ქალაქელი მეგრელის საინტერესო ბავშვობა, დიდობაში გაჩენილი სატკივარი და ცხოვრება ამერიკაში - გზაპრესი

ქალაქელი მეგრელის საინტერესო ბავშვობა, დიდობაში გაჩენილი სატკივარი და ცხოვრება ამერიკაში

ლეგენდარულ ანსამბლ "მზიურის" წევრის, მარინა მასხულიას მუსიკალური ცხოვრება პიონერთა სასახლეში შურა ჯანელიძესთან დაიწყო. "მზიანეთი" ერქვა სასახლის პიონერთა ბანაკს დუშეთში, სადაც გოგონები ისვენებდნენ. ერთ დღესაც ხელში ინსტრუმენტები აიღეს და რეპეტიციას შეუდგნენ. გურამ ჯაიანმა მარინას ცოტა რთული და დიდი ინსტრუმენტი - ბას-გიტარა ჩააბარა. ნიჭიერმა გოგონამ მასზე დაკვრა რამდენიმე დღეში აითვისა. ანსამბლში თავიდან 10-მდე ბავშვი იყო, მერე ნელ-ნელა შემოემატნენ. "მზიურმა" პირველი კონცერტი სწორედ დუშეთში გამართა და მალე დაიწყო კიდეც ტრიუმფალური სვლა... მარინა მასხულია 15 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოში ხშირად ჩამოდის. "მზიურის" ყველა სიმღერას სიამოვნებით უსმენს და სახლში ხშირად ღიღინებს. ანსამბლში ყოფნას ღვთის საჩუქრად მიიჩნევს.

"მზიურის" სავიზიტო სიმღერა

- ანსამბლის წევრები ვმეგობრობდით. რა თქმა უნდა, ერთნაირი ხასიათი არა, მაგრამ ერთი კარგი ჩვევა გვქონდა, თითოეულის დადებით ქცევას ვითვისებდით და საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ვუწევდით ანგარიშს. პატარა ბავშვები დღეში სამ კონცერტს ვატარებდით და ამ საოცარ დატვირთვას პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით. სად არ ჩაგვიტარებია კონცერტი, სერიოზული დარბაზებიდან დაწყებული ღია სცენებით დამთავრებული. საქართველოში ხომ არც ერთი კონცერტი ჩვენ გარეშე არ იმართებოდა; ვხვდებოდით პრეზიდენტებს, სამთავრობო დელეგაციებს, დედოფალს... ყოველი კონცერტის შემდეგ სტუმრები გვეფერებოდნენ და სურათებს ვიღებდით. გამოვდიოდით ანსამბლ "პესნიარებთან", სუხიშვილებთან ერთად და ა.შ. მოსკოვში არაერთი კონცერტი გაგვიმართავს. ერთხელ მაია პლისეცკაიამ გვითხრა თბილი სიტყვები და სხვებსაც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ ჩვენ, ამას დიდ რამედ არ ვთვლიდით, საკმაოდ თავმდაბლები ვიყავით. უცხოეთშიც ყველგან მოწონებას ვიმსახურებდით, რამდენიმე ენაზე ვმღეროდით. კონცერტის შემდეგ მაყურებელი სუვენირებს გვჩუქნიდა. ანსამბლის ერთგვარ სავიზიტო სიმღერად ითვლება "დაჰკარით დაფდაფებს", რომელიც სპონტანურად შეიქმნა. ტექსტი ერნა თოდუას ეკუთვნის, იგი პიონერთა სასახლის მეთოდურ წრეში მუშაობდა. კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახლდათ, რომელსაც სიმღერის დაწერა გურამ ჯაიანმა სთხოვა. ანსამბლში ძირითადად ვუკრავდი, მხოლოდ ერთი სოლო სიმღერა მქონდა "კარლსონზე". სიმღერა დღესაც ძალიან მიყვარს.

