"არასდროს დავტოვებ ჩემს შვილს ბავშვთა სახლში" - გზაპრესი

"არასდროს დავტოვებ ჩემს შვილს ბავშვთა სახლში"

გულთბილად მიმიღეს, გამიმასპინძლდნენ და წამოსვლა რომ დავაპირე, დამპატიჟეს - შემოგვიარე, თავისუფალ დროს რომ ნახავო, ისინი ჩემი სოფლის მეზობლად, ჩალაუბანში ერთი წელია ცხოვრობენ. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში სულ თხუთმეტნი არიან, მაგრამ ჩემი სტუმრობისას უმეტესობა წასული დამხვდა - ზაფხულში მშობლებისა და ახლობლების მოსანახულებლად მიდიან თურმე. ყველას თავისი წილი ტკივილი და სიხარული აქვს, რაზეც ზოგი გულახდილად მესაუბრა, ზოგმა ბოდიში მოიხადა და გაჩუმება არჩია.

დავით ჯანაშვილი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის დირექტორი:

- ჩალაუბანში მშობლების სახლი მქონდა, მისი გაყიდვა არ მინდოდა, თან გული მწყდებოდა, წლიდან წლამდე იქაურობას რომ არავინ ახმაურებდა. ზაფხულობით თუ ჩავიდოდით ხოლმე ცოტა ხნით. ამიტომაც გადავწყვიტე, საპატრიარქოსთვის მეჩუქებინა. ასე გაიხსნა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, რომლის დირექტორიც გახლავართ. ამჟამად 8 დედა და 7 ბავშვი ცხოვრობს. მათგან 2-ს შვილები თან არ ჰყავს - ერთს შეზღუდული აქვს დედობა, მეორეს უკვე გათხოვილი ჰყავს, მაგრამ წასასვლელი არსად აქვს.

GzaPress- როგორც ვიცი, მანამდე წავკისშიც გქონდათ მსგავსი თავშესაფარი.

- ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლი ვართ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი. ერთ-ერთი ტრაპეზისას სურვილი გაგვიჩნდა, გაჭირვებულების დასახმარებლად რაიმე გაგვეკეთებინა. ტაძრის გვერდით სკვერში პატარა სატრაპეზო გავაკეთეთ და კვირაში 3-4 დღე გავცემდით საკვებს. თითქმის 12 წელზე მეტი ვაკეთებდით ასე - თავიდან ჩემი ოჯახისა და მეგობრების ძალებით, შემდეგ უკვე საპატრიარქოც გვეხმარებოდა. ძირითადად, შემოწირულობებით ვარსებობდით. მერე ერთ-ერთი თავშესაფარი ჩამაბარეს, ისიც დედათა და ბავშვთა. ამის შემდეგ ამ საქმეში ვარ. ერთი რამ მაკვირვებს - ადამიანები რატომღაც, რაიონში წასვლას ერიდებიან. თუ უნდათ, რომ მათმა შვილმა იცხოვროს ნორმალურ პირობებში, არ იქექოს ნაგავში, ნატურალური საკვებით იკვებოს, ისუნთქოს სუფთა ჰაერი, მაშინ რატომ უნდა თქვან უარი თავშესაფარზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის სოფელშია? რა ვქნა, ჩემთვის ასეთი მიდგომა გაუგებარია.

- ალბათ ბედნიერი ხართ, ასეთი სასარგებლო საქმის კეთების შესაძლებლობა რომ მოგცათ ღმერთმა...

- ვერ გადმოგცემთ, რა უცნაური შეგრძნებაა კარგი საქმის კეთება. ზოგჯერ მთელი ღამე გამიტარებია მათზე ფიქრში. იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ ასეა. თითოეულს მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ტკივილით სავსე. თავდაპირველად თავშესაფარში მხოლოდ ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ პატრიარქის თხოვნით გადავწყვიტეთ, ბავშვები დედებთან ერთად მიგვეღო. პატრიარქის თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბავშვს დედაზე მეტ სითბოს მისცემს...

