"უნდა დავივიწყოთ მიდგომა, რომ მტრისთვის ვმღერით, ვცეკვავთ..." - გზაპრესი

"უნდა დავივიწყოთ მიდგომა, რომ მტრისთვის ვმღერით, ვცეკვავთ..."

ქართული ემიგრაციული დაჯგუფებების უმეტესობა უმოქმედოა. არსებობს გამონაკლისი დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახერხებენ ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობისათვის როგორც იდენტობის შესანარჩუნებლად, ასევე, სხვადასხვა ასპექტითაც. "ბერლინის ქართული სახლი" გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ გაბნეული ქართველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ქმედითი ხერხებით აგვარებს. "ქართული სახლის" დამფუძნებელ თამარ შალამბერიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- დიასპორული ორგანიზაციები, უმეტესად, ემიგრანტთა შვილების "ქართველურად" განათლებას ირჩევენ პრიორიტეტად...

- ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. "ქართული სახლის" ინიციატივით, 2008 წლიდან ბერლინში წარმატებულად ფუნქციონირებს საზაფხულო და საკვირაო სკოლები. ემიგრანტების შვილებმა არ უნდა დაივიწყონ თავიანთი ენა, ისტორია, კულტურა... სხვათა შორის, ბერლინის "ქართული სახლი" 2007 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა, ბერლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით. 2013 წლის მარტიდან "ბერლინის ქართული სახლი" ქალაქ ბერლინის შარლოტენბურგის რაიონული გამგეობის საინტეგრაციო ცენტრის პარტნიორია, გარდა ამისა, 2010 წლიდან თანამშრომლობს ქალაქ ბერლინის სენატთან და ამ ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. 2018 წლის მარტიდან "ბერლინის ქართული სახლი" გახდა საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაციების ბერლინის სათავო ორგანიზაციის Move GLOBAL e.V-ის გამგეობის წევრი. ჩვენი რეიტინგულობა დაფუძნებულია სწორად გაწერილ სამოქმედო გეგმაზე.

- "ქართული სახლში" არსებობს სახალხო დიპლომატიის თემატური ჯგუფი. კონკრეტულად, რას საქმიანობს აღნიშნული ჯგუფი?

GzaPress- ჩვენი თემატური ჯგუფის დღევანდელი თემა მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის დამატებითი იმპულსების შესაქმნელად, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ნაციონალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და ხელს უწყობს არსებული კულტურული და მრავალეროვანი მსოფლიოს ხალხების ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. საბჭოთა პერიოდის დროს, ხალხთა შორის საერთაშორისო ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეზღუდული და გაყინული იყო ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო. იმ დროში მხოლოდ რაციონალური, "ცივი" და ხისტი პოლიტიკა არსებობდა. ახლა კი გაჩნდა საჭიროება ასეთი ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავებისთვის, რისთვისაც აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა საშუალებითა და ხერხით. დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა თავისთავად მოიაზრებს ადამიანურ კონტაქტებსა და კეთილგანწობილ ურთიერთობებს ნებისმიერი ერის, ფერის, რელიგიის, ორიენტაციის ადამიანებთან. ეს მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ სახალხო დიპლომატიაში დიასპორული საზოგადოების პოტენციალი დღემდე არ არის ბოლომდე ათვისებული და რეალიზებული, რისთვისაც ბევრი რამეა საჭირო. მათ შორის, აუცილებელია მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იმ არასამთავრებო ორგანიზაციების აღიარება, რომელიც რეგისტრირებულია, აქვს არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ასევე, შეთავსებული აქვს დიასპორული ფუნქცია, რაც აისახება ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სხვადასხვა სამთავრობო ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობითა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობით. საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს ასეთი ორგანიზაციების საჭიროების შესახებ, ვინაიდან სახალხო დიპლომატია პოზიტიურ გავლენას ახდენს სახელმწიფოთა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, მას შეუძლია წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

- თქვენი ორგანიზაცია მუშაობს კულტურათა გაცვლის პროექტებზეც...

- ჩვენი ორგანიზაცია, ბერლინის სენატის ფინანსური მხარდაჭერით, ასეთ პროექტებს 2010 წლიდან ახორციელებს. სასურველი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება და მხარდაჭერა გამოიჩინოს ჩვენი ინიციატივების მიმართ, რაც კულტურათა გაცვლის, საგანმანათლებლო, სპორტულ თუ სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში აისახება. არასამთავრებო ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა, იყვნენ აქტიურები და შეიტანონ წვლილი საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციაში.

- როგორც ვიცი, თქვენი აქტივობების გამო, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადათ. რა იყო ამის მიზეზი?

