საბა კარანაძის საინტერესო ცხოვრება - გზაპრესი

საბა კარანაძის საინტერესო ცხოვრება

ევროპის ბევრი ქვეყანა მოიარა, მრავალ პროექტში მონაწილეობდა და წლებია, პოლონეთში სწავლობს, არადა, ჯერ მხოლოდ 24 წლის არის. ოთხი ენა იცის და მეხუთეს დაუფლებას აპირებს. ამბიციური გეგმა აქვს - საერთაშორისო ურთიერთობები უნდა შეისწავლოს და საბოლოოდ, სამშობლოსთვის კარგი საქმეები გააკეთოს - საქართველოს ელჩის სტატუსით რომელიმე ქვეყანაში იმუშაოს. რაც მთავარია, არც სწავლა ეზარება და არც მოგზაურობა. ლამის მთელი საქართველო აქვს შემოვლილი, ბევრ უცხოელს მეგზურადაც ახლდა და თარჯიმნობასაც უწევდა. ღიმილით მეუბნება, - ჩემს ოჯახში აშკარად, ყველაზე მეტს მე დავდივარო.

თბილისელი საბა კარანაძე ცოტა ხნით ჩამოვიდა საქართველოში და შანსი არ გავუშვი, ამ საინტერესო ახალგაზრდას, ვის ცხოვრებასაც სოციალურ ქსელში ინტერესით ვადევნებდი თვალს, პირადად შევხვედროდი. მასზე ბევრი რამ მაინტერესებდა, მათ შორის ისიც - თავად კარგი მომღერალი, როგორ აფასებდა უმცროსი ძმის - კოსტა კარანაძის წარმატებას ქართული სიმღერის კონკურსში...

საბა კარანაძე:

- დამამთავრებელ კლასებში უკვე მივხვდი, რომ "განწირული" ვიყავი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მუდმივად ერთ რომელიმე ქვეყანაში ცხოვრებას ვერ შევძლებდი. სკოლას ვამთავრებდი, პირველად ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტში რომ მოვხვდი და სომხეთში გავემგზავრე. ძალიან საინტერესო ორი კვირა გავატარე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მინდოდა უცხო ენების შესწავლა, ტურიზმი, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და ა.შ. მას შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, ბევრს ვმეცადინეობდი, წიგნებს ვკითხულობდი და პარალელურად, ზამთრისა თუ ზაფხულის არდადეგებზე - მუდმივად ვეძებდი საერთაშორისო პროექტებს. 19 წლის გერმანიაში, კერძოდ - ბერლინში 3-კვირიან ბანაკში გავემგზავრე. ეს იყო მსოფლიოში ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაცია Lიონს-ის მიერ მოწყობილი ბანაკი. იქ დავუმეგობრდი იტალიელ ლეონარდოს და დღეს უკვე ისეთი ახლობლები ვართ, რომ ამ დღეებში მშობლებთან ერთად მეწვია. მაქსიმალურად ბევრი რამ დავათვალიერებინე, რისი ნახვაც 4 დღეში შესაძლებელი იყო და განცვიფრდნენ საქართველოთი. დამშვიდობებისას ცრემლებიც კი შევნიშნე მათ თვალებში. სწორედ ამგვარი პროექტებით მოვიხსენი კომპლექსები - ბევრი ადამიანი გავიცანი, დავუმეგობრდი, ერთად ვუკრავდით ინსტრუმენტებზე, ვმღეროდით, ერთმანეთს საკუთარ კულტურას ვაცნობდით, საღამოებს ვაწყობდით, ვსწავლობდით უცხო ენებს...

- და ასე აიდგი ფეხი ევროპაში, ხომ?

GzaPress- ფაქტობრივად, ასე იყო. დღემდე, 15 პროექტში ვმონაწილეობდი... ბერლინის ბანაკში მივხვდი, რომ გრძელვადიან პროექტებზეც უნდა მეფიქრა და არჩევანი ევროპულ ახალგაზრდულ პარლამენტზე შევაჩერე. ამგვარი არჩევნის მთავარი მიზეზი, ისევ და ისევ, ჩემი ინტერესებია - ძალიან მინდა დიპლომატიის კუთხით განვაგრძო სწავლაც და მუშაობაც. საინტერესო იყო "ახალგაზრდული პარლამენტის" ევროპული პროექტი, რომელშიც ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა და მრავალი ქვეყანა მოვიარე; სადაც ძალიან ბევრს ვმსჯელობდით, ვაწყობდით დებატებს, გამოვდიოდით სიტყვით და უამრავ უნარ-ჩვევას ვიძენდით...

