"თეა წულუკიანი შრომისმოყვარე და ოდნავ გულჩახვეული იყო" - გზაპრესი

"თეა წულუკიანი შრომისმოყვარე და ოდნავ გულჩახვეული იყო"

კახა თოდაძე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. დისიდენტური წარსულის მქონეს, ბობოქარი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წლებზე ბევრი რამ აქვს გასახსენებელი... ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, თუ რატომ იბარებდნენ ხშირად "კაგებეში", რატომ გარიცხეს ორჯერ კომკავშირიდან და რა არის დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა.

- ჯავახიშვილის საფლავის უკან ერთი ჭიქა არაყი თუ არ დაგილევია, ჩათვალე, სტუდენტობა არ გაგივლია. არაჩვეულებრივი წლები იყო, საუკეთესო ლექტორები, საოცარი ადამიანები მიკითხავდნენ ლექციებს: ზაზა ალექსიძე, მზია ანდრონიკაშვილი, მზექალა შანიძე, ოთარ ურიდია. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ჩემს სტუდენტობას დაემთხვა ეროვნული მოძრაობის პერიოდი, ეს იყო 1980-85 წლები. მე და ჩემი მეგობრები მაშინ ვყვიროდით და მაშინ გამოვთქვამდით პროტესტს, როცა ყველა დადუმებული იყო. ოჯახის წყალობით კარგად ვიცოდი თავისუფლების ხიბლი. მშობლები, ასევე, დეიდა და მამიდა პედაგოგები იყვნენ, დედაჩემის ბიძა სიმონ კილაძე კი ფოტოკლუბის თავმჯდომარე გახლდათ და მისგან არაერთ საინტერესო, გამოჩენილ ადამიანს ვიცნობდი: გრიგოლ აბაშიძეს, შოთა ნიშნიანიძეს და ა.შ. ერთი სიტყვით, დისიდენტურ გარემოში ვიზრდებოდი. ამიტომაც, ჯერ კიდევ სკოლაშივე არ მომწონდა იდეა, რომ ჩვენთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. ირაკლი წერეთელი სტუდენტობისას გავიცანი და მასთან ერთად ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია სულ 5 კაცმა შევქმენით. დაქირავებულ, არალეგალურ ბინაში ვბეჭდავდით პროკლამაციებს და ვავრცელებდით. მახსოვს, ერთხელ პირდაპირ სვეტიცხოველში დაგვაპატიმრეს, გვცემეს კიდეც. 1978 წელს, ქართული ენის დაცვის დღეზე ბიძაჩემთან ერთად წავედი, ოჯახის წევრებს კი დავუტოვეთ წერილი, სადაც ეწერა: თუ დავიღუპებით, დიდი საქმისთვის დავიღუპებითო. პროკლამაციები გავავრცელეთ უნივერსიტეტში, აუდიტორიაში პირდაპირ მაგიდებზე დავუწყვეთ ყველას. მაშინ მხოლოდ ირაკლი წერეთელი დაიჭირეს, დანარჩენები გადავრჩით. მეორე დღეს ჩემთან მოვიდა ზვიად გამსახურდია და მთხოვა, ირაკლის მამასთან ნაჩხუბარი ვარ და ამბის გასაგებად გამომყევიო. წავედით, მაშინ ქავთარაძეზე ცხოვრობდნენ. წამოსვლისას ირაკლის დედამ ერთი გასაღები აიღო, - ეს არის ჩვენი სახლის გასაღები და თქვენ გქონდეთო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე. გვეგონა, ზვიადი ამ გამბედაობისთვის შეგვაქებდა, მაგრამ ასეთი რამ გვითხრა: ჯერ საქმე გავაკეთოთ და მერე ვიფიქროთ ასეთ რისკზეო. ცოტა არ იყოს, ნაწყენიც კი დავრჩი. წავედით იმ ბინაში და ყველაფერი, პროკლამაციები და საბეჭდი აპარატურა ჩანთებით გამოვიტანეთ. ირაკლი ფაქტზე ვერ დაიჭირეს და მაინც 4 წელი მისცეს, ჩვენ რომ დავეჭირეთ იმ ჩანთებით, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც მოხდებოდა?

- კომკავშირიდან ორჯერ გამრიცხესო, - მითხარით. მიზეზი რა იყო?