"თქვენ მარინა მასხულია ხართ!" - შვილებთან ერთად ვაკის პარკში გავისეირნე. სუფთა ჰაერზე ყოფნა გვსიამოვნებს. ზამთრის პერიოდია, თბილად მაცვია - ქუდი მახურავს, კაშნეც მიკეთია. დაახლოებით ჩემი თაობის კაცი მოგვიახლოვდა, ჯერ რაღაც მკითხა, მერე ბავშვებს გაეთამაშა და, - თქვენ მარინა მასხულია ხართო, - მითხრა. გამიხარდა და მესიამოვნა... არადა, მიკვირს, როგორ მიცნო, ფაქტობრივად, მარტო თვალები მიჩანდა (იცინის).

ერთხელ ჩემი ძმის მეგობრის, გია ალადაშვილის მანქანაში ვისხედით, როცა ინსპექტორმა გაგვაჩერა. გადავიდა გია და თურმე, ვისი სახელი აღარ დაუსახელა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ბოლოს უთქვამს, "მზიური" მაინც არ გიყვარდა? აგერ, ჩემი მეგობარი ზის, მისი და კი "მზიურელია" და ისიც აქ არისო. ინსპექტორი მოვიდა მანქანასთან და მეუბნება: ძალიან დიდი ბოდიში, ხომ არ გადმობრძანდებით, რომ შეგხედოთო. მეც გადმოვედი... - უღრმესი მადლობა, სადაც გინდათ, იარეთო, - გვითხრა (იცინის) და არც ჯარიმა გამოუწერია. მერე გია მეუბნებოდა, - დამიწერე, რომ ვარ ანსამბლ "მზიურის" წევრის ძმის მეგობარი და მაგ ცნობით ვივლიო. აი, ასე გამოხატავდა ხალხი სიყვარულს ჩვენ მიმართ.

GzaPress ხათუნა საბაშვილი, ხათუნა დონდუა, ქეთი ფირცხალავა - ხათუნა საბაშვილი ჩემი კარის მეზობელი იყო, ცოტა მოგვიანებით მოვიდა ანსამბლში. ისიც ჩემსავით, შურა ჯანელიძესთან დადიოდა. მე რომ ანსამბლში მოვხვდი, მასაც სურვილი გაუჩნდა და მიიღეს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. სკოლაში ხათუნაზე ადრე წავედი, მასზე რამდენიმე წლით უფროსი ვიყავი. დედამისი, სესილი დეიდა ამბობდა, - ასოები და ციფრები შენ ასწავლეო. ხათუნა არაჩვეულებრივი გოგო იყო. ძალიან ადრე გათხოვდა და სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის იყო პირველი, ვინც "მზიურის" წევრებიდან გარდაიცვალა. მას დარჩა 2 შვილი, ლევან და სოფიკო ბუცხრიკიძეები. ხათუნა საბაშვილი დედისერთა იყო. ოჯახმა და ყველა მისმა ნაცნობ-მეგობარმა დიდი დარტყმა მივიღეთ. ძალიან სათნო პიროვნება იყო და მხოლოდ კარგს ხედავდა ადამიანში. ისეთი სიხარულით მეტყოდა ხოლმე, - მარინა, შენ რომ რაღაცას მიყვები, თვალები გიბრწყინავსო. ყოველთვის მოვწონდი, როგორც უფროსი მეგობარი. დიდი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის მიმართ.

