"ტკივილთან ერთად ვისწავლე ცხოვრება" - გზაპრესი

"ტკივილთან ერთად ვისწავლე ცხოვრება"

2018 წელს "რუსთავი" 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი კონცერტებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.

დათო გველესიანი ანსამბლ "რუსთავის" ერთ-ერთი სოლისტია, რომელმაც მუსიკალური ცხოვრება ადრეულ ასაკში დაიწყო. 8 წლის უკვე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი არტოს ბაღში არსებულ პირველი ბავშვთა ხალხური ანსამბლის წევრი გახდა.

"მუსიკალური ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი კირილე პაჭკორიას გუნდში მღეროდა. მამაც საკმაოდ მუსიკალური ადამიანი იყო, მღეროდა, კლასიკურ გიტარას კარგად ფლობდა. დედაც მღერის. ვფიქრობ, ეს გენები ჩემს შვილებშიც გაგრძელდა: თქვენ ანდრიას იცნობთ, მომდევნო ორიც კარგად მღერის", - მითხრა საუბრის დასაწყისში ბატონმა დათომ. ბოლო პერიოდში დათო გველესიანმა საავტორო სიმღერები ჩაწერა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა. 27 სექტემბრიდან ბატონი დათო ნიუ-იორკში, ნიკო ნადირაშვილის შექმნილ რადიო "საუნჯის" ერთ-ერთ საავტორო გადაცემას წაუძღვება. როგორც მითხრა, - ამ გადაცემის მეშვეობით მთელ მსოფლიოში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც სიახლეებს, ისე ძველ ფოლკლორულ ნიმუშებს. ამით შესაძლებლობა მიეცემათ ქართულ სულსა და ფესვებს არ მოსწყდნენ.

ახლახან მან ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირაკლი გოგიასგან, ამავე თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელობაზე შეთავაზება მიიღო და უახლოეს მომავალში ერთობლივად მოუწევთ სპექტაკლებზე მუშაობა.

დათო გველესიანი:

- 18 წლის ვიყავი, როცა ბატონმა თემურ ქევხიშვილმა ტელევიზიის ახალშექმნილ ბავშვთა გუნდში მიმიწვია. ტელევიზიით ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს ვატარებდით. შემდეგ გოგი დოლიძემ და ლევან ღვინჯილიამ ანსამბლ "ფაზისში" მიმიყვანეს. იმ დროს გოგი უკვე ანსამბლ "ჟურნალისტში" ინაცვლებდა, მისი ადგილი თავისუფალი იყო და "ფაზისს" არსებობა უნდა გაეგრძელებინა. 22 წლის ვიყავი, როცა ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანზორ ერქომაიშვილმა ანსამბლ "რუსთავში" მიმიწვია. პატივი მხვდა და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ბატონი ჰამლეტის რეპერტუარის შესრულება მანდვეს.

- და დღემდე ასეა...

- ნაწილობრივ. დღეს ანსამბლში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებზეც ნაწილდება ეს სიმღერები და ისინი არაჩვეულებრივად ართმევენ თავს. მიხარია, რომ ანსამბლ "რუსთავში" ძალიან ნიჭიერი, პერსპექტიული თაობა მოვიდა და იმ მაღალ თამასას, რომელიც წლებია "რუსთავს" უჭირავს, ღირსეულად გააგრძელებენ. ასე რომ, 1986 წლიდან ვარ ამ ანსამბლში, თუმცა, მქონდა პატარა ვოიაჟი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იტალიის ქალაქ ოზიმოს საოპერო აკადემიაში გავემგზავრე და იქ ანდრიას დედასთან ერთად ვსწავლობდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ საოპერო სცენებზე ვმღეროდი: ჯერ ბატონმა ჯანსუღმა მიმიღო თბილისის ოპერის თეატრში და შემდეგ ბათუმში გავემგზავრე, რომელიც იმ დროს ქართული საოპერო ხელოვნების მექა გახლდათ. ამას მოჰყვა ანსამბლი "ბათუმი", ისევ თბილისის საოპერო თეატრი და საბოლოოდ, 2003 წლიდან ისევ ანსამბლ "რუსთავში" გავაგრძელე სიმღერა. სახარებიდან გზააბნეული შვილის დაბრუნება გამახსენდა (იღიმის), ბატონმა ანზორმა ისევ ჩამიკრა გულში და იმ დღიდან ერთად მოვდივართ. ვოიაჟის შედეგად დიდი გამოცდილება შევიძინე, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც იქ დავბრუნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

- როდესაც ქალბატონ თეასთან ერთად ოზიმოს აკადემიაში სასწავლებლად გაემგზავრეთ, იქ დარჩენას გეგმავდით?