GzaPress- უნივერსიტეტში კომკავშირის კომიტეტის სხდომას სესილი გოგიბერიძე ატარებდა. რამდენიმე მეგობართან ერთად, საყვირი და "ბარაბანი" ავიღე და იქაურობა ავიკელით. სესილი გოგიბერიძემ, უნდა გაგრიცხოო. ვერ გამრიცხავ-მეთქი. რატომო? არ ვარ კომკავშირის წევრი-მეთქი. მაშინ უნივერსიტეტში, მიმღებ კომისიაში აუცილებლად უნდა მიგეტანა კომკავშირის სააღრიცხვო ბარათი, რომელზედაც მდივანს უნდა ჰქონოდა ხელი მოწერილი, მე კი მიტანილი არ მქონდა, რადგან მანამდე გარიცხული ვიყავი კომკავშირიდან. ამის მიუხედავად, რამდენიმე წელი საწევროს მაინც მახდევინებდნენ. გიგლა ბარამიძე კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო იმ პერიოდში. სწორედ მას ვკითხე: ჯერ ერთი, წევრი არ ვარ და მეორეც, წევრი რომ არ ვიყავი, ფულს რატომ მახდევინებდით, სად მიდიოდა ეგ ფული-მეთქი? გაჩუმდი, ეგ არსად თქვაო. 15 წუთში ამიყვანეს აღრიცხვაზე და ისევ მომხსნეს. ეს კურიოზი იყო.

- იყო ასეთი პროგრამა - "მომავალი იწყება დღეს", რომელიც არაქართულ სკოლებში ქართულის სწავლას ითვალისწინებდა.

- მანამდე, როდესაც დაიწყო ლაპარაკი ქართული სოფლის გადასარჩენად, რეგიონის სკოლებში მასწავლებლების განაწილებაზე, თბილისიდან 7 პედაგოგი წავედით. მათ შორის ვიყავით მე და ჩემი მეუღლე ორ ბავშვთან ერთად. ეს იყო 1989-90 წლებში. გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში 2 წელი დავყავით. ეს შემოქმედებით მივლინებად ჩამეთვალა. მერე იყო პროექტი - "მომავალი იწყება დღეს", რომელიც დიდხანს მზადდებოდა. რადგან "არაქართულ" რეგიონებში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა ქართული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებას, ხელისუფლებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. იორმუღანლოში დაახლოებით 2 წელი დავყავი და მერე კვლავ თბილისსა და 23-ე სკოლას დავუბრუნდი.

- არაქართულ სკოლებში ენის ბარიერი არ გქონდათ?

- აუცილებელია იცოდე ის ენა, რომელზეც შენი მოსწავლეები საუბრობენ, ამის გარეშე გაგიჭირდება. ვერ წარმოვიდგენდი, შუა კახეთში ქართული თუ არავის ეცოდინებოდა. სულ რაღაც 7 კილომეტრით იყო ეს სოფელი დაშორებული ქართული მოსახლეობიდან და რომ მეგონა, რუსულს "ბუფერულ" ენად გამოვიყენებდი, იქ მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა რუსულიც არ იცოდნენ. თითქოს სხვა სახელმწიფოში მოვხვდი. ქართულ-აზერბაიჯანულ სკოლაში სულ ორი ქართველი მასწავლებელი ვიყავით, მისიონერები დაგვარქვეს.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- კომუნიკაციის ნაკლებობა არ იყო, ენასაც უცებ ავუღე ალღო. რომელ ქვეყანაშიც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და მეც შევეწყე მათ წეს-ჩვეულებებს. თუმცა, თავიდან ბევრი რამ უცხო აღმოჩნდა ჩემთვის. გამიკვირდა თუნდაც ის, რომ წყალზე მხოლოდ ქალები დადიოდნენ სპილენძის თუნგებით. სანამ არ დაღამდებოდა, არც მე მივდიოდი წყლის მოსატანად - იქაური კაცი თუნგს არასდროს დაიჭერდა ხელში. ჩემი კოლეგა ქალი რომ შემხვდებოდა ქუჩაში, ხმას არ მცემდა და თვალს მარიდებდა. თავიდან ვფიქრობდი, ნეტავ, რას მერჩის, რა დავუშავე-მეთქი? მერე მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მახსოვს, ერთხელ ქორწილში როგორ გამიკვირდა, მხოლოდ კაცები რომ ისხდნენ სუფრასთან, ქალები კი - მოშორებით და არც პატარძალს ჰქონდა ამის პატივი. ერთხელ კოლეგამ დამპატიჟა, შვილის ნიშნობა მაქვსო. აღმოჩნდა, რომ ორივე ჩემი მოსწავლე იყო - ბიჭი მეცხრეკლასელი, გოგო კი მეექვსე. რა უნდა მექნა? მაისის შემდეგ აზერბაიჯანული ოჯახების 90% იალაღებზე მიდიოდა და სკოლა, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. ასეთი გახლდათ მათი ცხოვრების წესი და მე ვერაფერს შევცვლიდი.

- ბავშვები თუ ინტერესდებოდნენ ქართული ენის შესწავლით?