ძალიან ახლოს ვიყავი ხათუნა დონდუასთან, 7 აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა და სასაფლაოზე გავედით. მერე ხათუნას დედასთან ოჯახში ვისადილეთ. დონდუას არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს: ბექა და გვანცა გიორგაძეები, ბრწყინვალე მეუღლე, დედა - ყველანაირად შემკობილი ქალბატონი. ხათუნას შეეძლო მოესმინა ნებისმიერისთვის, ვისაც რაიმე დარდი ჰქონდა და დაერიგებინა. უდიპლომო ექიმს ვეძახდით, ისეთ ზუსტ რჩევას მოგცემდა, ეს სფერო აინტერესებდა. ამ გზას მისი ქალიშვილი გაჰყვა და ნევროპათოლოგი გახდა. მე და ხათუნა თითქმის ტოლები ვიყავით, ამიტომ უფრო ღრმა და სერიოზული მეგობრობა გვაკავშირებდა. ერთხელ მის დაბადების დღეზე, მგონი რუმინეთში ვიყავით, სუვენირი - ხის პატარა სათამაშო ვუყიდე. ძალიან გაუხარდა და ხშირად აღნიშნავდა, ეს მარიმ მაჩუქაო. ყოველთვის ხუთოსანი ხათუნა, გასტროლების დროსაც გაკვეთილებს მონდომებით ამზადებდა. ორივეს გვიყვარდა ავტობუსში კითხვა და მუდამ წიგნი გვეჭირა ხელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორი ჟურნალისტი იყო. გარდაცვალების შემდეგ, ის "ოქროს ფრთის" ლაურეატი გახდა (მერე დაარსდა ეს ჯილდო). წლების მანძილზე გადაცემა "ახალგაზრდობის" ავტორი და წამყვანი გახლდათ, იყო "მოამბის" გამოშვების რედაქტორი და წამყვანი. ხათუნას გარდაცვალების შემდეგ, იმ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა (მონტინის ერთ-ერთ შესახვევს), მისი სახელი მიაკუთვნეს. ჟურნალისტთა ფედერაციამ ხათუნა დონდუას სახელობის სტიპენდია დააწესა. მე და ხათუნას ერთნაირად გვიხაროდა ჩვენი მეგობრობა. გადამდები სიცილი იცოდა და ხალისიანი გოგო იყო. მისი წასვლით მიწა გამომეცალა.

"მზიურის" ყველაზე უმცროსი წევრი, მხიარული, უსაყვარლესი "ანტოშკა" - ქეთი ფირცხალავა რამდენიმე წლის წინ გამოგვაკლდა. საოცრად თბილი, ღიმილიანი და სტუმართმოყვარე ქეთი ყველას გამაერთიანებელი იყო. ასე იცოდა თქმა, - ჩემთან წამოდით, ჩემთან გავაკეთოთო... არაფერს დაიზარებდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სიხარულით არ შეგხვედროდა. ის იყო ქალი-დღესასწაული. სპეციალობით ბიოლოგი, უროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი და საპატრიარქოსთან არსებული ქალთა საზოგადოების წევრი იყო. ქეთის ჰყავს ორი ქალიშვილი, თამარ და ანი ხვადაგიანები. მისმა მეგობრებმა არ ვიცოდით, რომ თურმე მშვენივრად ხატავდა. ამას ისე ჩუმად აკეთებდა, არასოდეს აღუნიშნავს. თუმცა, იმდენი ნახატი დაუგროვდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოფენა გააკეთა ერთ-ერთმა გალერეამ. ქეთის ნამუშევრებს ბრწყინვალე შეფასებები ჰქონდა. მისი ხატვის ნიჭი შვილს - თამარს გამოჰყვა. ის გამოფენისთვის ემზადება. ქეთი ფირცხალავა იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო, მოსიყვარულე პიროვნება, შეუდარებელი შვილი და მეგობარი. ქეთის დედა, ეთერი დეიდა ხშირად მეპატიჟება მცხეთაში აგარაკზე. მას ყოველთვის უხარია ანსამბლის გოგონების ნახვა, ჩვენით ხარობს.

მშობლებსა და ბებია-ბაბუებზე GzaPress - დედა ნელი სალდაძე პიონერთა სასახლეში 30 წელზე მეტხანს მუშაობდა, ფრანგული ენის სპეციალისტი იყო და ლექტორიუმს ხელმძღვანელობდა. მამა ისტორიკოსი მიშა მასხულია ლექციებს კითხულობდა პუშკინის სახელობის ინსტიტუტში. ჩემი მშობლები დედისერთები იყვნენ. წარმოშობით მარტვილიდან ვართ. ბაბუა მიხეილი თბილისში რომ წამოვიდა, სახლი გაყიდა. მარტვილში მასხულიებს თავისი სასაფლაო ცალკე აქვთ. მეგრული არ ვიცი, ქალაქელი მეგრელი ვარ (იღიმის).

