რევაზ მინდორაშვილის ქველმოქმედება - გზაპრესი

რევაზ მინდორაშვილის ქველმოქმედება

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე რევაზ მინდორაშვილმა სავარჯიშო დარბაზი გახსნა. ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებდი დარბაზის მშენებლობის პროცესს. როცა დასრულდა, სპორტსმენს ფოტოგრაფთან ერთად ვესტუმრე და შენობა დავათვალიერე. სივრცე მომავალი თაობისათვის ყველანაირად კომფორტულია და აღჭურვილია სპორტული ინვენტარით. შენობას აქვს დიდი სავარჯიშო დარბაზი - ორი საჭიდაო ლეიბით, ტრენაჟორები, გასახდელი, აბანო და გოგირდისწყლიანი საუნა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ რევაზ მინდორაშვილი მომავალ თაობას ყოველგვარი გადასახადის გარეშე ავარჯიშებს.

ალბათ არავის სჭირდება მისი ტიტულების შეხსენება, თუმცა მოკლედ მაინც გეტყვით, ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ყველა სინჯის მედლის მფლობელია, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. მის მდიდარ სპორტულ კოლექციას შორისაა პეკინში მოპოვებული ოლიმპიური ოქრო. ის გახლდათ საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.

ახალგახსნილ დარბაზში ვარჯიში 17:00 საათზე იყო დანიშნული და სწორედ იმ დროს მოჰყავდათ მშობლებს მომავალი სპორტსმენები თუ უბრალოდ, ვარჯიშის მსურველი პატარები. ერთი ბავშვი ისეთი მოძრავი და ენერგიული იყო, არ არსებობდა, ყურადღება არ მიგექცია. როგორც აღმოჩნდა, ის ბატონი რეზოს უმცროსი შვილია - 6 წლის ნიკო. აქვე ვარჯიშობს სპორტსმენის უფროსი ვაჟიც, 12 წლის შაკო. უმცროსმა ფოტოების გადაღება გააპროტესტა, თუმცა, ბოლოს ორივე დაგვთანხმდა მამასთან ერთად გადაღებაზე. მართალია, დარბაზის გახსნიდან რამდენიმე დღეში აქ არცთუ ისე ცოტა ბავშვი ტრიალებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზრდება. მით უფრო, როცა ხალხი შეიტყობს, რომ მათი შვილების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა-მომზადებაზე გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენი-მოჭიდავე ზრუნავს. ამ საქმიდან მას არავითარი კერძო ინტერესი არ აქვს, ფულად მოგებაზე არ ფიქრობს. ის უბრალოდ, კეთილ საქმეს აკეთებს.

GzaPress- ეს ტერიტორია 2012-2013 წლებში შევიძინე. ტბასთან ახლოსაა, სუფთა ჰაერია. აქვე მოედინება ცხელი გოგირდის წყლები და სავარჯიშო დარბაზისთვის კარგი პირობებია. თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა, ანუ მინდოდა სავარჯიშო დარბაზი ამეგო ბავშვებისათვის. პროექტი ჩემია, მაგრამ შემდეგ არქიტექტორი ავიყვანე, რომ ყველა დეტალი გაეთვალა. ერთ დარბაზში ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ყველა ტრენაჟორია, ხოლო მეორე სართულზე, დიდ დარბაზში ორი ლეიბია. აქვეა აბანო და საუნა - გოგირდის აუზით. ახლა უკვე ოფიციალურად სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს დავნიშნეთ სამეცადინო საათები, შემდეგ უკვე ყოველდღიურ რეჟიმშიც ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, ვარჯიშის დროს სპორტული ინვენტარი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრენაჟორების შეძენაში ქალაქ თბილისის მერია დამეხმარა და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ კახი კალაძეს. ძალიან კარგი საქმე გაგვიკეთეს, ეს მისასალმებელია და ყოველთვის მადლიერი ვიქნებით. უმნიშვნელოვანესი იყო გზის მოწესრიგების საკითხიც. ცენტრალური გზიდან დარბაზამდე მომავალ გზის მოწესრიგებაში კი ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაგვეხმარა. ის ყველაზე მაგარი გამგებელია მთელ საქართველოში (იღიმის).

- სპორტულ წრეზე ბავშვების ტარების სურვილი ბევრ მშობელს აქვს, მაგრამ ხშირად, ეს ვერ ხერხდება გადასახადების გამო. თქვენ კი ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ამზადებთ...

- რა თქმა უნდა, დარბაზი იმიტომ ავაშენე, რომ ასეც ყოფილიყო. ამავე ტერიტორიაზე მაქვს მიწის ნაკვეთები. თავის დროზე მოვასწარი მათი შეძენა, ახლა ძალიან გაძვირდა. ერთ-ერთ ნაკვეთზე, სავარჯიშო დარბაზთან ახლოს, მინდა გავაკეთო კომერციული ფართი, კერძოდ - სასტუმრო, რომლის შემოსავალი მოხმარდება დარბაზის ხარჯებს: კომუნალური გადასახადები იქნება ეს, ექიმის თუ დამლაგებლის ხელფასები. ყველა საბუთი, გენერალური გეგმის ჩათვლით წესრიგში მაქვს და დამტკიცებული, თუმცა, ამ ეტაპზე მშენებლობები შეჩერებულია. იმედი მაქვს, მალე განახლდება. კარგი იქნებოდა, ეს სასტუმროც ყოფილიყო და დარბაზის გახსნასთან ერთად, მასაც ემუშავა, მაგრამ არ მოესწრო. სანამ ეს მოხდება, ჩემი სახლი, რომელიც ასევე ლისის ტბასა და ახალ იპოდრომთან მდებარეობს, გადავაკეთე სასტუმროდ. როცა გავხსნი, მისი შემოსავალი დარბაზის ხარჯებს მოხმარდება.