- სხვათა შორის, სწავლობდნენ. მოსწავლეებმა ნელ-ნელა ქართულად აზროვნება დაიწყეს, რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ.

- ყველაზე მთავარი, რასაც მოსწავლეებს ასწავლით, რა არის?

- ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ თავისუფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება; რომ შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ აზრები, შეხედულებები - მერე რა, რომ სხვისთვის მიუღებელი? თუ რამეს არასწორად აკეთებენ, უნდა შეეცადო, ჭეშმარიტების გზაზე შენ დააყენო. ქართული ლიტერატურა მხოლოდ ლიტერატურა არ არის. სტინგი ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტი იყო. შექსპირის სონატები რომ ვერ ასწავლა მოსწავლეებს, მერე მუსიკა დაწერა და ყველამ კარგად აითვისა. ასე რომ, შესასწავლი მასალის გამხატვრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

- უკვე 32 წლის სტაჟი გაქვთ. პირველი გაკვეთილი თუ გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს, 62-ე სკოლაში იყო, "გვადი ბიგვა" განვიხილეთ და დავამტკიცეთ, რომ გვადი არის კარგი მამა, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი. შევეცადე, ბავშვებისთვის სხვა თვალით დამენახვებინა ეს პერსონაჟი. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე ველაპარაკე ბავშვებს. "კაგებეში" დამიბარეს. მითხრეს, რომ ვწამლავდი ახალგაზრდების გონებას. იცოდნენ, დისიდენტი რომ ვიყავი და წამით არ მაშორებდნენ თვალს.

- გაკვეთილი თუ ჩაუშლიათ თქვენთვის მოსწავლეებს?

- ერთხელ საკონტროლო წერა გვქონდა, იროდიონ ევდოშვილის ლექსის - "მუზა და მუშა" განხილვა უნდა დაეწერათ. 1988 წელი იყო და მიტინგი ტარდებოდა. ბავშვებმა პროტესტი გამოთქვეს, ჩვენ ამ კომუნისტურ ლექსზე არაფერს დავწერთო, კარი გააღეს და მთელი კლასი წავიდა. რა უნდა მექნა? ავედექი და მეც წავედი.

- რომელი მოსწავლე გახსოვთ დღემდე და რატომ?

- კარგად მახსოვს თეა წულუკიანი, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ჭკვიანი და შრომისმოყვარე, ოდნავ გულჩახვეული. ასევე, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მამუკა ჟღენტი, საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში. კიდევ: ვანო მაჭავარიანი, ნიკა აგლაძე, გიორგი ლაშხი, გიორგი ბაქრაძე. სხვათა შორის, მეც მყავდა ჩემი გუნდი - "ილიადა" და უმაღლეს ლიგაში მოსწავლეებთან ერთად ვთამაშობდი. მე-5 ადგილზე ქვევით არ ჩავსულვართ. ნიკა გვარამია დაცვით მოდიოდა ხოლმე თამაშზე, მე - ბავშვებით (იცინის). საერთოდ, როცა ბავშვები გიყვარს, არასდროს უნდა დაანახვო, რომ მათზე მეტი იცი. მოსწავლეს უნდა ეგონოს, თითქოს მასთან ერთად ეძებ და მასთან ერთად იგებ რაღაც ახალს.

- რა არის დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ეს არის აზროვნების ჩახშობის პრობლემა. ამაში ლომის წილი შეაქვს სახელმძღვანელოების უვარგისობასაც. გაკვეთილზე პედაგოგმა არ უნდა მოიცალოს ოჯახსა და პრობლემებზე სასაუბროდ. მოსწავლეს უნდა დაანახვო, რომ ის პიროვნებაა, მაგრამ ისიც უნდა ასწავლო, პიროვნული თავისუფლება უზნეობაში რომ არ უნდა გადაეზარდოს. წიგნის უპირატესობა თვალნათლივ უნდა დავანახვოთ ბავშვებს... კიდევ ერთი პრობლემა: კარგი რა, რა დროს სამშობლოა, კახა მასწავლებელოო, - ბევრჯერ უთქვამთ. სამშობლო სათამაშო კი არ არის, რომ მოგწყინდეს და გადააგდო; ძროხა კი არ არის, საძოვრიდან რომ მოგივა, მოწველი და თავს დაანებებ. სამშობლო ყოველთვის არის და მისი დრო ყოველთვისაა! წავალ საქართველოდანო, - იქადნებიან ხოლმე. თუ სულში არ გიზის საკუთარი ქვეყნის სიყვარული და თუ გაქცევაზე გაქვს გულისყური, წადი, მერე რა, უფრო მეტად გადაგვარდები და გადაჯიშდები, ასეა ეს...

ნინო ჯავახიშვილი