მამის მხრიდან ბებია მარიამ იოსელიანი მყავდა, გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, წყალტუბოდან იყვნენ. ნინა ბებია გურული იყო, დუდუჩავას ქალი. დიდი ბებიები მიქელაძე და ნიჟარაძე იყვნენ. ბებიები მეც და ჩემს ძმასაც პატივისცემით და როგორც პიროვნებებს, ისე გვექცეოდნენ. 5-6 წლისა ვიყავი, ბებია მეტყოდა ხოლმე: მარინა, ბებო, როცა გეცლება, მოდი და დამელაპარაკე, რაღაც მინდა გითხრაო. თუკი ოჯახში რაიმე საკითხი წყდებოდა, ბებია საკუთარი აზრის გამოხატვას მთხოვდა, - რას გვეტყვი, გვაინტერესებსო. დღესაც, 50 წელს კარგა ხანია გადავაბიჯე და ბებიების დანატოვარი უდიდესი სითბო და სიყვარული რომ მახსენდება, საოცარ ძალას მაძლევს.

ბაბუები არ მახსოვს და ამას ყოველთვის განვიცდიდი. წლამდე ასაკში ვიყავი, როცა ევსევი სალდაძე გარდაიცვალა. მამაჩემს თავის დაბადების დღეს, 16 წლის რომ გახდა, მამა გარდაეცვალა. ბაბუა მიხეილი ძალიან კარგი პროვიზორი იყო, ვაჟკაცური პიროვნება და ჩოხით დადიოდა. იმ ჩოხას მამაჩემი იცვამდა ყოველ ახალ წელს - ეს ტრადიცია გვქონდა. ბაბუებს სურათებით ვიცნობდი. ახლაც, ქუჩაში რომ დავდივარ, ვიღაცას შევხედავ და გავიფიქრებ, - ეს თითქოს ბაბუაჩემს ჰგავს! სხვათა შორის, კობა არაბულს ვაჩვენე მიხეილ ბაბუას ჩოხაში გადაღებული ფოტო და აღფრთოვანება ვერ დამალა: რა ლამაზი ბაბუა გყოლია, ასეთი ფოტოები ჟურნალებში უნდა იბეჭდებოდესო. სასიამოვნოა და მეც მეამაყება.

GzaPressოჯახისა და ამერიკის შესახებ - ოჯახი ამერიკაში ოფიციალური მიწვევით - "გრინქარდით" წავედით. 15 წელია ნიუ-იორკში ვცხოვრობ, მაგრამ აქეთ-იქით მიმოსვლაში ვარ. მეუღლე როლანდ ვასაძე პედიატრია, პროფესორი. ორი ვაჟი მყავს, უფროსი ლუკა მამის გზას გაჰყვა, უმცროსი გიორგი ენების მოყვარულია. იქ სწავლობენ და მუშაობენ. ბავშვობაში მუსიკით იყვნენ გატაცებული, ორივე გუნდში მღეროდა, ლუკამ მუსიკალური სასწავლებელიც კი დაამთავრა. ამერიკაში არასოდეს მიმუშავია, ამ მხრივ ჩემები მანებივრებენ. იქ მართვის კურსები დავამთავრე და მოწმობა ავიღე. 12 წლიდან მამამ მასწავლა მანქანის ტარება, ასე რომ, არ გამჭირვებია. ამერიკას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც, როგორც ჩვენს ქვეყანას, მაგრამ გული მაინც აქეთ მოგიწევს. აქაური ყველაფერი გვენატრება. როგორც დედას, ისე სამშობლოს არ ირჩევენ. ის გიყვარს იმიტომ, რომ მთლიანად შენია.

