათ, ახლა კი ტელეეკრანიდან ამაზე უარეს, ამაზრზენ ფაქტებს ვისმენთ. ის თეთრი ანგელოზი, რომელიც გამუდმებით თან დაგვყვება, ჩვენთან არ მოვა, თუ წესიერად არ ვიცხოვრებთ. ტრადიცია იმიტომ გვაქვს, რომ ნებისმიერი სხვა ერისგან გამორჩეულები ვიყოთ. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა დაკარგა თავისი სახე. სვანეთში გენდერული თანასწორობა ყოველთვის იდეალურად იყო დაცული. იქ იციან, რომ ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს - ქალი რასაც გააკეთებს, ის კაცისთვის სამარცხვინოა და პირიქით. თუ ადამიანთა შორის ჰარმონია არ იქნა, მაშინ იწყება კონფლიქტი. ჰოდა, ამიტომაც მოიგონა ადამიანმა თავისი ადათ-წესი.
- სვანური ადათ-წესებიდან რომელს გამოარჩევთ?
- სვანეთში უამრავი ისეთი წესი და ჩვეულებაა, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს. ნებისმიერ იურისპრუდენციას აჯობებს სვანური "გარჩევა", თავისი მორალით. დღეს XXI საუკუნეა და კანონი კანონობს, მაგრამ იმ კანონის არაფერი მწამს, სადაც მორალი იგნორირებულია. ერთი კარგი წესი აქვთ სვანებს - როცა ვინმეს სიმართლეში ეჭვი ეპარებათ და მისი მხილება უნდათ, ის ხატზე დასაფიცებლად მიჰყავთ, ოღონდ - მას მოწმეებიც უნდა გაჰყვნენ. მენდეთ, ტყუილზე დასაფიცებლად ეკლესიაში ურწმუნო კაციც არ გაგყვება. გეტყვიან: შენ დააშავე და გინდა, შენთან ერთად ხატზე დავიფიცო, ღმერთი მეც მოვატყუოო?!. მოკლედ, კაცს იძულებულს ხდიან, დანაშაული აღიაროს. ეუბნებიან, - შენ შენიანი არ მოგყვება, იმათ ვერ არწმუნებ და მე როგორ დაგიჯეროო?.. აბა, მითხარით, ამაზე კარგი, მარტივი და გენიალური მოგონება არსებობს დედამიწაზე? სხვათა შორის, ამ წესს სვანეთში დღესაც იცავენ და იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ასე იქნება.
- რომელი მივიწყებული ტრადიციის აღდგენას ისურვებდით?
- ის ტრადიცია, რომელიც კარგია და მოგწონს, ისეთნაირად უნდა აღადგინო, რომ დღევანდელობასთან იყოს მისადაგებული. ჩვენ ცინიკოსი ერი, ცუდი ხალხი ვართ და იცი, რატომ? - როცა რუსებთან კარგად ვიყავით, მაშინ რუსული ლაპარაკი იყო მოდაში და ამით "ტრიპაჩობდნენ", ახლა ინგლისურზე გადავიდნენ - Oჰ, მყ გოდ! სულ ვიღაცის მონები ვართ. მერწმუნეთ, გოიმობასა და "მაგარ ტიპობას" შორის ერთი ნაბიჯია. ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო და ამიტომაც დაწერა - "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". სხვა ერები ვერაფერს გვასწავლიან, მაგრამ მაინც, ჩვენს სახეს ვკარგავთ. ჭაბუასი არ იყოს, - საძოვარზე მიშვებული ცხოველებივით ვიქცევით. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ თვითონაა მართალი და კარგი ტიპი, არადა, რომ იცოდეთ, ზოგჯერ როგორი დასაცინები ვართ... ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხზე რომელიღაც აფრიკულ ტომზე იყო გადაცემა - ქალს ქმარი გარდაეცვლება და მთელი სოფლის მამაკაცები მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ, ამით სამძიმარს გამოხატავენ. რას იზამ, ეს მათი ტრადიციაა, ჩვენ კი მორალით სავსე ტრადიციები გვაქვს და არ ვაფასებთ. მერწმუნეთ, ახლობელს და მეგობარს აბსოლუტურად ყველაფერს ვაპატიებ, ღალატის გარდა, მაგრამ თუ კაცი მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა და სახალხოდ მოიხდის ბოდიშს, ვაპატიებ...
- რას იტყვით ცოტა ხნის წინ გახმაურებულ ინციდენტზე, როდესაც სვანმა გოგონამ 2 თავდამსხმელ ბიჭს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა?
