ბოლნისელების "სავიზიტო ბარათი" - გზაპრესი

ბოლნისელების "სავიზიტო ბარათი"

ქართული ცეკვის ანსამბლი - "ბოლნელი" ბოლნისელების "სავიზიტო ბარათი" გახლავთ, რომელიც წლების წინ, კობა ჟღენტმა დააარსა. ბატონი კობა დღეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი ქორეოგრაფი და ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ხელმძღვანელიც გახლავთ. გაისად მას საქმიანობიდან 30, ხოლო დაბადებიდან - 50 წელი უსრულდება. კობა ჟღენტის ოცნებაა, "ბოლნელს" თავშესაფარი ჰქონდეს და წლების წინ წამოწყებული ეროვნულ-საზოგადოებრივი საქმე განაგრძოს. დღეს ანსამბლისა და სკოლა-სტუდიის შენობა სავალალო მდგომარეობაშია...

გურულები ქვემო ქართლში და ბავშვობაში გაცნობიერებული "ერის ფორმულა"

GzaPress- გვარის მიხედვით, ჩვენი ფესვები გურიაშია. მამაჩემი წარმოშობით ჩოხატაურის რაიონიდან (სოფელი სამება) არის. ქუთაისის სამთო გამამდიდრებელი ტექნიკუმი დაამთავრა. როგორც იცით, ქვემო ქართლში მადნეულის ოქროს საბადოა. დაბა კაზრეთში (ბოლნისი) ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი იყო. იმჟამად ცდილობდნენ, ახალგაზრდები დაეინტერესებინათ, რომ წამოსულიყვნენ და აქ ესწავლათ - თავიანთი ძალა და ენერგია ამ მიმართულებით მიემართათ, რადგან მაშინ ოქროს საბადოს აღორძინება ახალი დაწყებული იყო. აი, მამაჩემი ქუთაისიდან ბოლნისში ასე "გაანაწილეს". ტექნიკუმი რომ დაამთავრა, აქაური ქალი გაიცნო და ჟღენტების ოჯახი შეიქმნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ გვარის ერთადერთი წარმომადგენელი ჩვენ ვართ. სამი დედმამიშვილი გახლავართ. როგორც თითქმის ყველა ოჯახი, ჩემი მშობლებიც მოწოდებული იყვნენ, შვილები ტრადიციების მიხედვით აღეზარდათ, სამშობლოს სიყვარული ჩაენერგათ. როცა სკოლაში სასწავლებლად შევედი, მშობლები ყურადღებას აქცევდნენ, თუ რომელ წრეში დავკავებულიყავი. ბუნებრივია, დაბა კაზრეთში მოსახლეობა ხელოვნების სხვადასხვა წრით განებივრებული არ იყო. ახალი დასახლება ნელ-ნელა იკრებდა ძალას. მალე ამ პატარა დაბაში ქართული ცეკვის სტუდია ჩამოყალიბდა. მშობლებმა ამ სტუდიაში მიმაბარეს. ქართული ცეკვის ჩემი პირველი პედაგოგი ამირან გოგშელიძე გახლდათ. მან მაჩვენა ქართული ცეკვის დიდებულება, რომელშიც ჩვენი ხალხის ისტორია პლასტიკით არის გაცოცხლებული... იმჟამად, ტელევიზიით რამდენჯერმე ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დოკუმენტური ფილმი - "ტრიუმფი მსოფლიოს გზებზე" აჩვენეს, რომელმაც ქართული ცეკვის მიმართ ძლიერი ინტერესი გამიჩინა. შემდეგ ქართლოს კასრაძის წიგნი წავიკითხე, რომელშიც ქართული ცეკვის შესახებ, გრიგოლ რობაქიძის გენიალური აზრი ამოვიკითხე: "ქართული გენია როკვით განფენილი". ეს არის ერის ფორმულა, რაზეც მეობა, იდენტობაა დაფუძნებული. ეს ბავშვობის წლებში დავინახე. ცეკვის ხელოვნება ისე შემიყვარდა, რომ სკოლის დამთავრებისას, საგნობრივი თემების დაწერას თავისუფალი თემა ვარჩიე, რომელსაც "ჩემი მიზანი" დავარქვი. წერა ასე დავასრულე: ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დაწყებულ საქმეს ღირსეული გამგრძელებლები სჭირდება. მჯერა, მომავალში ერთ-ერთი მათგანი მე ვიქნები-მეთქი... შემდეგ, მშობლიური დაბა კაზრეთი დავტოვე და თბილისში გავემგზავრე.