ამერიკაში მუზეუმებში სიარული მიყვარს. ყველაზე ხშირად მეტროპოლიტენ მუზეუმში დავდივარ, სადაც სულ ახალ-ახალი გამოფენაა. ბროდვეისა და ოპერის თეატრების სპექტაკლებს ვესწრები. ნიუ-იორკიდან ფილადელფიაში სპეციალურად ჩავედი ვან გოგის "მზესუმზირების" ერთ-ერთი ვარიანტის სანახავად. ძალიან მიყვარს მისი ნახატები. მოგზაურობაც მიყვარს და მთელი ამერიკის მასშტაბით ვმოგზაურობ. შარშან ალასკაზე საკუთარ კუნძულებზე სტუმრად დაგვპატიჟეს ბენ და კლეოპატრა არდინგერებმა, სადაც ერთი თვე დავყავით. საოცრად მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ოჯახია, 6 შვილი ჰყავთ. იყო არაჩვეულებრივი ჰაერი, თევზაობა, არწივები, შვლები... ამერიკაში უამრავი რამ ვნახე, მაგრამ სანახავი კიდევ ბევრია.

ჩემი მშობლები ამერიკაში სტუმრად იყვნენ, როცა მამა გარდამეცვალა და ჩამოვასვენე. 6 თვის შემდეგ, ახალ წელს დედაც გარდაიცვალა. სამი წლის წინ ერთადერთი ძმა დავასაფლავე - ასეთი ტკივილით ვცხოვრობ. ამერიკიდან პერიოდულად რომ არ ჩამოვიდე, სასაფლაოზე რომ არ გავიდე, მეგობრები, ნათესავები და მეზობლები რომ არ მოვინახულო, ძალიან მიჭირს. ჩემს სახლში ყოფნა მსიამოვნებს.

"მის გვერდით თითქოს დრო გაჩერდა..." - ჩემი მშობლების გარდაცვალების მერე ძალიან ცუდად ვიყავი. უძვირფასესი ადამიანები დავკარგე. ისინი ჩემთვის არა მარტო მშობლები, მეგობრებიც იყვნენ. ახლობელი ქალბატონი მყავდა, ეთერ უროტაძე, რომელიც საპატრიარქოში მუშაობდა. მან პატრიარქთან მიმიყვანა. როცა აუხსნა ვინ ვიყავი, მარტო იმიტომ ღირდა "მზიურში" ყოფნა, რომ უწმინდესმა ილია II მითხრა: თქვენ, პატარა ბავშვებმა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანეთ და ამით უნდა იამაყოთო. ეთერმა ჩემი მძიმე განცდების შესახებ უამბო და მან მშვიდად თქვა: მარინა, მშობლების სურათი ხომ გაქვს? ისინი ცოცხლები არიან, მათ ჩვეულებრივ ესაუბრე, შენი ესმითო, თან თბილად დაამატა: ჩემს მშობლებს კანფეტები უყვარდათ და სურათთან ვდებ ხოლმე. შენც შეგიძლია ეს გააკეთო, თუ მათ კანფეტები უყვარდათო. პატრიარქის გვერდით თითქოს დრო გაჩერდა. მან ისეთი ძალა მომცა და ისე ავსებული გამოვედი, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი.

2010 წელს, როცა ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა, კვლავ შევხვდი პატრიარქს. მინდა მისი საოცარი მეხსიერება აღვნიშნო - არ არსებობს, ადამიანი ერთხელ მაინც ნახოს და არ ახსოვდეს. შევახსენე, რამდენიმე წლის წინ რატომ აღმოვჩნდი მასთან. - როგორ არა, ყველაფერი მახსოვსო, - მითხრა. ილია II ანსამბლის წევრებს გვესაუბრა და დაგვლოცა კონცერტის წინ. მერე ბრძანა, თქვენ ასაკზე არ უნდა ისაუბროთო და ერთი ამბავი გაიხსენა: ვიცნობდი ერთ ულამაზეს ქალბატონს ეკატერინე მასხულიას. როცა მას ასაკს ეკითხებოდნენ, ასე პასუხობდაო: "მნე მინულა 16". გამიხარდა ძალიან, პატრიარქს ვუთხარი, ის ქალი ჩემი ნათესავი იყო-მეთქი. ყველაზე მთავარი, რაც მან მითხრა და რასაც ყველას სთხოვს, ესაა: "დაბრუნდით მარინა, აქაც გექნებათ საქმე, დაბრუნდით..." მეც ამის დიდი სურვილი მაქვს...

ნანული ზოტიკიშვილი