- დარწმუნებული ვარ, ამ საქმის გამოძიებისას, სამართალდამცავები მორალურად გოგოს მხარეს იქნებოდნენ - 2 ნაძირალა ვირთხა დახვდა ახალგაზრდა გოგონას და დაუწყო ღლაბუცი. ამ ამბის მერე ზოგმა "ღადაობა" დაიწყო, - ჯაჭვლიანებმა "სვანი" რომ გადაიღეს, მათმა ქალებმა კაცების დაჭრა დაიწყესო. ძალიანაც კარგი! ჰო, ჩვენ, ჯაჭვლიანები ასეთები ვართ და მიმაჩნია, მსგავს სიტუაციაში ყველა ქართველი ქალი ასე უნდა მოიქცეს! ვაჟკაცმა უნდა იცოდეს, რომ ქალს, როცა ის ღამით მარტო მოდის, ღლაბუცი და "ჩალიჩი" არ უნდა დაუწყოს. ვინაიდან კანონი ასეთებს სათანადოდ არ სჯის, მე მხდის იძულებულს, საქმე აღვასრულო. ვისაც უნდა, შევედავები, რომ სვანური ადათ-წესების წყალობით, საქართველოს ამ კუთხეში ქურდობა, მკვლელობა, უხეშობა პროცენტულად ყოველთვის ნაკლები იყო.
- დღეს ხშირად ახდენენ არა მარტო ტრადიციების, არამედ მართლმადიდებლური სარწმუნოების დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი იდეების აფიშირებას და ვიღაცები ამას მხარს უჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დემოკრატიულ საქციელად, კარგ ტონად მიაჩნიათ. თქვენ რა აზრის ხართ მსგავს ქმედებებზე?
- ასეთებს უნდათ, გოიმად გამოგიყვანონ და თქვან, რომ შენ ამ ცხოვრების არაფერი გესმის. მე არ მესმის, დედა როგორ უნდა მიყვარდეს ან ჩემი სალოცავი და რწმენა როგორ დავიცვა? ამას წინათ ერთ-ერთი წიგნიდან (ავტორს არ დავასახელებ) ამონარიდები წავიკითხე, სადაც ვიღაც სამებას რაღაცებს ადარებს. აბა, მოდით, ჩვენ მეჩეთი, სინაგოგა ან კათოლიკური ეკლესია შევადაროთ რამეს და მერე ნახავთ, რა ამბავიც ატყდება აქ. მათ გამო თუ შეიძლება ხმის ამოღება, ჩემს ქვეყანაში, ჩემს სარწმუნოებას რომ მიგინებენ, ხმის ამოღების უფლებაც არა მაქვს? შენ რასაც ფიქრობ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, მაგრამ მე ნუ მომახვევ თავს...
- რა ეტაპზეა სვანურ ტყეებთან დაკავშირებული დავა?
- ეს ადათ-წესების ჩასაკლავად გადადგმული პირველი ნაბიჯია - სვანეთში მცხოვრები ადამიანისთვის მთავარია ტყე, მიწა და საქონელი, იქ კი ტყეებს ყიდიან. ყველა გვარმა იცოდა, რომელი ტერიტორია ვისი იყო და ყველა თავისას უვლიდა, ახლა ამ ყველაფერს ვიღაც უცხო რომ "დაითრევს", სვანს აღარც შეშა ექნება, შესვლა-გამოსვლასაც აუკრძალავენ და ფუნქციის გარეშე დატოვებენ, მერე კი ძალაუნებურად, მოსახლეობა ქალაქში ჩამოვა, აქ დასახლდება. ცხადია, ეს ყველაფერი ადათ-წესების მოშლასა და მორყევას განაპირობებს. მოკლედ, იმას, რაც ალენ დალესის დოქტრინებში წერია, ვიღაცები ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ. ყველა ადამიანი თავის კუთხეშია ლამაზი და მაგარი, ასევეა სვანიც! ჩვენ თავისუფალ სვანეთს გვართმევენ, რაც მანამდე ვერ მოახერხეს, იმას ახლა ფულითა და დემოკრატიის სახელით აკეთებენ.
- მოდით, სვანეთის სიამაყეზე - კოშკებზეც ვისაუბროთ. საინტერესოა, მათ რა დატვირთვა ჰქონდა?
- კოშკებს დიდი დანიშნულება აქვს. ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, ათეული საუკუნეების განმავლობაში რომ დგას და არ ინგრევა? ისინი კირისა და კვერცხის ნაზავითაა აგებული. სვანური კოშკები სიძლიერეს, ოჯახის ძალას ნიშნავდა, თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა მათგანი ისეთ ადგილასაა აშენებული, გაგიკვირდებათ - მშენებლებმა იქ მასალები როგორ აზიდესო?!.
- რომელი დღესასწაულია სვანეთში ყველაზე მნიშვნელოვანი?
- კვირიკობა, გიორგობა, ახალი წელი და ა.შ. სვანეთში ქეიფისას პირველად დიდ ღმერთს ახსენებენ, მერე - მთავარანგელოზს, წმინდა გიორგის, წასულებს, მომავალს, შემდეგ კი თამადა იმპროვიზაციას "დასცხებს"... მე ბებიამ გამზარდა. ის ჟორჟოლიანის ქალბატონი იყო, თითქმის ას წლამდე იცოცხლა და დიდი შთამომავლობა დატოვა. არ არსებობდა დღესასწაული, მას რომ არ აღენიშნა. ჰოდა, თუ რამე ვიცი, მისგან ვიცი. მეუბნებოდა: ერთი რამ დაიმახსოვრე, - სხვას ნუ გაუკეთებ იმას, რაც შენ გეწყინება და მერე, შენი ცხოვრებაც საამური იქნებაო!..
თამთა დადეშელი
ჟურნალ "გზის" არქივიდან _ 2010 წელი