- არასამთავრებო ორგანიზაციები თავისთავად არიან ჩართული ისეთ პროცესებში, რაც გამოიხატება სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში, რამაც შემდგომ ასახვა პოვა ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატება ერთობლივ კულტურულ და ჰუმანიტარულ აქტივობებში. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ბერლინში, 2008 წლის ომის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ თვით რუსეთის პროგრესული ძალები, რომელთაც სათავეში ედგნენ რუსი წარმოშობის ბორის როსკინი და ალან მაიერი. ეს ადამიანები, გასაგები მიზეზების გამო, კარგა ხანს გერმანულ პოლიციას ჰყავდა აყვანილი დაცვის ქვეშ, უსაფრთხოების მიზნით. ამ აქციაზე, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მოსული იყვნენ აზერბაიჯანური, ჩეჩენური, ასევე: ლატვიის, ლიტვას, ესტონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, პოლონეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ჩეხეთის დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასეთი მძლავრი, მულტინაციონალური პროტესტი რუსეთს არ უნახავს, ეს გახდა მიზეზი, რომ მათთვის არასასურველი ადამიანი გავხდი!

- ბოლო პერიოდში აფხაზი მოსახლეობა უფრო მეტად გრძნობს საშიშროებას, რომელიც შესაძლოა, აფხაზი ეროვნების გაქრობით ან სრული ასიმილაციით დასრულდეს. როგორია ამ თემის მიმართ ქართულ-აფხაზური ემიგრაციის დამოკიდებულება?

- მინდა აღვნიშნო ქართულ-აფხაზური ერთობლივი ღონისძიებების შესახებ, რომელიც აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელის, ვიოლეტა ვოლფის ჩართულობით, თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში ხორციელდება. ემიგრაციაში ჩვენ კეთილგანწყობილნი ვართ ერთმანეთის მიმართ.

- "ქართული სახლი" კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერია. საქართველოდან ჩამოსული კულტურის მუშაკებისთვისაც დიდი დასაყრდენი ხართ!

- გავიხსენებ ქართული წარმოშობის კუბის მოქალაქე, ლილია ალბასა და ქართველი მხატვრის, შერგილ ნიჟარაძის ნახატების ერთობლივ გამოფენას, რომელმაც სასიამოვნო და ემოციურ ატმოსფეროში ჩაიარა. პერმანენტულად ვატარებთ ქართულ-რუსული სიმღერისა და პოეზიის საღამოებს, ამასთანავე, "ვხატავთ ერთად". 2018 წლის აპრილში საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს რუსეთში, ქალაქ პერმში, ეკატერინა მაქსიმოვას საიუბილეო, საერთაშორისო საბალეტო კონკურზე - "არაბესკა". რუსეთის კულტურულ წრეებში აღიარებულმა ადამიანებმა მოახერხეს და არასასურველი სტუმრის სტატუსი მომეხსნა. მივიღე წერილობითი მადლობა ჟიურის თავმჯდომარისა და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფისგან, სადაც ხაზგასმულია, რომ "არაბესკის" შემდეგ ფესტივალზე ქართველ შემსრულებელთა მონაწილეობა სასიხარულო იქნება. სამწუხაროდ, ამ პოპულარულ, საერთაშორისო ფესტივალზე არც ერთი ქართველი არ მონაწილეობდა.

- საინტერესოა, ეკონომიკური მიმართულებით თუ მუშაობთ?

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ბერლინის ქართული სახლის" ხელშეწყობით ბერლინში ჩატარდა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო ეკონომიკური ფორუმი. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი აქტიური ჩართულობით თბილისში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც გულისხმობდა ქართული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. ამ მიმართულებითაც დიდი გეგმები გვაქვს და იმედია, განვახორციელებთ!

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მტკივნეული და დამთრგუნველია სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლა განათლებასა და კულტურათა ურთიერთთანამშრომლობის მომენტში (მაგალითად, ასეთი მოსაზრებები: ოკუპანტს თუ უმღერებ ან უცეკვებ, მოღალატე და ერის გამყიდველი ხარ და ა.შ.). სწორედ ხელოვნებაა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მეცნიერებასა და განათლებასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებისა და ფორმირებისთვის. უნდა დავივიწყოთ მიდგომა, რომ მტრისთვის ვმღერით, ვცეკვავთ... მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 25 მილიონი გერმანელი გარდაიცვალა, თუმცა, რუსეთთან გერმანიას მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები აქვს. ხისტი პოლიტიკის დრო უნდა დასრულდეს, რადგან ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანს. როლანდ ხოჯანაშვილი