- რა ასაკის ბავშვებმა შეიძლება მოგმართონ?

- მსურველებს 7-8 წლიდან მივიღებთ. ამ ეტაპზე ერთი გოგონაც გვყავს და ელოდება, როდის მოვა სხვა გოგოც (იღიმის).

- თქვენ გარდა, დარბაზში კიდევ ერთი ადამიანი მუშაობს. 2 მწვრთნელი ხართ?

- დიახ, მე და არჩილ ქიტიაშვილი. აჩიკო თავისი საქმის პროფესიონალია, მოწესრიგებული, პასუხისმგებლობით სავსე. კარგი კაცია. მინდა ყველანაირად დადებითად დავახასიათო. ჩემს შვილებს ვანდობ. ძალიან მეხმარება და მინდა, მეც შევუწყო ხელი.

- საკუთარი ხელით აშენებდით ამ ყველაფერს...

- კი, მშენებელიც გავხდი-მეთქი, - ვამბობ. ბლოკის დადება, არმატურის დაწვნა უკვე ვიცი. მშენებლობა ისე შემიყვარდა, უკვე ჰობიც გახდა (იღიმის).

- კიდევ, რა ჰობი გაქვთ?

- მიყვარს ბუნებაში გასეირნება, ცოტა ნადირობაც. არც კარგი მსროლელი ვარ და არც მონადირე, ბოლო 6 წელია, ამის დროც არ მქონდა... ახლა მშენებლობა და ამ დარბაზში ბავშვების აღზრდაა ჩემი ჰობი.

- მწვრთნელობის დიდი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ბავშვების აღზრდა როდის გადაწყვიტეთ?

- ბავშვების მწვრთნელობა ახლა დავიწყე. ცოტა რთულია, მაგრამ მიყვარს პატარებთან ურთიერთობა (იღიმის).

- თავად პირველად ბიძამ მიგიყვანათ სავარჯიშო დარბაზში...

- დიახ, ასე იყო. ერთხანს ის ჭიდაობით გახლდათ დაკავებული, ფიზკულტურის ინსტიტუტშიც სწავლობდა და კახეთში დარბაზში სავარჯიშოდ მიმიყვანა. ჯერ თავისუფალით დავიწყე, მერე ძიუდოც ვცადე, მერე ისევ თავისუფალს დავუბრუნდი და ეს ჩემი მწვრთნელის დიდი დამსახურებაა.

GzaPress- არაერთი გამარჯვება გქონდათ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თქვენი ოლიმპიური ჩემპიონობა საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გახლდათ. პირადად თქვენთვის, რა იყო ის დღეები და როგორ იხსენებთ მას 10 წლის შემდეგ?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. საქართველოდან რომ წავედით, ომი უკვე დაწყებული იყო და ეს ფაქტი ჩვენზე მოქმედებდა. ამავდროულად, დიდი შემართება მქონდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ვგრძნობდი, ქვეყანას ჩემი გამარჯვება სჭირდებოდა. მაქსიმალურად მოვინდომეთ და შედეგიც მივიღეთ. ემოციის გარეშე იმ დღეების გახსენება დღესაც მიჭირს.

- თავად, 90-იან წლებში რთულ პერიოდში მოგიწიათ ვარჯიშმა და შემდეგ უკვე პირველი გამარჯვებების მოპოვებამ. ის პერიოდი და მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მოტივაცია და გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ბავშვებზე ამგვარად გეზრუნათ?

- მართლაც, რთული დრო გახლდათ - ხან წყალი არ იყო, ხან გაზი, არც ტრანსპორტი დადიოდა. საჭმელიც არ გვქონდა. პურის საყიდლად რიგში საათობით უნდა დამდგარიყავი და ან შეგხვდებოდა, ან არა. შეიძლება ვიღაც მხედრიონელიც მოსულიყო, ესროლა და წაერთმია ის პური. ერთხელ რიგში მთელი ღამე გავათენე. ორი პური ავიღე და რიგიდან რომ გამოვედი, ვიღაცამ სცადა წაერთმია... ერთი მივეცი...

- ბატონო რეზო, ბევრი ბავშვია ვარჯიშის დაწყების მსურველი?..

- კი, ბევრი მოდის და როცა კიდევ მოგვემატება, სავარჯიშო საათებსაც დავამატებთ და ალბათ მწვრთნელების დამატებაც მოგვიწევს. ბევრი მირეკავს და მეკითხება, თუ რამდენია გადასახადი. ამაზე ნერვები მეშლება. ყველას ვეუბნები, რომ უფასოა. იმიტომ ვწვალობ და პარალელურად რაღაცებს ვაკეთებ, რომ ეს ყველაფერი უფასო იყოს.

- ბუნებრივია, რომ უკვირთ. ასეთი რამ დღეს იშვიათობაა...

- იშვიათიც და მგონია, არც ყოფილა.

- ჰო, ალბათ სჯობს ვთქვათ, უპრეცედენტო...

- მესმის, ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი მსიამოვნებს. ამას ალალად ვამბობ, შვილებს ვფიცავ.

ანა კალანდაძე