ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემო - უცხო ფრაზა ქართული რეალობისთვის - გზაპრესი

ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემო - უცხო ფრაზა ქართული რეალობისთვის

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი ვალდებულებაა, რომელსაც ბიზნესი საკუთარ თავზე კანონით დაწესებულ მოთხოვნათა მიღმა იღებს, რადგანაც ეს მის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება. თანამედროვე მსოფლიოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ქვეყანათა განვითარებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერების პროცესში ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევა. ეს გახლავთ ბიზნესის არჩევანი, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მოლოდინები და დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, გარდა მისი მორალური ღირებულებისა, მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში მდგომარეობს. კომპანიები ბევრად მეტ წარმატებას მიაღწევენ, თუკი შეძლებენ მართონ ის ზეგავლენა, რომელსაც მათი საქმიანობა ბუნებრივ გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებზე, საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, პარტნიორებზე, ინვესტორებზე, ადგილობრივ თემებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე ახდენს.

CSR-ის კონცეფციის ერთ-ერთი მიმართულება კომპანიების მიერ საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვაა. სხვადასხვა აქტივობის განხორციელებასთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, მოიცავს თუ არა კომპანიების ზოგადი პოლიტიკა ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, რამდენად იცავს კანონი დასაქმებულ ორსულებსა და დედებს - ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს შესახებ ზოგადი სურათის წარმოსადგენად სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებს დავუკავშირდი. მათ შორის იყო სამინისტროები, პარლამენტი, სასამართლო, სკოლები, საბავშვო ბაღები, კლინიკები, თეატრები, პარფიუმერიული მაღაზიების ქსელი, გადამზიდავი ექსპედიტორი კომპანია... სამწუხაროდ, მოსმენილმა ბევრად გადააჭარბა მოსალოდნელს... ობიექტების უმეტეს ნაწილში, არათუ კეთილი ნებით არ აქვთ დანერგილი ოჯახზე მორგებული გარემოს პოლიტიკა, კანონით გათვალისწინებულ შეღავათებსაც კი უგულებელყოფენ. არაერთ კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევა ნორმად აღიქმება, გაპროტესტების შემთხვევაში კი ფრაზა: "თუ არ გინდა, წადი!" იწყებს მოქმედებას...

არაერთგვაროვანი იყო შესაბამისი სამსახურების რეაქციებიც ინფორმაციის გამოთხოვისას... სამინისტროების დიდი ნაწილის პრესსამსახურებმა, როგორც ეს უმეტეს შემთხვევებში ხდება, დაპირების მიუხედავად, თავი აარიდეს ინფორმაციის მოწოდებას. იყო რამდენიმე პარადოქსული შემთხვევაც, როცა კომპანიის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მცირე, მაგრამ გარკვეული სახის შეღავათი ჰქონდათ როგორც მცირეწლოვანების მშობლებს, სამინისტროს ადმინისტრაციამ კი ეს უარყო... კეთილი ნებით დაშვებული რაიმე სახის შეღავათის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ორი დღის შემდეგ მივიღე ასეთი წერილი: "სამინისტროს შინაგანაწესში ოფიციალურად ქალი თანამშრომლებისთვის არანაირი შეღავათი არ არის გათვალისწინებული".

თბილისის მერიაში მშობლებს, ვისაც დაწყებითი კლასის მოსწავლე შვილები ჰყავთ, უფლება აქვთ სამსახურში ნახევარი საათით გვიან გამოცხადდნენ.

გარდა იმისა, რომ კომპანიებში ოჯახზე მორგებული გარემოს პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს არაკოლეგიალური განწყობა, კოლეგიალური სოლიდარობის სრული დეფიციტი. ექვსი შვილის დედას, ანას, რომელიც ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, დირექტორმა სამსახურის 2 საათით ადრე დატოვების უფლება მისცა. ქალმა თანამშრომლებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და უკმაყოფილება უფროსთან საყვედურით გამოხატეს. დირექტორის პასუხი ამგვარი გახლდათ: "მოდი, ამ საკითხზე მას შემდეგ ვისაუბროთ, როცა თუნდაც სამი შვილი გეყოლებათ". მომავალ დედებს ხშირად ბოდიშის მოხდა უწევთ მხოლოდ იმის გამო, რომ დედა უნდა გახდნენ - შვილი გააჩინონ და გაზარდონ.