- ყველაზე ამაღელვებელსა და განსაკუთრებულს რას გაიხსენებთ?

- ყველა ამბავი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია... თავშესაფარში გაზრდილი ბავშვებიდან ზოგი უკვე 20 წლისაა და მათთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. შვილებივით არიან ჩემთვის. ძველი მანქანა მყავდა. ერთი ბავშვი მეუბნებოდა, ფეხბურთელობაზე ვოცნებობო. რატომ-მეთქი? რომ გავიზრდები, ახალი მანქანა უნდა გიყიდო, გჭირდებაო. ამაზე კარგი სამადლობელი რა უნდა მომესმინა? მან დაინახა სხვისი გაკეთებული სიკეთე და თვითონაც მოუნდა სხვისი გახარება. აი, ეს არის მთავარი! ღმერთმა ქნას, ამ ქვეყანაში ისეთი ცხოვრება იყოს, საერთოდ არ გახდეს საჭირო მსგავსი თავშესაფრების არსებობა, მაგრამ მანამდე სურვილი და მოთხოვნილება იმისა, რომ ასეთ ადამიანებს ხელი შევაშველოთ და ცხოვრება ცოტათი მაინც გავუიოლოთ...

ვერიკო დურგლიშვილი, 29 წლის:

- ჩემი შვილი ანდრია 4 წლისაა. უკვე 2 წელია, აქ ვცხოვრობთ. წარმოშობით გორიდან ვარ, ნიქოზიდან. ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია. ზუგდიდში გავთხოვდი, ქმარს მალევე გავშორდი და ბავშვის გაზრდა მარტოს მომიწია. მართალია, მამამისს დღეს სხვა ცოლი და 3 წლის გოგონა ჰყავს, ანდრიას აკითხავს და როგორც შეუძლია ყურადღებას აქცევს.

- აქაურობის შესახებ როგორ გაიგე?

- მოძღვარმა მითხრა თავშესაფრის შესახებ. კარგად მახსოვს აქ მოსვლის პირველი დღე, თბილად დამხვდნენ თვითონ გოგონებიც, დათო და მისი მეუღლეც. ხშირად ვამბობ, რომ ისინი ჩემი მეორე მშობლები არიან.

- აქაურობა მოგწონს?

- როცა სოფელი გიყვარს და შრომა არ გეთაკილება, სადაც უნდა იყო, რომელ კუთხეშიც და რომელ სოფელშიც, ყველგან მოგეწონება. მით უმეტეს, მე სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩვენი მეურნეობა გვაქვს, სახლის უკან ბოსტანია, სადაც კარტოფილი და სხვა ბოსტნეული მოგვყავს. ნატურალური საკვები აქვთ ბავშვებს, არაფერი აკლიათ. ბაღში და სკოლაში დადიან, ეკლესიურად ვცხოვრობთ... აი, ხომ ხედავ, რამხელა ეზოა და ბავშვები ისე ლაღად არიან, ისე ერთობიან, რომ დაღამებას ვერ იგებენ.

თამარ სვინტიძე 44 წლისაა და წლებია, თავშესაფარში ცხოვრობს:

- წარმოშობით უკრაინელი ვარ და ქართველმა ქალმა მიშვილა. გამზრდელი დედა დუშეთიდან იყო. მყავს 21 წლის გოგო, ახლახან გათხოვდა და ნოემბერში ბებია გავხდები. უკვე 10 წელია, თავშესაფარში ვცხოვრობ - ჯერ წავკისში, ახლა უკვე აქ. მეც ბავშვთა სახლში გავიზარდე, რადგან ვინც მიშვილა, მალევე გარდაიცვალა - მაშინ 10 წლის ვიყავი და მოვხვდი დიღმის ბავშვთა სახლში.

- რამდენი წლისა გიშვილეს ან თუ გახსოვს გამზრდელი დედა?

