სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან - გზაპრესი

სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან

საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ კოტე მაცაბერიძეს კარგად იცნობენ სპორტის სამყაროში, თუმცა ბევრმა არ იცის, რის ფასად მოუხდა მას არჩეულ გზაზე სიარული.

- თქვენ პირველი ქართველი ხართ, რომელსაც ბოდიბილდინგში დამსახურებული მწვრთნელის სტატუსი მოგანიჭეს, წლების განმავლობაში თავდადებული, სრულიად უანგარო შრომისა და მიღწევების გამო.

- დიახ, სპორტის სამინისტრომ 1987 წელს მომანიჭა ეს სტატუსი.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც ბოდიბილდინგით დაინტერესდით?

GzaPress- 15 წლის გახლდით. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც გრიპით გავხდი ავად. მშობლებმა, რა თქმა უნდა, ექიმთან მიმიყვანეს, მან კი თქვა, რომ მკვეთრ მოძრაობებს, სირბილს, გადაღლას უნდა მოვრიდებოდი, რადგან ჩემი გულისთვის ეს კარგი არ იქნებოდა. სხვა რა გზა იყო, დავუჯერეთ, მაგრამ უმოქმედობისგან თავს ცუდად ვგრძნობდი. ფიზიკურად საკმაოდ სუსტი აღნაგობის ვიყავი, ამით ძალიან გამოვირჩეოდი თანაკლასელებისგან, რომლებიც აქტიურებიც იყვნენ და ძლიერებიც. გაგონილი მქონდა, რომ ჰანტელებით ვარჯიში ღონეს მატებს, მაგრამ ექიმისგან აკრძალული მქონდა, ამიტომ მშობლებს ვერ ვთხოვდი მის ყიდვას. გადავწყვიტე, ჩუმად დამეწყო ვარჯიში და ამას მაშინ ვაკეთებდი, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ. ჰანტელების ნაცვლად თავიდან ჩაქუჩს, ქლიბებს, ძველ უთოებს, შემდეგ უფრო მძიმე რკინის ნივთებს ვიყენებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, აღარაფერი მაწუხებდა. ამას ჩემი ექიმიც ადასტურებდა. უხაროდა, რომ უკეთ ვიყავი, მაგრამ ჩემს საიდუმლოს მასაც არ ვანდობდი. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ეზოში ორმეტრიანი რკინის რელსით ვვარჯიშობდი, თავზე ექიმი დამადგა. კარგი ქალი იყო, გვარად ბარსკაია. ვიფიქრე, დამტუქსავს-მეთქი, მაგრამ გამიღიმა და მითხრა, - აი, ახლა გავიგე, რატომაც ხარ უკეთესად, აუცილებლად გააგრძელე ვარჯიშიო. იგივე გაუმეორა ჩემს მშობლებსაც...

მოკლედ, ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს არ იყო სწორი ვარჯიში, ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. ერთ დილას, როდესაც ფოსტალიონმა გაზეთები მოგვიტანა, გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" ჩემთვის ძალზე საინტერესო სტატიას წავაწყდი ცნობილი ამერიკელი ბოდიბილდერის, ფრედი ორტიცის სურათით. საოცარი ფოტო იყო, რომელზეც ამ სიმპათიური კაცის არაჩვეულებრივი, ნავარჯიშები სხეული ჩანდა. თუმცა, სტატიაში სპორტის ამ სახეობის ლანძღვა-გინება იყო, მას ბურჟუაზიული სპორტად მიიჩნევდნენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს (იღიმის).

- როგორც ვიცი, მერე გარშემო მყოფები დაინტერესდნენ ამ ვარჯიშით...

- კლასელებმა, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი საქმიანობით და ცდილობდნენ, თავადაც ევარჯიშათ, მითხრეს, რომ პოლონურ ჟურნალში "სპორტი ყველასათვის" ინფორმაცია ნახეს ათლეტიზმის შესახებ. მაშინვე ბიბლიოთეკაში წავედით, ვნახეთ ეს ჟურნალი და იმავე დღეს დედას ვთხოვე პოლონური ლექსიკონის შეძენაში დამხმარებოდა.