GzaPressხშირია დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედების უფლებების დარღვევის ფაქტი. მათ შორისაა დეკრეტული შვებულებისას სამსახურიდან გათავისუფლება ან შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა, უხელფასო შვებულებისას სამსახურიდან დათხოვნა, თანამდებობიდან გათავისუფლებისას წინასწარი ერთთვიანი გასაფრთხილებელი ვადის პრინციპის დარღვევა. ერთ-ერთი სამინისტროს სსიპ-ის თანამშრომელს - მაიას უჭირდა სამსახურში ორსულობის შესახებ განეცხადებინა. ამ ნაბიჯის გადადგმა დააჩქარა ინფორმაციამ ექიმის მიერ დადგენილი წოლითი რეჟიმის შესახებ. "როცა ამბავი გავახმაურე, კადრების უფროსის პირველი რეპლიკა იყო, ეს ორსული როგორ შემოგვეპარეო. ამ სსიპ-ში დეკრეტული შვებულების არც ერთი დღე არ იყო ანაზღაურებადი, მაშინ, როცა თავად სამინისტროს თანამშრომლებს, ჩვეულებრივ, კანონის მიხედვით უნაზღაურდებოდათ. "დეკრეტში ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა..." ერთი თვის შემდეგ სამსახურში მისულ მაიას რამდენიმე თანამშრომელი არც კი მიესალმა. მიზეზი მოგვიანებით შეიტყო: "შენ სახლში იწექი, ჩვენ კი საქმე "თავზე გვეყარა".

ერთ-ერთი გადამზიდავი ექსპედიტორი კომპანიის თანამშრომელი, ნინო კომპანიაში ოჯახთან თავსებადი პოლიტიკის არარსებობისა და სამსახურის დაკარგვის რისკის გამო, მეორე შვილის გაჩენას გამორიცხავს. ამბობს, რომ მეორე შვილზე ფიქრის შემთხვევაში, დიდია შანსია სამსახური საერთოდ დაკარგოს და შესაბამისად, პირველი შვილის მატერიალური უზრუნველყოფაც შეუწყდეს...

პარფიუმერიულ კომპანიაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, შვილის შეძენის შემდეგ, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ექვსთვიანი დეკრეტული შვებულებით და აქედან არც ერთი (!) თვე არ არის ანაზღაურებადი! სანამ პატარა ერთი წლის გახდება, დედას უფლება აქვს, სამსახური ერთი საათით ადრე დატოვოს...

ვფიქრობ, კიდევ მცირეა მაჩვენებელი - საქართველოში ბოლო წლებში შობადობა 5,8 პროცენტით შემცირდა...

2017 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში ოჯახზე მორგებული პოლიტიკის თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური ცვლილებები აისახა. გაიზარდა დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა და ანაზღაურებადი დღეების რაოდენობა. ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ანაზღაურებადი შვებულების მაქსიმალური ლიმიტი მანამდე არსებული 600 ლარის ნაცვლად, 1.000 გახდა. მოხელეს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით ეძლევა. აქედან ანაზღაურებადია 183 დღე (მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200). მოხელეს უფლება აქვს შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. პირს, რომელმაც წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ბავშვის დაბადებიდან (და არა შვილად აყვანიდან) 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 დღე. ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ითვლება საპატიოდ და ნარჩუნდება შრომის ანაზღაურება. 5 წლამდე ასაკის ბავშვის დასაქმებულ მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება წელიწადში არანაკლებ 2 კვირის ოდენობით, ანუ ჯამში არანაკლებ 12 კვირისა იმ დრომდე, სანამ ბავშვს 5 წელი შეუსრულდება. აღნიშნული შვებულებით დასაქმებულს უფლება აქვს უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ ისარგებლოს. დასაქმებულ მეძუძურ დედას, რომელიც წლამდე ასაკის ბავშვს კვებავს, მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება არანაკლებ ერთი საათისა, სამუშაო საათების ნებისმიერ მონაკვეთში. ბავშვის კვებისთვის განკუთვნილი დრო სამუშაო დროდ მიიჩნევა და ანაზღაურებადია.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალს, გარდა ამ 1.000 ლარისა, დამსაქმებლისგან ასევე ეძლევა კომპენსაცია შვებულების პერიოდში მისაღები ხელფასის სრულ ოდენობამდე შესავსებად. რაც შეეხება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალს, რომელიც დეკრეტული შვებულებით სარგებლობს, მისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დამსაქმებელს არ გააჩნია და ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალურ დახმარებას, სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში. ბენეფიტის ოდენობა მესამე ახალშობილზე 800, მეოთხეზე - 1.000, ხოლო მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე - 1.500 ლარით განისაზღვრება.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" ოფიციალური განცხადების მიხედვით, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული 11 დემოგრაფიული ინიციატივიდან 7 ფონდში შემუშავდა. სამწუხაროდ, ამჯერად ფონდსა და მედიას შორის თანამშრომლობა ვერ შედგა.

