რა სიახლეებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი - გზაპრესი

რა სიახლეებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი

2018 წელს საქართველოს მასშტაბით 16 სკოლის მშენებლობა დასრულდება, ორში კი სწავლა მომავალ წელს განახლდება. პირველკლასელ მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს სახელმწიფომ 54 ათასამდე კომპიუტერი გადასცა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარამდე გაიხარჯა. თანამედროვე ტიპის ახალი სახელმძღვანელოები, რომლითაც აქამდე არსებული პირველიდან მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები ჩანაცვლდა, გაუმჯობესებული პროგრამის გარდა, შესამჩნევი სიმსუბუქით გამოირჩევა. ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული სიახლეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში გაგვაცნეს...

ზვიად როსტომაშვილი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი:

- საქართველოში არსებული 2 084 საჯარო სკოლიდან, აჭარისა და აფხაზეთის გარდა, 1842 სკოლის 2 172 სასწავლო კორპუსზე საგანმანათლობლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უპრეცედენტო რაოდენობის ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. თბილისში ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მე-100 საჯარო სკოლის მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. ორი სკოლის მშენებლობა (თბილისის მე-2 საჯარო სკოლა და ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლა) 2019 წელს დასრულდება. საერთოდ, სკოლების დიდი ნაწილი ნაწილობრივ და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. სააგენტომ 2018 წელს დაახლოებით 500 სკოლას ჩაუტარა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

- თბილისში მოსახლეობის მაჩვენებლის კატასტროფული მატების შედეგად, ქალაქის უბნები კიდევ უფრო მჭიდროდ დასახლებული გახდა. ამან, ბუნებრივია, სკოლების, კლასების გადავსება გამოიწვია. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად რა ღონისძიებები ტარდება?

- დიახ, ასეა. ფართი კი, რომელზეც შეიძლება სკოლა აშენდეს, სულ უფრო და უფრო რთული მოსაპოვებელი ხდება. ახლახან მერიის ხელშეწყობით გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში, სადაც იგეგმება ახალი მეგასკოლის მშენებლობა, მაგრამ არსებობს უბნები, სადაც მიწის ნაკვეთის მოძიება უკვე თითქმის შეუძლებელია.

- მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი პროფესიულ სასწავლებლებშიც მიმდინარეობს?

- დიახ, ამჟამად პროფესიული სასწავლებელი კასპში შენდება. მოთხოვნა ადგილობრივი მრეწველობისა და იმ რიგი დარგების განვითარებამ გამოიწვია, რომლებიც ამ რეგიონისთვისაა ტრადიციული. სრული რეაბილიტაცია უტარდება რუსთავში მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯს. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე კოლეჯის რეაბილიტაცია.

GzaPressგიორგი შალუტაშვილი, დირექტორის მოადგილე: - წელს დასრულდა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით საჭირო სახელმძღვანელოების გრიფირება, რამაც საშუალება მოგვცა განახლებული შინაარსისა და თანამედროვე ტიპის სახელმძღვანელოები მიგვეღო. რაც შეეხება წონის შემცირებას, სახელმძღვანელოები ორ ან სამ ნაწილად გაიყო და დასაბეჭდი მასალაც უფრო მსუბუქი შეირჩა. წიგნები ყველა სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე დარიგდა. მეშვიდე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოების დარიგება ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოხერხდა, რადგან მათი გრიფი არ იცვლებოდა.

- გრიფირება სამომავლოდ მაღალი კლასის სახელმძღვანელოებსაც შეეხება?

- დიახ და უფრო თანამედროვე სტანდარტის სახელმძღვანელოებს მივიღებთ. წონის შემცირება ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტად რჩება. სიახლე გახლავთ ის ფაქტიც, რომ რიგ საჯარო სკოლებში კომპიუტერული ტექნიკა განახლდა. თითქმის ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახალი კომპიუტერებითა და პროექტორებით აღიჭურვა. 3 100 კომპიუტერი უკვე შესყიდული გვაქვს იმ წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ვინც საბაზო საფეხური 10 ქულაზე დამრგვალების გარეშე დაასრულა. იწყება წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.

- ასეთი ბავშვების რაოდენობა იზრდება?

- დიახ, მათი რაოდენობა საშუალოდ, ყოველწლიურად 200-250 ბავშვით იმატებს.

- უკვე რამდენიმე წელია საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდება. რა კრიტერიუმებით ირჩევა მოსწავლე, რომელსაც პროგრამით სარგებლობა შეუძლია?

- თუ მოსწავლის საცხოვრებელი სახლი ახლომდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებას მინიმუმ 2 კილომეტრითაა დაშორებული (მაღალმთიან რაიონებში - კილომეტრ-ნახევრით) და ამ მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეისი არ სრულდება, საჯარო სკოლის მოსწავლე ავტომატურად ხდება პროგრამის ბენეფიციარი. პროგრამას ვახორციელებთ როგორც რაიონებში, ისე თბილისში. ამჟამად ტრანსპორტით 70 600 მოსწავლე სარგებლობს. ამ სოციალური პროგრამის განხორციელება საკმაოდ სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული, მისი ბიუჯეტი 20 100 ათას ლარს შეადგენს, თუმცა, თანხის ამ მიზნით გაღება ცალსახად გამართლებულია, რადგან პროგრამის ამოქმედების შემდეგ სკოლებში დასწრების მაჩვენებელი 95%-ით გაიზარდა.

- რა ტიპის ღონისძიებები ტარდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად?

- ვცდილობთ მაქსიმალურად გავუადვილოთ ხელმისაწვდომობა სკოლებზე. იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ ან ახალს ვაშენებთ, სრულად ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს და ვქმნით ადაპტირებულ გარემოს. 2013-14 წლებში ნორვეგიის სამეფოს მიერ გამოყოფილი გრანტის საშუალებით 5 პროფესიული სასწავლებლის შენობის სრული ადაპტირება მოხდა. მოგვიანებით, მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ყველა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში შშმ პირთათვის სპეციალური გარემოს შექმნა სავალდებულო გახდა.

- და ეს, ცხადია, მათი დასაქმების მაჩვენებელზეც აისახა...

- ბუნებრივია, რადგან მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა სასურველ სპეციალობას ადაპტირებული გარემოს მქონე სასწავლებელში დაეუფლონ. თითქმის ყველა ძველ შენობაში კარის ღიობების გაფართოება და ზღუდარების მოხსნა მოგვიხდა, რათა ეტლით მოსარგებლეებს კარში შესვლა დამოუკიდებლად შესძლებოდათ. ამავე მიზნით, თუკი შენობა ორ ან მეტ სართულს მოიცავს, აუცილებელი ხდება ლიფტის მონტაჟი.

- იმავე პრინციპით ლიფტები სკოლებშიც მონტაჟდება?

- ცხადია, ყველა საჯარო სკოლა არ არის ადაპტირებული, მაგრამ როგორც კი ვიღებთ ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, ვიწყებთ სათანადო ზომების მიღებას. მაგალითად, ამჟამად ლიფტის მონტაჟი 198-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. შშმ მოსწავლეები სწავლობენ ასევე, მე-200 საჯარო სკოლაში.

შორენა ლაბაძე