- პოლონურის სწავლა დაიწყეთ?

- დიახ, პოლონურის, შემდეგ ჩეხურის, რადგან ამ ენაზეც აღმოვაჩინე ჟურნალი "ტრენერი და მოსწავლე". მერე ამ პოლონური ჟურნალის გამოწერაც მოვახერხე, მოკლედ, ინფორმაცია მეტ-ნაკლებად უკვე მქონდა. მართალია, წვალებით, მაგრამ ამ ჟურნალების დახმარებით ნელ-ნელა სწორად ვარჯიშიც ვისწავლე და შედეგმაც არ დააყოვნა, გავძლიერდი, სხეულის ფორმები შემეცვალა.

- მას შემდეგ არ გიავადმყოფიათ?

- არა, არასოდეს! დღემდე ვვარჯიშობ. ისე ვეღარ, როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ ვცდილობ, ფორმა და ჯანმრთელობა შევინარჩუნო.

- გამოდის, რომ თქვენი პირველი მწვრთნელი ჟურნალი იყო...

- ასე გამოვიდა, მერე და მერე თანამოაზრეებიც გამომიჩნდნენ. ვარჯიშის დაწყებიდან მეორე წლის ბოლოს, უკვე ისეთი ვიყავი, როგორსაც სურათზე მხედავთ.

- თუმცა არც დარბაზი გქონდათ და ვერც შეჯიბრებებში მონაწილეობდით.

- სამწუხაროდ, ასე იყო. იმის ჩვენება, თუ რას მივაღწიე, მხოლოდ ზაფხულობით, ზღვაზე შემეძლო. სასიამოვნო იყო, როდესაც სანაპიროზე გავდიოდი და აღფრთოვანებულ მზერას ვგრძნობდი. ყველა მეკითხებოდა, რისი დამსახურება იყო ჩემი სხეულის ასეთი ფორმები. ქალები ხშირად მთხოვდნენ, ვარჯიშები დამეწერა მათი შვილებისთვის. მეც ვუწერდი... გავიდა დრო და მივხვდი, მწვრთნელი ვიყავი, რადგან უამრავ მსურველს ვასწავლიდი სწორად ვარჯიშს, სცენაზე გამოსვლას, პოზირებას.

- თვითნასწავლი მხატვარი გამიგია, მაგრამ თვითნასწავლი მწვრთნელი, ნამდვილად არა.

- დიახ, მაგრამ ასე მოხდა... 18 წლისა ჯარში წამიყვანეს. ძალიან ვდარდობდი, არ მინდოდა ვარჯიშის შეწყვეტა. რადგან მხატვარი ვიყავი, თბილისში, დიდუბეში დამტოვეს. იქ "შტანგა", ტურნიკი, ორძელი და "ვირი" დამხვდა. ეს საკმარისი იყო ვარჯიშის გასაგრძელებლად.

- არნოლდ შვარცენეგერის ისტორიას ჰგავს თქვენი ამბავი, მასაც მოუხდა ჯარში წინააღმდეგობების დაძლევა იმისთვის, რომ ევარჯიშა.

- დიახ, ჰგავს ჩვენი ისტორიები, თუმცა ჩემთან უკეთესი სიტუაცია იყო - დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ნახევარი რაზმი ჩემთან ერთად ვარჯიშობდა, არნოლდი კი ჰაუტვახტში ჩასვეს იმ დროს ვარჯიშისთვის, როცა განაწესით უნდა დაეძინა. მეც მქონდა ასეთი შემთხვევა. გვითხრეს, ახლა დაიძინებთ და უთენია ადგებითო, მაგრამ ჩემი ვარჯიშის დრო იყო და ვერ გავაცდენდი. შუა ვარჯიშში თავზე გაბრაზებული გენერალი დამადგა. ავუხსენი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ამან არ მიშველა და ბრძანა, ორი დღით ჰაუტვახტში ჩასვითო. აი, არნოლდი ჩასვეს, მე კი კეთილგანწყობილმა მაიორმა დამაფარა ხელი.