დღევანდელ მსოფლიოში პირდაპირი კავშირი არსებობს კომპანიის იმიჯსა და თანამშრომელთა კორპორაციულ ერთგულებას შორის. საწარმოებში ოჯახთან თავსებადი სამუშაო პირობების დანერგვა დიდი ყურადღების საგანია ევროპაში. ევროპის არაერთ ქვეყანაში ამ მიზნით კონკურსები ტარდება. მაგალითად, ავსტრიაში 1999 წლიდან სოციალური დაცვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო ატარებს კონკურსს საუკეთესო პოლიტიკისათვის ოჯახთან თავსებადი გარემოს შესაქმნელად. კონკურსში მონაწილე კომპანიები რამდენიმე სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდებიან, მათ შორის გახლავთ ქალების რაოდენობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ნახევარშტატიანი სამუშაო ადგილების რაოდენობა, სამუშაო საათების მოქნილობა, ბავშვიანი თანამშრომლების ხელშეწყობის პოლიტიკა და ა.შ. უნგრეთში დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო 2000 წლიდან ყოველწლიურად ანიჭებს ოჯახთან თავსებადი დამსაქმებლის ჯილდოს იმ კომპანიებს, რომელთაც ყველაზე წარმატებულად მოახერხეს პროფესიული საქმიანობის შეთავსება ოჯახთან. ჯილდოს იღებენ ასევე ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ნახევარშტატიანი სქემები, სახელფასო პრემიები, ახალგაზრდა დედების რეინტეგრაციის პროგრამები, ტრენინგები დეკრეტულ შვებულებაში გასული დედებისათვის და ა.შ. სლოვაკეთში შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის სამინისტრო ყოველწლიურად გასცემს ოჯახთან თავსებადი დამსაქმებლის ჯილდოს. ავსტრიის სოციალური დაცვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო აწყობს კონკურსს ოჯახთან თავსებადი სამუშაო გარემოს საუკეთესო პოლიტიკისათვის. ჰოლანდიის ცოდნისა და ინფორმაციის ცენტრი ჩშღ-ის შესახებ მოიძიებს და აშუქებს კარგ და არცთუ ისე კარგ მაგალითებს ჩშღ-თან მიმართებით, რათა გამოავლინოს წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. ამ ინიციატივების მიზანია, თანამშრომლის ოჯახი ან ოჯახის შექმნის გეგმები ხელს არ უშლიდეს მის პროფესიულ კარიერას. გერმანიის მთავრობა მიზნად ისახავს ოჯახისა და სამუშაოს ბალანსი გერმანული ბიზნესის სავაჭრო მარკად აქციოს და ამ მიზნით მრავალ ინიციატივას ახორციელებს. დაარსდა ინერნეტპორტალიც, რომელზეც მარტივად და გასაგებად არის წარმოდგენილი, რა ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძლება კომპანიაში ოჯახთან თავსებადი პოლიტიკის შემუშავება. ოჯახთან თავსებადი სამუშაოს პრინციპებს ნერგავენ სახელმწიფო უწყებებშიც, რითაც კომპანიებისთვის მისაბაძი მაგალითის ფუნქციას ასრულებენ. ამის კარგი მაგალითები არსებობს გერმანიაში, ესპანეთსა და სლოვენიაში.

ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რომელთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ CSR-ის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ეფექტური ინსტრუმენტის განვითარება წარმოადგენს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ევროსაბჭო, გაერო, ეუთო. ევროკავშირი ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს ჩშღ-ის განვითარების მიზნით როგორც თავის წევრ ქვეყნებში, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ჩშღ-ის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო ეფექტურ განხორციელებას და სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციას. ეს აგრეთვე, ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთის მრავალ განვითარებულ თუ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანასთან, ქვეყნის უფრო სტაბილურ განვითარებას, ეროვნული პოლიტიკის მიზნების განხორციელებას, მრავალრიცხოვანი შიდა პრობლემების უფრო ეფექტურ მოგვარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

შორენა ლაბაძე