- თავდაპირველი გეგმა სწავლა იყო. შემდეგში ბევრი მოსმენა მქონდა დანიშნული, ლა-სკალას თეატრის გუნდში მიმიწვიეს, მაგრამ სოლო კარიერაზე ვფიქრობდი და ლა-სკალას თეატრში მოსმენაზე არც წავსულვარ. ღმერთმა ისე ინება, რომ მართლა ჩემს საკეთებელს ვაკეთებ: ვმღერი ფოლკლორს, ქალაქურ სიმღერას და სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

- "რუსთავს" ყოველთვის ბევრი გასტროლი და რეგიონებში ტურნე აქვს დაგეგმილი. 12 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლის 50 წლის იუბილე კონცერტით აღინიშნა. მინდა "რუსთავის" დღევანდელობაზე მესაუბროთ...

- დღემდე იმდენი ტურნე გვქონდა და იმდენი ვიმოგზაურეთ, ჩამოთვლა გამიჭირდება. ბევრ ქვეყანაში ვიყავით და თან, არაერთხელ. ბედნიერი ვარ, რომ ანსამბლთან ერთად, 50 წლის იუბილეს ვზეიმობ. დამერწმუნებით, მსოფლიოში ძალიან ცოტა იქნება ისეთი კოლექტივი, რომელიც ნახევარი საუკუნე არსებობს. 12-ში ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში, საანგარიშო კონცერტივით გვქონდა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო... ახლახან დავბრუნდით სამხრეთ კორეადან, სადაც ძალიან მაღალი დონის მიღება გვქონდა, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ელჩს, ბატონ ოთარ ბერძენიშვილს. დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდან კვარაცხელიას (რომელიც გვერდიდან არ მოგვშორებია, ჩვენს კონცერტებს უძღვებოდა) და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს მასპინძლობაში მონაწილეობდა.

GzaPress

- სოლო კარიერისა და საავტორო სიმღერების თვალსაზრისით, რა სიახლეები გაქვთ? - სამი სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული სხვადასხვა ფორმატით. პირველი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, მეორე - მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სხვებთან ერთად, ჩემი საავტორო სიმღერებიც გაჟღერდა, ხოლო მესამე ისევ თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა და მას "მუსიკოთერაპია, ანუ სიყვარული" ერქვა და მხოლოდ იტალიური რეპერტუარი იყო წარმოდგენილი. 10 წლიდან ვუკრავ გიტარაზე. არ არსებობს ჩანაფიქრი, რომელიც არ შემიძლია გიტარით არ "გამოვსახო". ის ჩემი ორგანული ინსტრუმენტია. თუმცა, ფორტეპიანო ძალიან მეხმარება საავტორო სიმღერების შექმნაში. საკმაოდ ბევრი საავტორი სიმღერა დამიგროვდა. ახლა ჩავწერ ახალ სიმღერას - "ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა" და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტან.

საერთოდ, დიდი ხანი არ არის, რაც საავტორო სიმღერების წერა დავიწყე, აქამდე ვერ ვბედავდი. ვფიქრობ, ადამიანს ჯერ გარკვეული მუსიკალურ ცოდნა და ინფორმაცია უნდა დაგიგროვდეს, შემდეგ გულში გადახარშო და მერე უნდა შექმნა შენი სამყარო. საავტორო სიმღერა ხომ შენი სამყაროს გამოძახილია. ასე რომ მოხდა, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე და მივეცი თავს უფლება ჩემი სიმღერები სხვებისთვის გამეზიარებინა.

- როგორც ვიცი, ახლახან ბატონ გია ყანჩელს შეხვდით და საინტერესო წინადადება გაქვთ მისგან...

- ბატონ გია ყანჩელთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. 13-14 წლის წინ ინგლისში ერთ-ერთი მისი კომპოზიცია გაჟღერდა, სადაც ანსამბლი "შინ", ანსამბლი "რუსთავი" მონაწილეობდა, დირიჟორობდა ჩემი უმცროსი მეგობარი ნიკა მემანიშვილი. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი გია, ჩვენ შორის გულითადი ძაფები გაიბა და ერთმანეთი შევიყვარეთ. მას შემდეგ არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს, სხვადასხვა ქვეყანაში ერთობლივი კონცერტებიც გვქონდა. ახლახან შვეიცარიაში ვიყავით. ბოლო სამი თვეა, რთული პერიოდი მაქვს. ვიჯექი ჩემთვის მოწყენილი, სიგარეტს ვეწეოდი. ეს ამხელა პიროვნება მომიჯდა და ჩამეხუტა. არ უკითხავს, რა მჭირდა, დამიწყო ხელოვნებაზე ლაპარაკი, გამამხნევა და ბოლოს მითხრა, რომ ის და ანზორ ერქომაიშვილი ახალ პროექტზე შეთანხმდნენ, რომელშიც მისი "ჰერიო ბიჭებოს" ახალი ვერსია შესრულდება. მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი "რუსთავი", ორი ცნობილი მევიოლონე შვეიცარიიდან და მე ვიქნები სოლისტი - ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