- მარტოხელა ქალი იყო. 5 წლის ვიყავი, რომ მიშვილა. კიევიდან მატარებლით წამომიყვანა - ბუნდოვნად, მაგრამ მაინც შემორჩა ეს მომენტი ჩემს მეხსიერებას. ერთხელ ბაღის დირექტორმა დერეფანში გამაჩერა და ვიღაცას რუსულად უთხრა, ეს ბავშვიც უკრაინელია, ნაშვილებიაო და იმის შემდეგ გამუდმებით ვცდილობდი რაღაცების გახსენებას. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობარმა ქალმა, ვისაც უნდა მოვენათლე, ყველაფერი მიამბო და აი, მერე უფრო აღვიდგინე გონებაში ბევრი რამ... მანამდე ჩვილ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. მახსოვს, სხვებთან ერთად ვთამაშობდი და დავინახე, როგორ გვათვალიერებდა უცხო ქალი, რომელმაც მერე თქვა, - ეს ბავშვი მომწონს, ამას წავიყვანო. დირექტორმა უთხრა, ეს ძალიან ჯიუტია და არ გინდაო, მაგრამ მაინც მე ამირჩია.

- რამდენ ხანს იზრდებოდი მასთან?

- კორექტორად მუშაობდა ერთ-ერთ ჟურნალში. სხვათა შორის, მის სახელსა და გვარს ვატარებ. 8 წლის ვიყავი, ფეხი რომ მოიტეხა და თითქმის 1 წელი საავადმყოფოში გაატარა. იძულებული გახდა და წამიყვანა კოჯრის ბავშვთა სახლში. მერე გაიგო, რომ თბილისში, დიღომშიც იყო ბავშვთა სახლი და იქ გადამიყვანა. 55 წლის გახლდათ, როცა მიშვილა და 65-ის გარდაიცვალა. 30 წლამდე ვცხოვრობდი დიღმის ბავშვთა სახლში, ნათესავი არავინ მყავდა და სად გამიშვებდნენ? სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე. რადგან ობოლი ვიყავი, ხელს მიწყობდნენ, დირექტორმა სამუშაოც მიშოვა. გამზრდელმა დედამ ბინა დამიტოვა, მაგრამ ჩემი უჭკუობით გავყიდე, ვითომ ამერიკაში წასასვლელად, იქ უფრო მეტს გავაკეთებ ჩემი შვილისთვის-მეთქი, მაგრამ ვერ მოვახერხე და ის ფულიც შემომეხარჯა. ვითომ პურის ქარხანა უნდა აეშენებინა ნაცნობს, 4.500 ლარი ჩამადებინა და ის ფულიც დავკარგე. ასე დავრჩი ღია ცის ქვეშ. ჩემი შვილი შOშ ბავშვთა სოფელი რომ არის, იქ გაიზარდა. ახლა თავის ქმართან ერთად ნაგირავებ, პატარა ბინაში ცხოვრობს. რამდენიმე დღით მივდივარ მათთან...

აქ სხვა გოგონებს ვეხმარები საქმეში.

GzaPressანდრია, ვერიკოს ბიჭი ჩემი შვილობილია. ხომ ხედავ, სულ ჩემთან მორბის, - ეს ჩამაცვი, ეს გამხადეო.

- მეუღლე არ გეხმარებოდა შვილის გაზრდაში?