- ჯარის შემდეგ ისევ სახლში გააგრძელეთ ვარჯიში?

- სარდაფში მქონდა გაკეთებული სავარჯიშო დარბაზი. ტრენაჟორებსაც ჩემი ხელით ვაკეთებდი. ყველა საჭირო ტრენაჟორი, რა თქმა უნდა, არ მქონდა, მაგრამ ყველაზე აუცილებელი რაც იყო, შევძელი გამეკეთებინა. თუმცა, ჯარის შემდეგ ვარჯიში ჩვენს უნივერსიტეტში გავაგრძელე. იქ პატარა დარბაზი იყო და ელემენტარული პირობებიც ჰქონდათ. მარტო აღარ ვიყავი, მოსწავლეები მყავდა. რა თქმა უნდა, ყველას უანგაროდ ვასწავლიდი...

- მიუხედავად სპორტის სიყვარულისა, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარებაზე არ გიფიქრიათ?

- არა, იქ ჩემი მიმართულება არ იყო, თან, სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება. სხვათა შორის, იქაც ვავარჯიშებდი ბიჭებს. აკადემიაში სწავლის დამთავრების შემდეგ, მხატვარ-მულტიპლიკატორად დავიწყე მუშაობა კინოსტუდიაში. იქვე ახლოს პატარა დარბაზი იყო და მითხრეს, რომ ამ დარბაზის მეპატრონეს უნდოდა, მასთან მწვრთნელად დამეწყო მუშაობა. 1972 წელი იდგა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რუსეთსა და ბალტიისპირეთში უკვე გაჩნდნენ ამ სპორტის პირველი მიმდევრები. ეს ინფორმაცია 1975 წელს ჟურნალ "ფიზკულტურა და სპორტში" წავიკითხე.

- ფაქტობრივად, ერთხანს ბოდიბილდინგის არალეგალი იყავით, იატაკქვეშელი, მერე კი ლეგალები გახდით. რა შეცვალა ამან?

- ეს "პერესტროიკის" დროს მოხდა. 1987 წელს ჩვენმა სპორტის კომიტეტმა მოსკოვიდან მიიღო ბრძანება, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოძრაობა გაეძლიერებინათ. სასწრაფოდ შეიქმნა კომისია. სწორედ ამ კომისიაში შემიყვანეს მე და ხელმძღვანელადაც ამირჩიეს. ცოტა ხანში სანქტ-პეტერბურგში გავმართეთ ყრილობა. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა "არალეგალი" ბოდიბილდერი იქ შეიკრიბა. იური ვლასოვი იყო ჩვენი პირველი ხელმძღვანელი. მოკლედ, სპორტის ეს სახეობა ოფიციალური 1987 წელს გახდა, მხოლოდ ათლეტიზმი ერქვა და არა - ბოდიბილდინგი.

GzaPress- როგორ ვიცი, სპორტსმენები კუნთის გასაზრდელად ჯანმრთელობისთვის საზიანო პრეპარატებს იღებენ... თქვენ თუ იღებდით რაიმე პრეპარატს?

- ადრე საჭმელიც კი არ იყო ისეთი, როგორიც გვჭირდებოდა. ჩემი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა, არ მქონდა იმის საშუალება, რომ საჭირო რაოდენობის ცილა მიმეღო. ასეთი ტრენაჟორები, ასეთი საკვები, ასეთი დანამატები ჩვენ არც დაგვსიზმრებია. ჰანტელებიც კი არ გვქონდა, ჯართში ვეძებდით რკინებს, რომ იქიდან რამე გამოგვეყენებინა.