სამხედრო სამსახური დიდ ხელოვანებთან ერთად - საბჭოთა კავშირის პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახური აუცილებლად უნდა გაგევლო - ამას თავს ვერ აარიდებდი. ცეკვა პრაქტიკული დარგია. თუკი მას მთელი წელი მოვწყდებოდი, რთული იყო იმის პერსპექტივა დამენახა, რომ შემდეგ კვლავ მოცეკვავის საქმიანობას გავაგრძელებდი. ამიტომ პედაგოგმა მირჩია, თბილისში, ამიერკავკასიის წითელდროშოვან სამხედრო ანსამბლში მივსულიყავი, სადაც ამიერკავკასიის მასშტაბით, წარმატებული ხელოვანი ახალგაზრდები ხვდებოდნენ და სამხედრო სამსახურს ამ ანსამბლში გადიოდნენ (შემდეგ უკვე ყველა ქართული აკადემიური ანსამბლის მიმართულებით გზა ხსნილი ჰქონდათ). დიდი კონკურსი იყო. სწორედ ამ ანსამბლში შევხვდი ცნობილ საესტრადო მომღერლებს: თემურ თათარაშვილს, თემურ გველესიანს (ანსამბლ "რუსთავის" წამყვანი მომღერალი), ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერლებს - ელგუჯა გეგელაშვილს, ალექსანდრე კორსანტიას (საერთაშორისო მასშტაბის პიანისტს). აქ იყო "სუხიშვილების" ნაციონალური დასის ბევრი წამყვანი მოცეკვავე. მოკლედ, სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ ხელოვანებთან ერთად გავიარე. ანსამბლი რომ დავტოვე, უკვე ბალეტის ჩამოყალიბებული მსახიობი გახლდით. შემეძლო მუშაობა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამეგრძელებინა, როგორც მოცეკვავეს, ასევე - "სუხიშვილებში", "ერისიონში" მივსულიყავი, ხელოვნების სფეროს ნებისმიერი დაწესებულების კარი შემეღო...

GzaPress "სუხიშვილები", "ერისიონი" და პედაგოგიური საქმიანობა მშობლიურ დაბაში - წითელდროშოვანი ანსამბლის შემდეგ, "სუხიშვილებში" ჩავირიცხე. იმ დროს ბედნიერ წლებად მივიჩნევ, რადგან რეპეტიციებზე ნინო რამიშვილის მზერის ღირსი გავხდი. ეს ღვთის წყალობა იყო! ყველა მოცეკვავის ოცნება გახლდათ, ამ სახელოვან დასში მოხვედრილიყო. წილად მხვდა ეს ბედნიერება, თუმცა - ცოტა ხნით, რადგან მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ეროვნულმა მოძრაობამ აქტიურ ფაზაში გადასვლა დაიწყო. ამ ცვლილებას თავისებური კატაკლიზმები მოჰყვა. ქვეყანა ეკონომიკურად განადგურდა (შიმშილი, უშუქობა, პურის რიგები...). თბილისში ცხოვრება მიჭირდა. მატერიალურად, ოჯახიც ვერ მიმაგრებდა ზურგს. პარალელურად, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. კრიზისული პოლიტიკური სიტუაციისა და სიდუხჭირის ფონზე, თბილისში ცოდნის შეძენას და კარიერულ წინსვლას წვალებით ვუძლებდი. "ერისიონის" კარიც შევაღე. რეზო ჭოხონელიძესთან ვმუშაობდი. ის ყველანაირად მხარში ამომიდგა, მამხნევებდა, მაგრამ ჩემი მატერიალური შესაძლებლობა ზურგს ვერ მიმაგრებდა საიმისოდ, რომ თბილისში დავრჩენილიყავი. პარალელურად, დაბა კაზრეთში ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია ჩამოვაყალიბე, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო, როგორც პედაგოგ-ქორეოგრაფისთვის. პედაგოგიკა სულ სხვა რამეა. ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. პირველ გაკვეთილს დიდი შიში და მღელვარება ახლდა. გამიმართლა და დავინახე, ჩემ მიერ გაღებულ ცოდნას, ენერგიას, შრომას მოსწავლეები უკან მიბრუნებდნენ. პედაგოგიკის გზაზე ამაყად დავრჩი. აკადემიურ ანსამბლებში მიღებულ გამოცდილებას აღსაზრდელებს ვუზიარებდი. 1991 წელს ბავშვთა და მოზარდთა პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი - "კიდევაც დაიზრდებიან" უკვე მყავდა. სახელწოდება შთამაგონა მერაბ ბერძენიშვილის უნიკალურმა ძეგლმა, რომელიც ქვემო ქართლში მოგზაურობისას აუცილებლად თვალში მოგხვდებათ.