- ჩემი მეუღლე ქართლიდანაა. დედამისიც ბავშვთა სახლში მუშაობდა და ხშირად მოდიოდა მასთან. თბილისში ბინა ჰქონდათ, მაგრამ ვალების გამო გაყიდეს, უსახლკაროდ დარჩნენ. დირექტორს შეეცოდა ეს ქალი და ოთახი მისცა. 16 წლის რომ ვიყავი, მისმა შვილმა ცოლობა მთხოვა და უარი ვუთხარი. ჩემს ჯიბრზე მოიყვანა ბათუმელი, ყრუ-მუნჯი გოგო. მერე გაშორდნენ და მე გავყევი. ჩვენი დაშორების შემდეგ კიდევ ორჯერ მოიყვანა ცოლი, ისინიც ყრუ-მუნჯები. თვითონაც სმენის პრობლემა ჰქონდა. 4 ცოლთან 6 შვილი ეყოლა. ჩემი შვილი 16 წლის იყო, როცა მთხოვა, მამაჩემი გამაცანიო. წავკისში ვცხოვრობდი მაშინ და იქ დავიბარე. შვილს ზედაც არ შეხედა, მთელი დღე ტელეფონში თამაშობდა... ამის შემდეგ საერთოდ გაუქრა მამამისთან ურთიერთობის სურვილი, ქორწილშიც არ დაპატიჟა.

- თვითონაც ასე რომ გაიზარდე და მერე შვილიც ბავშვთა სახლში მიიყვანე, ამის გამო არ ნერვიულობდი?

- რა მექნა, ბევრი პრობლემა მქონდა, ფინანსურიც და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულიც. ბავშვთა სახლში რომ მივიყვანე, მერე ერთი კვირა არც ვჭამდი, არც ვსამდი. ერთი კვირის შემდეგ მივვარდი, ბავშვის წაყვანა მინდა-მეთქი. დამამშვიდეს, მირჩიეს, რომ იქ კარგი პირობები იყო ბავშვისთვის და მისთვის ასე სჯობდა. დამაიმედეს, რომ უფრო ხშირად მანახვებდნენ და მართლაც, შეასრულეს დანაპირები.

მადონა სარალაშვილი, 29 წლის:

- ბოლნისში ვიყავი გათხოვილი, იქ ვცხოვრობდით. 5 წელია, რაც მეუღლე გარდამეცვალა, ასლანიშვილი იყო გვარად. უფროსი ვაჟი მისგან დამრჩა, მერე გავაჩინე მეორე - ისიც ბიჭია, წლისა და ერთი თვისაა ახლა. დედაჩემთან ვერ ვიცხოვრებდი, პირობები არ ჰქონდა. ახლობელმა ქალმა მონასტერში მიმიყვანა, ერთხანს იქ ვიყავი, დედაოებთან და სწორედ მათ მითხრეს ამ თავშესაფრის შესახებ. ძალიან მომწონს აქაურობა. უფროსი ბიჭი ბაღში დადის. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქ საოცრად თბილი ხალხი ცხოვრობს. სახლშიც შეხმატკბილებულად ვართ, საქმეს ყველა ვინაწილებთ - ზოგი ალაგებს, ზოგი რეცხავს, ზოგი სადილს ამზადებს. ერთი რომ პურს აცხობს, მეორე ეზოს ალაგებს, მესამე ქათმებსა და საქონელს უვლის და ასე გადის დრო...

ვერიკო დურგლიშვილი:

- თითქმის წელიწად-ნახევარია, ერთად ვართ და ამ გოგონებს ჩემს დებად ვთვლი. ძალიან მივეჩვიე აქაურობას. როდესაც დედაჩემის სახლში მივდივარ ხოლმე, იქ დიდხანს ვეღარ ვძლებ. 3 და და ერთი ძმა მყავს. მეუბნებიან, ჩვენთან წამოდიო, მაგრამ აქ მირჩევნია. ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია, რა იქნებოდა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ აწყობილიყო-მეთქი. მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, დღეს აქ და ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი, მაგრამ რაც მთავარია, მყავს შვილი და ღმერთის წყალობით, ჯანმრთელია. მინდა, ჩემს შვილს კარგი მომავალი მივცე; მინდა, ბევრი რამ გავაკეთო მისთვის; მინდა, სემინარიაში ისწავლოს და კარგი ქართველი გაიზარდოს! ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ არასდროს არ დავტოვებ ჩემს შვილს ბავშვთა სახლში, ის ჩემთან ერთად უნდა იყოს!

ნინო ჯავახიშვილი