- ყველა ხელოვანს და ალბათ, არა მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლებს, აქვთ ჩავარდნა ან პაუზა, ზოგჯერ ობიექტური და ზოგჯერ სუბექტური მიზეზების გამო. თუ გქონიათ ასეთი რთული პერიოდი?

- აქამდე არასდროს, ახლახან მქონდა 3-თვიანი პაუზა და ამ ხნის განმავლობაში ინსტრუმენტთან მიკარებაც არ მინდოდა.

- რამ გამოიწვია?

- მირჩევნია, ამაზე არ ვისაუბრო, ძალიან პირადია... მადლობა ღმერთს რომ ისევ ფეხზე ვდგები და ვუბრუნდები საყვარელ პროფესიას... ვერ გეტყვი, რომ ტკივილი დავძლიე, მაგრამ მასთან ერთად ვისწავლე ცხოვრება. ეს რთულია, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამაშია სიძლიერე.

- სამი შვილის მამა ხართ. უფროსი ანდრია ფართო საზოგადოებამ გაიცნო თეატრიდან და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტების მეშვეობით. თუ გახსოვთ, პირველად როდის მოისმინეთ თქვენზე ფრაზა: "ეს ანდრიას მამაა"?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს უკვე ხშირად მესმის. ადრე ამბობდნენ, რომ ანდრია დათოს შვილია, ახლა დათო ანდრიას მამაა (იღიმის). სიმართლე გითხრათ, მეამაყება. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა, მაგრამ ყველა ხელოვანს თავისი გზა აქვს. ვფიქრობ, მეც უნდა დავიწყო სოლო კარიერა და ვნახავთ, უკვე ცოტა ხანში რას იტყვის ხალხი (იღიმის).

- თქვენი სხვა შვილებიც გაგვაცანით...

- ნიკოლოზი 20 წლისაა. პროგრამირებას სწავლობს. ამავდროულად, ელექტრონულ მუსიკას წერს, სახლში საკუთარი სტუდია აქვს და ბედნიერი ვარ, რომ ამაში დავეხმარე... ანიმ წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე. ძალიან კარგად ხატავს. ვფიქრობ, ნიჭიერები არიან და მომავალში თავის სიტყვას იტყვიან, ისევე, როგორც ანდრია.

- არის რამე ისეთი, რაც ანდრიასთვის პირადად არ გითქვათ და ჩვენი საშუალებით ეტყვით?

- ჩვენი სამუშაო რეჟიმის გამო ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიხარია მისი წარმატება და წინსვლა. 4 წლის იყო, როცა მასზე გოგი დოლიძემ თქვა, - ნახე, ეს როგორ იმღერებს; დიდი მომღერალი გახდებაო. მინდა ვუსურვო, რომ ეს სიტყვები შესრულდეს. დიდი მომღერლობა ჯერ კიდევ წინ არის. ანდრია ნელ-ნელა ამბობს თავის სიტყვას ხელოვნებაში. რუდუნებული შრომითა და ნიჭიერებით პიკს მალე მიაღწევს.

- დაბოლოს, თქვენი აზრით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში ბავშვების შეყვანის ტრადიციამ იკლო თუ იმატა?

- იმატა. როცა მე ბავშვთა ანსამბლ "მირანგულაში" ვმღეროდი, მაშინ ხალხური სიმღერა ირონიის ობიექტი იყო; სცენაზე რომ გამოვდიოდით, დაგვცინოდნენ. იყო ეს დამოკიდებულება: "კარგი, რა, რა გოიმობას მღერით", მაგრამ წარბი არასდროს შეგვიხრია. ჩვენმა ხელმძღვანელმა ქეთინო შინდაგორიძემ არა მხოლოდ ქართული სიმღერა, არამედ კაცობა და ვაჟკაცობა გვასწავლა, ჩოხის ჩაცმა შიგნით და არა გარეთ. ის არაჩვეულებრივი ქალბატონია. სხვათა შორის, ამ ანსამბლმა ახლახან 40 წლის იუბილე იზეიმა და გაიხსნა "მირანგულას" ვარსკვლავი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ.

ანა კალანდაძე