სკოლა-სტუდია ქვემო ქართლში ისეთი პოპულარული გახდა, რომ ანსამბლში ჩარიცხვისკენ ბევრი ილტვოდა. წარმოიდგინეთ, ბოლნისიდან კაზრეთამდე მანძილი 15-20 კილომეტრია. მიუხედავად ამისა, მუნიციპალური ცენტრიდან დაბაში, სკოლა-სტუდიაში ბევრი მოზარდი დაჰყავდათ... 5 წლის მერე, ხალხის თხოვნით, ბოლნისში გადმოვედით და ფართო მასშტაბის "ქორეოგრაფიული სახლი" ჩამოვაყალიბეთ. დღეს კულტურის ეს კერა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მართლაც სახლადაა ქცეული, სადაც მოზარდები ქართული ცეკვის ხელოვნებას მშვიდად ეუფლებიან. ეროვნული ცეკვების სახალხო სკოლა-სტუდიას "ბოლნელი" დავარქვით, 500 თავდადებული ბოლნელის (რომლებსაც თემურ ლენგის შემოსევების დროს თავები დააჭრეს) პატივსაცემად. ანსამბლმა მათი ღვაწლი გააცოცხლა და ახალგაზრდები ქართულ კულტურას დიდი შემართებით ეზიარებიან. ჩვენს რეგიონში ეთნიკური სიჭრელე შეინიშნება. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც უჩნდებათ სურვილი, რომ ქართულ კულტურას ეზიარონ... ანსამბლი ვიწრო სააღმზრდელო დაწესებულების ფარგლებს გასცდა - ის რეგიონში ქართული კულტურის ფლაგმანად იქცა. მონაწილეობს ფართო მასშტაბის ღონისძიებებში, ასევე - მრავალ ფესტივალში, კონკურსში (საქართველოშიც და უცხოეთშიც). "ბოლნელმა" ბავშვთა და მოზარდა ქორეოგრაფიაში მნიშვნელოვანი საკონცერტო რეპერტუარი შექმნა: ორი გრანდიოზული პროექტი - "კავკასიური ლეგენდა" და "ბოლნელები საქართველოსთვის" განახორციელა, საქართველოს წამყვან თეატრებში სოლო კონცერტები გამართა.

მღელვარება დაემოციური შეხვედრაემიგრანტ მეგობართან GzaPress- აგვისტოში რუმინეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ფეტივალზე გახლდით. ხელოვნების ამ დიდ ფორუმზე 10 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. საქართველოს მხოლოდ ჩვენი ანსამბლი წარმოადგენდა. როდესაც ქვეყნების წარდგენა დაიწყო, ჩვენ უკან საქართველოს დროშა ფრიალებდა, მონიტორზე კი საქართველოს ხედები ჩანდა, ვიგრძენი, რომ სულ სხვა განზომილებაში ვიყავი. ამ დროს მხოლოდ ჩვენს ანსამბლს, ჩვენს შემოქმედებას კი არ წარვადგენდით, არამედ - ჩვენს ქვეყანას. 5000 მაყურებელი იყო. ამაღელვებელი წუთები გახლდათ! ამის მომსწრე ჩემი ბავშვობის მეგობარი - ლიგია მუშკუდიანიც იყო, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება და 15 წელი ნანახი არ მყავდა. რუმინეთში ბავშვობის მეგობარი დავინახე, რომელიც ჩვენს შემოქმედებას აცრემლებული უკრავდა ტაშს... ეს მღელვარე და დაუვიწყარი წუთები იყო!..

პრობლემა - "გამოსავალი მხოლოდ ამ შენობის რეაბილიტაციაა" - დაბა კაზრეთიდან წამოსვლის შემდეგ, ანსამბლს შენობის პრობლემა ჰქონდა. ბოლნისში, ბედის ანაბარად მიტოვებული ყოფილი კინოთეატრის გაპარტახებული შენობა იყო, რომელიც ინგრეოდა, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა... სავალალო მდგომარეობაში მყოფი, არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი გახლდათ. პატრიოტი ადამიანები მოვიძიეთ, ვისაც გარკვეული შემოწირულობების გაღება შეეძლოთ, ძალები გავაერთიანეთ და შენობა აღვადგინეთ - ისიც გადავარჩინეთ და ჩვენი ხელოვნებაც. თითქმის 20 წელია, აქ ვართ. შენობა ძველია და ისევ სავალალო მდგომარეობაშია. ვეძებთ საშუალებებს, რომ აღვადგინოთ, რადგან მომავალი თაობების აღზრდის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კუთხით, ეს შენობა აუცილებელია. აქ არის სასცენო კოსტიუმები, რეკვიზიტები, დეკორაციები... ამ მასშტაბის ალტერნატიული შენობა ბოლნისში არ არსებობს. გამოსავალი მხოლოდ მისი რეაბილიტაციაა. უნდა გადარჩეს, რომ ხალხს ამ ლამაზი სკოლა-სტუდიით სარგებლობის საშუალება ჰქონდეს.

ცეკვის გაკვეთილზე ნაპოვნი სიყვარული - ორი ვაჟკაცი (23 წლის ლაშა, 20 წლის ერეკლე) და ერთი გოგონა (12 წლის ელენე) მყავს. ვაჟები ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებას სწავლობს, მეორე - ხელოვნებათმცოდნეობას. ერეკლე უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა. ახლა უკვე რამდენიმე დღეა, რაც "სუხიშვილების" ნაციონალური დასის წევრია. ჩემი მეუღლე მოცეკვავე არ გახლავთ - ფილოლოგია. წარმოშობით კახეთიდან არის. სტუდია რომ ჩამოვაყალიბე, მაშინ გავიცანი: მისი ძმა ოქროს საბადოს საამქროში მუშაობდა. რამდენჯერმე ცეკვის გაკვეთილზე ძმისშვილი მოიყვანა. დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა. აქედან დაიწყო ყველაფერი... 23 წელია, ცოლ-ქმარი ვართ.

ეთო ყორღანაშვილი