- პოლონეთში როგორ მოხვდი?

- საქართველოს უნივერსიტეტში ბოლო კურსზე ყოფნისას გაცვლითი პროგრამით მოვხვდი გდანსკში, სადაც საერთაშორისო სამართალი შევისწავლე. უკან დაბრუნებულს ზოგიერთი საგანი, რაც პოლონეთში გავიარე, აქ ჩამითვალეს, ბაკალავრიატის სხვა საგნებიც ჩავაბარე და საბოლოოდ, იურისტის დიპლომი თბილისში ავიღე. შემდეგ ახალგაზრდა მკვლევრის სტატუსით ერთი წლით გავემგზავრე პოლონეთში და ვმონაწილეობდი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის განკუთვნილ პროექტში - ვიკვლევდი ოჯახში ძალადობას. ამ თემამ, რომელიც საქართველოშიც აქტუალურია და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ძალიან დამაინტერესა. გაეროს ინდექსით 1 - სრულყოფილების ტოლფასია, ანუ ოჯახში საერთოდ არ არის ძალადობა. ამგვარი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ისლანდია, მისი ინდექსი მაქსიმალურია - 0,92. თუ სწორად მახსოვს, საქართველოს მაჩვენებელი 0.64-ია, ხოლო პოლონეთში - 0,73. ვიკვლევდი ძალადობას და თანაც, ვარშავის უნივერსიტეტში პოლონურად ვსწავლობდი. შესანიშნავი ლექტორები მყავდა - ამერიკელებიც მასწავლიდნენ. კვლევაც პოლონურად დავწერე. იქ კერძო უნივერსიტეტები არ არის, სამაგიეროდ, უმაღლესი დონის სახელმწიფო უნივერსიტეტებია. პარალელურად, ამ ერთი წლის განმავლობაში, კატოვიცეში კიდევ სხვა პროექტი მქონდა - აიტის ვსწავლობდი, რასაკვირველია, ინგლისურად და მართალია, ეს ქალაქი ვარშავიდან შორს იყო, მაინც ყველაფერს ვასწრებდი. საბოლოოდ, კატოვიცეს მაინც ვერ შევეგუე და კონცენტრაცია ვარშავაში სწავლაზე მოვახდინე. ფაქტია, ძალიან შემიყვარდა პოლონეთი. იქ ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა. იქაური ურთიერთობების წყალობით ისე შევისწავლე პოლონური, თანაც სწორი აქცენტით, რომ ერთხელ, ერთ კაცს ათ წუთს ველაპარაკე და ბოლოს მკითხა, - პოლონელი არ ხარო? - როგორც ჩანს, რაღაც სტილისტური შეცდომა მაინც გამეპარა. გამომკითხა, საიდან ხარო და რომ ვუთხარი, "ჯორჯიიდან"-მეთქი, გაიხარა: ააა, "ჯორჯია"... გრიგორი სააკაშვილის ქვეყნიდანო? - ანუ ყველა პოლონელის საყვარელი სერიალის - "ოთხი ტანკისტი და ძაღლის" ქართველი პერსონაჟი დამისახელა. საინტერესო ადამიანები არიან პოლონელები. ისინიც სლავები არიან, მაგრამ მენტალურად განსხვავდებიან უკრაინელებისა და ბელორუსებისგან. ცხოვრების წესსა და ურთიერთობებში აშკარად ევროპელობა იგრძნობა და მათ გერმანელებს უფრო ვამსგავსებ. ერთხელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პოლონელი ქალბატონი გამომელაპარაკა. თურმე, 20 წლის განმავლობაში არ უცხოვრია პოლონეთში და გაოცებული მიხსნიდა, - სრულიად სხვა პოლონეთი დამხვდა, ძალიან შეცვლილი არიან ადამიანები, გულცივები გამხდარან, არადა, მე აქ თბილი ხალხი დავტოვეო.