- წინააღმდეგი ხართ, რომ სპორტსმენმა საკვები დანამატები მიიღოს?

- არა, საკვები დანამატები მხოლოდ სარგებლობის მომტანია. რაც შეეხება სტეროიდებს, მისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ჯანმრთელობისთვის ეს ძალზე საშიშია.

- კინოსტუდიიდან თქვენი სურვილით წამოხვედით?

- არა, კინოსტუდიიდან საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე მომიწია წამოსვლამ, რადგან დაიშალა. იმ დროს უკვე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. გავაგრძელე ამ მიმართულებით მუშაობა.

ძალიან მინდოდა, საქართველო საერთაშორისო ფედერაციის წევრი გამხდარიყო, ამიტომ წერილობით მივმართე ფედერაციის პრეზიდენტს, ბენ ვეიდერს. ჩვენი შეხვედრა 1993 წელს, ტიუმენში, საერთაშორისო ტურნირზე შედგა. გადავეცი საბუთები, მან კი თავისი ჰალსტუხი, სამკერდე ნიშანი და ემბლემა მაჩუქა. მე ჩემი სამკერდე ნიშანი გადავეცი - ასე გახდა საქართველო ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, მერე კი ჩემი და ბენ ვეიდერის ურთიერთობაც გაგრძელდა. 1998 წელს მას მივწერე, რომ მაღალი დონის ტურნირზე მინდოდა დასწრება. ცოტა ხანში ბენ ვეიდერისა და არნოლდ შვარცენეგერის მიწვევა მივიღე, შვარცენეგერის ყოველწლიურ ტურნირზე გავემგზავრე ამერიკაში. იქ ახლოს გავიცანი არნოლდიც და ბენის ძმა ჯოც, ისიც პროფესიონალი ათლეტია. ისინი თანამედროვე ბოდიბილდინგის მამებად ითვლებიან. მათ ხმლები ვაჩუქე. შემდეგ შვარცენეგერმა ბანკეტზე დამპატიჟა. ძალიან უბრალო, იუმორით სავსე, უკომპლექსო ადამიანია. დავპატიჟე საქართველოში და დამპირდა, რომ აუცილებლად გვეწვეოდა, დროც დავთქვით, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს შეხვედრა იყო დანიშნული, დედა გარდაეცვალა და ვერ ჩამოვიდა. მერე გუბერნატორი გახდა. სხვათა შორის, მაშინაც გვქონდა მიმოწერა. მისი ბლანკიანი წერილიც მაქვს შენახული, რომელზეც ხელს კალიფორნიის გუბერნატორი შვარცენეგერი აწერს.

- ახლა საქართველოში ბევრი მიმდევარი გყავთ. თქვენი შვილები თუ მისდევენ ამ სპორტს?

- ჩემი ვაჟი ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, გოგონა კი ამიერკავკასიაში პირველი ბოდიბილდერი გოგოა - მილადა მაცაბერიძე. ამიერკავკასიის თასზე გამოვიდა, მაშინ ბევრს წერდნენ მასზე.

- გეგმებიც გაგვიმხილეთ...

- სპორტსმენებს საკუთარი ხარჯით უწევთ მომზადებაც და საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებაც. წინ რომის ტურნირია, ნოემბერში კი ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ჩემპიონატებს ყოველწლიურად ვატარებთ, "ოქროს საწმისს", "ამიერკავკასიის თასს". მოკლედ, დაფინანსება გვჭირდება, რომ ის ადამიანები, ვისაც ტურნირში მონაწილეობის საშუალება არა აქვს და ვერც დარბაზს ქირაობს, არ დაგვეჩაგროს.

- ვინც არ იცის, აუხსენით, რა არის ბოდიბლდინგი?

- ეს ცხოვრების წესია, სწორი კვება, ვარჯიში. ეს ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობაა, სადაც შედეგი დიდი შრომის ხარჯზე მიიღწევა.

დეა ცუცქირიძე