ამ წლების განმავლობაში აშკარად შევიცვალე. მაგალითად, საქართველოში რომ ვარ, ჩვენი ურთიერთობების უამრავ უპირატესობას ვხედავ, მაგრამ პოლონურ ურთიერთობებს რომ ვადარებ, ჩვენი ზოგიერთი თვისება მაღიზიანებს. მაგალითად, აქ ძალიან ცუდად ესმით საკუთრების არსი. თუნდაც ოჯახში - ხშირად არც გამოყოფენ თითოეული წევრის საკუთრებას, არ ითვალისწინებენ, რომ ერთმანეთის ნივთებს დაუკითხავად არ მოჰკიდონ ხელი, არ მოიხმარონ. შეიძლება, თუნდაც ბებიამ ადგილი შეუცვალოს შენს ნივთს ან ისე გაატანოს სხვას, რომ არც დაგეკითხოს და ა.შ. პოლონეთში მსგავსი რამ არ მოხდება. ყველას თავისი კუთხე აქვს და იმ კუთხეს არ უნდა შეეხო - ამგვარი დამოკიდებულება ძალიან მომწონს. პოლონელების კიდევ ერთ უპირატესობად მიმაჩნია ის, რომ ნაკლებად აქვთ "მე ვარ" სინდრომი. საქართველოში თუნდაც, მანქანის მართვის დროსაც კი იგრძნობა საწინააღმდეგო - აქ ყველას უნდა, პირველი გაძვრეს, გაუსწროს. არაფრად მიაჩნია, თუკი ამის გამო მოძრაობის წესებს დაარღვევს. იქ მსგავსი არაფერი ხდება - ერთმანეთისადმი პატივისცემა ცხოვრების ყველა ასპექტში იგრძნობა, მათ შორის - ტრასაზეც... თუმცა, პოლონეთშიც ბევრი რამაა ისეთი, რაც არ მომწონს და ამ მხრივ, მას ბევრი რამით უსწრებს საქართველო. ესეც ურთიერთობებს ეხება და უპირველესად, - ჩვენს სამხრეთულ სითბოსა და სიყვარულს.

- ვიცი, კარგად რომ მღერი, ინტერნეტით მომისმენია. კოსტას სიმღერას როგორ შეაფასებ?

- ჩემთვის მუსიკა ძალზე მნიშვნელოვანია, მუსიკით ვცხოვრობ, მაგრამ ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობია. კოსტას კი დიდი ნიჭი აქვს, ბოლო წლებში ბევრი იმუშავა. ბედნიერი ვარ მისი წარმატებით.

- როგორ ატყობ, პოპულარობა თავში ხომ არ აუვარდა?

- არ აუვარდა, ჩემთან ურთიერთობისას ვერაფერს ვგრძნობ... 9 თვეა, აქ არ ვყოფილვარ და ახლაც ცოტა ხნით ჩამოვედი, ამიტომ არ ვიცი, მის გარშემო რა ხდება. ვატყობ, ძალიან პოპულარულია. ეგ კი არა, მეც მიცნეს. ერთმა 65 წლის კაცმა გამაჩერა, - შენ პროექტში არ მონაწილეობდიო? ავუხსენი, ის ჩემი ძმა იყო-მეთქი. - ტყუპისცალი ხართო? - გამეცინა. ისე, მართლა ვგავართ ერთმანეთს... არ არის ისეთი ბიჭი, რაიმე თავში რომ აუვარდეს. კარგი ადამიანია... სოფოც გავიცანი, კოსტამ გამაცნო. ძალიან მომწონს, კარგი ადამიანია, ნიჭიერი და ლამაზია. ერთმანეთი უყვართ, კარგი წყვილია და წარმატებას ვუსურვებ მათ... ჩემს პირადზე რა გითხრათ? შეყვარებული მყავს, მაგრამ სახელს ვერ გეტყვით (იცინის). ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს. იმაში კი გამოგიტყდებით, რომ პოლონელია...

მოკლედ, ასე ვცხოვრობ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ დიპლომატის პროფესიისკენ - ყველაზე მეტად სწორედ დიპლომატია მაინტერესებს. ვარშავაში ხელცარიელი არ ვბრუნდები - მთავარი გეგმაც მაქვს და სარეზერვოებიც, პრიორიტეტების მიხედვით. მაგისტრატურის გავლა ვარშავის უნივერსიტეტში გადავწყვიტე. პოლონეთის ვიზა ამომეწურა და ამჯერად, პირველად მივემგზავრები ამ ქვეყანაში უვიზოდ. ვნახოთ, მიმოსვლის თავისუფლება სხვა რა სიკეთეს მომიტანს და როგორ გამიმართლებს!

P.S. ვარშავაში ჩაფრენიდან ძალიან მალე საბამ ელფოსტაზე წერილი მიიღო - იგი ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრანტია და თანაც - პოლონეთის დაფინანსებით, თვეში 2.000 ლარის ეკვივალენტით ზლოტებში სწავლაც უფინანსდება, სტუდენტური საცხოვრებელიც და დაზღვევაც. წარმატებას ვუსურვებთ ამ ნიჭიერ ადამიანს.

ირმა ხარშილაძე